ბაიერნი VS რეალი - დიდი ჯახი უდიდესი ისტორიით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. პირველი მატჩი
ბაიერნი-რეალი

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - რობენი, კროოსი, რიბერი - გომესი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - ბენზემა.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

ბაიერნი

მიუნხენში გერმანიის ჩემპიონობაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნიეს (სწორედ ასე თქვა რეკორდმაისტერის კაპიტანმა ფილიპ ლამმა "მაინცთან" 0:0-ის შემდეგ) და ბავარიული გრანდი ახლა ასი პროცენტით ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული.

მთელი
მიუნხენი ფინალზე ოცნებობს - ფინალზე, რომელიც "ალიანს არენაზე" უნდა გაიმართოს და ამ ოცნებამდე "ბაიერნს" ერთი მეტოქეღა დარჩა ჩამოსაშორებელი: თვით მადრიდის "რეალი".

რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს კონკრეტული გეგმა აქვს. ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი 16 აპრილს ფეხბურთელებს მოუწოდა, თუ რამე შეგიძლიათ, ეს "რეალთან" მატჩებში უნდა დაამტკიცოთო.

ცხადია, მატჩის წინ ყველამ გაიხსენა ის, რომ "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე "რეალს" თითქმის ყოველთვის ამარცხებს ხოლმე (მიუნხენში: 5 მოგება, 1 ფრე, 0 მარცხი), მაგრამ ჰაინკესმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ეს ისეთი გუნდების დაპირისპირებაა, სტატისტიკას მნიშვნელობა ვერ ექნებაო.

"ფეხბურთელების სტატისტიკით მოტივირება სისულელეა. დღეს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ხდებოდა წლების ან, მით უმეტეს, ათწლეულების წინ. თამამად ვიტყვი, რომ "ბაიერნი" "რეალის" კალიბრის გუნდია და ვისაც ეს არ სჯერა, შევეცდებით, ახლა დავუმტკიცოთ, - თქვა "დონ იუპმა", რომელმაც 1998 წელს "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და იქვე დასძინა, - მადრიდულ გრანდს კარგად, ძალიან კარგად ვიცნობ!"

მაშ ასე: ჰაინკესი ამბობს, რომ "რეალი" კარგად შეისწავლა.

"ჟოზე მოურინიოს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, მაგრამ ამ გუნდსაც ახასიათებს სისუსტეები, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მე მაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ რეალი," - თქვა ჰაინკესმა.

ცხადია, მას "რეალის" სისუსტეებზე კონკრეტულად არ უსაუბრია. ის კი თქვა, რომ "რეალის" გაგდებისთვის სამი უმთავრესი რამ არის საჭირო: გაუმაძღრობა, გამარჯვებისკენ ლტოლვა და ვნებიანი ფეხბურთის თამაში.

კითხვაზე, თუ რას ანიჭებს პრიორიტეტს კონკრეტულად პირველ, ანუ დღევანდელ მატჩში, "ბაიერნის" თავკაცმა დაუფიქრებლად უპასუხა: "მთავარია, გოლი არ გავუშვათ!"

შვაინშტაიგერი ძირითადში თუ შეცვლაზე?
"დონ იუპს" კონკრეტულად არც იმაზე უსაუბრია, თუ რომელ ფეხბურთელებს გაამწესებს ძირითად შემადგენლობაში. "ბაიერნის" სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ბასტიან შვაინშტაიგერის ძირითად შემადგენლობაში თამაში საეჭვოა. ან ეს თავად ჰაინკესმა დააყენა ეჭვქვეშ, რათა ჟოზე მოურინიოს თავგზა აუბნიოს.

"ჯერ არ გადამიწყვეტია, ვათამაშებ თუ არა შვაინშტაიგერს თავიდანვე", - თქვა რეკორდმაისტერის თავკაცმა.

ასე რომ, ჩვენთან ერთად, მოურინიომაც თავი უნდა იმტვრიოს, რადგან "ბაიერნი" შვაინშტაიგერის გარეშე და მასთან ერთად, ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცნებებია.

ხუთ ბაიერნელს დისკვალიფიკაცია ემუქრება
"ბაიერნის" 66 წლის დამრიგებელს, შვაინშტაიგერის გარდა, ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში ჰყავს. რეკორდმაისტერში დისკვალიფიცირებული არავინაა, მაგრამ ხუთ ფეხბურთელს მორიგი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში საპასუხო მატჩის (25 აპრილს მადრიდში) გამოტოვების საფრთხე ემუქრება.

ესენი არიან: დავიდ ალაბა, ჟერომ ბოატენგი, ლუის გუსტავო, ტონი კროოსი და თომას მიულერი.

თუკი "ბაიერნში" არიენ რობენის სახით (ჰოლანდიელმა თქვა, საუკეთესო მატჩს ჩავატარებო) ყოფილი რეალელი თამაშობს, მადრიდელებსაც ჰყავთ ექს-ბაიერნელი - ჰამით ალთინთოფი "სამეფო გუნდში" სწორედ მიუნხენიდან გადაბარგდა, თუმცა მოურინიო მას ძალიან იშვიათად ათამაშებს და, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რომ "ბაიერნის" წინააღმდეგ მოედანზე გაიყვანოს.

კანი: არავითარი შიში და "რეალს" მოვუგებთ!
"ბაიერნის" ყოფილმა მეკარემ და კაპიტანმა, "რეალთან" ბრძოლებში გამობრძმედილმა ოლივერ კანმა რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს 17 აპრილს გასამართი მატჩისთვის რჩევა-დარიგებები მისცა.

"ყველაზე მთავარი ის არის, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელებს "რეალის" არ უნდა შეეშინდეთ. თუ შიშს დაამარცხებენ, "რეალს" მადრიდში
წაგებულს გააბრუნებენ",
- განაცხადა 42 წლის კანმა "მიუნხენერ აბენდცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ოლი ძალიან წუხს იმის გამო, რომ ბუნდესლიგაში განცდილი წარუმატებლობები "ბაიერნზე" უფრო უარყოფითად იმოქმედებს, ვიდრე დადებითად და მიუნხენურ გრანდს "რეალთან" პირველი მატჩისთვის უკიდურესად დაწნეხავს - წნეხი კი ყოველთვის ცუდიაო, ამბობს ოლი.

მისი აზრით, "ბაიერნის" ფეხბურთელების უმთავრესი ამოცანა საკუთარი კარის უსაფრთხოება უნდა იყოს, რადგან დიდი შანსია, მიუნხენში კარის მშრალად შენახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

რეალი
მოურინიო "ბაიერნს" პატივს სცემს
ჟურნალისტები ჟოზე მოურინიოს ბოლო დროს პრესკონფერენციაზე იშვიათად ხვდებიან. "რეალის" თავკაცი ესპანეთის ჩემპიონატის მიწურულს ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ უმეტესად ასისტენტ აიტორ კარანკას აგზავნის ხოლმე, ჩემპიონთა ლიგა კი სხვა კალიბრია - აქ ჟოზე ვალდებულია, თავად უპასუხოს კითხვებს.

16 აპრილს, მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟოზე უჩვეულოდ კეთილი გახლდათ - აქო "ბაიერნი", აქო თავისი ვიზავი ჰაინკესიც და ასე განსაჯეთ, შეაქო მსაჯი ჰოვარდ ვებიც.

"ბაიერნს" "რეალი" არაერთხელ გაუმწარებია, რაზეც მოურინიოს მოსალოდნელი რეაქცია ჰქონდა - ეგ ხომ წარსულიაო. თუმცა "სამეფო გუნდის" პორტუგალიელმა თავკაცმა არ დამალა, რომ "ბაიერნს" უდიდეს პატივს სცემს.

"მიუნხენელებს ძალიან ძლიერი კოლექტივი ჰყავთ, - თქვა ჟოზემ და იქვე სარკაზმით დასძინა, - ეს გუნდი ლუის ვან გაალის ხელწერით ჩამოყალიბდა, რაც "ბაიერნს" დღემდე ეტყობა".

დიდი შანსია, ეს განცხადება ჰაინკესის საწყენად ყოფილიყო წამოსროლილი, თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მოურინიო ვან გაალის ყოფილი ასისტენტი და ახლო მეგობარია. მიხვდა რა, რომ ჰაინკესის მიმართ კარგად არ გამოუვიდა, ჟოზემ მაშინვე თქვა, რომ "დონ იუპსაც" უდიდეს პატივს სცემს.

"ვიცი, რომ მიუნხენელები ჩვენთან ძალიან მოინდომებენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ. ცხადია ისიც, რომ ეს დიდი მატჩი იქნება", - დასძინა ჟოზემ.

მე ვიცი, მაგრამ არ გეტყვით!
ჰაინკესის დარად კარტი არც მოურინიომ გახსნა.

"მე კარგად ვიცი, ვინ ითამაშებს "რეალის" ძირითად შემადგენლობაში, ვინ დაჯდება სათადარიგოთა სკამზე და ვინ ტრიბუნაზე, მაგრამ ამის შესახებ არაფერს ვიტყვი. ყველაფერს თამაშის დღეს გაიგებთ", - ახსნა ჟოზემ და ჰაინკესს ამითაც ნიშნი მოუგო.

გერმანელმა ჟურნალისტებმა მოურინიოს ისიც ჰკითხეს, გიხილავთ თუ არა ოდესმე ბუნდესლიგაში, სახელდობრ, "ბაიერნშიო", რაზეც ჟოზემ ყურსასმენები მოიხსნა - "ამას ხომ ხედავთ? თქვენს კითხვებს მითარგმნიან! მე გერმანული არ ვიცი, "ბაიერნის" მწვრთნელმა კი გერმანული უნდა იცოდეს. ასე რომ: არა!"

ვები კარგი მსაჯია
ჟოზემ ყველასათვის მოულოდნელად ინგლისელი მსაჯი ჰოვარდ ვებიც შეაქო. ეს უკანასკნელი ესპანეთში მაინცდამაინც პოპულარული არ არის, რადგან 2010 წლის მუნდიალის ფინალში ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგი ჩაბი ალონსოსთან სისასტიკის გამო მოედნიდან არ გააძევა.

სხვათა შორის, ვები არც "რეალის" ფანებს უნდა ეხატებოდეთ გულზე - 2010 წელს, "მილანთან" დუელში (2:2), ფილიპო ინძაგიმ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა და ვებმა გოლი ჩათვალა...

"მე ძალიან მომწონს ჰოვარდ ვები. ის უაღრესად გამოცდილი, მაღალი დონის არბიტრია", - თქვა ჟოზემ. ის-ის იყო, ჟურნალისტებმა გაოცებისგან პირი დააღეს, ეს მართლა მოურინიოა, თუ გვეჩვენებაო, რომ ჟოზემ პრესკონფერენცია მაინც მისთვის ჩვეული მძაფრი განცხადებით დაასრულა:

"აქ, თქვენ წინაშე მხოლოდ იმიტომ გამოვედი, რომ ამას უეფა მავალდებულებს. ასე რომ არ იყოს, ჩემს ნაცვლად დღესაც კარანკა ისაუბრებდა",
- თქვა მან და გაუჩინარდა.

ეს მაინც რომ არ ეთქვა, ჟოზე ჟოზე არ იქნებოდა...

ბაიერნისა და რეალის ყველა დაპირისპირება
ბაიერნი-რეალი

10 მოგება 6
2 ფრე 2
6 წაგება 10
30 ბურთების შეფარდება 23

"ბაიერნისა" და "რეალის" დაპირისპირებებს უდიდესი ისტორია აქვს. მიუნხენური და მადრიდული გრანდები ერთმანეთს მხოლოდ ჩემპიონთა თასზე და ჩემპიონთა ლიგაში ხვდებოდნენ და დღემდე ერთმანეთში სულ 18 მატჩი ჩაატარეს. აი, ისინიც:

1975/76. ნახევარფინალი. პირველი მატჩი
რეალი-ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 მარტინესი (9), 1:1 გერდ მიულერი (43)

1975/76. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-რეალი 2:0
გოლები: 1:0 გერდ მიულერი (9), 2:0 გერდ მიულერი (31)

1986/87. ნახევარფინალი. პირველი მატჩი
ბაიერნი-რეალი 4:1
გოლები: 1:0 აუგენტალერი (11), 2:0 მათეუსი (30-პენ), 3:0 ვოლფარტი (36), 3:1 ბუტრაგენიო (45), 4:1 მათეუსი (52-პენ)

1986/87. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 აუგენტალერი (27-საკ. კარში)

1987/88. მეოთხედფინალი. პირველი მატჩი
ბაიერნი-რეალი 3:2
გოლები: 1:0 პფლიუგლერი (39), 2:0 ედერი (45), 3:0 ვოლფარტი (47), 3:1 ბუტრაგენიო (88), 3:2 სანჩესი (90)

1987/88. მეოთხედფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 იანკოვიჩი (27), 2:0 მიჩელი (41)

1999/2000. II ჯგუფური ეტაპი
რეალი-ბაიერნი 2:4
გოლები: 0:1 შოლი (21), 0:2 ეფენბერგი (24), 1:2 მორიენტესი (25), 1:3 ფინკი (39), 2:3 რაული (48), 2:4 პაულო სერჟიო (67)

1999/2000. II ჯგუფური ეტაპი
ბაიერნი-რეალი 4:1
გოლები: 1:0 შოლი (4), 2:0 ელბერი (30), 2:1 ელგერა (69), 3:1 ციკლერი (79), 4:1 ციკლერი (90)

1999/2000. ნახევარფინალი. პირველი მატჩი
რეალი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 ანელკა (4), 2:0 იერემისი (33-საკ. კარში)

1999/2000. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-რეალი 2:1
გოლები: 1:0 იანკერი (12), 1:1 ანელკა (31), 2:1 ელბერი (54)

2000/01. ნახევარფინალი. პირველი მატჩი
რეალი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 ელბერი (55)

2000/01. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-რეალი 2:1
გოლები: 1:0 ელბერი (8), 1:1 ფიგუ (18), 2:1 იერემისი (34)

2001/02. მეოთხედფინალი. პირველი მატჩი
ბაიერნი-რეალი 2:1
გოლები: 0:1 ჯერემი (11), 1:1 ეფენბერგი (82), 2:1 პისარო (88)

2001/02. მეოთხედფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 ელგერა (69), 2:0 გუტი (85)

2003/04. მერვედფინალი. პირველი მატჩი
ბაიერნი-რეალი 1:1
გოლები: 1:0 მაკაი (75), 1:1 რობერტო კარლოსი (83)

2003/04. მერვედფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 ზიდანი (32)

2006/07. მერვედფინალი. პირველი მატჩი
რეალი-ბაიერნი 3:2
გოლები: 1:0 რაული (10), 1:1 ლუსიო (23), 2:1 რაული (28), 3:1 ვან ნისტელროი (34), 3:2 ვან ბომელი (88)

2006/07. მერვედფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-რეალი 2:1
გოლები: 1:0 მაკაი (1), 2:0 ლუსიო (67), 2:1 ვან ნისტელროი (83-პენ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული