ჰოლანი: მთელი ცხოვრება რიუსი ვიქნები - იცით, რაშია საქმე?

AutoSharing Option
აი, რომელი ინტერვიუდან დაიწყო ყველაფერი:

- რომელს აირჩევდი, არასდროს მოუსმინო რიუსს თუ არასდროს ითამაშო Xbox?
- უარს Xbox-ზე ვიტყვი. რიუს მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ეს ჩემი სიცოცხლის ნაწილია. არასდროს ვყოფილვარ რიუსი, თუმცა ამ სიმღერების წყალობით ცხოვრების ბოლომდე რიუსი ვიქნები, ყველაფერი მარტივია.

ეს მონაკვეთი იმ ინტერვიუდან არის, რომელიც ჰოლანმა ნორვეგიულ VG-ს მისცა. ჯერჯერობით თუ ვერაფერი გაიგეთ, გული არ გაიტეხოთ, თავიდან ჩვენც ეგრე ვიყავით, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გავარკვიეთ და თქვენც აგიხსნით.

რა არის რიუს მუსიკა? როგორი რიუსი უნდა ჰოლანს, რომ იყოს? რიუსები
ნორვეგიული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან (russ ნორვეგიულად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს ჰქვია, ჩვენთან აბიტურიენტებს რომ ვეძახით). სასწავლო წლის ბოლოს ისინი წითელ-ლურჯ კომბინეზონებს იცვამენ, დიდ ავტობუსებს ან ფურგონებს ქირაობენ, აწყობენ ცხელ საღამოებს და ასე აღნიშნავენ ზრდასრულთა ცხოვრებაში გადასვლას.

Sportall.Ge

დღესასწაული რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება და 17 მაისს (ნორვეგიის კონსტიტუციის დღე) სრულდება, შემდეგ კი გამოსაშვები გამოცდებია. დიახ, ასეთი უცნაური ტრადიცია აქვთ: ჯერ გართობა, მერე გამოცდები.

ყველაფრის ორგანიზებას თავად მოსწავლეები აკეთებენ და არა მშობლები, როგორც ჩვენთან ხდება. რიუსებმა წინასწარ უნდა დაზოგონ ფული ფორმის საყიდლად და ავტობუსის დასაქირავებლად. დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლეს აქვს ბარათი, რომელსაც russekort-ს ეძახიან, მისი მთავარი ღირსება კი ორგინალური დიზაინი და პირადი ინფორმაციაა, რომელსაც თავად ბარათის მფლობელი წერს.

სადღესასწაულო პროცესის დროს რიუსს სხვადასხვა დავალების შესრულება უწევს - მაგალითად, შეიძლება ტყეში სექსი ჰქონდეს ან ერთი ყუთი ლუდი 24 საათში დალიოს. ყველა დავალება სპეციალურ საიტ russ.no-ზე არის განთავსებული.

ბუნებრივია, ნორვეგიაში ამ ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და მოსწავლეების თავაშვებული გართობა (ძალიან ბევრი ალკოჰოლის, სექსისა და ა.შ. გამო) ხშირადაც არის კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ტრადიციაზე უარს მაინც არ ამბობენ - ბავშვები ვერ გაიგებენო... სხვათა შორის, ასეთი დღესასწაულები ფინეთსა და დანიაშიც არის.

Sportall.Ge

ერლინ ჰოლანი ბავშვობიდან ფეხბურთშია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ტრადიცია მისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა - მაისში დამთავრდება სეზონი და მამა პანღურით ისევ სავარჯიშო ბაზაზე უშვებს. აბა, რა ავტობუსის ქირაობა და ტყეში გართობა?!

ამგვარი გართობის ნაკლებობას ფორვარდს რიუს-მუსიკა უნაზღაურებს - პოპ-ელექტრონული მუსიკის ქვეჟანრი, არაფრით გამორჩეული, რომლის ტექსტებსაც თავად მოსწავლეები წერენ. ბოლო პერიოდში კი ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული გახდა: მარტივი ტექსტები, აჩქარებული ტემპი, ნორვეგიული რეპის ელემენტები...

აი, ერთ-ერთი კლიპი, რომელსაც "იუთუბზე" მილიონზე მეტი ნახვა აქვს:


აბა, როგორია? მოგეწონათ? არც ჩვენ, მაგრამ ეგ არაფერი, ამ ტექსტის შემდეგ ხომ ხვდებით, რა აღაფრთოვანებს 20 წლის ჰოლანს?!

მომზადებულია sports-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ