უძლიერესი კვარტეტი?! - როგორ ითამაშებს "ბარსელონა" თუ სასურველ ტრანსფერებს გააკეთებს

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა, ტრაიდიციულად თანამედროვე ფეხბურთის ნაწილი, ეგრეთწოდებული სატრანსფერო საპნის ოპერა გახდა, როდესაც გუნდები ამა თუ იმ მოთამაშის გადაბარგებას სპეციალურად აჭიანურებენ, რათა მეტად ხელსაყრელი პირობები მიიღონ.

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერს, კატალონიის "ბარსელონას" დღესდღეისობით არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. როგორც ცნობილია "ბარსელონა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 2 დიდი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, სულ კი 4 მოთამაშის დამატებას გეგმავს.

ვისი დამატება სურს "ბარსელონას"

  • ფელილე ლუიში (ატლეტიკო)
  • ალბერტო მორენო (ლივერპული)
  • რაფაელ გერერო (დორტმუნდი)
  • ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
  • ნეიმარი (პსჟ)
  • ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი)

კატალონიელებისთვის ამ ეტაპზე ანტუან გრიზმანისა და ნეიმარის ტრანსფერები პრიორიტეტულად მიიჩნევა. ფაქტობრივად გადაწყვეტილია,
რომ კლუბი მატიას დე ლიხტს ვეღარ შეიძენს და სათადარიგო მცველად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიქტორ ლინდელოფს განიხილავს.

ასევე არის მარცხენა მცველის ვარიანტი, რათა გუნდში ჟორდი ალბას ალტერნატივა გაჩნდეს. აქ რამდენიმე, შედარებით დაბალფასიანი ვარიანტებია, უკლუბო ფელიპე ლუიში და ალბერტო მორენო და დორტმუნდელი რაფაელ გერერო, რომლის სატრანსფერო ღირებულებამაც 15 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.

კატალონიელები გრიზმანის გამოსასყიდ თანხას გადახდიან და ფრანგი "ბარსელონას" რიგებს შეუერთდება.

გაცილებით რთულად არის საქმე ნეიმარის შემთხვევაში, "პარიზ სენ ჟერმენს" მასთან განშორება არ სურს, თუმცა ბრაზილიელმა საფრანგეთიდან აბარგების და "ბარსაში" დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოხატა, ეს კი კატალონიელებს უძღები შვილის დაბრუნებისთვის სამოქმედო გეგმას უსახავს.

აქ ბევრი ვარიანტები განიხილება. პსჟ-ს ფაქტობრივად ხელ ფეხი შეკრული აქვს. სატრანსფერო ფეირ პლეის წესებიდან გამომდინარე დიდი შესყიდვების საშუალება არ აქვს, ეს შემადგენლობა კი შიდა ტიტულების გარდა ვერაფრისთვის იბრძვის. ამიტომაც გუნდმა აუცილებლად ვიღაც უნდა დათმოს, ეს ვიღაც კი სავარაუდოდ ბრაზილიელი შემტევი უნდა იყოს.

თავის მხრივ შემადგენლობის გაძლიერება "ბლაუგრანასაც" სურს და იმავე ფეარ პლეის წესები, რომ არ დაარღვიოს 100 მილიონზე მეტის შეთავაზება არ სურს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ბრაზილიელის გადმოსაყვანად საკმარისი არ არის ამიტომაც რამდენიმე მეტად საინტერესო ვარიანტი მუშავდება.

ვინ შეიძლება წავიდეს

  • ფილიპე კოუტინიო
  • ივან რაკიტიჩი
  • სამუელ უმტიტი
  • არტურო ვიდალი
  • უსმან დემბელე

კატალონიელები მზადა არიან პარიზელებს 100 მილიონთან ერთად, ვერ გახსნილი ფელიპე კოუტინიო დაუთმონ, ან შესაძლოა ამას კიდევ რაკიტიჩი-უმტიტის შორის ერთ-ერთი დაემატოს.

ეს უკანასკნელი ალბათ იმ შემთხვევაში მოხდება თუ გუნდი ვიქტორ ლინდელოფის გაფორმებას შეძლებს, რაკიტიჩის გაშვებას კი გუნდი ისედაც გეგმავს.

"ბარსამ" ამომავალი ვარსკლავი, ფრენკი დე იონგი შეიძინა, რომლისთვისაც დროის გამონახვა მაქსიმალურად უნდა და სამომავლო პერსპექტივით კონკურენტებს ხელოვნურად აშორებს.
ასევე ნახევარდაცვაში გაიჟღერა კიდევ ერთმა ვარიანტმა.

ფაქტია, რომ ბუსკეტსი ხელშეუხებელია, ვალვერდე არტურს ენდობა და მას სათამაშო დროს აუცილებლად გამოუნახავს, ფრენკი დე იონგის დამატებით კი საგრძნობლად მცირდება არტურო ვიდალის სათამაშო დრო, რაც მოდით აქვე შევთანხმდეთ, რომ სამართლიანია...

მიუხედავად იმისა, რომ ვიდალი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, იგი "ბარსელონას" სტილს არცერთი ასპექტით არ შეესაბამება... ამიტომაც ჩილელი გუნდის დატოვებას განიხილავს, მისი გუნდში ხილვა კი - მისთვის კარგად ნაცნობ სპეციალისტს, "ინტერში" ახლადდანიშნულ ანტონიო კონტეს სურს. ამით იტალიელ სპეციალისტს აჯანყებული რაჯა ნაინგოლანის მოშორება უნდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მარტივი ხასიათის სულაც არ ყოფილა. ვინაიდან ბელგიელის შეტევითი პოტენციალი ვიდალისას გაცილებით აღემატება, ამიტომ კატალონიელებმა ამ ბარტერზე ფიქრი საფუძვლიანად დაიწყეს.

თუ "ბარსელონას" ყველა სატრასნფერო სურვილი შესრულდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატალონიელებს მესის, სუარესის, გრიზმანისა და ნეიმარის სახით ყველა დროის საუკეთესო შემტევი ხაზი ეყოლებათ, თუმცა ეს ერთდროულად როგორც დიდი ფუფუნება, ასევე ვალვერდეს დიდი თავის ტკივილი იქნება.

რაც შეეხება ახალგაზრდა უსმან დემბელეს, ის დიდი ალბათობით როტაციის დროს დაეხმარება გუნდს ან შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს, რადგან მისი სათამაშო დრო მინიმუმამდე დაიწევს.

თითოეული მათგანი ძირითადის წევრი უნდა იყოს, ბასკი სპეციალისტი კი ასეთი შემტევი ფეხბურთის მოყვარული არ არის, ის უფრო ფრთხილი მწვრთნელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც რისკზე წასვლა არ უყვარს. მიუხედავად ამისა, მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და სქემის ისე განლაგება, რომ ოთხივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.


  • პირველი ვარიანტი 4-4-2 განლაგებაა, სადაც ფლანგებზე ნეიმარი და გრიზმანი ითამაშებენ, ცენტრის პოზიციას კი სუარესი და მესი დაიკავებს. მესი ძირითადად თავისუფლად, ნებისმიერ სივრცეში გადაადგილდება, ეგრეთწოდებული ფრი როუმ ფლეიერი იქნება. მათ უკან კი სერჟიო ბუსკეტსი და ფრენკი დე იონგი განლაგდებიან, რომლებიც ძირითად აქცენტს დაცვაზე გააკეთებენ.

  • ასევე განიხილება ვარიანტი, სადაც ლიონელ მესის სუფთა 10-იანი პოზიციაზე იქნება და სუარესის უკან დადგება, თუმცა ეს ორი სტრატეგია ალბათ ერთმანეთს ძალიან წააგავს, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ, მესი იქნება იქ სადაც თვითონ და გუნდი ჩათვლის საჭიროდ.

  • მესამე, მაგრამ ალბათ ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ არგენტინელმა მარჯვენა ფლანგი დაიკავეს, ცენტრი კი მთლიანად გრიზმანსა და სუარესს დაუთმოს. ამ შემთხვევაში ლეოს შეზღუდული შესაძლებლობები ექნება, ვალვერდე კი მოსვლის დღიდან ცდილობს ის მაქსიმალურად კომფორტულს პოზიციაზე განამწესოს, ეს სტრატეგია კი მის არსენალში ნაკლებად სავარაუდოა.

ერთი რამ ცხადია, ასეთი შეტევის გამკლავება ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება, მაგრამ ამას ფელიპე კოუტინიოსთან, ივან რაკიტიჩთან და უსმან დემბელესთან გამომშვიდობება იქნება საჭირო, შესაძლოა გუნდი საერთოდ სამივემ ერთად დატოვოს. ასეთი გადაწყვეტილება კი რამდენად გონიერია, ამას კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

ლაშა ბერძენიშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის