ასევე: გაჭირვებულმა ესპანურმა კლუბმა უმდიდრესი რუსული გრანდი გაანადგურა; "პარი სენ ჟერმენმა" კი მაინც დაამტკიცა, რომ ფულს გოლების გატანა შეუძლია.
A ჯგუფი
პსჟ-დინამო (კ) 4:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (19-პენ), 2:0 ტიაგო სილვა (30), 3:0 ალექსი (33), 3:1 მიგელ ველოზო (87), 4:1 პასტორე (90)
ბურთის ფლობა: 53%-47%; დარტყმა: 14-7; კუთხურები: 5-3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზლატან
ვინ თქვა ფული გოლებს ვერ გაიტანსო? ვინა თქვა? ერთი-ორი კარგი მარკშეიდერი პსჟ-ს აქამდე არ უნდა ჰყოლოდა? ცისფერი მთებიც და ტიანშანიც ყველგან და ნებისმიერ დროს აქტუალურია!
პარიზელებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადეს და ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში ორივემ გაიტანა!
კარლო ანჩელოტის გუნდმა კიევის "დინამო" 4:1 გაანადგურა და ისედაც იოლ ჯგუფში პირველივე ტურის შემდეგ საუკეთესო სიტუაციაშია.
უშანსო უკრაინელებისთვის თამაში პირველივე ტაიმში დამთავრდა. "დინამოს" რბევა 25-მილიონიანმა "იბრაკადაბრამ" ზუსტად შესრულებული პენალტით დაიწყო. მალევე 40 მილიონად შეძენილმა სილვამ სხვაობა ორამდე გაზარდა და სამი წუთის შემდეგ ალექსის (წინა სეზონში 5 მილიონად იყიდეს) მოხდენილი დარტყმის წყალობით პარიზელები უკვე 3:0-ს იგებდნენ.
მატჩის მიწურულს კიეველთა წვალებას წერტილი ხავიერ პასტორემ დაუსვა და აქვე ვთქვათ, რომ პსჟ-ს არგენტინელში 42 მილიონი ევრო აქვს გადახდილი.
რაც შეეხება მიგელ ველოზოს გოლს - ფაქტია, რომ ეს ხვალ აღარავის ეხსომება...
კრისტოფ ჟალე (პსჟ):
"დღეს შრომა ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვიფასდა. დამტკიცდა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგისთვის მზადაა. მომდევნო და უფრო რთული გამოცდა "პორტუსთან" გასვლით მატჩში გველის".
იური სიომინი ("დინამოს" მწვრთნელი):
"საწყის 20 წუთში კარგად ვითამაშეთ. შეხვედრა კი იმიტომ წავაგეთ, რომ მომდევნო ათ წუთში კატასტროფული ფეხბურთი ვაჩვენეთ. იმედი მაქვს, რომ დღეს გამოჩენილი პრობლემების აღმოფხვრა არ გაგვიჭირდება".
დინამო (ზ)-პორტუ 0:2
გოლები: 0:1 ლუჩო გონსალესი (41), 0:2 დეფური (90)
ბურთის ფლობა: 39%-61%; დარტყმა: 6-15; კუთხურები: 7-9
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუჩო გონსალესი (პორტუ)
ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაშიც მონაწილეობდა და ჯგუფში 0 ქულითა და 3:22-იანი ბურთების შეფარდებით, რა თქმა უნდა, ბოლო ადგილი დაიკავა და ხორვატებმა ევროპის ელიტურ საკლუბო ლიგაში ასპარეზობა ამჯერადაც უიმედოდ დაიწყეს.
თავად განსაჯეთ: ზაგრებელებმა ელტონის კარისკენ ბურთი ზუსტად მხოლოდ 2-ჯერ გაგზავნეს. შედარებისთვის: პორტუგალიელთა ზუსტი დარტყმების რაოდენობა 4-ჯერ მეტი იყო! ეს ყველაფერი გასაგებია და იცით, რა არის ახლა ყველაზე საინტერესო? რას ეტყვის "დინამოს" მწვრთნელი ანტე ჩაჩიჩი თავის შეგირდებს პსჟ-სთან მატჩის წინ.
ანტე ჩაჩიჩი ("დინამოს" მწვრთნელი):
"პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გაშვება საშინელებაა... მაგრამ ვაღიარებ, რომ "პორტუმ" გამარჯვება დაიმსახურა. დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერ გუნდს ვებრძოდით".
ვიტორ პერეირა ("პორტუს" მწვრთნელი):
"მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა. კარგია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და არაერთი მომენტი შევქმენით. მომდევნო შეხვედრებშიც ასეთი ხარისხიანი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ".
B ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-შალკე 1:2
გოლები: 0:1 ჰიოვედესი (41), 1:1 აბდუნი (58), 1:2 ჰუნტელაარი (60)
ბურთის ფლობა: 47%-53%; დარტყმა: 13-17; კუთხურები: 3-8
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე)
გაინტერესებთ, როგორი ბალანსი ჰქონდათ აქამდე გერმანულ კლუბებს "ოლიმპიაკოსთან"? 2002 წელს "ლევერკუზენი" 2:6 განადგურდა; 2007 წელს "ვერდერი" 0:3 დამარცხდა; 2008 წელს "ჰერტა" 0:4 შერცხვა; წინა სეზონში კი გერმანიის ჩემპიონმა დორტმუნდის "ბორუსიამ" ბერძნულ გრანდთან 1:3 წააგო.
...და აი, გერმანელთათვის ეს მეტად არასასიამოვნო ტრადიცია "შალკემ" დაარღვია! გელზენკირხენულმა კლუბმა "ოლიმპიაკოსს" მისივე სტილით, არც მაინცდამაინც ლამაზი ფეხბურთით, მაგრამ ინტენსიური შეტევებითა და კარგად დოზირებული აგრესიით მოუგო.
"შალკეს" გამარჯვება ყველაზე მეტად ბერძენი კირიაკოს პაპადოპულოსის დამსახურებაა, რომელიც 15 წლის იყო, საბერძნეთის საფეხბურთო ელიტაში "ოლიმპიაკოსის" ფორმით რომ გამოჩნდა. სამშაბათს მას ბერძნული პუბლიკა თბილად დახვდა, მაგრამ პაპადოპულოსს თანამემამულეებისთვის არაფერი უჩუქებია - "შალკეს" მცველმა მოედანზე უბრძოლველად ერთი მტკაველიც კი არ დათმო.
ჰუუბ სტევენსი ("შალკეს" მწვრთნელი):
"თავიდან პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ მერე კონტროლი დავამყარეთ და უფრო უკეთესი ანგარიშითაც უნდა მოგვეგო. საერთო ჯამში, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ასეთ ჯგუფში ასპარეზობისას სტუმრად მოპოვებული სამი ქულით დაწყება ძალიან სასიამოვნოა".
მონპელიე-არსენალი 1:2
გოლები: ბელჰანდა (9-პენ), 1:1 პოდოლსკი (16), 1:2 ჟერვინიო (18)
ბურთის ფლობა: 43%-57%; დარტყმა: 18-6; კუთხურები: 6-5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რემი კაბელა (მონპელიე)
თუ ასე გააგრძელებს, "არსენალის" ფანებს ლუკას პოდოლსკი სიგიჟემდე შეუყვარდებათ!
"ლივერპულთან" და "საუთჰემპტონთან" გატანის შემდეგ პოლდი ლონდონელებს გოლით "მონპელიესთან" ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩშიც შეეწია და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "მეთოფეებმა" ევროპის ელიტაში ასპარეზობა საფრანგეთის ჩემპიონთან სტუმრად მოპოვებული სამი ქულით დაიწყეს.
პოდოლსკის ჩემპიონთა ლიგაში ბოლო გოლი სამწლინახევრის წინ ჰქონდა გატანილი და ამ ბურთით "არსენალი" თამაშში დააბრუნა.
მანამდე ლონდონელები გაოგნდნენ იმის გამო, რომ ესპანელმა არბიტრმა კარლოს კარვალიომ ვერმაელენზე ჯარიმა დააფიქსირა და "არსენალის" კარში პენალტი დანიშნა, რომლითაც "მონპელიემ" ანგარიში გახსნა. თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
თერთმეტმეტრიანის დანიშვნიდან რამდენიმე წამის შემდეგ ლონდონელებს კიდევ უფრო გაოგნებული გამომეტყველება ჰქონდათ, რადგან ბელჰანდამ "პანენკა" დაარტყა!
თუმცა, როგორც ვთქვით, "არსენალი" დაბრუნდა: პოდოლსკისას ორ წუთში ჟერვინიოს გოლი მოჰყვა. ფრანგებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს...
C ჯგუფი
მილანი-ანდერლეხტი 0:0
ბურთის ფლობა: 48%-52%; დარტყმა: 19-12; კუთხურები: 4-3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კევინ-პრინს ბოატენგი (მილანი)
"მილანმა" იტალიის ჩემპიონატიც მძიმედ დაიწყო (სამი ქულა სამი ტურის შემდეგ) და შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ვერც "ანდერლეხტი" დაამარცხა.
ერთადერთი მილანისტა, რომელზეც რამე უნდა ვთქვათ, კევინ-პრინს ბოატენგია.
პოზიტიური იყო ის, რომ ამ უკანასკნელმა გამთამაშებლის პოზიციაზე მაგრად იბრძოლა და ბელგიელთა კარისკენ შვიდჯერ დაარტყა; ხოლო რაც შეეხება ნეგატიურს: შეცვლის დროს ზედმეტად გაბრაზდა და ლანძღვა-გინებას მოჰყვა.
ვფიქრობთ, საჭირო აღარაა დაკონკრეტება, თუ ვის აგინებდა ბოატენგი...
ამ 0:0-ის შემდეგ იტალიელი ჟურნალისტები "მილანის" ხელმძღვანელების სატრანსფერო პოლიტიკას კიდევ უფრო სასტიკად გააკრიტიკებენ, "ანდერლეხტი" კი "სან სიროზე" მოპოვებული ქულითაც ბედნიერია.
მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში ჩემმა ბიჭებმა რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვეს. ფაქტია, რომ ცუდ მდგომარეობაში ვართ. ფანებს უნდათ, რომ "მილანმა" ყველა შეხვედრა მოიგოს, ჩვენ კი თამაში და შედეგები ვერაფრით გამოვასწორეთ".
მალაგა-ზენიტი 3:0
გოლები: 1:0 ისკო (3), 2:0 სავიოლა (13), 3:0 ისკო (76)
ბურთის ფლობა: 58%-48%; დარტყმა: 16-15; კუთხურები: 5-3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ისკო (მალაგა)
ეს "მალაგა" გაგვაგიჟებს! თითქმის ორი თვეა, სანახევროდ გაკოტრებული გუნდისგან წარუმატებლობებს ველით, ესენი კი თამაშებს იგებენ - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ და პირველ ტურში უმდიდრესი "ზენიტი" 3:0 გაანადგურეს!
სანკტპეტერბურგელებმა ჰალკსა და ვიტსელში 80 თუ 100 მილიონი გადაიხადეს და ამ ფეხბურთელებს გუშინწინ შოუ 20 წლის ბევრისთვის უცნობმა ბიჭმა მოპარა!
ისკოს ვგულისხმობთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატამდე ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ სიაში იყო და რომელმაც სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი (მე-4 ადგილზეა) გაიტანა.
ისკოს ორივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი სანახავია და მასთან ერთად, ანდალუსიურ კლუბში ბევრისგან მივიწყებული ხავიერ სავიოლაც გამოირჩა.
რაც შეეხება ჰალკს: "ზენიტის" ძვირად ღირებულმა ახალწვეულმა თავი მხოლოდ ბურთის ძელზე მორტყმითა და ყვითელი ბარათის "აკიდებით" დაგვამახსოვრა.
ხავიერ სავიოლა (მალაგა):
"უბედნიერესი ვარ, რადგან ურთულესი მეტოქე დავამარცხეთ. დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში უშანსოდ არ ვართ".
ლუჩანო სპალეტი ("ზენიტის" მწვრთნელი):
"პირველი 20 წუთი საშინელება იყო და ახლაც არ ვიცი, რატომ დავიწყეთ თამაში ასე ამაზრზენად. ფაქტია, რომ დღეს უპატიებელი შეცდომები დავუშვით და ლოგიკურად გამიჩნდა კითხვა: იქნებ ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არ ვართ?"
D ჯგუფი
რეალი-მანჩესტერ სიტი 3:2
გოლები: 0:1 ჯეკო (68), 1:1 მარსელო (76), 1:2 კოლაროვი (86), 2:2 ბენზემა (87), 3:2 რონალდო (90)
ბურთის ფლობა: 56%-44%; დარტყმა: 30-8; კუთხურები: 7-3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარსელო (რეალი)
ჩემპიონთა ლიგაში ეს "რეალისთვის" რიგით მე-100 მატჩი იყო! არცერთ სხვა გუნდს ევროპის ელიტურ საკლუბო ლიგაში ამდენი შეხვედრა არ ჩაუტარებია და თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ მადრიდელებს ამ თამაშის მოგება ძალიან სჭირდებოდათ.
უდიდესი დისკუსია იმ კრიტიკის შესახებ, რაც ჟოზე მოურინიომ თავის შეგირდებს მიუძღვნა (გუნდი არ მყავსო), დროებით შეჩერებულია და "სამეფო გუნდმა" წნეხი მნიშვნელოვნად შეიმსუბუქა.
მართალია, მოგება დამსახურებული იყო, მაგრამ "რეალმა" სამ ქულას მატჩის მიწურულსღა გამოჰკრა ხელი - მანამდე მადრიდელებმა არაერთი მომენტი გაანიავეს და ორჯერ აგებდნენ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ბენზემამ და აღტყინებულმა რონალდომ (მარტო პორტუგალიელმა "სიტის" კარისკენ ათჯერ დაარტყა) თამაში შეატრიალეს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ადრენალინის სუნი დააყენეს.
თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება "რეალისთვის", ამაზე ყველაზე უკეთ მოურინიოს ზეიმი მეტყველებდა: ღია ნაცრისფერ კოსტუმში გამოწკეპილი ჟოზე რონალდოს გოლის შემდეგ მუშტების ქნევას მოჰყვა და მინდორზე მუხლებით გასრიალდა.
ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი):
"ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და ახლა ისევ ვხედავ ჩემს გუნდს. მეტოქემ მაგრად იბრძოლა და შემეცოდებოდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ მოგებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით".
რობერტო მანჩინი ("სიტის" მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი გონს მოვეგეთ და როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორჯერ იგებ, დაცვაში უფრო ყურადღებით ყოფნა გმართებს. იმედგაცრუებული ვარ".
ბორუსია (დ)-აიაქსი 1:0
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (87)
ბურთის ფლობა: 45%-55%; დარტყმა: 20-7; კუთხურები: 6-4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რომან ვაიდენფელერი (ბორუსია /დ/)
სეზონის წინ დორტმუნდელებმა თქვეს, წელს ჩემპიონთა ლიგაში თავი აღარ უნდა შევირცხვინოთო და სიტყვას საქმე პირველივე ტურში მოაყოლეს. სიკვდილის ჯგუფში გერმანიის ჩემპიონს "აიაქსთან" საშინაო მატჩი აუცილებლად უნდა მოეგო და მოიგო კიდეც.
ბევრი ბუნდესლიგური კლუბისგან განსხვავებით, რომლებიც დორტმუნდში ჩადიან ხოლმე, "აიაქსი" "ბორუსიას" შემტევ ფეხბურთს არ შეუშინდა და ამსტერდამულმა კლუბმა შეძლო ის, რასაც "ვესტფალენშტადიონზე" ძალიან ბევრი გუნდი ვერ ახერხებს ხოლმე: ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობას ჰოლანდიელები ფლობდნენ!
თუმცა დე ბურის გუნდი ბოლოს მაინც ხელცარიელი დარჩა, დორტმუნდელებმა კი შვებით ამოისუნთქეს, რადგან მათთვის ამ თამაშის ვერმოგება დაუშვებელი იყო.
იურგენ კლოპი ("ბორუსიას" მწვრთნელი):
"თავს ძალიან კარგად ვიცავდით და ბოლოს, როგორც იქნა, გოლიც გავიტანეთ. ბოლომდე მჯეროდა, რომ ამას შევძლებდით და "აიაქსს" დორტმუნდში სამ ქულას დავატოვებინებდით".
სიემ დე იონგი ("აიაქსის" კაპიტანი):
"ბორუსიამ" გოლი 87-ე წუთზე გაგვიტანა, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ წაგება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ, რადგან მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"