ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩების წინ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 10 ადგილია დარჩენილი. ამ სიცარიელეს პლეი ოფის 28 და 29 აგვისტოს დაგეგმილი საპასუხო მატჩები შეავსებს.

პირველი შეხვედრების შემდეგ ცალი ფეხით ელიტაში არიან ბატე, "მალაგა", "სელტიკი" და კიევის "დინამო".

რთულ მდგომარეობაშია გასული სეზონის სენსაციური მერვედფინალისტი "ბაზელი", რომელმაც "კლუჟთან" საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო.

28 აგვისტო

შმონა-ბატე (0:2) 22:45
ანდერლეხტი-ლიმასოლი (1:2) 22:45
მარიბორი-დინამო (ზ) (1:2) 22:45
უდინეზე-ბრაგა (1:1) 22:45
პანათინაიკოსი-მალაგა (0:2) 22:45

29 აგვისტო
ფენერბაჰჩე-სპარტაკი (1:2) 22:45
კლუჟი-ბაზელი (2:1) 22:45
სელტიკი-ჰელსინგბორგი (2:0) 22:45
დინამო (კ)-ბორუსია (მ) (3:1) 22:45
ლილი-კოპენჰაგენი (0:1) 22:45

მას მერე, რაც შეიხმა ალ თანიმ "მალაგას" დაფინანსება
შეუწყვიტა, ესპანურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ჯერ ისიც არაა გარკვეული, როგორ უნდა შეძლონ ანდალუსიელებმა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდა.

შესაბამისად, "მალაგას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჰაერივით სჭირდება - კლუბი უეფას მილიონებით დავალიანებებს სრულად თუ არა, ნაწილობრივ ხომ მაინც გაისტუმრებს. "მალაგამ" "პანათინაიკოსს" პირველი შეხვედრა 2:0 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია.

თუმცა ჩვენი ესპანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ სანტი კასორლას ("არსენალში" გადავიდა) და იორის მატიისენის (ფეიენოორდშია) შემდეგ "მალაგას" "პანათინაიკოსის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც კი კიდევ რამდენიმე მოთამაშე დატოვებს.

წასვლის პირველი კანდიდატები ენცო მარესკა და ელისეუ. მიუხედავად პრობლემებისა, "მალაგამ" ესპანეთის ჩემპიონატი კარგად დაიწყო და ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს. თუ ანდალუსიელები საბერძნეთში მათთვის მისაღებ შედეგს დააფიქსირებენ, "მალაგა" მე-13 ესპანური კლუბი გახდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

უდინეზე კომფორტულ მდგომარეობაშია
იტალიურმა "უდინეზემ" პორტუგალიურ "ბრაგასთან" სტუმრად 1:1 დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ უდინური კლუბი საპასუხო მატჩისთვის კომფორტულ მდგომარეობაშია. ანტონიო დი ნატალემ და კომპანიამ შარშან "არსენალის" ბარიერი ვერ გადალახეს, წელს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოს არიან. "ბრაგას" თავკაც ჟოზე პესეიროს უსიამოვნო "დეჟავუს" საფრთხე ემუქრება: მისი გუნდი 2005 წელსაც "უდინეზესთან" დამარცხდა...

კვიპროსელები აღარ ხუმრობენ
კვიპროსულმა ფეხბურთმა უდიდესი პროგრესი განიცადა და შესაბამისად, აღარავის უკვირს ის, რომ კვიპროსული კლუბები ჩემპიონთა ლიგას გაუშინაურდნენ.

წინა სეზონში ნიქოზიის აპოელ-მა ყველასათვის მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში (!) გააღწია, წელს კი ჯგუფური ეტაპისკენ "ლიმასოლი" მიიწევს. დღეს ეს გუნდი ბრიუსელში, "ანდერლეხტის" წინააღმდეგ წარსდგება და საკუთარ მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით (2:1) მიღებული ჰანდიკაპის შენარჩუნებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ "ლიმასოლმა" წინა ეტაპზე სერბეთის ჩემპიონი, ბელგრადის "პარტიზანი" დაიფრინა.

თანაბარი შანსები შეინარჩუნეს "მარიბორმა" და ზაგრების "დინამომაც". ამ გუნდების დაპირისპირება ზაგრებში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს და შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში ხორვატთა კაპიტანმა ბადელიმ ჯერ საკუთარი კარი დალაშქრა, მერე კი გამარჯვების გოლი გაიტანა. ისრაელის ჩემპიონი "შმონა" კი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას - "ბატესთან" 0:2 აქვს "ამოსაქაჩი". თუ უპირატესობა შეინარჩუნეს, ბელორუსები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამედ ითამაშებენ.

გლადბახს სასწაული სჭირდება
გერმანიის მესამეადგილოსანმა "გლადბახმა" საკუთარ "ბორუსია-პარკზე" კიევის დინამოსთან 1:3 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუსიენ ფავრის გუნდს სასწაული სჭირდება. კიევში ორბურთიანი სხვაობით მოგება და მინიმუმ სამი გოლის გატანა ევროსარბიელზე გამოუცდელ მიონხენგლადბახელებს კი არა, ევროპის სუპერგრანდებსაც უჭირთ ხოლმე.

თუმცა გერმანელები ბრძოლას აპირებენ და გულშემატკივრებს პირდებიან, არაფრისდიდებით არ დავნებდებითო. კიეველებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლოს ზედიზედ ორჯერ ვერ გადალახეს და ალესილები არიან. ამასთან, იური სიომინის გუნდი უკრაინის ჩემპიონატშიც კარგად გამოიყურება - "დინამოს" შვიდ ტურში ექვსი მოგება აქვს. კიეველებს დისკვალიფიკაციამოხდილი ხაჩერიდი უბრუნდებათ.

"ბაზელმა" შარშან მთელი ევროპა გააოცა - "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფში ჩატოვა და მერვედფინალში ითამაშა, წელს კი ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრება: შვეიცარიული გრანდი "კლუჟთან" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა.

"ბაზელი" რუმინეთში მაქსიმუმს გააკეთებს და იქნება თუ არა ეს საკმარისი "კლუჟის" სასურველი ანგარიშით დამარცხებისთვის, ამას ხვალ გავიგებთ.

"სელტიკისა" და "ჰელსინგბორგის" დაპირისპირება ფორმალობაა, რადგან შოტლანდიელებმა სტუმრად 2:0 გაიმარჯვეს. სამაგიეროდ, უმძაფრესი დუელები გველის თურქეთსა (ფენერბაჰჩე-სპარტაკი) და საფრანგეთში (ლილი-კოპენჰაგენი) - პირველი მატჩები მასპინძლებმა ერთბურთიანი სხვაობით მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის წილისყრა 30 აგვისტოს მონტე კარლოში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული