დავიდ ლუისის იმედები

AutoSharing Option
"ჩელსის" ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა დავიდ ლუისმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა ინტერვიუ, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ საკუთარ განწყობაზე ილაპარაკა.

ის იმედოვნებს, რომ მუხლის ტრავმის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ ფორმას აღიდგენს და შეძლებს "ალიანს არენაზე" "ბაიერნთან" დაპირისპირებას. ლუისი უკვე თვეზე მეტია, ტრავმირებულია.

მას ტრიბუნებიდან მოუხდა "ტოტენჰემსა" და "ლივერპულთან" ასოციაციის თასისა და "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის ყურება და ბუნებრივია, არ უნდა, "ლურჯების" სეზონის უმთავრეს მატჩსაც დააკლდეს. ბოლო ტურში "ბლექბერნთან" გამარჯვების შემდეგ (2:1) რობერტო დი მატეომ განაცხადა, რომ ლუისიც და გარი კეჰილიც გუნდთან
ერთად ვარჯიშს უნდა შედგომოდნენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ძალიან ბევრი გაუცდა, ძნელად წარმოსადგენია, იტალიელმა სპეციალისტმა ორივე ერთდროულად დააყენოს ძირითად შემადგენლობაში. ითამაშებენ თუ არა ისინი "ბაიერნთან", ამას მწვრთნელი ბოლო მომენტში გადაწყვეტს.

"ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი უკვე დავასრულე და ყოველდღიურად ვგრძნობ, რომ სულ უფრო უკეთ ვარ.

ვარჯიშისას თავს უკვე მშვიდად ვგრძნობ. ტრავმის რეციდივის არ მეშინია. შესაბამისად, ძალიან მინდა "ბაიერნთან" მოედანზე გასვლა. ჩემი ადგილი ხომ სწორედ მინდორზეა და არა მის მიღმა.

ძალიან მინდოდა ჯერ "ბარსელონასთან", მერე "ლივერპულთან" თასის ფინალში თამაში, მაგრამ არა უშავს. წინ კიდევ ერთი განსაკუთრებული თამაში მაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობით სხვებს აღემატება.

ძალიან მიყვარს "ჩელსის" გულშემატკივრები. მათგან მხარდაჭერას გუნდში ყოველთვის ვგრძნობდით, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი წარუმატებლად დავიწყეთ. საკუთარი ძალების რწმენის დასაბრუნებლად ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის, ისე ჩემი თანაგუნდელებისთვისაც.

იმედია, მათთან ერთად კიდევ ერთი შანსი მომეცემა, რათა ზეიმში მივიღო მონაწილეობა,"
- განუცხადა დავიდ ლუისმა "ჩელსის" ვებგვერდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული