რაც მთავარია, ყველას დიდი სურვილი გაქვს, რომ ევროტურნირებზე მოასპარეზე ჩვენმა ოთხივე გუნდმა რაც შეიძლება მეტი ეტაპი გაიაროს და ქართული ფეხბურთის პრესტიჟი აამაღლოს.
ევროტურნირების კენჭისყრამ ისე "ინება", რომ საწყის ეტაპზე ქართული გუნდები ("გაგრას" გარდა) "ძველ ნაცნობებთან" დააწყვილა. დღეს საუბარი სწორედ
უსიამოვნო სტატისტიკა
ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს მოლდოვის (მაშინდელი - მოლდავეთის) ფეხბურთს სათვალავში არავინ აგდებდა: ამ რესპუბლიკის უძლიერესი გუნდის, კიშინიოვის "ნისტრუს" გლობალური თუ ლოკალური ამოცანა ხომ "ათასში ერთხელ" უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება იყო; რადიკალურად სიტუაცია არც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეცვლილა: მოლდოვის ნაკრებსა თუ კლუბებს (თუ არ ჩავთვლით ტირასპოლის "შერიფის" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ გასვლას) საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით არაფრისთვის მიუღწევიათ. თუმცა, ფეხბურთის მოლდოველ ქომაგებს ის მაინც აქვთ საამაყო, რომ ზოგიერთ მეტოქესთან (სანაკრებო და საკლუბო დონეზეც) დადებითი ბალანსი გააჩნიათ;
ერთ-ერთი ასეთი მეტოქე კი საქართველოს ნაკრებია: ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩებში მოლდოვის ნაკრებს ცხრაჯერ ვეთამაშეთ და აქედან 3 შეხვედრა მოვიგეთ, 2 ფრედ დავამთავრეთ და 4 წავაგეთ. მცირე ნუგეშს, ალბათ, ის უნდა გვაძლევდეს, რომ ბურთების სხვაობაში ჩვენ გვაქვს უპირატესობა (11-10). საქართველოს და მოლდოვის ნაკრებების ურთიერთდაპირისპირების ისტორიაზე ადრეც არაერთხელ გვისაუბრია, ამჯერად კი მხოლოდ საკლუბოზე გავამახვილებთ ყურადღებას;
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე ერთდროულად ორი მოლდოვური კლუბი შეგვხვდა: კიშინიოვის "დაჩია" და ორჰეის "მილსამი", იმედი დავიტოვოთ, რომ ქართული გუნდები (შესაბამისად - "ზესტაფონი" და "დინამო") მოლდოვურ ბარიერს დაძლევენ და საკლუბო დონეზე მაინც გვექნება ამათთან დადებითი ბალანსი.
არადა, დღემდე მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ევროტურნირებზე ქართული და მოლდოვური გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და, ჩვენდა სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე სწორედ მოლდოვური კლუბი გავიდა. ჰო, ძველი ამბავია, დღესაც მწარედ რომ გვახსენდება: ჩემპიონთა ლიგის 1999-2000 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" მოლდოვური "ზიმბრუს" ბარიერი ვერ დაძლია. ეს ფაქტი იმდროინდელ ქართულ მედიაში სენსაციად შეფასდა, თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სწორედ 1999 წლის ზაფხულიდან დაიწყო თბილისის "დინამოში" კრიზისი და ამის შემდეგ ზედიზედ სამი სეზონი გუნდი საქართველოს ჩემპიონი ვერ ხდებოდა.
თუმცა, ისევ "ზიმბრუსთან" პაექრობებს დავუბრუნდეთ. და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე პირველსავე მატჩმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. წყვილში უპირობო ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, "დინამო" მიიჩნეოდა, სადაც მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი მუშაობდა. ბოსკამპმა "დინამო" 1999 წლის მაისში ჩაიბარა (ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე) და პარალელურად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლდათ. "ზიმბრუსთან" საშინაო მატჩში "დინამოს" შემადგენლობაში უამრავმა ახალწვეულმა ითამაშა: გიორგი შაშიაშვილმა, დავით ჭიჭვეიშვილმა, ვასო გიგიაძემ, თენგიზ სიჭინავამ, დენი დონდტმა, დე სოუზამ; დონდტი ამპლუით მეკარე იყო, დე სოუზა - ცენტრფორვარდი და ამ უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერების ინიციატორი ბოსკამპი გახლდათ.
დონდტი მართლაც მაღალი კლასის მეკარე გამოდგა - "ზიმბრუსთან" აქაურ მატჩში ხომ არაერთხელ გადაგვარჩინა, მერეც, ცოტა ხანი, რომ ითამაშა საქართველოს ჩემპიონატში, ყოველ შეხვედრაში მართლაც ჩინებულად გამოიყურებოდა. აი, დე სოუზას მოწვევა კი "დინამოს" სატრანსფერო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად უნდა მივიჩნიოთ: ბრაზილიელი ფორვარდი მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე რომ აღმოჩნდებოდა, ბურთს ფეხის მაგივრად... მიწას ურტყამდა! ასეა თუ ისე, თბილისური მატჩი დიდი ნერვიულობის ფასად, მაგრამ მაინც შემოვაბრუნეთ: 68-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ლევან ხომერიკმა და კლიმენტი წიტაიშვილმა ბოლო შვიდ წუთში მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანეს. აი, განმეორებით მატჩში კი მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს "დინამოს" კარში და მომდევნო ეტაპზეც გავდნენ, სადაც, სხვათა შორის, ჰოლანდიურ პსვ-სთან ღირსეულად იასპარეზეს.
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო-ზიმბრუ 2:1
28. 07. 1999. თბილისი. ეროვნული. 5000 მაყურებელი
0:1 ბერკო (68), 1:1 წიტაიშვილი (82), 1:2 ხომერიკი (90)
დინამო: დონდტი-შაშიაშვილი, ჭიჭვეიშვილი, დიდავა, სახვაძე (63. ხომერიკი) - ვ. გიგიაძე, კიკნაძე, სიჭინავა, ალექსიძე - დე სოუზა (63. წიტაიშვილი), აშვეთია
გაფრთხილება: სიჭინავა
არბიტრი: დ. დრაბეკი (ავსტრია)
ზიმბრუ-დინამო 2:0
04. 089. 1999. კიშინიოვი. რესპუბლიკური. 7000 მაყურებელი
1:0 დოდული (25), 2:0 ეპურეანუ (90)
დინამო: დონდტი-ხიზანეიშვილი, ჭიჭვეიშვილი, სიჭინავა, დიდავა-ვ. გიგიაძე (55. გ. შენგელია), კიკნაძე, ალექსიძე-აშვეთია (70. წიტაიშვილი), დე სოუზა, ხომერიკი.
გაფრთხილება: ტელესნენკო; სიჭინავა, დე სოუზა
არბიტრი: ლ. ჰიუ (ბელგია)
სასურველი მეტოქე
... საბედნიეროდ, თანამედროვე ფეხბურთში ისეთი გუნდებიც არიან, სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე დადებითი ბალანსი რომ გაგვაჩნია! სომხებზე მოგახსენებთ, სანაკრებო დონეზეც რომ ვჯობივართ და საკლუბოზეც; თუმცა, მოლდოველთან ურთიერთდაპირისპირებისა არ იყოს, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ საკლუბო დონეზე ვისაუბრებთ; უბრალოდ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები დღემდე ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და უპირატესობა ჩვენ მხარეზეა: 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება; ბურთების სხვაობა კი მართლაც შთამბეჭდავია - 11:4. თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ სომხებს ბოლოს ოთხი თვის წინ შევხვდით და კვიპროსულ ლიმასოლში ჩატარებულ იმ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენმა ნაკრებმა ნახევრადექსპერიმენტული შემადგენლობითაც აჯობა მეტოქეს.
აი, საკლუბო დონეზე კი ქართული და სომხური გუნდები დღემდე ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და მომდევნო ეტაპზე სამჯერ ჩვენ გავედით, ორჯერ კი - სომხები. თუმცა, ბევრად უფრო შთამბეჭდავია უშუალოდ შეხვედრებში დაფიქსირებული უპირატესობა: 10 მატჩიდან 7 ქართული გუნდების გამარჯვებით დამთავრდა, 1 ფრედ დასრულდა და 2 წავაგეთ (ბურთების სხვაობა 26-10). ოღონდ, ეს სტატისტიკური მაჩვენებლები გარკვეულ კორექტირებასაც მოითხოვს: სულ პირველ დაპირისპირებაში, 1997 წლის ზაფხულში რომ ჩატარდა, ბათუმის "დინამომ" პირველ მატჩში ერევნის "არარატს" 4:2 კი მოუგო, მაგრამ... 0:3 წაგება ჩაეთვალა! ამის მიზეზი კი ქართული კლუბის ხელმძღვანელთა დაუდევრობა იყო: ბათუმელთა შემადგენლობაში თამაშობდა დავით სოლოღაშვილი, რომელსაც, წესითა და რიგით, ეს მატჩი დისკვალიფიკაციის გამო უნდა გამოეტოვებინა. სოლოღაშვილი წინა წელს ფოთის "კოლხეთში" "ინტერტოტოს თასზე" ასპარეზობდა და ის გათამაშება ორი ყვითელი ბარათით დაასრულა. მოკლედ, ბათუმელთა ახალწვეულს "არარატთან" პირველი მატჩი უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ მავანთა დაუდევრობამ 0:3 "მოგვიტანა". ამის მიუხედავად, ბათუმელები ძალიან ახლოს იყვნენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად: განმეორებით მატჩში როსტომ თორღაშვილმა ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნა, შესვენებამდე ივანე მახარაძემ კიდევ ერთი გოლიც გაიტანა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
სომხურ გუნდებთან რევანში ერთი წლის მერე ავიღეთ: "ინტერტოტოს თასზე" მოასპარეზე ქუთაისის "ტორპედომ" წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პირველსავე მატჩში გაარკვია, როცა ერევნის "ერებუნი" 6:0 დაამარცხა! სხვათა შორის, ტორპედოელთა შორის "დუბლი" ორმა ფეხბურთელმა შეასრულა: დავით ჯანაშიამ და გიორგი მეგრელაძემ; 13 წლის წინანდელ ამბავს კი იმიტომ ვიხსენებთ, რომ მეგრელაძე დღესაც აგრძელებს თავის კარიერას და, რაც მთავარია, კვლავაც მშობლიური ქალაქის გუნდის ღირსებას იცავს.
"ტორპედო"-"ერებუნის" დაპირისპირების შემდეგ ქართული და სომხური გუნდები მხოლოდ 7-წლიანი პაუზის მერე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თანაც, ისე მოხდა, რომ ერევნის "ბანანცი" ზედიზედ ორჯერ შეხვდა ქართულ გუნდებს და ორივეჯერ ეს მატჩები მეტად და მეტად "უცნაური" სცენარით მიმდინარეობდა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თბილისურ შეხვედრებში "ბანანცი" იმარჯვებდა, ერევანში ჩატარებულ მატჩებში კი - ქართული გუნდები! თუმცა, სხვაობა ის იყო, რომ თბილისის "ლოკომოტივი" თუ სენსაციურად გამოეთიშა ასპარეზობას, აი, "ამერმა" შეძლო და "ბანანცის" ბარიერი დაძლია.
ევროტურნირებზე სომხურ გუნდებთან ბოლო დაპირისპირება კი აშკარად დადებით ემოციებს იწვევს: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" 2006 წლის ზაფხულში, "ინტერტოტოს თასის" პირველ ეტაპზე ორივე მატჩი დიდი ანგარიშით მოუგო სომხურ "კილიკიას" (5:1, 3:0). სხვათა შორის, ხუთი წლის წინანდელი იმ შემადგენლობიდან "დინამოში" დღესდღეობით კვლავაც თამაშობენ: გიორგი ლორია, შოთა კაშია, გულვერდ თომაშვილი, ლევან ხმალაძე და სანდრო იაშვილი.
საკლუბო დონეზე
თასების მფლობელთა თასი (პირველი შესარჩევი წრე)
დინამო (ბათუმი)-არარატი (ერევანი) 4:2
15.08.1997. ბათუმი. ცენტრალური. 8000 მაყურებელი
1:0, 2:0 ჩუხუა (23,31), 2:1 ტერ-პეტროსიანი (60), 3:1 ღლონტი (77), 3:2 ნაზარიანი (83), 4:2 შეყილაძე (90).
დინამო: ტოგონიძე-ი. მახარაძე, შანიძე, შეყილაძე, მინდაძე-ღლონტი, თ. სიჭინავა, თორღაშვილი (75. აფხაზავა), სოლოღაშვილი-ტუღუში, ჩუხუა (88. ყულეჯიშვილი).
გაფრთხილება: ტუღუში.
არბიტრი: მ. შუტენგრუბერი.
შენიშვნა: იმის გამო, რომ მასპინძელთა გუნდში დისკვალიფიცირებულმა ფეხბურთელმა (დავით სოლოღაშვილმა) ითამაშა, ბათუმის `დინამოს~ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა - 0:3
არარატი-დინამო 0:2
28.08.1997. ერევანი. `რაზდანი~. 5000 მაყურებელი
0:1 თორღაშვილი (1), ი. მახარაძე (36).
დინამო: ტოგონიძე-ი. მახარაძე, მ. მახარაძე, შეყილაძე, მინდაძე-ღლონტი, თორღაშვილი (75. შანიძე), სიჭინავა, ჭიჭვეიშვილი-ჩუხუა, ყულეჯიშვილი (69. აფხაზავა).
არბიტრი: მ. კოვალჩიკი
ინტერტოტოს თასი. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო (ქუთაისი)-ერებუნი (ერევანი) 6:0
21.06.1998. ქუთაისი. `გივი კილაძე~. 4000 მაყურებელი
1:0 გ. მეგრელაძე (3), 2:0 გ. მეგრელაძე (28), 3:0 ვაჩიბერაძე (30), 4:0, 5:0 დ. ჯანაშია (43, 81), 6:0 კვეტენაძე (83)
ტორპედო: გრ. ჭანტურია-ჩხაბერიძე, ვაშაკიძე, შ. ხუჯაძე (65. ვ. თურმანიძე), ჩხაიძე-დ. ჯანაშია, ჯინჭარაძე, კვეტენაძე, ვაჩიბერაძე (61. კ. ჩხეტიანი)-გ. მეგრელაძე (85. მაღლაკელიძე), კ. მეტრეველი.
არბიტრი: ი. ხაიმი (ისრაელი).
ერებუნი-ტორპედო 1:1
27. 06. 1998. ერევანი. რაზდანი. 100 მაყურებელი
1:0 ოვანესიანი (22), 1:1 ხუჯაძე (30).
ტორპედო: გრ. ჭანტურია (84. მამარდაშვილი)-ჩხაბერიძე, ვ. თურმანიძე, ვ. მაისურაძე, შ. ხუჯაძე-ნატროშვილი (67. კ. ჩხეტიანი), კვეტენაძე, ჯინჭარაძე (78. შეყრილაძე), ვაჩიბერაძე-დ. ჯანაშია, გ. მეგრელაძე.
არბიტრი: რ. ჰანლონი (ისრაელი)
უეფას თასი, I საკვალიფიკაციო ეტაპი
ბანანცი (ერევანი)-ლოკომოტივი (თბილისი) 2:3
14.07.2005. ერევანი. რესპუბლიკური
0:1 ალავერდაშვილი (41), 0:2 ლ. ქებაძე (48), 0:3 გ. ონიანი (53), 1:3 არამ აკოფიანი (82), 2:3 ყარაბახჩიანი (89).
ლოკომოტივი: შეყრილაძე-სეთურიძე, გ. ონიანი, მახვილაძე, რ. ონიანი-ფურთუხია (67. დ. ფოფხაძე), ინომოვი, სირაძე (70. გ. ჩივაძე), ქებაძე-კახელიშვილი, ალავერდაშვილი (84. გ. ყიფიანი).
არბიტრი: ი. მადიებირო (უნგრეთი)
ლოკომოტივი-ბანანცი 0:2
28.07.2005. თბილისი. მიხეილ მესხი. 5000 მაყურებელი
0:1 არამ აკოფიანი (22), 0:2 ხაჩატრიანი (81).
ლოკომოტივი: შეყრილაძე-სეთურიძე, გ. ონიანი, მახვილაძე, რ. ონიანი-ფურთუხია (46. დ. ფოფხაძე), ინომოვი, სირაძე (83. თავბერიძე), ლ. ქებაძე-კახელიშვილი, ალავერდაშვილი (73. გ. ჩივაძე).
არბიტრ : მ. სტრახონია (ხორვატია).
უეფას თასი (I საკვალიფიკაციო ეტაპი)
ამერი (თბილისი)-ბანანცი (ერევანი) 0:1
13.07.2006. თბილისი. მიხეილ მესხი. 2000 მაყურებელი
0:1 ტადევოსიანი (10).
ამერი: ქვაჩახია-კედელაშვილი (67. სევასტოპულო), დავითნიძე, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე- დოლიძე (82. დობროვოლსკი), გაბისკირია (54. დ. ბოლქვაძე), დეკანოსიძე, გ. ჯელაძე-დავითაშვილი, წინამძღვრიშვლი.
არბიტრი: ა. ტუსანი (ლუქსემბურგი)
ბანანცი-ამერი 1:2
27.06. 2006. ერევანი. რესპუბლიკური. 3000 მაყურებელი
1:0 ტადევოსიანი (38), 1:1 წინამძღვრიშვილი (60), დობროვოლსკი (62)
ამერი: ქვაჩახია-ჩიკვილაძე, დავითნიძე, ხვადაგიანი, ელბაქიძე-დოლიძე (73. მჭედლიშვილი), დობროვოლსკი (81. გაბისკირია), დ. ბოლქვაძე, დეკანოსიძე-დავითაშვილი (73. ტატანაშვილი), წინამძღვრიშვილი.
არბიტრი: ხ. რისტოსკოვი (ბულგარეთი)
ინტერტოტოს თასი (პირველი ეტაპი)
კილიკია (ერევანი)-დინამო (თბილისი) 1:5
18.06.2006. ერევანი. `რაზდანი~
0:1 ტორნინი (36), 0:2 დვალი (38), 1:2 ერზრუმიანი (42), 1:3 დვალი (58), 1:4 ხუციშვილი (72), 1:5 ბობოხიძე (90).
დინამო: ლორია-ამბროზიო, შ. კაშია, ორბელაძე, გიგაური-მერებაშვილი, გრიგალაშვილი (68. ჩირიკაშვილი), ხუციშვილი, კობახიძე-დვალი (76. ზამ. ჯანაშია), ტორნინი (58. ბობოხიძე)
დინამო-კილიკია 3:0
24.06.2006. თბილისი. მიხეილ მესხი. 1000 მაყურებელი
1:0 გრიგალაშვილი (28), 2:0 გიგაური (41), 3:0 იაშვილი (82)
დინამო: ლორია-ამბროზიო (21. კ. მახარაძე), შ. კაშია, თომაშვილი, გიგაური-მერებაშვილი (46. ხმალაძე), გრიგალაშვილი, ხუციშვილი (71. ს. იაშვილი), კობახიძე-დვალი, ბობოხიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"