ბარსელონა-მილანი 3:1 (0:0): რა თქმა უნდა, ისევ "ბარსა"! ზედიზედ მეხუთედ!

AutoSharing Option
"მილანის" დაცვამ უშეცდომოდ ვეღარ ითამაშა და შესაბამისად, მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო: "ბარსელონამ" იტალიის ჩემპიონს მოსალოდნელზე მშვიდად მოუგო და ზედიზედ მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

ყველაფერი ფილიპ მექსეს უპატიებელი შეცდომით დაიწყო, რაც "მილანს" პირველი გაშვებული გოლის ფასად დაუჯდა. ისედაც ცხადი იყო, რომ კატალონიელები 1-2 გოლს აუცილებლად გაიტანდნენ და აქედან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ რას მოახერხებდნენ "მილანის" წინახაზელები "ნოუ კამპზე".

რობინიომ და იბრაჰიმოვიჩმა ვერ ივარგეს. უმაქნისები იყვნენ ბოატენგი და ზეედორფიც. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად კი მარტო მასიმო ამბროზინის თავდადებული
(თავზეხელაღებულიც) ბრძოლა საკმარისი ნაღდად არ არის - მით უმეტეს მაშინ, როცა "ბარსელონას" ეთამაშები და თანაც, "კამპ ნოუზე"...


რეაქციები
ხოსეპ გვარდიოლა ("ბარსელონას" მწვრთნელი): "დღეს ვეთამაშებოდით გუნდს, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში და ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს.

დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ იტალიურ კლუბს კარში 21-ჯერ დავურტყით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ "მილანს" ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა არ უნდოდა, ძალიან ცდება - ამ გუნდს შეტევაში უდიდესი პოტენციალი აქვს. შეცდომაა იმის მტკიცებაც, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი ფავორიტია - ეს "ბაიერნსა" და "რეალზეც" ითქმის. ბოლო სამ წელიწადში ეს თასი ორჯერ მოვიგეთ და ნახევარფინალში ზედიზედ მეხუთედ გავედით და აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემპიონთა თასის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვება".

მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მწვრთნელი): "ანგარიში რომ გავათანაბრეთ, ბარსელონელებს ბევრი აღარაფერი გამოსდიოდათ და სწორედ ამ დროს მიიღეს მეორე პენალტის დარტყმის უფლება.

პირველი პენალტი უფრო სამართლიანი იყო, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია, ჩვენ გავუკეთეთ "ბარსელონას" საჩუქრები. ასეთ გუნდთან ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კი ჩვენი წარმატება მართლა რეალური გახდა, რადგან მეტოქე უკვე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული და რომ არა მეორე პენალტი, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მეორე ტაიმში.

მესამე გოლმა ჩვენი იმედები საბოლოოდ დაასამარა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ინიესტას გოლისას ბარსელონელებს ცოტათი გაუმართლათ, რადგან ანდრესს ბურთი რიკოშეტიდან მიუვიდა. იმისათვის, რომ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო, სრულყოფილი ფეხბურთი უნდა ითამაშო და შესაძლებელზე მეტი შეძლო. დაცვაში შეცდომები დავუშვით, წინ კი ბოლო პასის გაკეთებას ვერ ვახერხებდით. შესაბამისად, მომხდარი ლოგიკურია".

TOP-ფეხბურთელი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, გადავწყვიტეთ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ისევ ლეო მესი დაგვესახელებინა. მართალია, არგენტინელმა ვერ იფრინა ისე, როგორც სხვა დროს უფრენია, მაგრამ ყოველთვის სასწაულებს ხომ არ მოახდენს? რაც მთავარია, მესიმ უშეცდომოდ ითამაშა და მთელ რიგ მომენტებში ისევ შეუდარებელი იყო. თანაც, ორივე პენალტი უნაკლოდ შეასრულა და დუბლიც გაიფორმა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე უკვე 14 გოლია, რაც ახალ რეკორდს ნიშნავს.

FLOP-ფეხბურთელი
ფილიპ მექსე (მილანი)

"ბარსას" პირველი და თანაც სწრაფი გოლი, რომელმაც მილანელთა გეგმები თავდაყირა დააყენა, პენალტს მოჰყვა; პენალტი - ანტონინის ფოლს მესიზე; ანტონინის ფოლი - "როსონერის" საჯარიმოში შექმნილ არეულობას; ეს არეულობა - "ბარსას" უსწრაფეს და უმძაფრეს კონტრშეტევას; "ბარსას" კონტრშეტევა კი - ფილიპ მექსეს უპატიებელ შეცდომას. გარდა ამისა, მექსე პოზიციურად ხშირად ცდებოდა და მერე მთელი მატჩის განმავლობაში ეტყობოდა, რომ დანაშაულის განცდა აწუხებდა, რამაც თავდაჯერებასთან ერთად, ნერვებიც დააკარგვინა...

ტაქტიკა-სტრატეგია
"ბილბაოსთან" 2:0-ის შემდეგ პეპ გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა: ტელიოს, ტიაგოს, სანჩესისა და ადრიანოს ნაცვლად, კატალონიური გრანდის სასტარტოში ჩავი, პუიოლი, კვენკა და გამოჯანმრთელებული ფაბრეგასი ვიხილეთ.

"მილანს" გასულ უქმეებზე "კატანიასთან" ჰქონდა თამაში (1:1) და იმ მატჩისგან განსხვავებით, ალეგრიმ ძირითადში აღარ ათამაშა ემანუელსონი, აკვილანი და ბონერა. მათ ნაცვლად, "მილანის" ძირითად თერთმეტეულში კვლავ ზეედორფი, ბოატენგი და ნესტა გამწესდნენ. "როსონერიმ" "ბარსელონასთან" თამაში რეალურად იგივე შემადგენლობით დაიწყო, როგორც ერთი კვირის წინ - განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ ბონერას ნაცვლად, დაცვის მარჯვენა ფლანგზე აბატე იდგა.

ანალიზი
პირველი მატჩისგან განსხვავებით, "მილანმა" თამაში დიდი აქტიურობით აღარ დაიწყო - იტალიელები თავიდანვე საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან გამაგრდნენ და ზონები გადაკეტეს. სამაგიეროდ, "ბარსა" იყო პირველივე წუთებიდან გაცილებით ფხიზელი და აგრესიული.

კატალონიელები "მილანის" ნახევარზე აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ და იტალიელებს მალევე აიძულებდნენ ბურთის დაკარგვას, რასაც "როსონერის" უკანახაზელთა რამდენიმე შეცდომა და ბოლოს, კრისტიან აბიატის კარში დანიშნული პირველი პენალტი, შესაბამისად, გოლიც მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, სცენარი არ შეცვლილა: "ბარსელონა" გოლის შემდეგაც ფლობდა უპირატესობას და გვარდიოლას ბიჭები მოედნის ცენტრს აბსოლუტურად უპრობლემოდ აკონტროლებდნენ, "მილანი" კი ზედმეტად პასიური და უიდეო გახლდათ.

ალბათ, სწორედ ამ პასიურობამ გამოიწვია ის, რომ "ბარსას" უკანახაზელები მოეშვნენ და მათ უყურადღებობას "მილანის" მოულოდნელი გოლი მოჰყვა - მასკერანო ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის მცდელობისას ხაზს იქით ჩარჩა, ნოჩერინო ვალდესთან პირისპირ გავიდა და წონასწორობა აღადგინა. ეს ანგარიში უკვე "როსონერის" აძლევდა ხელს და ის-ის იყო, დაძაბული მეორე ტაიმის მოლოდინში ხელებს ვიფშვნეტდით, რომ მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა "მილანის" კარში მეორე პენალტი დანიშნა.

ამ თერთმეტმეტრიანს ობიექტურად ვერც სამართლიანს ვუწოდებთ და ვერც უსამართლოს. სტანდარტულის დროს საჯარიმოში ძიძგილაობა ფეხბურთში თითქოს მიუღებელი, მაგრამ, ამავდროულად, მიღებულიცაა. ფაქტია, ნესტა პიკეს მაისურზე ქაჩავდა, ოღონდ არა ისე, რომ გვეთქვა, ამის გამო პიკეს საგოლე მომენტი ვერ შეექმნაო. თავის მხრივ, ნესტას პუიოლიც ეჭიდავა.

მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ კუიპერსს შეეძლო, ეს პენალტი არ დაენიშნა - მით უმეტეს, რომ ეს უკვე მეორე თერთმეტმეტრიანი გახლდათ. მაგრამ დანიშნა და ამის გამო მხოლოდ სუბიექტურად განწყობილი ფანები თუ შეედავებიან...

"მილანმა" მეორე ტაიმი მაინც პასიურად დაიწყო - ალეგრის შეგირდებს მხოლოდ ერთი გოლი სჭირდებოდათ და, ალბათ, იმედოვნებდნენ, რომ მომენტები მაინც შეექმნებოდათ, მაგრამ ანგარიში მალევე 3:1 გახდა. ინიესტას გოლი მთლად "მილანის" დაცვის ხაზის ბრალი არ იყო. ამის შემდეგ მილანელები უკვე აშკარად გააქტიურდნენ და კატალონიელთა ნახევარზეც თამამად გადავიდნენ, მაგრამ გოლს ვინ ჩივის, საქმე საგოლე მომენტებამდეც კი არ მისულა.

ბოლოს ბარსელონელები უკვე ძალებსაც კი ზოგავდნენ, მილანელებს კი თვითონაც აღარ სჯეროდათ, რომ ორი გოლის გატანა შეეძლოთ.

დასკვნა
"ბარსელონას" გამარჯვება ზედმეტად პასიურ "მილანთან" დამსახურებულია. იტალიის ჩემპიონს კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ბრძოლისას დაცვაში კომპაქტურად დგომისა და კონტრშეტევების იმედზე ყოფნის გარდა, არანაირი არგუმენტი არ აღმოაჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული