ისტორიული დაპირისპირება 60 წლის წინ: საქმეში "რეალი" ფიგურირებდა, თუმცა მონაწილეობას "ბარსელონა" იღებდა [VIDEO]

AutoSharing Option
1961 წლის 31 მაისს, ევროპის თასის მე-6 გათამაშების ფინალი, რომელიც ბერნში, კერძოდ, ვანკდორფის სახელობის მოედანზე გაიმართა, ისტორიული აღმოჩნდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს "ბენფიკა" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.

Sportall.Ge

რატომ ისტორიული? ეს გახლდათ პირველი ფინალი, რომელშიც მონაწილეობას "რეალი" არ იღებდა. დიახ, პირველი 5 ტურნირი მადრიდელებმა მოიგეს, თუმცა ამჯერად მათი შეჩერება კატალონიელებმა მოახერხეს. "ბლაუგრანამ" მეტოქე ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და "თეთრები" გამოთიშა. ესპანეთის დედაქალაქში გამართული პირველი დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი ბარსელონელებმა 2:1 იმარჯვეს.

ამის შემდეგ "ბარსა" ჩეხოსლოვაკიურ "სპარტაკს" მარტივად გაუმკლავდა, ნახევარფინალმა
კი სამ მატჩს გასტანა. აღსანიშნავია, რომ სამი შეხვედრის ჩატარების მიზეზი მაშინდელი რეგულაცია გახლდათ, რომლის მიხედვითაც, თანაბარი შედეგის შემთხვევაში გუნდები ერთმანეთს ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდებოდნენ. ბრიუსელში, ჰაიზელის სახელობის მოედანზე, კატალონიელებმა 1:0 იმარჯვეს. გოლი ბრაზილიელმა ევარისტო დე მეკადომ შეაგდო და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

Sportall.Ge

რაც შეეხება "ბენფიკას", პორტუგალიელებმა ყველა მეტოქის ბარიერი მარტივად გაიარეს. მათ შოტლანდიური "ჰერთსი" 5:1 დაამარცხეს, უნგრული "უიპეშტი" - 7:4, დანიური "აარჰუსი" - 7:2 და ვენის "რაპიდი" 5:1 დაამარცხეს. შეიძლება ითქვას, რომ "არწივებმა" ტურნირი ერთი ამოსუნთქვით გაიარა.

ფინალი "ბარსელონამ" უნგრელი ფორვარდის, სანდორ კოჩის გოლით დაიწყო (1960/61 წლებში სანდორი 11 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ). ანგარიშის გახსნიდან 10 წუთის შემდეგ ჟოზე აგუასმა წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმში კატალონიელებისთვის უბედური შემთხვევა ამით ნამდვილად არ დასრულებულა, ესპანელთა მეკარემ, ენტონი რამალიცმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

Sportall.Ge

მეორე ტაიმში "ბენფიკამ" სხვაობა 2-მდე გაზარდა, თავი მარიო კოლუნამ გამოიჩინა. "ბარსამ" კიდევ ერთი უნგრელის გოლით ანგარიში 2:3 გახადა, თუმცა გათანაბრება ვერ შეძლეს...


1 წლის შემდეგ "არწივებმა" ტიტულის დაცვა მოახერხა, შემდეგ კი საქმეში ბელა გუტმანის წყევლა ჩაერთო. ზედიზედ მოგებული ფინალების შემდეგ გუტმანმა კლუბის პრეზიდენტს ხელფასის გაზრდა სთხოვა, რაზედაც ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო, მათი თანამშრომლობა კი ამით შეწყდა. როგორც კი ბელა კაბინეტიდან გამოვიდა, მაშინვე თქვა:

"ჩემ გარეშე "ბენფიკა" ასი წლის განმავლობაში ევროპაში ტიტულის მოგებას ვერ შეძლებს".

და ეს სიტყვები გამართლდა, აქედან მოყოლებული, პორტუგალიელებმა უეფას 8 სხვადასხვა ფინალი დათმეს.

Sportall.Ge

რაც შეეხება "ბარსელონას", 1992 წელს კატალონიელები ევროპის თასის ბოლო გამარჯვებულები გახდნენ. სწორედ ეს გახლდათ "ლურჯ-ბროწეულისფერების" პირველი ევროპული ტრიუმფი.

წყარო: sports




მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე უნგრელი ფეხბურთელიო რომ გიწერია, გუგლში მაინც გენახა, რომ მას ზოლტან ციბორი ერქვა.
გულშემატკივარი
18:30 01-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული