ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის მეკარე უნდა ყოფილიყო, თუმცა 22 წელი შეუფარდეს, ახლა ციხიდან გამოვიდა და კარიერის განახლებას აპირებს

AutoSharing Option
ბრაზილიელი მეკარე ბრუნო ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, "ფლამენგოს" მეკარე იყო. მისით აღფრთოვანებულები იყვნენ გულშემატკივრები და ბრუნოს მეკარეობას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ელოდებოდნენ. თუმცა მან კარიერა ხელის ერთი მოსმით გაანადგურა, როცა თავისი საყვარლის მოკვლის ორგანიზება ითავა.

სპორტსმენს 22 წელი მიუსაჯეს, თუმცა, მოულოდნელად, მან მიიღო შანსი, რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყოს.

Sportall.Ge

ბავშვობა
ბრუნოს ფსიქოლოგია რომ ბავშვობიდანვე შეირყა, ფაქტია. მშობლებმა ის ჩვილობის პერიოდში ბებიასთან მიატოვეს. მეკარის დედა მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, ხოლო მამა იმ პერიოდში ციხეში 7-ჯერ იჯდა. ბელუ-ორიზონტის ფაველები მას კრიმინალურ ცხოვრებაში ჩათრევას უპირებდნენ, თუმცა
ბრუნოს ოცნება იყო, ფეხბურთელი გამხდარიყო და ამ ადგილისთვის თავი სამუდამოდ დაეღწია. ათლეტური, მაღალი და ფიზიკურად ძლიერი ბიჭი უკვე 18 წლის ასაკში "ატლეტიკო მინეიროს" შემადგენლობაში თამაშობდა. მეტიც, 2004/05 წლების სეზონში ის ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

2006 წელს ბრუნო ბრაზილიის ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან კლუბში, "ფლამენგოში" გადავიდა. "ბოტაფოგოსთან" მატჩში მან ორი პენალტი მოიგერია, გახდა მაყურებლის ფავორიტი და ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა. ერთი წლის შემდეგ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რის მიხედვითაც, წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებდა. 2002 წლიდან 2010-ის ჩათვლით, ბრუნომ ბრაზილიის ჩემპიონატში 126 მატჩი ჩაატარა და 39 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. "ფლამენგოსთან" ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, "ბარსელონასა" და "მილანის" რადარზე აღმოჩნდა, ხოლო გულშემატკივრები წინასწარმეტყველებდნენ: "ეს ბიჭი 2014 წელს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე იქნება".

საბედისწერო შეხვედრა
2009 წელს "ფლამენგომ" მორიგ ჯერზე მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი. კლუბმა ფეხბურთელებისთვის წვეულება მოაწყო, სადაც მოდელები დაპატიჟეს. სწორედ ამ წვეულებაზე მეკარემ პორნომსახიობი ელიზა სამუდიო გაიცნო და მასთან ღამე გაატარა.

მცირე ხნის შემდეგ სამუდიომ ბრუნოს აცნობა, რომ ფეხმძიმედ იყო. იმ მომენტში ფეხბურთელს მეუღლე და 2 შვილი ჰყავდა. ბრაზილიელმა ელიზას აბორტის გაკეთება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით სერიოზულად დაემუქრა, თუ ბავშვს არ მოიშორებდა, პრობლემებს შეუქმნიდა.

Sportall.Ge

სამუდიომ თავი მოაჩვენა, რომ დათანხმდა, ხოლო თავად კი პოლიციას მიმართა. მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ბრუნომ საფეთქელზე იარაღი მიადო და უთხრა: "შენ არ იცი, რისი გამკეთებელი ვარ, მე ფაველებში გავიზარდე". სასამართლომ ფეხბურთელს ორსულ ქალთან მიახლოება აუკრძალა.

2010 წლის თებერვალში ქალმა ბავშვი გააჩინა და მეკარის პატივსაცემად, ბრუნინიო დაარქვა. მოგვიანებით ფეხბურთელს მოსთხოვა, რომ მისთვის და ვაჟისთვის ახალი სახლი ეყიდა და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრესას მოუყვებოდა მისი მუქარების შესახებ. ფეხბურთელი დათანხმდა.

სასტიკი მკვლელობა და ირონიული ადვოკატი
2010 წლის 4 ივნისს სამუდიომ დედამისს უთხრა, რომ ქალაქგარეთ სახლის სანახავად გადიოდა, რომელიც მისთვის ბრუნომ იყიდა. იმ დღის შემდეგ სამუდიო და ბავშვი დაიკარგნენ.

პოლიციამ მალე ბრუნინიო ბელე-ორიზონტში იპოვა, ხოლო გაუჩინარებული ქალის კვალი არსად ჩანდა. საქმეში ფიგურირება ბრუნომაც დაიწყო, თუმცა მტკიცებულება არ არსებობდა.

საქმე, სავარაუდოდ, გაუხსნელი დარჩებოდა, რომ არა ბრუნოს ბიძაშვილი, 21 წლის ხორხე როზა. როზამ პოლიციას მოუყვა, რომ ბრუნოს მეგობარმა ლუის მაკარაომ ყოფილ პოლიციელს 500 ათასი დოლარი გადაუხადა სამუდიოს მკვლელობაში, ხოლო დამკვეთი თავად მეკარე იყო. ხორხეს სიტყვებიდან გამომდინარე, მაკარაო 6 დღე აწამებდა ელიზას, ხოლო ბრუნო ამ ყველაფერს უყურებდა და სიმღერებს ხმამაღალზე რთავდა, რათა ყვირილი არავის გაეგო. "მათ ხელები შეუკრეს ქალს, ჰალსტუხით დაახრჩეს, მერე მოკლული დაანაკუწეს და ძაღლებს აჭამეს, ცხედარი კი მანქანით დაჰქონდათ." - ჰყვება როზა.

პოლიციამ ბრუნოს საბარგულში სისხლის წვეთები იპოვა, რომლის დნმ მოკლულის დნმ-ს ემთხვეოდა.

დაიწყო გამოძიება. თავდაპირველად ყველანი უარყოფდნენ ბრუნოს ხელს ამ საქმეში, მისი ადვოკატი კი ირონიულად ამბობდა: "ბრუნო კიდევ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და მესის პენალტს მოუხსნის".

2013 წელს ფეხბურთელი დამნაშავედ ცნეს და ორგანიზებული მკვლელობისთვის 22 წელი და 3 თვე შეუფარდეს. "ფლამენგოს" ხელმძღვანელობამ მას კონტრაქტი გაუწყვიტა.

დაბრუნების მცდელობები

2017 წელს ბრუნომ კარიერის განახლების სურვილი გამოთქვა. ფეხბურთელის სამსახურით 9 ბრაზილიური კლუბი დაინტერესდა. ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ ბრუნოს ციხის დატოვება ვარჯიშისა და თამაშების გამართვის მიზნით შეძლებოდა. მან საცდელი კონტრაქტი ქვეყნის მეორე დივიზიონის კლუბთან, "ბოა ესპორტესთან" გააფორმა.

მეკარის დაბრუნებამ რეზონანსი გამოიწვია. სტადიონზე ხალხი მას აგინებდა და უსტვენდა, ამბობდნენ, ცივსისხლიანი მკვლელია და ბავშვებს ცუდ მაგალითს აძლევსო. ეს აურზაური ფეხბურთელის პოპულარობაზე დადებითად მოქმედებდა. თავის მხრივ, გამოჩნდნენ ბრუნოს დამცველებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ "ელიზა იყო ბ*ზი, რომელმაც თავად გამოიწვია მომხდარი".



"ბოას" პრეზიდენტი რონე დე კოსტა აცხადებდა, რომ ციხე არის გამოსასწორებელი მექანიზმი და არა ცხოვრების დამანგრეველი. სადებიუტო მატჩში ბრუნომ სტვენისა და ლანძღვის ფონზე პენალტი მოიგერია. გუნდმა მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა 3 სპონსორი დაკარგა. უმაღლესმა სასამართლომ კი გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი დანაშაულს ციხეში უნდა იხდიდეს და უკან დააბრუნეს.

მეორე მცდელობა 2019 წელს იყო, როცა სასამართლომ მას ნება დართო, დილის 8-დან საღამოს 6-მდე სახლში ყოფილიყო, თუკი სამსახურს იპოვიდა. ფეხბურთელით უამრავი კლუბი დაინტერესდა, თუმცა კონტრაქტი არავინ შესთავაზა - ყველას სპონსორების დაკარგვის ეშინოდა.

დღეს თავისუფალია და ევროპას უმიზნებს

2020 წელს ფეხბურთელმა პირობითი ვადამდელი გათავისუფლება მიიღო, რომლის მიხედვით, პოლიციის განყოფილებაში ყოველდღე უნდა გამოცხადდეს და არ შეუძლია ქვეყნის დატოვება. გათავისუფლებიდან ერთ თვეში მეკარესთან თანამშრომლობა პირველი დივიზიონის კლუბ "ოპერარიოს" მოუნდა. გავრცელებულ სიახლეს დიდი პროტესტი მოჰყვა, ასევე, სპონსორების დაკარგვა. გუნდმა ფეხბურთელის აყვანა გადაიფიქრა.

Sportall.Ge

"მან დანაშაული მოიხადა, ახლა კი ძალიან განიცდის, რომ თავისი საყვარელი საქმით ვერ კავდება",  -აცხადებს ადვოკატი.

ხაიმე მარსელო 35 წლის ფეხბურთელის დაბრუნების პერსპექტივებს პოზიტიურად უყურებს. ამჟამად მისი ადვოკატები ცდილობენ, რომ ფეხბურთელისთვის ქვეყნის დატოვების უფლება მოიპოვონ, რამდენადაც მისით ევროპული გუნდები დაინტერესებულები არიან. ხაიმე აცხადებს, რომ მეკარისთვის ბრაზილიური გუნდი გამონახა, თუმცა არ კონკრეტდება.

***
ბრუნინიოს წელს 10 წელი შეუსრულდა. მას ბებია ზრდის. ბიჭუნას მოუყვნენ, რომ მამამისი ციხეში იჯდა, თუმცა მიზეზს არ ეუბნებიან. ბრუნინიო ფეხბურთელობაზე ოცნებობს.

მომზადებულია Lenta-ს მიხედვით