ბაიერნი-რეალი 2:1: "ბაიერნი" საოცნებო ფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
"რეალისთვის" მიუნხენი აუღებელი ციხე-სიმაგრეა - ასე იყო უწინ, ასეა დღესაც და სავარაუდოდ, ასე იქნება ყოველთვის.

გერმანელებს ძალიან უყვართ მეტოქის ბოლო წუთზე გატეხვა და ეს ამჯერადაც მოახერხეს - მარიო გომესის გვიანმა გოლმა რეკორდმაისტერს საოცნებო ფინალის კარი გაუღო და ბავარიულ გრანდს იქამდე ახლა ერთი ნაბიჯიღა აქვს გადასადგმელი.

ბოლო ნაბიჯის გადადგმას მიუნხენელები 25 აპრილს, მადრიდში შეეცდებიან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" სულ სხვა "რეალს" ვნახავთ.

"სამეფო გუნდისთვის" ეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი წაგება გახლდათ, "ბაიერნი" კი საკუთარ კედლებში კვლავ დაუმარცხებელია.

რეაქციები
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "საერთო ჯამში 2:1 ლოგიკური შედეგია და ჩვენ ეს მოგება დავიმსახურეთ, რადგან ძალიან ჭკვიანურად ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს და პირველიდან ბოლო წუთამდე ეტყობოდათ, რომ ძალიან მონდომებულები იყვნენ.

თავიდან "რეალი" გვჯობდა, მერე კი უპირატესობას ჩვენ დავეუფლეთ. ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და მათ ამისათვის მადლობას ვუხდი. რაც შეეხება გომესის გოლს - მარიო სწორედ ასეთი მომენტებისთვისაა დაბადებული. მას ჩაწოდებები და კარგი პასები სჭირდება, პოზიციას კი ყოველთვის იდეალურად ირჩევს და ასეთ მომენტებში საგოლე ალღო იშვიათად ღალატობს. გომესმა ბევრი იბრძოლა, ორთაბრძოლებში ვაჟკაცურად შედიოდა, ბურთსაც იჭერდა და ბოლოს გამარჯვების გოლიც გაიტანა. რიბერსა და კროოსთან ერთად ის დღეს საუკეთესო იყო".

ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი): "ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და ჩვენ მიუნხენში ვთამაშობდით. იმის თქმა მინდა, რომ ამ სტადიონზე წაგება სირცხვილი არ არის. ისე კი, უნდა ვთქვა, რომ საზიზღარი თამაში გამოვიდა. ვერც ჩვენ და ვერც "ბაიერნმა" ძალიან კარგი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ.

ვფიქრობ, 1:1 უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლებია: "ბაიერნმა" ორი გაიტანა, ჩვენ - მხოლოდ ერთი. მიუნხენელთა პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან თამაშგარე მდგომარეობა გახლდათ და კასილიასი დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა. თუმცა არც ესაა კატასტროფა, რადგან მსაჯებიც ცდებიან. დაველოდოთ საპასუხო მატჩს. მე ვფიქრობ, რომ კარგ სიტუაციაში ვართ და ფინალში გასვლა შეგვიძლია".

არიენ რობენი ("ბაიერნი"): "ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ და "რეალს" აშკარად ვაჯობეთ. ახლა მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ გოლი მაინც მივიღეთ - კარის მშრალად შენახვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა 2:1-იც პოზიტიური შედეგია".

მესუთ იოზილი ("რეალი"): "გაშვებული გოლების დროს არ გაგვიმართლა - ეს განსაკუთრებით მეორე გოლზე ითქმის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საპასუხო მატჩს მოვიგებთ და ფინალში გავალთ. "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. მიუნხენში წაგებას არა უშავს, ანგარიში კი, წაგების კვალობაზე მშვენიერია. მე მჯერა, რომ ფინალში გავალთ და ამ სეზონში კიდევ მომიწევს მიუნხენში ჩამოსვლა".

კარლ ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი): "როგორც მოსალოდნელი იყო, ემოციებით დატვირთული თამაში გამოვიდა. "რეალმა" დაამტკიცა, რომ დიდი გუნდია, ჩვენ კი ბოლოს ცოტათი გაგვიმართლა, გამარჯვების გოლი რომ გავიტანეთ. ვფიქრობ, ასეთი რანგის მატჩი უკეთეს მსაჯს იმსახურებდა - ევროპაში ჰოვარდ ვებს ძალიან ბევრი არბიტრი ჯობია. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და საქმე ფინალში გასვლას ეხება!

მსაჯმა კი დღეს ნამდვილად არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. თუმცა მთავარი ის არის, რომ მადრიდში უშანსოდ არ მივდივართ".

TOP-ფეხბურთელი
ტონი კროოსი (ბაიერნი)

"ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა გამთამაშებლის პოზიციაზე თომას მიულერს ტონი კროოსი რომ ამჯობინა, ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, რაც დამტკიცდა კიდეც. კროოსმა განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში ითამაშა - ბურთს იდეალურად ანაწილებდა, მუდამ გახსნილი იყო და კარგი პასებიც უხვად არიგა.

ამასთან, "რეალის" საყრდენ ნახევარმცველებს, სამი ხედირას და ჩაბი ალონსოს ბურთზე უმეტესად ასწრებდა.

შვაინშტაიგერის მოედნიდან გაყვანის შემდეგ კი ტონიმ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლა, სადაც ისე ვეღარ იბრწყინა, როგორც პირველ ტაიმში, მაგრამ მაინც "ბაიერნის" ერთ-ერთ ყველაზე სანდო მოთამაშედ დარჩა. კროოსთან ერთად, ძალიან კარგად ითამაშეს დავიდ ალაბამ და ფრანკ რიბერიმ. უაღრესად ეფექტური გახლდათ მარიო გომესიც.

FLOP-ფეხბურთელი
ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი)

ამ თამაშმა "ბაიერნის" ლიდერს გვერდი აუარა. შვაინშტაიგერმა ალოგიკურად ბევრი ორთაბრძოლა წააგო და ბურთიც არაერთხელ დაკარგა.

ამიტომაც იყო, რომ მოედნიდან გასვლამდევე დაკარგა თავისი მთავარი ფუნქცია: ეზრუნა უსაფრთხოებაზე და ერიგებინა პასები. ეს ფუნქცია მან ძალაუნებურად კროოსს გადააბარა. "რეალის" გოლიც სწორედ მის შეცდომას მოჰყვა: შვაინშტაიგერმა ბურთი დაკარგა. ბასტიანს ეტყობა, რომ ახალი გამოჯანმრთელებულია და ფორმაში არ არის. შესაბამისად, 61-ე წუთზე ჰაინკესმა თამაშიდან რომ მოხსნა, ეს ლოგიკური გადაწყვეტილება გახლდათ.

მსაჯი
რუმენიგეს კომენტარი ხომ წაიკითხეთ? მან მსაჯი გააკრიტიკა და ცამდე მართალი იყო. საერთო ჯამში, ჰოვარდ ვებს კატასტროფული შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ბევრ მომენტში შეცდა და თავდაუჯერებელ, აფექტურ მდგომარეობაში მყოფ კაცს ჰგავდა.

თავიდან ფეხბურთელებს ბევრი რამის უფლებას აძლევდა, მერე კი ყვითელი ბარათების ამოღებას ისე მოუხშირა, თითქოს ვალდებულება ჰქონდა აღებული.

ვებმა არაერთი ალოგიკური გადაწყვეტილებაც მიიღო: გასაგდები რამოსი მხოლოდ გააფრთხილა და გაცილებით "კეთილი" ფოლისთვის ლამსაც ყვითელი ბარათი უჩვენა; დამატებულ დროში კი მარსელოსაც მხოლოდ გაფრთხილება აკმარა, როცა მის ადგილზე, ათიდან მინიმუმ რვა არბიტრი ამ უკანასკნელს პირდაპირ წითელ ბარათს აუფრიალებდა.

ტაქტიკა-სტრატეგია
"ბაიერნი" "რეალის" წინაშე ჩვეული ტაქტიკური სქემით (4-2-3-1) და ძირითადი შემადგენლობით წარსდგა - ჰაინკესმა მიულერი სკამზე დატოვა, გამთამაშებლის პოზიციაზე კი ნდობა ისევ კროოსს გამოუცხადა.

სიურპრიზები არც მოურინიოს შემოუთავაზებია (ასევე 4-2-3-1): როგორც მოსალოდნელი იყო, ჟოზემ გასულ უქმეებზე დასვენებული ფეხბურთელები: კოენტრაო, დი მარია, ბენზემა და ალონსო სასტარტოში დააბრუნა; მარსელო, შაჰინი, იგუაინი და კალეხონი კი სკამზე გადასვა.

ანალიზი
გუნდების მიდგომა თავიდანვე გამოიკვეთა: პირველ 30 წუთში ინტენსიური და საკმაოდ მაღალტემპიანი ფეხბურთი გაჩაღდა, თუმცა კონკრეტული სტრუქტურა და წესრიგი არც "ბაიერნს" ეტყობოდა და არც "რეალს".

პირველ 15 წუთში მადრიდელები მოედნის ცენტრს კარგად იყენებდნენ: მოძრავმა იოზილმა ბენზემა ორჯერ გაიყვანა კარგ პოზიციაზე. ჰაინკესმა ეს დაინახა და ლუის გუსტავო ორიოდე ნაბიჯით უკან დახია, რითაც დაცვასა და ნახევარდაცვას შორის შექმნილი სიცარიელე მაშინვე შეავსო. შესაბამისი გახლდათ "რეალის" რეაქციაც: მადრიდელებმა შეტევები ფლანგებზე გადაიტანეს, მაგრამ ვერც იქ ნახეს ხეირი: დი მარია და რონალდო, ლამისა და ალაბას სახით, საიმედო ხელში იყვნენ.

ვერც "ბაიერნის" გარემარბები ახერხებდნენ ფლანგებზე ნავარდს, რის გამოც რიბერიმ ცენტრისკენ მოძრაობას მოუხშირა და კროოსთან კომბინირებას მოჰყვა. ფრანგის ასეთმა საქციელმა "რეალი" საწყის ფაზაში არაერთხელ დააყენა პრობლემების წინაშე და ისე გამოვიდა, რომ ანგარიშის გახსნამდე რეკორდმაისტერმა "სამეფო გუნდს" აჯობა.

მიუნხენელები დაცვაში კარგად შრომობდნენ, მაგრამ მადრიდელებს ალოგიკურად ბევრი ჯარიმა დაარტყმევინეს. ის, რაც ბავარიელებს პირველ ტაიმში კარგად გამოსდიოდათ (ბურთის დაკარგვების რაოდენობა მინიმუმამდე ჰქონდათ შემცირებული), მეორე ნახევარში "რეალის" გოლის მიზეზი გახდა: შვაინშტაიგერმა ბურთი დაკარგა, მადრიდელთა კონტრშეტევას კი იოზილის გოლი მოჰყვა.

ამის შემდეგ "ბაიერნს" თავზეხელაღებული შეტევები არ დაუწყია. მეტიც, ჰაინკესის გუნდი უფრო მოკრძალებულად უტევდა, ვიდრე პირველ ტაიმში - ბავარიელები კონკრეტული ჩხვლეტებით შემოიფარგლებოდნენ. შვაინშტაიგერის ნაცვლად მოედანზე მიულერის შეყვანით ჰაინკესს წინა ხაზზე მეტი ხეირიანი კომბინაციის გათამაშების იმედი ჰქონდა, მაგრამ ამ ცვლილებით მხოლოდ ერთს მიაღწია: შვაინის სახით გუნდს პრობლემა მოაშორა, კომბინაციები კი ბავარიელებს მაინც არ გამოსდიოდათ.

მოურინიო 1:1-ით კმაყოფილი ჩანდა, რაც შეცვლებით დაადასტურა: იოზილის ნაცვლად მარსელო შეუშვა, დი მარიას ნაცვლად კი გრანერო. მასირებულ იერიშებზე არც "ბაიერნი" გადასულა, მაგრამ მიუნხენელებმა "რეალი" მაინც გატეხეს და ეს თავიდან ბოლომდე ფილიპ ლამისა და მარიო გომესის დამსახურებაა - კაპიტანმა ბოლომდე იბრძოლა, გოლეადორმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი საგოლე ალღო აქვს.

დასკვნა
მოურინიოს, ალბათ, ბევრი დაეთანხმება იმაში, რომ თამაშიდან გამომდინარე 1:1 უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ "ბაიერნმა" გამარჯვება არ დაიმსახურა, რადგან "რეალის" გოლი თავიდან იოლად ასაცილებელ შეცდომას მოჰყვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სტატია მომზადებულია "ბარსელონას" გულშემატკივრის მიერ!
pele
16:31 19-04-2012
0

სიახლეები პოპულარული