ოსკარი და ოსკაროსნები - ჩემპიონთა ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში რომან ვაიდენფელერს, ჰენრიხ მხითარიანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და რაფაელ ბასტოსსაც მოვიაზრებდით, მაგრამ საბოლოოდ ამ 11 ფეხბურთელზე შევაჩერეთ არჩევანი.

ჩემპიონთა ლიგა. I ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით
დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) - თანაგუნდელები რამდენჯერმე იხსნა. განსაკუთრებით ეფექტური კი 72-ე წუთზე განხორციელებული ორმაგი სეივი გახლდათ, რითაც დე ხეამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე) - "ოლიმპიაკოსის" ფანებმა ექს-ფეხბურთელი თბილად მიიღეს, მაგრამ პაპადოპულოსი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სამაგალითო იყო. ბერძენმა მცველმა ორთაბრძოლების 75 პროცენტი მოიგო.

დანტე
(ბაიერნი): რეკორდმაისტერის დაცვის ბურჯმა განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში ითამაშა და ლომის წვლილი შეიტანა იმაში, რომ ვალენსიელებმა პირველ ნახევარში მანუელ ნოიერი ერთხელაც ვერ შეაწუხეს. დანტე შეტევებშიც ხშირად და რაც მთავარია, ეფექტურად ერთვებოდა.

მარსელო (რეალი) - "რეალის" მარცხენა მცველს დაცვაში საქმე იშვიათად ჰქონდა, რის გამოც დროის უმეტესი ნაწილი შეტევებში გაატარა და განსაკუთრებით მეორე ტაიმში "სიტის" უკანახაზელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ამასთან, მარსელომ შორეული დარტყმით გატანა ოთხჯერ სცადა და მიზანსაც მიაღწია.

არტურო ვიდალი (იუვენტუსი) - პირველ ტაიმში "იუვეს" ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი ვიდალი გახლდათ და თანაც, სწორედ მან შეძლო ტაიმის მიწურულს იმ გოლის გატანა, რომლითაც ტურინული გრანდი თამაშში დაბრუნდა. მეორე ნახევარში ისეთი ეფექტური აღარ იყო, მაგრამ ტურინელთა თითქმის ყველა სახიფათო იერიშში მონაწილეობდა.

ტონი კროოსი (ბაიერნი) - კროოსი ნომინალურად გამთამაშებლის პოზიციაზე იყო გამწესებული, მაგრამ უკანახაზელებს ძალიან ხშირად და რაც მთავარია, იდეალურად ეხმარებოდა, შვაინშტაიგერს ხშირად უცვლიდა პოზიციას და შეტევაში ჩართვის საშუალებას აძლევდა. კარგი თამაში ტონიმ მნიშვნელოვანი გოლით დააგვირგვინა.

ისკო (მალაგა) - 20 წლის ისკომ "მალაგას" გამარჯვებაში (3:0 ზენიტთან) ორი გოლითა და სამი სახიფათო დარტყმით მთავარი როლი შეასრულა და ანდალუსიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაში საოცნებო სტარტი ააღებინა.

ოსკარი (ჩელსი) - ბევრისთვის გასაოცრად, 32 მილიონ ევროდ შეძენილ ოსკარს "იუვენტუსთან" მატჩში ნერვიულობა ოდნავადაც არ დასტყობია. ბრაზილიელმა ჯერ მარტო ანდრეა პირლოს გათიშვით გააკეთა დიდი საქმე და თანაც, "ჩელსის" ორივე გოლი მის ანგარიშზეა.

ანხელ დი მარია (რეალი) - არგენტინელი პირველ ტაიმში "რეალის" ყველა სახიფათო იერიშში მონაწილეობდა და გაელ კლიშის სიცოცხლე გაუმწარა.

ჟერვინიო (არსენალი) - ძალიან ბევრს მოძრაობდა, "მონპელიეს" დაცვის მარცხენა ფლანგი არაერთხელ გაარღვია. ამასთან, "არსენალის" გამარჯვების გოლი სწორედ ჟერვინიოს ანგარიშზეა.

ლიონელ მესი (ბარსელონა) - პირველ ტაიმში ლეო მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა, მეორე ნახევარში კი "ბარსა" სირცხვილისგან ორი გოლით იხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული