ჩერნობილის აფეთქების დროს მოედანზე ვარჯიშობდნენ - პრიპიატის საფეხბურთო გუნდის ისტორია

AutoSharing Option
ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით, თუმცა საფეხბურთო წრეებშიც ნაკლებადაა ცნობილი პრიპიატის საფეხბურთო კლუბ "სტროიტელის" ისტორია.

"სტროიტელი" ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მშრომელი მუშების საფეხბურთო გუნდი იყო, რომელიც სამოყვარულო ლიგაში გამოდიოდა და პროფესიონალებში გადასვლამდე 1985 წელს ერთი ნაბიჯი დააკლდა. კლუბს 5000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონიც აუშენეს, თუმცა მისი გახსნა არ მოესწრო.

ატომური ელექტროსადგურის აშენებას ატომგრადი ქალაქის შექმნა მოჰყვა, რომელიც პროგრესის, უსაფრთხოებისა და ექსკლუზიურობის იდეას ატარებდა, რისი მიზეზიც ქვეყნის ენერგიით მომარაგება გახლდათ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ კი ახალი ქალაქი, პრიპიატი ააშენეს, რომელიც ბელარუსს ესაზღვრებოდა.
თუ, ზოგადად, ატომგრადებს მკაცრად ექცეოდნენ, პრიპიატი გამონაკლისი გახლდათ.

ქალაქი, ძირითადად, ახალგაზრდებით იყო დასახლებული. მოსახლეობის საშუალო ასაკი 26 წელი იყო. ამიტომ, დასახლებაში სპორტს დიდი ყურადღება ექცეოდა. სათამაშო მოედანი, რომლის ახლოს ეშმაკის ბორბალიც იყო, ორ ნაწილად გახლდათ გაყოფილი და იქ მუშებს თავისუფალი დროის გატარება შეეძლოთ. ამას გარდა, პრიპიატში 10 სპორტ-დარბაზი, სამი საცურაო აუზი და 10 სასროლეთი გახლდათ. პრიპიატმა ქალაქის სტატუსი 1979 წელს მიიღო.

პრიპიატის "სტროიტელი" ქალაქის დაბადებასთან ერთად დაიბადა. საფეხბურთო გუნდში პრიპიატში მცხოვრები და ქალაქის შორიახლოს მდებარე სოფლების საუკეთესო ტალანტებმა მოიყარეს თავი. განსაკუთრებით ბევრი მოთამაშე იყო სოფელ ჩისტოგალოვკიდან. მოთამაშეთა უდიდესი ნაწილი ატომური რეაქტორის მშენებლობაზეც მუშაობდა. კლუბის ფიზკულტურის კოლექტივის სტატუსით ჩამოყალიბდა.

კლუბის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა ვასილი ტროფიმოვიჩმა, საბჭოთა უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში ცნობილმა ადამიანმა, რომელიც ლენინის ორდენის კავალერიც გახლდათ. კაპიტანი ვიქტორ პონომაროვი ჩისტაგალოვკიდან იყო, ხოლო 1980 წელს გუნდს მოთამაშე მწვრთნელად კიევისა და მოსკოვის "დინამოების" ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი შეპელი შეუერთდა.

Sportall.Ge

საბჭოთა კავშირში სამოყვარულო და ოსტატების ლიგები გაყოფილი იყო. ოსტატების ლიგა ქვეყანაში სამი იყო: უმაღლესი, პირველი და მეორე, ხოლო დანარჩენი ჩემპიონატები  რესპუბლიკის დონეზე იმართებოდა და ყოველ წელს, რესპუბლიკის მასშტაბით, სამოყვარულო დონეზე გამარჯვებული გუნდი სსრკ-ის მეორე ლიგაში გადადიოდა.

"გუნდის შექმნისას ყველა მოთამაშე ჩერნობილის ატომურ სადგურზე მუშაობდა. პირველი დღიდან გუნდში ვიყავი. ხშირად გვიწერდნენ საბუთებზე, რომ სამსახურში გახლდით, რეალურად კი ვვარჯიშობდით. მერე გუნდში კიევისა და მოსკოვის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი შეპელი მოვიდა და გუნდის საკითხი სერიოზულად დადგა. ყველაზე პერსპექტიულები დარჩნენ, შემდეგ ასაკობრივი ცენზი დაწესდა (გუნდს მეორე ლიგაში 25 წელზე ზევით მხოლოდ 4 ფეხბურთელის ყოლა შეეძლო) და სულ უფრო კარგი მოთამაშეებით შევივსეთ", - ამბობს "სტროიტელის" ბოლო კაპიტანი ვალენტინ ლიტვინი.

"სტროიტელი" სოლიდურად გამოიყურებოდა - სამჯერ მოიგო კიევის რეგიონული ჩემპიონატი, 1985 წელს კი უკრაინის ჩემპიონატის მესამე ზონაში მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა მეორე ლიგაში გადასავლელად ეს საკმარისი არ იყო.

"მაშინ მეორე დივიზიონში არ გვიშვებდნენ, რიგი იყო. ჯერ რეგიონის ცენტრის გუნდები უნდა გადასულიყვნენ, მერე - დანარჩენები. თან სტადიონის აშენებასაც ველოდით", - იხსენებს ლიტვინი.

ჩერნობილის სამშენებლო განყოფილების ხელმძღვანელმა კიზიმამ განაცხადა, რომ ხალხს ახალ რეაქტორზე მეტად ახალი სტადიონი სჭირდებოდა. "სტროიტელი" პრიპიატის გარეთ, პატარა მოედანზე თამაშობდა, რომელიც კიევის რეგიონული ჩემპიონატის მატჩებს აკმაყოფილებდა. კლუბის განვითარებას უფრო დიდი ინვესტიცია სჭირდებოდა და ქალაქში მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა გადაწყდა. არენა როგორც სპორტულ, ისე პროპაგანდისტულ ღონისძიებებს უმასპინძლებდა. ასე დაიბადა "ავანგარდის" სტადიონი, რომლის ინაუგურაციაც 1986 წლის 1-ელ მაისს უნდა შემდგარიყო, მშრომელთა საერთაშორისო დღეს. მეტოქეც შერჩეული გახლდათ, ალეკსანდრიის "შახტიორი".

26 აპრილს კი, პრიპიატის "სტროიტელი" მეზობელი ბოროდიანკას "მაშინასტროიტელის" წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადებოდა. თამაში მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ გუნდებს ერთმანეთში კიევის რეგიონის თასის ფინალისტის ვინაობა უნდა გაერკვიათ.

"თამაშის წინა ღამით სასტუმროში დაგვტოვეს, რათა პრიპიატში დასვენებულნი წავსულიყავით. შუა ღამით კი ყველა მხრიდან სატვირთო მანქანებმა და ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა. ქალაქში წასასვლელად გამოყოფილი ავტობუსი არც ჩვენ მოგვცეს, განგვიცხადეს: "თქვენი ტრანსპორტი უფრო მნიშვნელოვან საქმეზე გაიგზავნა.

ვერტმფრენი პირდაპირ ჩვენს მინდორზე დაჯდა. სპეციალისტები ჩამოვიდნენ და რადიაციის გაზომვა დაიწყეს. ხელმძღვანელობა ვითარების გასარკვევად მივიდა და ყველაფერი მალევე სახეზე დაეტყოთ", - იხსნებს "მაშინასტროიტელის" ფეხბურთელი ვლადიმირ შომა.

"სტადიონზე ვიყავით, თამაშს ველოდებოდით. არც კი ვიცოდით, რომ არ ჩატარდებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოედანზე ქიმიური დაცვის სამხედრო შენაერთები დავინახეთ, მივხვდით, საქმე სერიოზულად იყო. ჩვენი სტადიონი ატომური სადგურიდან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ვხედავდით, როგორ ამოდიოდა კვამლი, თან ჩვენი ბევრი ახლობელი უკვე იქ იყო, რადგან აფეთქების შემდეგ გამოიძახეს. გუნდის ყველა წევრი სახლებში გაგვიშვეს", - ამბობს "სტროიტელის" სამწვრთნელო შტაბის წევრი ვალერი ანიუხინი.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ როსტორგუევი ამბობდა: "მთელი მოედანი ხალხით გაივსო. "ვოლგებით" კოსტიუმში გამოწყობილი ბიძები მოვიდნენ. ერთი კი შევუკურთხე, 2 საათში თამაში გვაქვს და აქ რა არეულობა ამიტეხეთ-მეთქი. მაშინვე დამამშვიდეს, შვილო, 2 საათში ამ ქალაქში აღარავინ იქნება, შენ რა ფეხბურთი აგიტყდაო. მეორე დღეს "ამერიკის ხმის" რადიოსადგურმა გადმოსცა, ხალხი ჩერნობილში იხოცებოდა, ისინი კი 2 კილომეტრში ფეხბურთს თამაშობდნენო".

ლიტვინს კი ის დღე ბრწყინვალედ ახსოვს. მეუღლეს სიყვითლე დაუდგინდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, შვილები კი დეიდასთან, სოფელში წაიყვანა. უკან მოტოციკლით დაბრუნებული კი ქალაქში არ შეუშვეს. ბევრს ეხვეწა, თამაშზე მაგვიანდებაო, მაგრამ აბა, ვინ გაუშვებდა. ადგა და თავისივე მოტოთი ტყე-ტყე იარა, რათა ცოლთან დაბრუნებულიყო.

"ქალაქს რომ მივუახლოვდი, დავინახე, სადგურიდან კვამლი ამოდიოდა. ხალხი კი ბავშვებთან ერთად ქალაქის ქუჩებში სეირნობდა, ვიღაც საზამთროებსაც კი ყიდდა".

Капитан «Строителя» Валентин Литвин

სადგურზე დაშავებულები სწორედ იმ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ლიტვინის ცოლი იწვა. გადასხმის აპარატები ყველა სხვა პაციენტს მოუხსნეს, რადგან დაშავებულებისთვის არ ჰყოფნიდათ. მეუღლეს დახედა და ვალენტინი სათამაშოდ წავიდა. თუმცა უამრავი ავტობუსი რომ დაინახა, მიხვდა, ქალაქის ევაკუაციას აპირებდნენ. ცოლი და ბავშვები წაიყვანა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ კატასტროფის ადგილას დაბრუნდა.

"მე მშენებელი ვიყავი და ბევრი არაფერი გამეგო, რა ხდებოდა. დღისით ჯარისკაცები მუშაობდნენ, ღამით - ჩვენ. მეოთხე ბლოკის გარშემო აგურის დიდი მასა ავაშენეთ. მაქსიმუმ, 5 წუთს ვმუშაობდით. 1 წუთის გადაცილება და, შეიძლებოდა მეორე დღე აღარც გამთენებოდა", - ამბობს ლიტვინი.

"სტროიტელი" დაიშალა, აღარც მოედანი იყო, აღარც ბაზა, აღარც ქალაქი. რაღა უნდა ექნათ? მაგრამ ფეხბურთი ისე უყვარდათ, რომ კლუბი არ გააუქმეს და ახალი ნავსაყუდელი ქალაქ ვიშგოროდში იპოვეს. შემადგენლობა 30%-ით განახლდა, მოთამაშეები პირდაპირ ჩერნობილის აფეთქებული სადგურის სამუშაოებიდან მიდიოდნენ მატჩებზე.

"ჩვეულებრივი ამბავი ვიყო, სხვადასხვა პროფესია გვქონდა. ჩერნობილის სიახლოვეს ღია სივრცეში ვარჯიში არ შეიძლებოდა, სპორტარბაზში ვიკრიბებოდით და იქ დავრბოდით. ეს სადგურიდან 17 კილომეტრში იყო. თამაშებზე კი პირდაპირ ვახტიდან მივდიოდით. ასეთი რეჟიმი გვქონდა - ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი ვმუშაობდით. ხუთშაბათს გვსვამდნენ ავტობუსში და კიევში მივდიოდით. გავათევდით ღამეს და პარასკევს თამაშზე ხარკოვში, კრემენჩუგში, კიროვოგრადში. შაბათს უკან კიევში ვბრუნდებოდით და ორშაბათს ჩერნობილში ვიყავით. მაშინ ორი კვირა ვმუშაობდით: ორი კვირა ვახტი (გერმ: "მორიგეობა") იყო, ორი კვირა ვისვენებდით", - იხსნებს კაპიტანი.

"ფეხბურთი ყველას უყვარდა. წარმოიდგინეთ, ვახტზე მივდივართ, აფეთქებულ სადგურზე უნდა ვიმუშაოთ, რომელსაც ისევ კვამლი ასდის და ხალხი გვეკითხებოდა, როგორ ვითამაშეთ, წავაგეთ თუ მოვიგეთ, მსაჯმა ხომ არ დაგვჩაგრა. აფეთქების შემდეგ პრიპიატის მცხოვრებლებისთვის ქალაქი სლავუტიჩი ააშენეს, დროებითი მოედანიც მოაწყვეს. ვიშგოროდში უნდა გვეთამაშა, მაგრამ იქ წასვლა გვთხოვეს. იცით, ტრიბუნები არ იყო, მაგრამ ვერ გაივლიდი, იმდენი ხალხი გახლდათ შეკრებილი. სადაც არ უნდა ჩავსულიყავით, ყველგან უამრავი ხალხი მოდიოდა - გვეკითხებოდნენ, როგორ იყო ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენც გაცინებულნი ვპასუხობდით: "ყველაფერი კარგადაა, ხომ ხედავთ, ფეხბურთს ვთამაშობთ".

ხშირად იყო, ვახტზე შესვლის წინ ტაქტიკაზე ვლაპარაკობდით და უცებ თემა შეიცვლებოდა: "გადავრჩებით? შვილიშვილებს მოვესწრებით?!"

1987 წლის სეზონში "სტროიტელმა" კარგად ითამაშა, უკრაინის ჩემპიონატის მეოთხე ზონის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მომდევნო სეზონი კი გუნდისთვის ბოლო აღმოჩნდა. პრიპიატში ვერ თამაშობდნენ, ისე კი პერსპექტივა აღარ ჰქონდათ, ყველაფერი მორჩა.

კაპიტანი კი ჩერნობილის სადგურზე დიდხანს მუშაობდა, ფაქტობრივად, დახურვამდე. 1997 წელს იქაურობა დატოვა, 2001 წელს კი დაბრუნდა, შვილი სკოლას ამთავრებდა და მას ცხოვრების მოსაწყობად უნდა დახმარებოდა, კარგად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნა კი ადვილი არ იყო. 2003 წელს ვალენტინს ფილტვების კიბო დაუდგინდა.

"საფეხბურთო შეჯიბრებაზე ვიყავი, ბიჭები ატარებდნენ. უცებ სირბილისას სისხლის ხველება დავიწყე. კლინიკაში მივედი და წამლები გამომიწერეს, თუმცა ყველაფერი უარესდებოდა. შემდეგ კი ტომოგრაფიამ კიბო აჩვენა. საავადმყოფოში არ მითქვამს, რომ ლიკვიდატორი ვიყავი, რადგან შშმ პირის საბუთს მომცემდნენ, იმითი კი სადგურზე მუშაობის უფლება წამერთმეოდა.

თან, უკვე ვახტის ხელმძღვანელი ვიყავი და თავისთვის ოპერაციის გაკეთების უფლების მიცემა შემეძლო. ვხუმრობდი, ოპერაციის მერე სარეაბილიტაციო კურსს ჩერნობილში გავდივარ-მეთქი. ფრანგი ჟურნალისტი ჩამოვიდა ჩვენთან, Le Figaro-დან, როგორ ხარო, მეკითხებოდა. ფეხები და ზურგი მტკიოდა, როგორც ყველა ფეხბურთელს, არადა, ლიკვიდაციაზე ვმუშაობდი. ვფიქრობ, იმან გადამარჩინა, რომ ყოველთვის სადგურზე არ ვიყავი და სათამაშოდ დავდიოდი ხოლმე".

შეხვედრა კი, რომელიც 1986 წლის 26 აპრილს უნდა გამართულიყო, მაინც ჩატარდა, ოღონდ 30 წლის შემდეგ, სტუმრების მოედანზე, ბოროდიანკაში. ამ შეხვედრას "მატჩ რეკვიემი" უწოდეს.

"სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი გუნდიდან გარდაცვლილი იყო, მაგრამ 11 კაცი მაინც შევიკრიბეთ. თამაში 2:2 დამთავრდა. სხვათა შორის, ორი გოლი გავიტანე. ვინც გადავრჩით, სულ ვეხმიანებით ერთმანეთს, ჩვენ ხომ გაგვიმართლა და შვილიშვილებს მოვესწარით".

PRIPYAT FOOTBALL GROUND NEAR THE CHERNOBYL PLANT NOW ABANDONED UKRAINE SEP 2013 (10006750744).jpg

ახალი სტადიონი კი არავის არაფერში გამოადგა, ერთ ღონისძიებასაც კი ვერ უმასპინძლა. ახლა "ავანგარდის" არენა ტყის ნაწილია, მხოლოდ დანგრევის პირას მყოფი შენობაა შემორჩენილი და იქაურობა პოსტაპოკალიპსურ სამყაროს ჰგავს. ის ატომური კატასტროფის სევდიანი დანატოვარია, რომელსაც სული არ გააჩნია.

"სტადიონი? ტრიბუნები არის, მოედანზე ტყეა. ამ ავარიის ნიშნებს ჯერ ვერ წავშლით. ეს ნამდვილი ომი იყო, ომი სროლების გარეშე".

ვალენტინ ლიტვინი "სტროიტელის" დაშლის შემდეგ ადგილობრივი "ჩერნიგოვის" რიგებში თამაშობდა, ფეხბურთიდან კი ფეხის ტრავმის გამო წავიდა. ახლა 59 წლისაა, შვილიშვილებს ზრდის და ზოგჯერ ვეტერანებთან ერთად ფეხბურთსაც თამაშობს.

მომზადებულია calciosovietico-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული