"დინამო" - წარმოდგენა გრძელდება

AutoSharing Option
მოახლოებულ ევროტურნირებს ყველა დიდი ინტერესითა და, რაც მთავარია, იმედით ველოდებით და იმის სურვილიც გვაქვს, რომ ოთხივე ქართულმა გუნდმა ("ზესტაფონი", "დინამო", "მეტალურგი", "გაგრა") რაც შეიძლება მეტი ეტაპი გაიაროს. რაღა დარჩა, - ორიოდ დღეში თბილისის "დინამო" და რუსთავის "მეტალურგი" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებენ.

"მეტალურგმა" გუშინ, 27 ივნისს მოაწყო ახალი ლოგოს, სათამაშო ფორმისა და ვებგვერდის პრეზენტაცია და გუნდის ახალწვეულებიც წარადგინა; "დინამომ" კი უფრო ადრე დაიწყო ქომაგებისთვის ახალი მწვრთნელისა თუ ფეხბურთელების წარდგენა: სეზონი რამდენიმე დღის დამთავრებული იყო, ეროვნულ სტადიონზე "დინამოს" ახალწვეულის,
26 წლის სანდრო იაშვილს "დინამოში" დაბრუნების ამბავი რომ გვამცნეს. იმავე დღეს, კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ "დინამოს" ახალ ლოგოსთან ერთად ის ფეხბურთელებიც წარმოგვიდგინეს, გუნდმა კონტრაქტები რომ გაუხანგრძლივა: 24 წლის ნიკა ფირცხალავა, 22 წლის გულვერდ თომაშვილი და 19 წლის ნიკა კვეკვესკირი.

სწორედ მაშინ შევიტყვეთ ყველაზე "მთავარი" ამბავიც: უახლოეს პერიოდში "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი დაინიშნებოდა, ვისაც თანამემამულე ფიზმომზადების სპეციალისტიც დაეხმარებოდა. ასეც მოხდა: პირველ ივნისს, სასტუმრო "მერიოტში" ქართული მედიის წინაშე 41 წლის ესპანელი მწვრთნელი ალექსი გარსია წარდგა! ყველაზე ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე გარსია 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს საფეხბურთო გრანდის, "ბარსელონას" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან მუშაობდა და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა.

7 ივნისიდან გარსიამ "დინამოს" გაცნობა დაიწყო და აქაური ვარჯიშების შემდეგ, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრა. სლოვენია-ავსტრიაში "დინამომ" სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და სხვებთან ერთად ამ სპარინგ-შეხვედრებში გუნდის ახალწვეულებიც მონაწილეობდნენ, რომლებთან კონტრაქტებიც დღეს, 28 ივნისს გაფორმდება. საინტერესოა, რომ ისე როგორც წინა შემთხვევაში, "დინამოს" ოთხივე ახალწვეულს ეროვნულ სტადიონზე წარადგენენ, გუნდის ახალ სათამაშო ფორმასთან ერთად; ამის შემდეგ კი გარსია, ასე ვთქვათ, პირველ ღია ვარჯიშს ჩაატარებს ქართველი ქომაგის წინაშე. ახლა კი "დინამოს" ახალწვეულებზე, თუმცა ორ მათგანს ეს ტერმინი პირობითად შეიძლება მივუსადაგოთ: სოსო გრიშიკაშვილსა და დავით ოდიკაძეს საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბში ხომ არაერთი სეზონი აქვთ გატარებული.

37 წლის სოსო გრიშიკაშვილს საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი (უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ) 1992 წელს ჰქონდა, როცა თელავის "კახეთის" შემადგენლბაში ყველასათვის უცნობი პერსპექტიული მეკარე გამოჩნდა. ამის შემდეგ იყო რუსთავის "მეტალურგი" და რუსეთის "ალანია", ლატვიური "ვენტსპილსი" და ფოთის "კოლხეთი", თბილისის "ლოკომოტივი" და "თბილისი", ბათუმის "დინამო" და აზერბაიჯანის "ბაქი", სომხური "მიკა" და ცხინვალის "სპარტაკი"; ამას გარდა, გრიშიკაშვილს სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოშიც" უასპარეზია - 1999-2002 და 2006-2008 წლებში.

ასევე სამწლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება თბილისის "დინამოს" 30 წლის დავით ოდიკაძე, მანამდე სამტრედიის "იბერიის", ლანჩხუთის "გურიას", ფოთის "კოლხეთის", "თბილისისა" და ცხინვალის "სპარტაკის" შემადგენლობაში რომ უთამაშია. რაც შეეხება უცხოურ კარიერას, გარკვეული პერიოდი ოდიკაძემ უნგრულ "დიორ ეტოში" გაატარა, ბოლო წელიწადნახევარი კი აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოს "ინტერში" თამაშობდა. "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 23 წლის მცველი გიორგი რეხვიაშვილია; რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა ბოლო ორ სეზონში თვალსაჩინო პროგრესი განიცადა და "ოლიმპის" ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ისე, რეხვიაშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია, თუმცა სლოვენიასა და ავსტრიაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში ალექს გარსია მარცხენა მცველის პოზიციაზე ამწესებდა. ეს ამბავი დიდად მოულოდნელი არ ყოფილა, რამეთუ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონში (2008-09 წლები) რეხვიაშვილი ზუგდიდის "მგლებში" იყო განათხოვრებული და უმეტესწილად, მარცხენა მცველის ფუნქციებს ასრულებდა. თუმცა, რეხვიაშვილისთვის ამპლუის შეცვლა რა გასაკვირვია, როცა ალექს გარსია "დინამოს" კიდევ ერთ ახალწვეულს, დავით ოდიკაძეს სლოვენია-ავსტრიაში მარჯვენა მცველად იყენებდა...

ფეხბურთის ქართველი ქომაგისთვის შედარებით "უცხოა" "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული, 27 წლის გარემარბი გოგა ბერაია, ვინც უკვე წლებია აზერბაიჯანის ჩემპიონატში ასპარეზობს; ბერაია სხვადასხვა დროს წარმატებით იცავდა "განჯასა" და "ყარაბაღის" ღირსებას, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი ასევე აზერბიჯანული კლუბის "გაბალას" ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის კაპიტანი გახლდათ. ბარემ იმასაც შეგახსენებთ, "გაბალას" მთავარი მწვრთნელი ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული კაპიტანი ტონი ადამსია... დაბოლოს, ყველაზე "დამაინტრიგებელ" და მოსალოდნელ ახალწვეულებზე: "დინამოში" ოფიციალურად არავინ ადასტურებს ესპანელი ფეხბურთელების, 30 წლის ხისკოსა და 22 წლის კოტოს გუნდში ჩარიცხვას; თუმცა, ეს დროც მალე დადგება და "დინამოში" სხვა ესპანელი ფეხბურთელიც რომ გამოჩნდეს, ნურც ეს გაგვიკვირდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული