ჩელსი-ბარსელონა 1:0: ერთი დარტყმა, ერთი გოლი

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ფეხბურთი ითამაშა, "ჩელსიმ" მოიგო - ამის თქმა ახლა ყველაზე იოლია. ეს ამ მატჩის შემდეგ ყველაზე გაცვეთილი ფრაზაა, რაც კი შეიძლება ითქვას.

ჰო, "ბარსამ" მისთვის ჩვეულ სტილში ითამაშა და "ჩელსის" აჯობა, ლონდონელები კი დაცვაში იდგნენ და მომენტი, რომელიც შეექმნათ, გამოიყენეს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ კატალონიური გრანდის დამარცხება დღეს სხვანაირად შეუძლებელია? ამით იმის თქმა გვინდა, რომ თამაშის მიმდინარეობა და აქეთ-იქით შექმნილი მომენტების რაოდენობა არავის აძლევს იმის უფლებას, რომ "ჩელსის" გამარჯვება ოდნავ მაინც დააკნინოს.

ლონდონელებმა ვაჟკაცურად იბრძოლეს და "ბარსას" მარცხი
აქამდე აპრობირებული მეთოდით აგემეს, ფინალისტის ვინაობას კი საპასუხო შეხვედრა გაარკვევს, რომელიც "კამპ ნოუზე" 24 აპრილს გაიმართება.

სანამ დეტალურ ანალიზზე გადავიდოდეთ, ერთიც უნდა ვთქვათ: "ჩელსიმ" "ბარსელონასთან" ზედიზედ მეექვსე თამაში არ წააგო და რობერტო დი მატეოს შეგირდებს ნამდვილად აქვთ იმის უფლება, რომ ფინალში გასვლაზე იოცნებონ.

რეაქციები
ხოსეპ გვარდიოლა ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ჩელსიმ" გვაჯობა იმ მხრივ, რომ იდეალურად ორგანიზებული დაცვით გვეთამაშა და ჩვენს კართან შექმნილი მომენტი გამოიყენა. 1:0 ლონდონური კლუბისთვის ძალიან კარგი შედეგია და მე ვიტყოდი, რომ ახლა ამ წყვილში ფავორიტი უკვე "ჩელსია".

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "გადამწყვეტ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა. ლონდონელები დღეს თავს ძალიან კარგად იცავდნენ. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრაა. "ნოუ კამპზე" სასურველი ანგარიშით უნდა მოვიგოთ".

რობერტო დი მატეო ("ჩელსის" მწვრთნელი): "ამ შეხვედრაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თავი კოლექტიურად უნდა დაგვეცვა. მარტო მცველები კი არა, მთელი გუნდი ყურადღებით უნდა ყოფილიყო და "ბარსელონასთვის" ყველა დერეფანი უნდა დაგვეკეტა.

ვფიქრობ, ეს კარგად შევძელით, მაგრამ ხანდახან მაინც ისეთი განცდა მქონდა, თითქოს "ბარსას" მოედანზე 11 კი არა, 20 ფეხბურთელი ჰყავდა.

როგორც ხედავთ, "ჩელსი" მზად აღმოჩნდა ამ თამაშისთვის - ჩვენ საკმარისად მშვიდები ვიყავით დაცვაში და საკმარისად ცივსისხლიანები წინა ხაზზე.

ბოლო დროს პრესაში ხშირად დაიწერა, "ჩელსის" უმეტესად გადაბერებული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც თავიანთი დრო უკვე მოჭამესო. რამდენიმე ფეხბურთელს ჟურნალისტები უკვე "ძველ გვარდიად" მოიხსენიებდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ "ძველმა გვარდიამ" დაამტკიცა, რომ ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია".


პეტრ ჩეხი (ჩელსი): "ვინც "ბარსელონას" ეთამაშება, ძალაუნებურად დაცვაში დგას. კატალონიელებმა დღეს 900 პასი გააკეთეს, ჩვენ კი დაახლოებით 200, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უფრო ეფექტურები ვიყავით და ამიტომაც მოვიგეთ. მიუხედავად ამისა, ფინალამდე ჯერ კიდევ შორია. ვფიქრობ, ამ 1:0-ის შემდეგ შანსები 60:40-ზეა - "ბარსელონას" სასარგებლოდ".

TOP ფეხბურთელი
დიდიე დროგბა (ჩელსი)

კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი თავის გუნდს პირველიდან ბოლო წუთამდე თითქმის უნაკლოდ ემსახურა. დროგბა ძალიან ბევრს დარბოდა, "ბარსას" უკანახაზელებსაც წნეხავდა და დაცვასაც ხშირად (რაც მთავარია, კარგად) ეხმარებოდა.

დიდიე ყველა ორთაბრძოლაში უშიშრად და თავგანწირულად შედიოდა, კატალონიელებს მაშინაც კი არ ეპუებოდა, როცა ორნი ეთამაშებოდნენ და ამ ყველაფერთან ერთად, გაიტანა გოლი, რომლითაც "ჩელსიმ" "ბარსელონა" დაამარცხა.

FLOP ფეხბურთელი
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

სეკს პირველ ტაიმში მატჩის ბედის ნაადრევად და რაც ყველაზე საინტერესოა, "ბარსელონას" სასარგებლოდ გადაწყვეტა შეეძლო, მაგრამ ორი შესანიშნავი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში კი ფაბრეგასი სულ "ჩაიძირა" და გარდა იმისა, რომ არაეფექტური იყო, ორთაბრძოლების მხოლოდ 48 პროცენტი მოიგო.

მსაჯი
გერმანელმა რეფერიმ, დოქტორმა ფელიქს ბრიხმა თითქმის სრულყოფილი შთაბეჭდილება დატოვა. ბრიხი პირველიდან ბოლო წუთამდე მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რთული ორთაბრძოლებიც კი სწორად შეაფასა და "ბაიერნი"-"რეალის" მსაჯ ჰოვარდ ვებისგან განსხვავებით, არც ყვითელი ბარათები უფრიალებია უაზროდ.

ტაქტიკა-სტრატეგია
"ჩელსის" ტრავმირებული ლუისი დააკლდა, რომელიც დაცვის ცენტრში კეჰილმა შეცვალა. დი მატეომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე უპირატესობა დროგბას მიანიჭა, ტორესი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. კოტ დ’ივუარელს უმეტესად ფლანგებიდან, ხშირად კი ცენტრიდანაც მატა და რამირესი ეხმარებოდნენ.

"ბარსას" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟერარდ პიკე ძირითადში არ გაამწესა და დაცვის ცენტრში პუიოლი-მასკერანოს დუეტს დაეყრდნო. შესაბამისად, დაცვის მარცხენა ფლანგზე ადრიანო ვიხილეთ.

ანალიზი
"ჩელსის" ფეხბურთელი ბურთს პირველად წუთისა და 50 წამის შემდეგ შეეხო - პირველი შეხებისთვის ეს, რბილად რომ ვთქვათ, ბევრია. პრინციპში, ასე წარიმართა მთელი პირველი ტაიმი: ბარსელონელები "ჩელსის" საჯარიმოს მისადგომებთან კომბინირებდნენ, ლონდონელებს კი თვით ერთადერთი ცენტრფორვარდი დიდიე დროგბაც კი დაცვითი ფუნქციებით ჰყავდათ დაკავებული.

"ბარსელონა" თავის ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ კატალონიელებს რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ, რადგან "ჩელსის" ფეხბურთელები დაცვაში უდიდესი თავდადებით იბრძოდნენ და წესრიგს ძალიან იშვიათად კარგავდნენ.

"ბარსას" ფლანგებიდანაც არაფერი გამოსდიოდა, რადგან ივანოვიჩი ინიესტას კარგად მეურვეობდა, მესის კი ბურთის მიღებისთანავე მინიმუმ ორი ლონდონელი აწუხებდა.

როდესაც "არისტოკრატები" ბურთს ეუფლებოდნენ, სწრაფად ცდილობდნენ კონტრშეტევაზე გადასვლას და ამას უმეტესად გრძელი პასებით აკეთებდნენ - რეალურად, სულ ეს იყო დი მატეოს ტაქტიკა და ჩანაფიქრი, მაგრამ ამ მიდგომამ მხოლოდ ერთხელ გაამართლა და ისიც "ბარსელონას" კარში გატანილი გოლით დამთავრდა.

სურათი არც მეორე ტაიმში შეიცვალა. "ჩელსიმ" კატალონიურ გრანდს თამაშზე კონტროლის დამყარების უფლება მისცა და ლონდონელების ერთადერთი მიზანი მეორე ნახევარშიც საკუთარი კარის უსაფრთხოება და საჯარიმოს წინ ყველა დერეფნის გადაკეტვა გახლდათ.

მატა და რამირესი უმეტესად მესამე და მეოთხე განაპირა მცველების ფუნქციებს ასრულებდნენ, ლემპარდი და მეირელეში კი დაცვის ხაზის წინ შლიდნენ კატალონიელთა შეტევებს.

გვარდიოლას გუნდმა "ჩელსის" კარისკენ 19-ჯერ კი დაარტყა, მაგრამ კატალონიელები უმეტესად შორიდან ცდილობდნენ ჩეხის კარის დალაშქვრას, რადგან "ჩელსის" დაცვაში ხვრელებს ვერა და ვერ პოულობდნენ - მესის და კომპანიას დასკვნით ფაზაში გადამწყვეტი გენიალურობა აკლდათ.

"ჩელსი" საფინალო სასტვენამდე ექსტრემალურად კონცენტრირებული დარჩა - დი მატეოს შეგირდებმა შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.

დასკვნა
თავდაუზოგავი ბრძოლით, უმაღლესი კონცენტრაციითა და ეფექტური ფეხბურთით "ჩელსიმ" შეძლო და "სტემფორდ ბრიჯზე" 1:0 მოიგო - ვერავინ იტყვის, რომ დი მატეოს გუნდმა ეს მოგება არ დაიმსახურა.

ფაქტია, ლონდონელებს "ნოუ კამპზე" კარის მშრალად შენახვა ძალიან გაუჭირდებათ და უკვე ცხადია, რომ უაღრესად საინტერესო საპასუხო მატჩი გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული