ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩების წინ: ჯანო ანანიძე თურქების წინააღმდეგ

AutoSharing Option
დიდი ხანია, მიონხენგლადბახის "ბორუსია" ევროპის ელიტასთან ასე ახლოს აღარ ყოფილა - ბოლო მონაწილეობიდან 34 წლის შემდეგ "გლადბახს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს.

ბუნდესლიგის მეოთხეადგილოსანს პლეი ოფში კიევის "დინამოს" სახით ურთულესი მეტოქე ერგო - პირველი დუელი 21 აგვისტოს "ბორუსია პარკზე" გაიმართება.

ამ დღეს გასამართი მატჩებიდან საინტერესო ბრძოლას უნდა ველოდოთ მოსკოვშიც, სადაც ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "ფენერბაჰჩეს" მასპინძლობს, ხოლო გლაზგოს "სელტიკი" შვედურ "ჰელსინგბორგთან" შოტლანდიური ფეხბურთის შელახული იმიჯის აღდგენისთვის იბრძოლებს.

22 აგვისტოს, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის ბრძოლაში იტალიური "უდინეზე" და ესპანური "მალაგაც"
ჩაერთვებიან. 

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები
21 აგვისტო
სპარტაკი-ფენერბაჰჩე 20:00
ბაზელი-კლუჟი 22:45
ჰელსინგბორგი-სელტიკი 22:45
ბორუსია (მ)-დინამო (კ) 22:45
კოპენჰაგენი-ლილი 22:45

22 აგვისტო
ბატე-შმონა 22:45
ლიმასოლი-ანდერლეხტი 22:45
დინამო (ზ)-მარიბორი 22:45
ბრაგა-უდინეზე 22:45
მალაგა-პანათინაიკოსი 22:45

* * *
ჩემპიონთა თასზე "გლადბახის" ბოლო მატჩი მხოლოდ მიონხენგლადბახელი ქომაგების უფროს თაობას თუ ეხსომება: 1977/78 წლების სეზონში "ბორუსია" ნახევარფინალში ჩემპიონთა თასის მფლობელ "ლივერპულთან" დამარცხდა.

ორრაუნდიანი ბრძოლის პირველ რაუნდში მიონხენგლადბახელებმა საკუთარ "ბორუსია პარკზე" "ლივერპული" 2:1 დაამარცხეს (გოლები: ვილფრიდ ჰანესი, რაინერ ბონჰოფი, დევიდ ჯონსონი), "ენფილდზე" კი უდო ლატეკის შეგირდები რეი კენედის, კენი დალგლიშისა და ჯიმი კეიზის გოლებით 0:3 დამარცხდნენ.

მას მერე "გლადბახს" ევროპის ელიტაში აღარ უთამაშია!

35-წლიანი პაუზის შემდეგ შვეიცარიელ მწვრთნელ ლუსიენ ფავრს უნიკალური შანსი აქვს, "გლადბახის" ფანები გააბედნიეროს. გასულ უქმეებზე "ბორუსიამ" გერმანიის თასზე იასპარეზა და პირველ რაუნდში აახენის "ალემანია" 2:0 დაამარცხა (გოლები: არანგო, ნორდტვეიტი).

გერმანელებს ყველაზე კარგ ფორმაში ახლა სწორედ ხუან არანგო ჰყავთ - ესპანელი გარემარბი ტესტ-მატჩებში და "ალემანიასთანაც" საუკეთესო იყო. ახალწვეული გრანიტ ჯაკა კი არანგოს ბრწყინვალე მოთამაშედ მოიხსენიებს.

მიონხენგლადბახელებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ - ტრავმა მხოლოდ სათადარიგო მეკარე ბლასვიჩს აწუხებს. ყველაზე მონდომებული კი გერმანელთაგან ახალწვეული გოლეადორი ლუუკ დე იონგი ჩანს - 21 წლის ჰოლანდიელ ფორვარდს კიეველებთან პირველი გლადბახური გოლის გატანა სურს.

"ალემანიასთან" რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე, რის გამოც გული მწყდება, მაგრამ იმედია, "დინამოსთან" გაცილებით მნიშვნელოვან მატჩში შევძლებ გატანას და ფანებს გავახარებ", - აცხადებს დე იონგი.

კიეველებმა რეპეტიცია ჩააგდეს, თუმცა "ვორსკლასთან" 0:1-ზე წაგებულ შეხვედრაში "დინამოს" თავკაცმა იური სიომინმა წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, ჯაკა - ჰერმანი, არანგო - დე კამარგო, ლ. დე იონგი.
დინამო კ. (4-2-3-1): კოვალი - დანილო სილვა, მიხალიკი, ბეტაო, ტაივო - მიგელ ველოზო, ვუკოიევიჩი - გუსევი, ნინკოვიჩი, იარმოლენკო - იდეიე.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

* * *
21 აგვისტოს "სელტიკი" შოტლანდიური ფეხბურთის რენომესთვის იბრძოლებს - "რეინჯერსის" დაქვეითების შემდეგ გლაზგოური გრანდი ვალდებულია, მოწოდების სიმაღლეზე დარჩეს.

"ჰელსინგბორგი" შოტლანდიის ჩემპიონისთვის გადალახვადი ზღუდეა, რადგან შვედეთის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი ამ სეზონში ჯერ ვერ ბრწყინავს.

* * *
ევროპა უაღრესად დაძაბულ და დრამატულს დუელს ელის მოსკოვში, სადაც "ფენერბაჰჩე" "სპარტაკს" სტუმრობს.

თურქული გრანდი ჯერ უდიდეს სკანდალში გაეხვა, მერე დასაჯეს, მაგრამ მძიმე სიტუაციიდან მაინც იოლად გამოძვრა და საერთაშორისო არენაზე ფანებისა და მთელი საფეხბურთო ევროპის თვალში რეაბილიტაციის შანსი ეძლევა.

* * *
გასული სეზონის სენსაციურ მერვედფინალისტ "ბაზელს" "კლუჟმა", წესით, სერიოზული ბრძოლა უნდა გაუმართოს.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები 2010/2011 წლების სეზონში ერთ ჯგუფში მოხვდნენ და მაშინ "ბაზელის" გადასახედიდან მატჩები 1:2 და 1:0 დამთავრდა. ასე რომ, შვეიცარიელებს იოლი გასეირნება არ ელით.

* * *

22 აგვისტოს გასამართი მატჩებიდან ყველაზე მძაფრი და დამაინტრიგებელი ზაგრების "დინამოსა" და "მარიბორის" დუელი უნდა გამოდგეს.

ხორვატიის ჩემპიონმა წინა რაუნდში უმძიმესი ბრძოლები გადაიტანა და ბულგარული "ლუდოგორეცი" მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 (!!!) წუთზე გატანილი გოლითღა გააგდო.

ამ მატჩს დიდი ამბები მოჰყვა: უეფამ "დინამოს" ფანები რასისტულ გამოხდომებში დაადანაშაულა და ამ საქმის განხილვა ხუთშაბათსაა დანიშნული.

* * *
ძალიან საინტერესოა, როგორ ითამაშებს და რას მოახერხებს ესპანური "მალაგა" - კლუბი, რომელსაც შეიხის დაფინანსება შეუწყდა და ფინანსური კრიზისი აქვს. თანაც, "მალაგას" მეტოქე დღეს გამოცდილი და ევროსარბიელზე გამობრძმედილი "პანათინაიკოსია".

ესპანური კლუბი უკვე დატოვეს სანტი კასორლამ და იორის მატიისენმა. სამაგიეროდ, გუნდში ახალგაზრდა ტალანტი გამოჩნდა: "მალაგას" პრიმერადივიზიონის პირველ ტურში ვიგოს "სელტასთან" გამარჯვება 16 წლის (!) ოლინგამ მოუტანა.

აქვე ვთქვათ, რომ წამყვანი ფეხბურთელი ბერძნულმა გრანდმაც დაკარგა - "პანათინაიკოსი" ნინისმა დატოვა და "პარმას" მიაშურა. სამაგიეროდ, ათენელებმა "ვოლფსბურგიდან" სისოკო ინათხოვრეს.

* * *

იტალიური საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟს პლეი ოფში "უდინეზე" დაიცავს: ანტონიო დი ნატალე და კომპანია პორტუგალიურ "ბრაგასთან" ფავორიტებად მიიჩნევიან.

ასეთივე როლი აქვთ "ანდერლეხტს" (კვიპროსულ "ლიმასოლს" ხვდება) და ბორისოვოს ბატეს, რომელიც "შმონას" (ისრაელი) მასპინძლობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული