ფინალის უცნობი დეტალები: პენალტის დარტყმა აღარავის უნდოდა!

AutoSharing Option
ვიდეო
"ბაიერნი" ჯერ კიდევ შოკშია - გერმანელებს ვერაფრით მოუნელებიათ ის, რომ მათმა რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისურ კლუბთან თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო.

უშუალოდ ფინალის დროს, პენალტების სერიის წინ და თერთმეტმეტრიანების შესრულებისას დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევდა, რომ ბაიერნელები ერთმანეთში უცნაურ დისკუსიებს მართავდნენ.

ისე ჩანდა, თითქოს პენალტის დარტყმა არავის უნდოდა, ანაც იმაზე მსჯელობდნენ გაუთავებლად, ვის რა დროს უნდა დაერტყა.

სანამ მანუელ ნოიერი დაარტყამდა, "ბაიერნის" სათადარიგოთა სკამზე სხვადასხვა ჟესტიკულაციასაც შენიშნავდით - ბევრს გაუკვირდა, პენალტის დასარტყმელად მანუ რომ მივიდა.

"ბილდის" ინფორმაციით, მიუნხენური გრანდის მთავარ მწვრთნელ იუპ
ჰაინკესს ხუთეულის შერჩევა ძალიან გაუჭირდა, რაც 67 წლის სპეციალისტმა კვირას დაადასტურა კიდეც:

"რამდენიმე ფეხბურთელმა პენალტების სერიაში მონაწილეობაზე უარი მითხრა. ცხადია, მათ ამას ვერ დავაძალებდი..."

რა მოხდა სინამდვილეში? ფაქტია, რომ ჰაინკესი ნოიერზე ისედაც სერიოზულად ფიქრობდა და როცა სხვებმა უარი უთხრეს, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მანუს ერთ-ერთი პენალტი უნდა შეესრულებინა.

თავად ნოიერი ამბობს, ვფიქრობდი, რომ ბოლოსწინა პენალტს შევასრულებდი, მაგრამ როცა დავინახე, რომ დასარტყმელად არავინ მიდიოდა, მე წავედიო.

მანუ ივიცა ოლიჩს გულისხმობს - როგორც ირკვევა, "ბაიერნიდან" მესამე პენალტი სწორედ ხორვატს უნდა შეესრულებინა, ნოიერს კი მეოთხე უნდა დაერტყა, მაგრამ რაკი ოლიჩმა ფეხი არ მოიცვალა, მესამე პენალტი ნოიერმა დაარტყა და გაიტანა.

ოლიჩი ნიშნულთან მანუს შემდეგ მივიდა და როგორც იცით, მას ჩეხმა აუღო.

მიულერი ტიმოშჩუკს ეხვეწებოდა, რობენი - გომესს
იდეაში, პენალტი აუცილებლად უნდა დაერტყა თომას მიულერსაც, მაგრამ რაკი ჰაინკესმა მატჩის მიწურულს შეცვალა, ამის უფლება აღარ ჰქონდა და "ბილდის" ცნობით, მიულერმა ანატოლი ტიმოშჩუკს სთხოვა, შენ დაარტყიო, რაზეც უკრაინელისგან სასტიკი უარი მიიღო.

ამაზე მიულერი ძალიან გაბრაზდა და წყლის ბოთლი ძირს დაახეთქა.

პენალტის დარტყმა არაფრისდიდებით აღარ სურდა არიენ რობენსაც (ჰოლანდიელმა ხომ დამატებით დროში ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი) და ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, არიენმა მარიო გომესს სთხოვა, შენ უნდა დაარტყაო - როგორც იცით, გომესმა გაიტანა.

მიულერის დარად, პენალტის შესრულება არ შეეძლო ფრანკ რიბერისაც, რადგან მან მოედანი 97-ე წუთზე დატოვა. სწორედ ფრანგის ნაცვლად დაარტყა ოლიჩმა, რომელსაც დარტყმამდე სახეზე ეტყობოდა, რომ თავდაჯერება აკლდა - ივიცამ ვერც გაიტანა.

რაც შეეხება შვაინშტაიგერს - ბასტიანი ყველა შემთხვევაში დაარტყამდა და, როგორც იცით, შვაინიმ გადამწყვეტი პენალტი ვერ გამოიყენა (ბურთი ძელს მოარტყა).

ჰიონესი: აფსუს, იერემისი...
აღსანიშნავია, რომ ბაიერნელებს ფინალამდე პენალტებში თითქმის არ უვარჯიშიათ. ჰაინკესი ფიქრობდა, რომ ეს არ იყო აუცილებელი, რადგან ამ სეზონში რეკორდმაისტერმა თერთმეტმეტრიანების სერია ორჯერ მოიგო - გერმანიის თასის ნახევარფინალში "გლადბახთან" და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალთან".

"პენალტების სერიის წინ ძალიან ბევრმა ჩაისვარა, - განრისხებულია "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, - ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი! ვერცერთ ფეხბურთელში ვერ დავინახე ისეთი აღტკინება და მონდომება, როგორიც 2001 წელს იენს იერემისს ჰქონდა.

როგორც ჩანს, ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვაკლია. აღარაფერს ვამბობ შტეფან ეფენბერგზე, რომელიც ასეთ დროს ყველაფერს მოაგვარებდა და პენალტს მშიშრებსაც კი არა მარტო დაარტყმევინებდა, არამედ გაატანინებდა კიდეც!"

რაღა უნდა დავამატოთ - ული ცამდე მართალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნი მაინც ყველაზე მაგარი გუნდია, უბრალოდ ცოტას დავიცდიტ და მეხუტე ტასიც იქნება და მეექვსეც. ვივა ბიჭებო ვივა,არსოდეს არ გავბრაზდები არც ერთ თქვენ წაგებაზე. რაც შეეხება ნოიერს ის მომავალი კანია დაალბატ უფრო მეტიც და კიდევ..... ერთი შტეფანიც არ გვაწყენდა.
giorgi
21:03 22-05-2012
0

სიახლეები პოპულარული