იწყება თავდავიწყება! პირველი ტურის პირველი დღის მშვენება "რეალი"-"სიტია"

AutoSharing Option
18 სექტემბრიდან ევროპული და, თამამად ვიტყვით, მთელი მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის მშვენება, ჩემპიონთა ლიგა იწყება.

ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი 32 კლუბის მიზანი 2013 წლის 25 მაისს ლონდონში, "უემბლიზე" გამოსვლაა, სადაც ამ სეზონის ფინალი უნდა გაიმართოს.

ახლა არ დავიწყებთ იმის გარჩევას, რომელ გუნდს რა შანსი აქვს - ჩემპიონთა ლიგა ელიტური ფეხბურთისა და უარესად საინტერესო მატჩების გარდა ხომ მოულოდნელი შედეგებითაც გამოირჩევა.

პირველივე დღეს სუპერმატჩი გველის: ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" მადრიდში ინგლისის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.

"სიკვდილის ჯგუფში" მეორე მატჩიც უაღრესად საინტერესოა: გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია"
ჰოლანდიის ჩემპიონ "აიაქსს" დაუხვდება.

A ჯგუფი
დინამო (ზ)-პორტუ 22:45

ზაგრების "დინამო" ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევა, მაგრამ თუ ხორვატების ბრძოლისუნარიანობას და ჟინიანობას გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ კლუბს ნებისმიერის გამწარება შეუძლია.

ხორვატიის გრანდი პირველ ტურში ევროსარბიელზე საკმაოდ გამოუცდელი გუნდით გამოცდილ "პორტუს" მასპინძლობს. სამაგიეროდ, "დინამოს" ცენტრალური მცველები ჰყავს გამოცდილი: უკანა ხაზს შუაში იოზიპ შიმუნიჩი და დომაგოი ვიდა ამაგრებენ. თავისი საუკეთესო ფეხბურთელი კი "დინამომ" აგვისტოს მიწურულს დაკარგა: ნახევარმცველი მილან ბადელი "ჰამბურგში" გადავიდა.

"პორტუმ", როგორც ყოველთვის, ამ ზაფხულსაც ბევრი ფული იშოვნა - გაყიდა რა ჰალკი და ვიტსელი ჯამში 80 მილიონ ევროდ. იმასაც ამბობენ, "ზენიტმა" არაოფიციალურად 100 მილიონი გადაიხადაო. ამ მოთამაშეების დაკარგვის შემდეგ "პორტუში" ამინდს, პირველ რიგში, გამოცდილი ნახევარმცველი ჟოაო მოუტინიო ქმნის.

სხვა მხრივ, პორტუგალიური გრანდის შემადგენლობა, ტრადიციისამებრ, კარგადაა დაბალანსებული.

სავარაუდო შემადგენლობები
დინამო /ზ/ (4-4-1-1): კელავა - ვრსალკო, ვიდა, ტონელი, იბანიესი - ლეკო, კალელო, სამირი, რუკავინა - კოვაჩიჩი - კოპი.
პორტუ (4-3-2-1): ელტონი - დანილო, მაიკონი, ოტამენდი, ალექს სანდრო - ფერნანდო, ლუჩო, მოუტინიო - ვარელა, როდრიგესი - მარტინესი.
არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)

პსჟ-დინამო (კ) 22:45
"პარი სენ ჟერმენმა" ტრანსფერებში 140 მილიონი ევრო დახარჯა და ავტომატურად ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

პარიზელებმა არაერთი ვარსკვლავი შეიძინეს და ახლა მათ ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ - ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ყველაზე სახელოვანმა შენაძენმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალი რეკორდი დაამყარა: აყლაყუდა შვედი, რომელსაც პარიზული გრანდის მომავლის სჯერა, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში 6 სხვადასხვა კლუბის ფორმით ექნება ნათამაშები.

სხვა საქმეა ის, რომ ევროპის ელიტური საკლუბო ლიგის თასი იბრამ ვერცერთხელ ვერ ასწია და იქნებ სწორედ პსჟ-ში გაუმართლოს...

პარიზელთა პირველი მეტოქე კიევის "დინამოა" - გუნდი, რომელსაც ევროსარბიელზე დიდი გამოცდილება აქვს და რომელმაც ზაფხულში ასევე საკმაოდ დიდი ფული დახარჯა. კიეველებმა 30 მილიონი ევრო გაიღეს, ახალწვეულთა სიაში კი ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც არიან მიგელ ველოზო, ნიკო კრანჩარი და რაფაელი.

მათთან ერთად, უკრაინული გრანდის ლიდერები ანდრეი იარმოლენკო, ოლეგ გუსევი და არტიომ მილევსკი არიან.

სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-2-3-1): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, მოტა - მენეზი, პასტორე, ლავეცი - იბრაჰიმოვიჩი.
დინამო /კ/ (4-2-3-1): კოვალი - დანილო, მიხალიკი, ხაჩერიდი, ტაივო - გარმაში, მიგელ ველოზო - იარმოლენკო, კრანჩარი, გუსევი - იდეიე.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

B ჯგუფი
მონპელიე-არსენალი 22:45

არც პსჟ, არც "ლიონი" და არც "მარსელი" - საფრანგეთის წინა პირველობა "მონპელიემ" მოიგო და ახლა ჩემპიონთა ლიგაში თავის გამოჩენა ახალგაზრდული გუნდით, უმეტესად თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით სურს.

"ჩემი დევიზი ყოველთვის საკუთარ ფეხბურთელებზე დაყრდნობა იყო და ტრადიციას არ ვღალატობ. შემადგენლობის ნახევარი ჩვენი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული", - ეს "მონპელიეს" შეფის, ლუის ნიკოლინის სიტყვებია.

ევროსარბიელზე გამოუცდელი ფრანგული გუნდი ისეთ ჯგუფში მოხვდა, რომ მერვედფინალზე ოცნების უფლება ნამდვილად აქვს.

"მონპელიე" პირველ მატჩს ფავორიტ "არსენალთან" გამართავს, რაც საფრანგეთის ჩემპიონისთვის პირველი და ძალიან სერიოზული გამოცდაა.

არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ოლიმპიაკოსი-შალკე 22:45
ამავე ჯგუფიდან მერვედფინალში გასვლის პრეტენზია საბერძნეთის სუპერგრანდ "ოლიმპიაკოსს" და გერმანულ "შალკესაც" აქვთ.

"ოლიმპიაკოსი" ბოლო 16 წელიწადში 14-ჯერ გახდა საბერძნეთის ჩემპიონი და სწორედ ამიტომ უწოდა "შალკეს" მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა მეტოქეს "ბერძნული ბაიერნი".

"ოლიმპიაკოსმა" შარშან გერმანიის ჩემპიონი და "შალკეს" მოსისხლე მტერი "დორტმუნდი" გაამწარა და ბერძნები არც გელზენკირხენული კლუბის დანდობას აპირებენ.

სტევენსი, სავარაუდოდ, მცირე როტაციას მიმართავს და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ნახევარდაცვის წინა ხაზზე ფარფანი/ჰოლტბი/აფელაის ტრიოს გაამწესებს, ბუნდესლიგაში კარგად მოასპარეზე დრაქსლერს კი სათადარიგოთა სკამზე დატოვებს.

"დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია, პირველივე თამაშში კარგი შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ. ჯგუფი თანაბარია და ჩვენ მხოლოდ მერვედფინალში გასვლაზე ვფიქრობთ," - ეს გელზენკირხენელთა გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაარის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კეროლი - ტოროსიდისი, კონტრერასი, სიოვასი, ჰოლებასი - მოდესტო, მანიატისი - აბდუნი, იბაგასა, პაულო მაჩადო - ჯებური.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, კ. პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი, ჰოლტბი, აფელაი - ჰუნტელაარი.
არბიტრი: ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)

C ჯგუფი
მალაგა-ზენიტი 22:45

მას მერე, რაც შეიხმა "მალაგასადმი" ინტერესი დაკარგა და ესპანურ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, ბევრს არ სჯეროდა, რომ ანდალუსიელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეაღწევდნენ, მაგრამ "მალაგამ" ეს მაინც შეძლო და ახლა დევიდ ბექჰემს გაუღვივა ინტერესი.

თუმცა, სანამ "ბექზი" "მალაგას" ყიდვა-არყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს, მარტინ დემიკელისმა და კომპანიამ ევროპის ელიტაში უნდა იბრძოლონ.

"მალაგას" მეტოქე 18 სექტემბერს ძალიან მდიდარი "ზენიტია", რომელსაც "გაზპრომის" სახით შეიხ ალ თანიზე გაცილებით სანდო პატრონი ჰყავს და რომელმაც ჰალკსა და ვიტსელში 80 მილიონი გადაიხადა. ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში მშვენიერი შემადგენლობაა და "ზენიტი", ლოგიკურად, ჯგუფიდან უნდა გავიდეს...

სავარაუდო შემადგენლობები
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - კამაჩო - ხოაკინი, ესკო, პორტილიო, ელისეუ - სავიოლა.
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ალვეში, ლომბერტსი, იანბაევი - ზირიანოვი, დენისოვი, შიროკოვი - ფაიზულინი, კერჟაკოვი, ჰალკი.
არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

მილანი-ანდერლეხტი 22:45
დასუსტებული "მილანი" ევროსარბიელზე ბრძოლას იოლი მატჩით, "ანდერლეხტთან" საშინაო შეხვედრით იწყებს.

"როსონერი" ნახევარდაცვაში ნოჩერინოს, ბოატენგისა და მონტოლივოს იმედადაა; თავდასხმაში იბრაჰიმოვიჩი დაკარგა და ოდენ პაცინით გაძლიერდა; დაცვა კი "მილანის" ყველაზე სუსტი წერტილი ჩანს, რაც იტალიის ჩემპიონატის საწყის ტურებშიც დამტკიცდა.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ბონერა, აჩერბი, ანტონინი - ამბროზინი, ნ. დე იონგი, მონტოლივო - კ. პ. ბოატენგი - პაცინი, ელ შაარავი.
ანდერლეხტი (4-4-2): პროტო - ოდოი, ვასილიევსკი, დეშახტი, საფარი - ჟილე, ბილია, კანუ, იაკოვენკო - მბოკანი, დე სუტერი.
არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)

D ჯგუფი
რეალი-მანჩესტერ სიტი 22:45

სიკვდილის ჯგუფი იმისაა, რომ ყველა მატჩი საინტერესო უნდა იყოს. პირველ ტურში კი მთავარი დაპირისპირება ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონების ჯახია - "რეალისა" და "სიტის" მატჩი შეიძლებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ყოფილიყო...

მადრიდელებმა სეზონი სამარცხვინოდ დაიწყეს და 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-11 ადგილზე (!) იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიომ და მისმა ვარსკვლავებმა "სამეფო გუნდის" ფანებს "სიტის" დამარცხებით უნდა მოუბოდიშონ.

თუმცა რობერტო მანჩინის გუნდის დამარცხება ძალიან ძნელია!

"სიტის" კრეატიული და რეაქტიული ნახევარდაცვა (სილვა, ნასრი, მილნერი), ბევრი სერიოზული კლუბისთვის საოცნებო თავდასხმა (ტევესი, აგუერო, ბალოტელი, ჯეკო) და სანდო უკანა ხაზი (ჰარტი, კომპანი, მაიკონი) ჰყავს.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - იოზილი, მოდრიჩი, კ. რონალდო - ბენზემა.
მანჩესტერ სიტი (4-2-2-2): ჰარტი - მაიკონი, კომპანი, ლესკოტი, კლიში - იაია ტურე, ბერი - სილვა, ნასრი - ტევესი, აგუერო.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ბორუსია (დ)-აიაქსი 22:45
ფაქტია, რომ გერმანიის ჩემპიონს არ გაუმართლა, მაგრამ იურგენ კლოპი და მისი შეგირდები იოლად არავის დანებდებიან.

ჩემპიონთა ლიგაში შარშან შერცხვენილი "ბორუსია" (ჯგუფში ჩარჩა) შებღალული იმიჯის გამოსწორებას წელს მარკო როისით გაძლიერებული გუნდით ეცდება.

ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი "დორტმუნდმა" "გლადბახიდან" 17 მილიონ ევროდ შეიძინა, რითაც შინჯი კაგავას დაკარგვა ("მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა) განეიტრალდა.

თუ დორტმუნდელებს ჯგუფიდან გასვლა უნდათ, ფაქტია, რომ საკუთარ მოედანზე "აიაქსი" აუცილებლად უნდა დაამარცხონ.

ამსტერდამული კლუბი კი, თავის მხრივ, ჰოლანდიის ჩემპიონია და ჯგუფიდან გასვლის ამბიციაც აქვს, მაგრამ "აიაქსი" მაინც აუტსაიდერად მიიჩნევა. ამსტერდამული გრანდის მთავარი შემოქმედი უნიჭიერესი დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენია. მასთან ერთად გუნდში ამინდს გამოცდილი კრისტიან პოულსენი და რაიან ბაბელი ქმნიან.

სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან რინი, ალდერვეირელდი, მოისანდერი, ბლინდი - დე იონგი, კ. პოულსენი, ერიკსენი - სანა, ბაბელი, ბუირიხტერი.
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული