მარადიული მეტოქე: ქართულ-ავსტრიული დაპირისპირებები

AutoSharing Option
1993 წლიდან მოყოლებული, ანუ, იმის მერე, რაც ქართული გუნდები ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობენ, რომელი ქვეყნის გუნდს არ შევხვედრივართ; განსაკუთრებით ხშირად გვიწევდა ფარერელებთან, ჩრდილო ირლანდიელებთან, სერბებთან, სლოვაკებთან, სომხებთან, ბერძნებთან, პოლონელებთან და ბელარუსებთან დაპირისპირება, მაგრამ განვლილი ამ 18 წლის განმავლობაში ქართული გუნდები ევროტურნირებზე ყველაზე მეტჯერ ავსტრიულ კლუბებს ხვდებოდნენ.

ანუ, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების გუნდებს ქართული კლუბები ხუთჯერ თუ ექვსჯერ "გადაჰყრიან", აი, ავსტრიელებთან კი მეცხრე დაპირისპირება გველოდება!

სამწუხაროდ, ევროტურნირებზე ჩვენს "მარადიულ მეტოქეებთან" დადებითი ბალანსით თავს ვერ მოვიწონებთ: აქამდე ჩატარებულ თოთხმეტ მატჩში 4 შეხვედრა მოვიგეთ,
1 ფრედ დავამთავრეთ და 9 წავაგეთ! აქედან გამომდინარე, ბურთების სხვაობაც რომ ჩვენთვის უარყოფითი იქნება, რა გასაკვირვია - 11:27...

..."ავსტრია", "რაპიდი", "შტურმი", "ტიროლი", "რიდი", "პაშინგი", - აი, ამ ავსტრიულ გუნდებს ვეპაექრებოდით ხოლმე სხვადასხვა დროს ევროტურნირებზე; ფაქტობრივად, "ზალცბურგის" გარდა, ყველა წამყვან ავსტრიულ გუნდს შეხვედრივართ და "შტურმს" თუ ზედიზედ მეორედ უწევს საქართველოში ჩამოსვლა, "რიდს" სხვადასხვა დროს სამ ქართულ გუნდთან ("მერანი-91"-თან, "ვიტ ჯორჯიასთან", "დინამოსთან") უთამაშია.


გრაცერიდან ტიროლამდე
ქართულ-ავსტრიული გუნდების გზები ევროტურნირებზე 90-იან წლებამდეც გადაკვეთილა: 1981/82 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/16-ფინალში თბილისის "დინამოს" მეტოქედ ავსტრიული "გრაცერი" ერგო. "დინამო" ამ გათამაშების ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტი იყო, - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 1981 წლის შემოდგომაზე დაწყებულ თასების მფლობელთა თასის ტურნირს "დინამო" ხომ თასის მფლობელის რანგში ხვდებოდა!

როგორც მოსალოდნელი იყო, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" არ გასჭირვებია "გრაცერის" გზიდან ჩამოცილება: თბილისში 2:0 მოვიგეთ (გოლები ვაჟა ჟვანიამ და რამაზ შენგელიამ გაიტანეს), განმეორებითი შეხვედრა კი ფრედ, 2:2 დასრულდა (დინამოელთაგან ორივე გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა).

რაც შეეხება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქართულ-ავსტრიული კლუბების პირველ დაპირისპირებას, ცოტა არ იყოს, მწარედ მოსაგონარი ფაქტია. არადა, 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც თბილისის "დინამო" უეფას თასის 1/32 ფინალში ავსტრიულ "ტიროლს" უნდა დაპირისპირებოდა, ფეხბურთის ქართველი ქომაგი ოპტიმისტურად იყო განწყობილი მოსალოდნელი პაექრობის წინ. ამ ოპტიმიზმის "მიზეზი" კი ჩვენი გუნდის შემადგენლობა იყო - "დინამოს" თითქმის ყველა ფეხბურთელი ერთი წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად ბირთვს შეადგენდა!

იმის მიუხედავად, რომ ერთი ტაიმის განმავლობაში კაცნაკლული ვთამაშობდით, გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" მაინც შეძლო ძლიერი მეტოქის დამარცხება - ერთადერთი ბურთი რევაზ არველაძემ გაიტანა. აი, განმეორებით მატჩში კი სრული ფიასკო გველოდა - ავსტრიული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ჰანს კრანკლის გაწვრთნილმა "ტიროლმა" ჩვენი გუნდი დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხა. სხვათა შორის, იმ შეხვედრაში "დინამომ", ფაქტობრივად, ერთი ნომინალური მცველით (ნუგზარ ლობჟანიძე) ითამაშა, თანაც ძალიან გვაკლდა დისკვალიფიცირებული მურთაზ შელია...


პროვინციული რიდი და ტიტულიანი რაპიდი
"ტიროლის" მერე იყო "რიდთან" ზედიზედ სამი მატჩი; განსაკუთრებით პირველი დაპირისპირება გვინდა აღვნიშნოთ, როცა ევროტურნირების დებიუტანტმა თბილისის "მერანი-91"-მა მიხეილ მაზიაშვილის, დავით გოდერძიშვილისა და ბადრი კვარაცხელიას გოლებით სტუმრად შეძლო ავსტრიული გუნდის დამარცხება.

ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ "ინტერტოტოს თასზე" მოასპარეზე "მერანი-91" თბილისიდან ავსტრიაში მატჩის ჩასატარებლად ავტობუსით გაემგზავრა! თუმცა, თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მერანი-91"-მა ასეთი "ორიგინალური" და ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად მაინც შეძლო სტუმრად გამარჯვება.

ქართულ-ავსტრიული სხვა დაპირისპირებებიდან "ვიტ ჯორჯიას" ღირსეული ასპარეზობა უნდა აღვნიშნოთ: "ვეტერინარები" სამჯერ შეხვდნენ ავსტრიულ კლუბებს და თავი არც ერთხელ შეურცხვენიათ. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით თბილისის "დინამოზე" - 2006 წელს "ინტერტოტოს თასზე" პროვინციულ "რიდთან" ორივე მატჩი რომ წააგო, ცოტა არ იყოს, არ გვესიამოვნა; თუმცა, უარესი წინ გველოდა: უკვე მომდევნო წელს, როცა უეფას თასის III საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და ავსტრიის ყველაზე ტიტულიანი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, ვენის "რაპიდმა" ჯერ თბილისში მოუგო "დინამოს" დიდი ანგარიშით (3:0), ორი კვირის შემდეგ კიდევ უფრო შთამბეჭდავი სხვაობით გაიმარჯვა - 5:0!


ძველ-ახალი შტურმი
ზედიზედ მეორე წელია, "შტურმი" საქართველოში ჩამოდის: შარშან, უეფას ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანკო ფოდას გუნდმა ფერდინანდ ფელდჰოფერისა და რომან კინასტის გოლებით თბილისის "დინამოს" 2:0 აჯობა საშინაო მატჩში, განმეორებით შეხვედრაში კი თავისთვის სასურველ შედეგს მიაღწია (1:1).

ამის შემდეგ "შტურმი" ევროპის ლიგის პლეი-ოფში ტურინის "იუვენტუსს" შეხვდა და ორივე მატშჩი დამარცხდა (1:2, 0:1); თუმცა, გრაცელებისათვის გასული სეზონი მაინც განსაკუთრებული იყო: 12-ლიანი პაუზის მერე "შტურმი" ავსტრიის ჩემპიონი გახდა! სულ კი "შტურმს" სამი საჩემპიონო ტიტული აქვს - მანამდე 1998 და 1999 წლებში ხდებოდა ავსტრიაში საუკეთესო. ამას გარდა, ოთხჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა, სამჯერ კი - სუპერთასს.

საერთოდ, "შტურმის" ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდად 1994-2002 წლები მიიჩნევა, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ცნობილი ბოსნიელი სპეციალისტი ივიცა ოსიმი გახლდათ. "საშინაო" ტიტულებს თავი რომ დავანებოთ, ამ პერიოდში "შტურმი" საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა ევროტურნირებზეც და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა.

სხვადასხვა დროს "შტურმის" ღირსება ცნობილ ლეგიონერებსაც დაუცავთ: ჯუზეპე ჯანინის (იტალია), ფილიპ დე ვილდეს (ბელგია), დარკო მილანიჩს (სლოვენია), სერგეი იურანს (რუსეთი) და... დავით მუჯირს! ჰო, მართლაც არ არის პატარა ამბავი, როცა ავსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ისტორიაში "თავისი" ადგილი უკავია ქართველ ფეხბურთელსაც - მუჯირი ოთხი სეზონის განმავლობაში "შტურმის" ლიდერი გახლდათ! "მუმუს" გარდა "შტურმში" წარმატებული კარიერა ჰქონდათ კიდევ ორ ჩვენებურსაც - გიორგი შაშიაშვილსა და ილია კანდელაკს; ამ სეზონიდან კი "შტურმში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა - 24 წლის მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე.

შარშანდელთან შედარებით "შტურმის" შემადგენლობა, ფაქტობრივად არ შეცვლილა და გუნდიდან ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი წავიდა - ხორვატიის ნაკრების 26 წლის მცველი გორდონ შილდენფელდი (ფრანკფურტის "აინტრახტში" გადავიდა). რაც შეეხება ახალწვეულებს, ფოფხაძის გარდა "შტურმმა" 22 წლის ხორვატი ფორვარდი დარკო ბოდული დაიმატა. თუმცა, ამ უკანასკნელს ძირითადში მოხვედრა გაუჭირდება, რამეთუ "შტურმს" თავდასხმის ხაზში ერთი-მეორეზე გამოცდილი ფორვარდები ჰყავს: 36 წლის მარიო ჰაასი, 30 წლის იმრე საბიჩი (უნგრეთი) და 27 წლის რომან კინასტი.

"შტურმის" ლიდერებად უნდა მივიჩნიოთ სხვა ფეხბურთელებიც: 29 წლის მეკარე კრისტიან გრატცეი, 31 წლის მცველი ფერდინანდ ფელდჰოფერი და 35 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი სამირ მურატოვიჩი.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, ახლახან დაწყებულ ავსტრიის ჩემპიონატის მეორე ტურში "შტურმმა" ფრედ (2:2) ითამაშა "მატერსბურგთან" (გოლები კინასტმა და მურატოვიჩმა გაიტანეს). "ზესტაფონთან" მატჩის წინ "შტურმის" თავკაცმა, გერმანელმა სპეციალისტმა ფრანკო ფოდამ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა; თანაც, ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა გიორგი ფოფხაძემ, რომელმაც 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს...

უეფას თასი. 1/32 ფინალი
დინამო (თბილისი)-ტიროლი (ავსტრია) 1:0
13. 09. 1994. თბილისი. ეროვნული. 50000 მაყურებელი.
1:0 რ. არველაძე (40)
დინამო: ზოიძე-ნ. ლობჟანიძე, ნემსაძე, შელია-ყაველაშვილი (88. ცქიტიშვილი), ინალიშვილი, ჯამარაული, ქინქლაძე, რ. არველაძე-ა. არველაძე (90. დიდავა), შ. არველაძე
გაფრთხილება: შელია
გაძევება: შელია
არბიტრი: მ. პირო (ბელგია)

ტიროლი-დინამო 5:1
27. 09. 1994. ინსბრუკი. "ტივოლი".
1:0 ჩერნი (4), 2:0 შტიოგერი (32), 3:0 დანეკი (35), 3:1 შ. არველაძე (36), 4:1 დანეკი (56), 5:1 იანეშიტცი (88)
დინამო: ზოიძე-რევიშვილი (84. კიკნაძე), ნემსაძე, ნ. ლობჟანიძე-ყაველაშვილი, ინალიშვილი, ჯამარაული (74. ანჩაბაძე), ქინქლაძე, რ. არველაძე-ა. არველაძე, შ. არველაძე

ინტერტოტოს თასი
რიდი (ავსტრია)-მერანი-91 (თბილისი) 1:3
13. 07. 1997. რიდი
0:1 მაზიაშვილი (6), 0:2 გოდერძიშვილი (17), 1:2 ჰანსენი (39), 1:3 კვარაცხელია (54)
მერანი-91: გვენცაძე-ივანიშვილი (76. გოგიტაძე), ქველაძე, სიდამონიძე, დ. კაკუბავა-მაზიაშვილი (87. დ. ჯიშკარიანი), გოგობერიშვილი (77. დავითაშვილი), კ. მელქაძე, ბ. კვარაცხელია-ბ. ამბიძე-გოდერძიშვილი

ინტერტოტოს თასი. 1 ეტაპი
ვიტ ჯორჯია (თბილისი)-რიდი (ავსტრია) 1:0
16. 06. 2001 . თბილისი. ეროვნული.
1:0 გოგობერიშვილი (51).
ვიტ ჯორჯია: ჭურაძე-საჯაია, ჭანკოტაძე, თ. კობიაშვილი, ჯ. მუჯირი-ლ. ნოზაძე, გოგობერიშვილი, დიღმელაშვილი, გ. ყიფიანი (46. არეშიძე)-ლ. მელქაძე (79. ინწკირველი), ზ. მეტრეველი (46. ადამია)
გაფრთხილება: ფოსტერი, ნენტვიჩი
გაძევება: საჯაია
არბიტრი: ა. იოში (უნგრეთი)

რიდი-ვიტ ჯორჯია 2:1
23. 06. 2001. რიდი. "დერ შტატდი".
0:1 მელქაძე (14). 1:1 ანგერშმიდტი (17), 2:1 ლოუერსი (79)
ვიტ ჯორჯია: ჭურაძე-ინწკირველი, ჭანკოტაძე, თ. კობიაშვილი, დ. დოლიძე (67. ფეიქრიშვილი)-ლ. ნოზაძე, გოგობერიშვილი, დიღმელაშვილი, გ. ყიფიანი-ადამია (60. არეშიძე), ლ. მელქაძე (90. ზ. მეტრეველი).
გაფრთხილება: გოგობერიშვილი
გაძევება: გოგობერიშვილი
არბიტრი: სიპაილო (ლატვია)

ინტერტოტოს თასი. I ეტაპი
პაშინგი (ავსტრია)-ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:0
22. 06. 2003. შვანეშტადტი. 700 მაყურებელი
1:0 გლიდერი (66)
ვიტ ჯორჯია: მერლანი-გ. კვახაძე, ინწკირველი, ჯ. მუჯირი, ო. გველესიანი-დ. დოლიძე, დ. ნოზაძე, დიღმელაშვილი (79. მარცვალაძე), გოჩაშვილი-ე. მერებაშვილი (90. დ. ბოლქვაძე), ლ. მელქაძე (86. პ. დათუნაიშვილი)
არბიტრი: სი. იარეჩი (ალბანეთი)

ვიტ ჯორჯია-პაშინგი 2:1
28. 06. 2003. თბილისი. ეროვნული. 5000 მაყურებელი
1:0 მელქაძე (53), 1:1 ხორვატი (62), 2:1 ე. მერებაშვილი (90)
ვიტ ჯორჯია: მერლანი-ლ. მერებაშვილი (26. პ. დათუნაიშვილი), ინწკირველი, ჯ. მუჯირი, ო. გველესიანი-დ. დოლიძე, ლ. ნოზაძე, დიღმელაშვილი, გოჩაშვილი (70. ე. მერებაშვილი)-ლ. მელქაძე, მარცვალაძე
გაფრთხილება: დათუნაიშვილი, ნოზაძე
არბიტრი: რ. მალეკი (პოლონეთი)

ინტერტოტოს თასი. II ეტაპი
რიდი (ავსტრია)-დინამო (თბილისი) 3:1
01. 07. 2006. გრაცი. 4800 მაყურებელი
1:0 კლასპერი (7), 1:1 გრიგალაშვილი (37), 2:1 დრეშლერი (47), 3:1 სეო (80)
დინამო: გრიშიკაშვილი-ამბროზიო, შ. კაშია, გიგაური, თომაშვილი-გრიგალაშვილი (88. ზამ. ჯანაშია), ჩირიკაშვილი, ხუციშვილი (52. კ. მახარაძე), კობახიძე-ს. იაშვილი, ბობოხიძე (58. დვალი).
გაფრთხილება: კასტნერი; გიგაური, კობახიძე
არბიტრი: დ. სტანიშიჩი (სერბეთი)

დინამო-რიდი 0:1
09. 07. 2006. თბილისი. მ. მესხი. 5500 მაყურებელი
0:1 დრეშლერი (67).
დინამო: გრიშიკაშვილი-ამბროზიო, შ. კაშია, თომაშვილი, ნავალოვსკი (62. ბობოხიძე)-გრიგალაშვილი (69. ზამ. ჯანაშია), ხმალაძე (52. ჩირიკაშვილი), ხუციშვილი, კობახიძე-დვალი, ს. იაშვილი.
გაფრთხილება: ნავალოვსკი, ჩირიკაშვილი, შ. კაშია; ბრენერი,
არბიტრი: მ. ვითბი (უელსი)

უეფას თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო (თბილისი)-რაპიდი( ავსტრია) 0:3
16. 08. 2007. თბილისი. მ. მესხი. 7000 მაყურებელი
0:1 ფაბიანო (24), 0:2 ჰოფმანი (39), 0:3 ბაზინა (53)
დინამო: ოვონო (37. ლორია) - შ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, გ. კაშია-ფეიქრიშვილი (76. ხუციშვილი), ოდიკაძე, ხმალაძე, კობახიძე (46. სპასოევიჩი)-გ. მერებაშვილი, აკირემი
გაფრთხილება: ოდიკაძე, ოვონო, შ. კაშია, სპასოევიჩი, კრშკო, ხუციშვილი; ტონოფერი
არბიტრი: ტ. მიკულსკი (პოლონეთი)

რაპიდი-დინამო 5:0
30. 08. 2007. ვენა. "ერნსტ ჰაპელი". 15000 მაყურებელი
1:0 ბაზინა (30), 2:0 ბილიჩი (54), 3:0 ჰოფმანი (59), 4:0 კავლაკი (73), 5:0 ჰოფმანი (75)
დინამო: ლორია-გ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, დობეში-დიღმელაშვილი (56. კობახიძე), ხმალაძე-ფეიქრიშვილი, ხუციშვილი (86. ფირცხალავა), გ. მერებაშვილი-აკირემი (61. სპასოევიჩი)
გაფრთხილება: ხუციშვილი, ზელიჩი

ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
აუსტრია (ვენა)-ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0
28. 08. 2008. ვენა. "ფრანც ჰორი"
1:0 ჰატენბერგერი (26), 2:0 ოკოტი (74)
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი-ბეჭვაია, ა. კვახაძე, დ. ლომაია, ჯაფარიძე-გ. დათუნაიშვილი, რაზმაძე, გ. მელქაძე (90. მაისაშვილი), კლიმიაშვილი (82. კვაღინიძე)-ლიპარტია, ვ. კვარაცხელია (67. ღუჭაშვილი)
გაფრთხილება: კრამერი; კლიმიაშვილი, კვარაცხელია, კვახაძე, ღუჭაშვილი
არბიტრი: ჯ. ატარდი (მალტა)
შენიშვნა: უეფას გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა.

ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი
შტურმი (გრაცი)-დინამო (თბილისი) 2:0
29. 07. 2010. გრაცი. "უპკ-არენა". 4700 მაყურებელი
1:0 ფელდჰოფერი (49), 2:0 კინასტი (59)
დინამო: ლორია-კახელიშვილი, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე-ფირცხალავა (60. რობერტინიო), ედნილსონი-ჯუისი, თექთურმანიძე, კოშკაძე-ზვ. მეტრეველი (86. სიხარულიძე)
გაფრთხილება: კინცლი; ფირცხალავა
არბიტრი: ჰ. კაასიკი (ესტონეთი)

დინამო-შტურმი 1:1
05. 08. 2010. თბილისი. ეროვნული. 5000 მაყურებელი
1:0 რობერტინიო (11), 1:1 მურატოვიჩი (40)
დინამო: ლორია-კახელიშვილი, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე-ედნილსონი, კოშკაძე-რობერტინიო (83. გეთიაშვილი), თექთურმანიძე (77. მამუჩიშვილი), ჯუისი (69. გ. გველესიანი)-ვაწაძე.
გაფრთხილება: კაკუბავა, ვაწაძე; შინდეფელდი, ვებერი
გაძევება: კახელიშვილი, ხმალაძე
არბიტრი: მ. მაჟიჩი (სერბეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ ეჰ ეჰ ეჰ ეჰ მურე ენა ტფუ თის დიდა ვარდას. რა არ გაგივამრთლა საღოლ ზესტაფონი შეცდომა იყო მარა არა უშავს შანსი არის ჩვენი უფრო ძლიერი გუნდია. ნეტა კოლხეთი როდის ითამაშებს ამ დონეზე. წინ ყველა ქართული გუნდი .
beqa08
22:13 26-07-2011
0
ჩვენ რა, არ ვართ მთიულები, რო? :)
Tornike
17:51 26-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული