ჩემპიონთა ლიგა. I ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა

AutoSharing Option
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგაში სენსაცია არ არსებობს, არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ "კლუჟისა" ბატე-ს წარმატებებს მაინც სენსაციები უნდა ვუწოდოთ.

"ბარსას" და "მანჩესტერს" საუკეთესო ფორმამდე ბევრი აკლიათ, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგისთვის მართლაც მზად ყოფილა და დაგვეთანხმეთ, რომ "გალათასარაი" ჩემპიონთა ლიგას მაგრად უხდება!

E ჯგუფი
ჩელსი-იუვენტუსი 2:2

გოლები: 1:0 ოსკარი (31), 2:0 ოსკარი (33), 2:1 ვიდალი (38), 2:2 კვალიარელა (81)
ბურთის ფლობა: 46%-54%; დარტყმა: 11-12; კუთხურები: 5-5

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოსკარი (ჩელსი)


"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაში ძველებური ეფექტურობით დაბრუნდა: ტურინელებს "სტემფორდ
ბრიჯზე" ორი რეალური მომენტი ჰქონდათ, ორივე გამოიყენეს და შინ ქულით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ.

მატჩი პირველიდან ბოლო წუთამდე ინტენსიური იყო, მაგრამ საქმე საგოლე მომენტებამდე არ მიდიოდა. "იუვე" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს თამამად უტევდა, სწრაფ ტემპშიც აჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში მეკარეები, ფაქტობრივად, უსაქმოდ იყვნენ, თამაში ძალიან კარგი საყურებელი გამოვიდა და, რაც მთავარია, 4 გოლი ვნახეთ.

ლონდონელები ოსკარის ერთი მოხდენილი და ერთიც ბრწყინვალე გოლებით 2:0 დაწინაურდნენ - პირველი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, რიკოშეტით გაიტანეს, მეორე კი მართლაც გენიალური, თითით საჩვენებელი გოლი იყო.

თუმცა არტურო ვიდალმა ერთი ბურთი პირველივე ტაიმში, ეფექტური დარტყმით გაქვითა, მეორე ტაიმში კი ანტონიო კონტემ, რომელიც თამაშს თვალს ყველასათვის კარგად ცნობილი მიზეზის გამო ტრიბუნებიდან ადევნებდა და ასისტენტ კარერას რჩევა-დარიგებებს გვერდით მჯდომი კოლეგის დახმარებით აძლევდა, შეცვლა გამოიცნო: ანგარიში კლაუდიო მარკიზიოს პასით ფაბიო კვალიარელამ გაათანაბრა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრე ლოგიკური შედეგია. "ჩელსიში" ოსკარმა გაიბრწყინა, "იუვენტუსი" კი ჩემპიონთა ლიგისთვის მართლაც მზად ყოფილა...

არტურო ვიდალი (იუვენტუსი): "ჩვენმა შრომამ შედეგი ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიღო. ყველას დავუმტკიცეთ, რომ ამ სეზონშიც შეგვიძლია ისეთი შემართებითა და მონდომებით თამაში, როგორითაც წინა სეზონში მთელი იტალია და ევროპა გავაოცეთ."

შახტარი-ნორდსიელანდი 2:0
გოლები: 1:0 მხითარიანი (44), 2:0 მხითარიანი (76)
ბურთის ფლობა: 44%-56%; დარტყმა: 20-3; კუთხურები: 5:4

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰენრიხ მხითარიანი (შახტარი)

დანიის ჩემპიონს ევროპის საკლუბო ელიტაში დებიუტი ჰქონდა და ისე ითამაშა, როგორც დებიუტანტებს სჩვევიათ: "ნორდსიელანდის" ფეხბურთელებმა დონეცკელებს კარისკენ მხოლოდ სამჯერ დაურტყეს, საპასუხოდ კი 20 დარტყმა მიიღეს და ორი გოლი გაუშვეს.

დანიელებს ყველაზე მეტად ერთი ფეხბურთელის მოთოკვა გაუჭირდათ: 23 წლის სომეხმა შემტევმა ჰენრიხ მხითარიანმა "ცხოვრების მატჩი" ჩაატარა, დუბლი შეასრულა და "შახტარს" სამი ქულა მოუტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ დონეცკური კლუბი პირველი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა.

მომდევნო ტურში შახტარი "იუვენტუსს" ესტუმრება და მირჩა ლუჩესკუს გუნდის რეალურ ძალას სწორედ ტურინში დავინახავთ.

რაც შეეხება "ნორდსიელანდს": ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამ გუნდის ერთადერთი იმედი ის იქნება, რომ ბოლო დანიურმა კლუბმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობდა, 2010 წელს მერვედფინალში გააღწია...

მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მწვრთნელი): "ნორდსიელანდთან" საკუთარ მოედანზე აუცილებლად უნდა მოგვეგო და მიხარია, რომ ეს, ფაქტობრივად, უპრობლემოდ შევძელით."

F ჯგუფი
ბაიერნი-ვალენსია 2:1

გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (38), 2:0 კროოსი (78), 2:1 ვალდესი (90)
გაძევება: რამი (90)
92-ე წუთზე მანჯუკიჩმა (ბაიერნი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
ბურთის ფლობა: 62%-38%; დარტყმა: 17-14; კუთხურები: 10-2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტონი კროოსი (ბაიერნი)


ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენელებმა "ჩელსისთან" "ალიანს არენაზე" განცდილი დრამა საბოლოოდ დაივიწყეს: რეკორდმაისტერი "ვალენსიასთან" ფინალის ტრაგიკულმა გმირმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა დააწინაურა.

თუმცა რეკორდმაისტერს წუნი მაინც ჰქონდა - ვალდესი გვიან მომენტში მიუნხენელი მცველები ცუდად გამოიყურებოდნენ, მერე კი მარიო მანჯუკიჩმა პენალტი ვერ გაიტანა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ იუპ ჰაინკესმა ხავი მარტინესი ძირითად შემადგენლობაში პირველად ათამაშა და 40-მილიონიანმა ესპანელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საუკეთესო კი გამთამაშებლის პოზიციაზე გამწესებული ტონი კროოსი გახლდათ, რომელიც, გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, მთელი მატჩის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "მართალია, "ვალენსიას" მომენტები თითქმის არ შევაქმნევინეთ, მაგრამ მიღებულ გოლს მაინც კრიტიკულად უნდა შევხედოთ. ასეთი რამ დაუშვებელია. ყველა მატჩში ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ."

ლილი-ბატე 1:3
გოლები: 0:1 ვოლოდკო (6), 0:2 როდიონოვი (20), 0:3 ოლეხნოვიჩი (43), 1:3 შედიუ (60)
ბურთის ფლობა: 55%-45%; დარტყმა: 24-6; კუთხურები: 10-0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსანდრ ვოლოდკო (ბატე)

ხუმრობის გარეშე: F ჯგუფს პირველი ტურის შემდეგ ბორისოვოს ბატე ლიდერობს! ეს ბელორუსებისთვის ბრწყინვალე რეალობაა, "ლილისთვის" კი მწარე სიმართლე.

არა გვგონია, რომ "ლილის" ასეთი მარცხის მიზეზი მხოლოდ ედენ აზარის დაკარგვა იყოს. ფაქტია, რომ ბატე 19 სექტემბერს ფრანგულ კლუბზე გაცილებით ეფექტური გახლდათ. ვოლოდკოს გოლი ულამაზესი გამოვიდა (უძლიერესი დარტყმა 30 მეტრიდან), მეორე გოლი კი შეიძლებოდა არც ჩათვლილიყო, რადგან თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილს ჰგავდა.

მსაჯს მეორე ტაიმში შეეძლო, "ლილის" კარში ორი პენალტი დაენიშნა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ფრანგებმა კი პრესტიჟის გოლი შეაგდეს.

ერთი სიტყვით, საღამო, რომელზეც ბატე-მ 45 წუთში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში მთლიანად, ბელორუსებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ.

G ჯგუფი
ბარსელონა-სპარტაკი 3:2

გოლები: 1:0 ტელიო (14), 1:1 ალვეში (29-საკ. კარში), 1:2 რომულო (58), 2:2 მესი (71), 3:2 მესი (80)
ბურთის ფლობა: 65%-35%; დარტყმა: 18-5; კუთხურები: 8-3

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

მაინც რა გახდა რუსული კლუბები "ბარსელონასთვის"? კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო საშინაო მარცხი ყაზანის "რუბინთან" (?!) იგემეს, შარშან მოსკოვში ცსკა-ს დაუზავდნენ (1:1), ახლა კი "ნოუ კამპზე" კინაღამ "სპარტაკთან" დამარცხდნენ.

გასაგებია, რომ "კინაღამ" არ ითვლება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამაზე ყურადღების გამახვილება აუცილებელი იყო.

მოსკოველებმა, ტრადიციულად, ხისტი ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ ასეთი ხერხისთვის "ბარსას" არაერთ გუნდს მიუმართავს, წარმატებისთვის კი მხოლოდ ერთეულებს და ისიც უიშვიათესად მიუღწევიათ.

"სპარტაკის" "კინაღამ-წარმატების" საიდუმლო კი ამ შემთხვევაში აშკარად იმაში მდგომარეობს, კატალონიელებმა ბევრი შეცდომა რომ დაუშვეს. ტელიომ ანგარიში მოხდენილი დარტყმით გახსნა, მაგრამ ეს გოლი სათვალავში ჩასაგდები აღარაა, რასაც ის დანი ალვეშს უნდა "უმადლოდეს", რომელმაც უხერხული ავტოგოლით რუსებს წონასწორობა აღადგენინა.

მეორე ტაიმში რომულოს გოლმა "ნოუ კამპზე" სენსაციის სუნი დააყენა, მაგრამ "ბარსას" ხომ ლეო მესი ჰყავს, რომელსაც მოედანზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ დუბლი შეასრულა და თამაში კატალონიელთა სასარგებლოდ შეატრიალა. დავძენთ მხოლოდ იმას, რომ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში 52-ე და 53-ე გოლები გაიტანა.

ხავიერ მასკერანო (ბარსელონა): "სპარტაკმა" ძალიან კარგად ითამაშა, რაც, ვფიქრობ, უნაი ემერის დამსახურებაა, რომელიც კარგად გვიცნობს. მომავალში ასეთი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ - ბოლო პასის გაკეთება ძალიან გვიჭირდა. კიდევ კარგი, რომ არ შევრცხვით".

უნაი ემერი ("სპარტაკის" მწვრთნელი): "თამაშის წინ ვამბობდი, ბარსელონაში დიახაც მოსაგებად ჩამოვედით-მეთქი და ამის გამო, ალბათ, ბევრმა დამცინა. დარწმუნებული ვარ, რომ სკეპტიკოსები ახლა ჩუმად არიან. ჩვენ "ბარსას" კინაღამ მოვუგეთ და მინდა ყველას შევახსენო, რომ "კამპ ნოუზე" მოსაგებად აბსოლუტურად სრულყოფილი ფეხბურთის თამაშია საჭირო".


სელტიკი-ბენფიკა 0:0
ბურთის ფლობა: 52%-48%; დარტყმა: 7-11; კუთხურები: 9-10

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრის კომონსი (სელტიკი)

ყველას გვაინტერესებდა, როგორ გადაიტანდა "ბენფიკა" ისეთი ფეხბურთელების დაკარგვას, როგორებიც არიან ვიტსელი ("ზენიტში" გადავიდა) და ხავი გარსია ("მანჩესტერ სიტის" მიაშურა).

სამწუხაროდ, გლაზგოში დაფიქსირებულმა 0:0-მა ამ კითხვას ნაწილობრივაც კი ვერ უპასუხა.

ზედმეტ რისკზე წასვლას ორივე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ერიდებოდა და, შესაბამისად, უგოლო ფრე ლოგიკურია.

უპასუხოდ დარჩა კიდევ ერთი, ნეიტრალური ქომაგისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვაც: რომელს უფრო შეუძლია "ბარსასთან" ერთად მერვედფინალში გასვლისთვის ბრძოლა?

H ჯგუფი
მან. იუნაიტედი-გალათასარაი 1:0

გოლი: 1:0 კერიკი (7)
53-ე წუთზე ნანიმ (იუნაიტედი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
ბურთის ფლობა: 52%-48%; დარტყმა: 18-3; კუთხურები: 7-7

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი)

2012 წლის 19 სექტემბრის შემდეგ "გალათასარაის" ფანებისთვის საძულველი რამე-რუმეების სიას ორი რამე და ვინმე შეემატა: "ოლდ ტრაფორდის" კარის ძელი და გერმანელი არბიტრი ვოლფგანგ შტარკი, რომელიც, თამამად ვთქვათ, გულზე არც ქართველებს გვეხატება.

20 სექტემბერს მთელი საფეხბურთო თურქეთი და ადგილობრივი პრესა შტარკს უკიდურესად ცუდი ეპითეტებით იხსენიებდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა პირველ წუთზე (ნემანია ვიდიჩის ფოლი უმუთ ბულუთზე) მანჩესტერელთა კარში პენალტი არ დანიშნა. ამასთან, ფათიჰ თერიმის შეგირდებმა "იუნაიტედის" კარის ძელი სამჯერ (!) "მოიკითხეს".

"იუნაიტედი", ძელის გარდა, რამდენჯერმე მეკარე დავიდ დე ხეამაც იხსნა. განსაკუთრებით ეფექტური 72-ე წუთზე განხორციელებული ორმაგი სეივი გახლდათ, რითაც დე ხეამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა მაინც სამი ქულა მოიპოვეს, რისთვისაც მაიკლ კერიკისა და შინჯი კაგავას მშვენიერი კომბინაცია ეყოთ, რომელიც ქერიკმა გოლით დააგვირგვინა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "იუნაიტედმა" პირველი ნაბიჯი გადადგა იქითკენ, რომ შარშანდელი ფიასკო აღარ გაიმეოროს. გეხსომებათ, მაშინ ფერგის გუნდი იმ ჯგუფში ჩარჩა, სადაც ინგლისური გიგანტის გარდა, "ბენფიკა", "ბაზელი" და "ოცელული" ასპარეზობდნენ. "გალათასარაიმ" კი დაგვიმტკიცა, რომ ნაღდი თურქული გრანდია და ერთი თავით მაღლა დგას "ბეშიქთაშზე", "ტრაბზონსპორზე" "ფენერბაჰჩესა" და "ბურსაზე", რომლებიც წინა სეზონებში თურქულ ფეხბურთს ევროპაში არცხვენდნენ.

ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი): "პირველი მატჩის კვალობაზე კარგად ვითამაშეთ. სამი ქულით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ აღარ დაგვემართოს ის, რაც შარშან დაგვემართა".

ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, დამწუხრებულები ვართ, რადგან თამაში წავაგ
ეთ, მაგრამ, რაც მთავარია, დღეს "გალათასარაის" სული და მენტალიტეტი კარგად გამოჩნდა. პენალტი არ დაგვინიშნეს, ბურთი ძელს სამჯერ მოვარტყით - მეტი რაღა ვთქვა?"

ბრაგა-კლუჟი 0:2
გოლები: 0:1 ბასტოსი (20), 0:2 ბასტოსი (34)
ბურთის ფლობა: 65%-35%; დარტყმა: 35-10; კუთხურები: 6-3

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რაფაელ ბასტოსი (კლუჟი)

ამ მატჩმა ერთი მეტად საინტერესო ისტორია შექმნა: რაფაელ ბასტოსმა ("ლიონის" გაცილებით ცნობილ ფეხბურთელ მიშელ ბასტოსში არ აგერიოთ), რომელიც 2010 წელს "ბრაგას" ღირსებას იცავდა, ყოფილი გუნდი, ფაქტობრივად, მარტომ დაამარცხა.

არადა, "ბრაგას" ფეხბურთელებმა "კლუჟის" კარისკენ 35-ჯერ (!!!) დაარტყეს და მთელი 90 წუთის მანძილზე სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, გოლი კი ვერაფრით გაიტანეს.

"კლუჟმა" მიზანმიმართული, პრაგმატული ფეხბურთი ითამაშა. თან გაუმართლა და შინ სამი ქულა წაიღო.

ვერ გეტყვით, რას იზამს "კლუჟი" მომდევნო მატჩებში; მანამდე კი ფაქტია, რომ პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში ლიდერია. რაც შეეხება "ბრაგას": პორტუგალიური კლუბი მერვედფინალში გამსვლელს არ ჰგავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოსკარი და ოსკაროსნები - ჩემპიონთა ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები
ჩემპიონთა ლიგა. I ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული