კანჩელსკისი: რუსეთს ისე მიათრევდნენ ყურებით მსოფლიოს ჩემპიონატზე, როგორც კორეას 2002-ში

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრები დიდ ტურნირებზე მუდამ ადვილ ჯგუფში ხვდება (თუ ახვედრებენ), მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ბევრის მტკიცებით, კორუფციული გარიგებით მოიპოვეს, მათი ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისი კი ამბობს, რომ ამ ტურნირზე ხელს ძალიან აქტიურად უწყობდნენ.

"ასე ვიტყვი: საშინაო მუნდიალი მაჩვენებელი არ არის, რადგან ყველა მხრიდან ყურებით მიგვათრევდნენ და ვინც რა არ უნდა თქვას, მხოლოდ ესპანელებს ვძლიეთ, რომლებიც ჩამოვიდნენ და მეტოქეთა კარს საერთოდ არ უტევდნენ.

როგორც კი კარგ გუნდებს ვხვდებოდით, ვმარცხდებოდით. ურუგვაისგან სამი გოლი მივიღეთ, კონფედერაციათა თასზე მექსიკასთან დავმარცხდით.

მოვუგეთ მხოლოდ ახალზელანდიელ მორაგბეებს, ეგვიპტეს, რომელიც დიდი ხნის შემდეგ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და საუდის არაბეთს. ისინი რამადანის მერე ჩამოვიდნენ და ნორმალურად არ იკვებებოდნენ.

მე საუდის არაბეთში ვმუშაობდი, უზბეკეთშიც, ვიცი ეს რა არის. დილიდან 7 საათამდე არაფერი არ ჭამო, არ სვა. მარხვა მკაცრად უნდა დაიცვა. მით უმეტეს საუდის არაბეთი ძალიან რელიგიური ქვეყანაა, იქ ამას სერიოზულად ეკიდებიან.

ასე რომ, ისე მიგვათრევდნენ, როგორც შეეძლოთ, როგორც კორეას 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ ვთვლი, რომ კრიტიკა სამართლიანია. არ არის საჭირო ყვირილი, რომ ჩვენ ასეთი გმირები ვართ.

1/4 ფინალში გასვლის გამო ფეხბურთელებს სპორტის დამსახურებული ოსტატების წოდება მიანიჭეს! და რა არის ეს? ოლიმპიადის მოგებისთვის ყველა არ იღებს ამ ჯილდოს, აქ კი რვა საუკეთესოს შორის მოხვედრისთვის მისცეს. უბრალოდ სამარცხვინო გახადეს ეს ჯილდო, ეს წოდება", - ციტირებს კანჩელსკისს "Матч ТВ".

სიახლეები პოპულარული