მატჩები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს - რას ვუყუროთ კვირას

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, შესვენების შემდეგ ევროპული საკლუბო ფეხბურთი განახლდა, ტოპ გუნდებმა სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი იმუშავეს, რაც გვაძლევს მიზეზს, მათ გამოსვლას აქტიურად მივადევნოთ თვალყური, არ უნდა დაგვავიწყდეს ლეგიონერებიც, გთავაზობთ რამდენიმე შეხვედრას:

"მანჩესტერ იუნიტედი" - "ბრაიტონი" (17:00) ("ოლდ ტრაფორდი")

"ოცნებების თეატრში" ახალი რეჟისორის დადგმულ სპექტაკლებს ელიან, რთულია ჟანრის წინასწარმეტყველება, იქნება ბოლო დროისთვის ნაცნობი სურათი, თუ დრამა ბედნიერი დასასრულით. ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს პრემიერ ლიგის ახალ სეზონში პირველ მატჩს გამართავს, კლუბის ახალმა თავკაცმა რამდენიმე მისთვის ნაცნობი მოთამაშე დაიმატა, ლისანდრო მარტინესი ("აიაქსი"), კრისტიან
ერიქსენი ("ბრენტფორდი"), ტაირელ მალასია ("ფეინოორდი"). საფეხბურთო ექსპერტები "მანკუნიანელების" მიზნებს არც ისე ოპტიმისტურად უყურებენ, გაურკვეველია კრიშტიანო რონალდოს საკითხიც, პორტუგალიელი გუნდის დატოვებას ცდილობს, თუმცა მსურველი კვლავ არ ჩანს... კლუბი 11-მა მოთამაშემ დატოვა, მათ შორის, ხუან მატამ, ედინსონ კავანიმ, ნემანია მატიჩმა, პოლ პოგბამ. "წითელი ეშმაკებისთვის" კარგი დასაწყისი მნიშვნელოვანი იქნება, თუ გავითვალისწინებთ გუნდებს შორის უკანასკნელ გამართულ შეხვედრას, "მანჩესტერს" მხოლოდ მოგება მართებს, გასულ სეზონში "თოლიებმა" მოწინააღმდეგე 4:0 გაანადგურეს.

"ვესტ ჰემი - "მანჩესტერ სიტი" (19:30) ("ლონდონ სთედიუმი")

"მანჩესტერ სიტის" მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია, მაგრამ ერლინგ ჰოლანდის პრემიერ ლიგურ დებიუტს კიდევ უფრო მეტი ქომაგი ელის. "ქალაქელები" რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოთამაშემ დატოვა, გაბრიელ ჟესუსი ("არსენალი"), რაჰიმ სტერლინგი ("ჩელსი"), ოლექსანდრ ზინჩენკო ("არსენალი"). მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარაზე ნაკლები აქტიურობისა, პეპ გუარდიოლას გუნდი კვლავ მრისხანედ გამოიყურება და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. სიმბოლურია, რომ გასულ სეზონში "სიტიმ" ჩემპიონობა სწორედ "ჩაქუჩების" წინააღმდეგ "ლონდონ სთედიუმზე" დრამატულ მატჩში (2:2) გაინაღდა. დევიდ მოიესის "ვესტ ჰემმა" ამ ზაფხულს გამორჩეული ტრანსფერი განახორციელა, იტალიის ნაკრების ფორვარდი, ჯანლუკა სკამაკა ლონდონელთა ღირსებას დაიცავს. უკანასკნელი 5 გამართული მატჩიდან "სიტიმ" მეტოქის დამარცხება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ვნახოთ გაგრძელდება თუ არა უსიამოვნო სტატისტიკა...

"კიოლნი" - "შალკე" (19:30) ("რეინ ენერჯი სთედიუმი")

ერთ დროს გამორჩეული, დიდი ისტორიებისა და ტრადიციების მქონე "შალკე" კვლავ ბუნდესლიგაშია და ერთსეზონიანი პაუზის შემდეგ პირველ მატჩს გამართავს. ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას გამო, ქართველ გულშემატკივარს მათ მიმართ ნოსტალგიები ყოველთვის აქვთ, "გელზენკირხენელებმა" სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზი გააძლიერეს და გამოცდილი ცენტრალური მცველი მაია იოშიდა დაიმატეს. "კიოლნმა" გასულ სეზონში ბუნდესლიგაში დამაჯერებლად იასპარეზა და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. კლუბმა 9 ახალი ტრანსფერი განახორციელა. ორივე გუნდი ბევრს უტევს, ამიტომ შეხვედრა სანახაობრივი და უხვგოლიანი უნდა გამოდგეს.

"სლოვანი" - "სკალიცა" (20:00) ("ტეჰელნე არენა")

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი "სლოვანი" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას განაგრძობს, ჯაბა კანკავას, გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძის ლიდერობით, კლუბი სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ მე-3 პოზიციაზე იმყოფება. განსაკუთრებულად გვახარებს "ჩაკვეს" კარგი თამაში, ვაისის ხელში ქართველი აღარც ტრავმებს უჩივის და მისი ტექნიკური თამაშის გამო ადგილობრივ ქომაგთა აღტაცებაც გამოიწვია. მართალია, შეხვედრის უპირობო ფავორიტად "სლოვანი" ითვლება, თუმცა ბრატისლავურ გუნდს 3 დღეში "ოლიმპიაკოსთან" უმნიშვნელოვანესი თამაში ელის. ამიტომ არ გამოვრიცხოთ, რომ ვაისმა ლიდერები დაასვენოს. "სკალიცას" და "სლოვანს" 6 ურთიერთშეხვედრა აქვთ გამართული და ყველა ჯერზე გამარჯვებული ბრატისლავური გუნდი აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
"სლოვანი" - "სკალიცა" ს სად ვუყუროთ ?
zura222
14:29 07-08-2022
0
ეს ჰოლანდი (ჰალანდი) ჩემს მეზობელ, ტასო ბებიას გავს, ერთი-ერთშია.
lado
12:55 07-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული