მადრიდის "რეალის", "მანჩესტერ სიტის", დორტმუნდის "ბორუსიას" და ამსტერდამის "აიაქსის" სახით ჯგუფში ერთად ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონები მოხვდნენ.
შესაბამისად, ოთხივეს აქვს მერვედფინალში გასვლის ამბიცია, თუმცა ფავორიტი, გასაგები მიზეზების გამო, მაინც "რეალია".
მადრიდელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანურ გაზეთ AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "სიკვდილის ჯგუფზე" ისაუბრა და თქვა, რომ სამივე მეტოქეს პატივს სცემს, განსაკუთრებით კი გერმანიის ჩემპიონი ესიმპათიურება.
"რეალი" ფავორიტია და "სამეფო გუნდისთვის" სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას ექსპერტები ინგლისის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ
"არ დაგავიწყდეთ, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, რაც ნამდვილად არ არის ადვილი იმ კომპანიაში, სადაც მიუნხენის "ბაიერნი" თამაშობს, - აცხადებს მოურინიო ხსენებულ ინტერვიუში და დასძენს, - იურგენ კლოპი შესანიშნავი მწვრთნელია და ძალიან კარგად ორგანიზებული, შეთამაშებული და უაღრესად მონდომებული გუნდი ჰყავს.
"ბორუსიას" რეალური შეფასებისთვის შარშანდელი ჩემპიონთა ლიგა არ გამოდგება. მაშინ დორტმუნდელები ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, გამოცდილება მიიღეს.
თუ ამას "დორტმუნდის" ბრწყინვალე სტადიონს და საოცარ ფანებსაც დავუმატებთ და გავითვალისწინებთ, რომ კლოპის ბიჭები თავდაუზოგავად იბრძოლებენ, მივხვდებით, რომ "რეალის" მთავარი კონკურენტი ამ ჯგუფში "სიტისთან" ერთად სწორედ გერმანიის ჩემპიონი იქნება. "ერთ მშვენიერ დღეს" ნებისმიერი გრანდის გამწარება შეუძლია "აიაქსსაც".
ჟოზეც ფიქრობს, რომ "რეალს" სამივე მეტოქესთან ურთულესი მატჩები ელის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები მერვედფინალში გავლენ: "ამ ჯგუფში კინაღამ იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსიც" მოხვდა და ასე რომ მომხდარიყო, მაშინ ნამდვილად ვეღარ ვიქნებოდი დარწმუნებული, თუმცა ფაქტია, რომ არც ამ კომპანიაში გველის იოლი გასეირნებები. შეიხებმა "მანჩესტერ სიტიში" იმდენი ფული ჩადეს, რომ ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდათ."
თუმცა მოურინიო ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ფულით შეუძლებელია. ამ დონის წარმატებისკენ მიდრეკილება კლუბს ისტორიულად უნდა მოსდგამდეს, ასეთები კი "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი" და ამ სხვა, ამ კალიბრის ევროპული გრანდები არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"