ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. სამშაბათის მატჩების წინ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველი დღე განსაკუთრებულ მატჩს არ გვთავაზობს, თუმცა თავისებურად ყველა დუელი საინტერესოა.

კლუბების სახელებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე ეფექტური "ბენფიკასა" და "ბარსელონას" ჯახია, რომელიც "ესტადიო და ლუჟზე" უნდა გაიმართოს.

E ჯგუფი
ნორდსიელანდი-ჩელსი 22:45

"იუვენტუსთან" საშინაო ფრე "ჩელსისთვის" ჩემპიონთა ლიგაში მისაღები სტარტი გამოდგა. მეორე ტურში კი ლონდონელები ვალდებულები არიან, სამი ქულა მოიპოვონ, რადგან ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ "ნორდსიელანდს" სტუმრობენ.

ლოგიკურად, რობერტო დი მატეოს გუნდს დანიის ჩემპიონთან პრობლემა არ უნდა შეექმნას. თანაც, "ჩელსი" კარგ ფორმაშია: თუ არ ჩავთვლით "იუვენტუსთან" და
"ქუინზ პარკ რეინჯერსთან" დაფიქსირებულ ფრეებს, "არისტოკრატებმა" სეზონი იდეალურად დაიწყეს, გასულ უქმეებზე კი დედალაქურ დერბიში "არსენალი" 2:1 დაამარცხეს.

"ჩელსისთვის" მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლოს და ბოლოს ათამაშდა ფერნანდო ტორესი - "ელ ნინიომ" "არსენალთან" ანგარიში გახსნა და როცა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ის დრო გაახსენეს, მთელი საფეხბურთო ინგლისი რომ დასცინოდა, ესპანელმა თავდამსხმელმა თქვა: "დასაწყისი ურთულესი იყო, მაგრამ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა "ჩელსიში" ყველა პატივს მცემს".

სავარაუდო შემადგენლობები
ნორდსიელანდი (4-2-3-1): ჰანსენი - პარხურსტი, ოკორე, რუნიე, მტილიგა - სტოკჰოლმი, ადუ - ლორენტზენი, კრისტენსენი, იონი - ბეკმანი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ტერი, ლუისი, ბერტრანი - მიკელი, ლამპარდი - მატა, აზარი, ოსკარი - ტორესი.

არბიტრი: მარიო სტრაჰონია (ხორვატია)

იუვენტუსი-შახტარი 22:45
თავიანთ ჩემპიონატებში იდეალურად ასპარეზობენ ტურინის "იუვენტუსი" და დონეცკის "შახტარიც", რომელსაც ზედიზედ 25 ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული.

გასულ უქმეებზე "ბებერმა ქალბატონმა" ტურინში "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებული ზდენეკ ზემანის "რომა" 4:1 გაანადგურა.

"იუვესა" და "შახტარის" დაპირისპირება ბევრი გარემოების გამოა საინტერესო. პირველი და უმთავრესი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ დონეცკურ კლუბს საკმაო გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ იტალიის ჩემპიონს მედგრად დაუდგეს.

გაგახსენებთ: "შახტარს" "რომა" რომში ჰყავს დამარცხებული. ამასთან, უკრაინულ გრანდს რუმინელი მირჩა ლუჩესკუ წვრთნის - მწვრთნელი, რომელიც იტალიური ფეხბურთის ექსპერტად მიიჩნევა. ლუჩესკუ მუშაობდა "პიზაში", "ბრეშიაში", "რეჯანასა" და მილანის "ინტერში", ხოლო 2004 წლიდან 67 წლის სპეციალისტი დონეცკში მოღვაწეობს.

"იუვენტუსის" ლიდერი დღეს ანდრეა პირლოა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, - ასე დაიწყო მატჩის წინა დღეს გამართული პრესკონფერენცია ლუჩესკუმ, - "ბრეშიაში" რომ ვმუშაობდი, პირლოც იქ იყო და მაშინ 15 წლის გახლდათ. მას მერე ანდრეასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია.

პირლო თანამედროვეობის საუკეთესო ნახევარმცველია. მასთან ერთად, "იუვენტუსიდან" ყველაზე მეტად კვალიარელას ვაფასებ.

ვფიქრობ, ჩემს გუნდს შესწევს იმის უნარი, რომ ტურინიდან ხელცარიელი არ წამოვიდეთ".


სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარძალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი, მატრი (ან ჯოვინკო).
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუხერი, რაკიცკი, რაცი - სტეპანენკო, ფერნანდინიო - ვილიანი, ადრიანო, ილსინიო - მხითარიანი.

არბიტრი: ბას ნიჰუისი (ჰოლანდია)

გუნდი
1. შახტარი 1 1 0 0 2-0 3
2. იუვენტუსი 1 0 1 0 2-2 1
3. ჩელსი 1 0 1 0 2-2 1
4. ნორდსიელანდი 1
0 0 1 0-2 0

F ჯგუფი
ბატე-ბაიერნი 22:45

9 მოგება 9 ოფიციალურ მატჩში - ამაზე უკეთეს დასაწყისს "ბაიერნში" ვერავინ ინატრებდა და ერთადერთი, რისიც მიუნხენში ახლა ეშინიათ, გადამეტებული თავდაჯერებაა.

სწორედ ამაზე ისაუბრეს ამ დღეებში ბავარიული გრანდის სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელმაც თქვა, მეც არ მომწონს, "ბაიერნს" ყოველდღე რომ აქებენო.

შაბათს მიუნხენურმა გრანდმა "ვერდერს" გვიანი გოლებით მოუგო, დღეს კი ბატე-სთან ექნება საქმე - გუნდთან, რომელსაც ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ ასევე სამი ქულა აქვს.

სერიოზული მეტოქეა თუ არა ბატე "ბაიერნისთვის", ამაზე მსჯელობა და დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია, ჩვენ კი მხოლოდ იმით შემოვიფარგლებით, რაც შავით თეთრზე წერია: ბატე-ს შიდა ასპარეზზე 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ლილი" სტუმრად 3:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბელორუსებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს იქითკენ, რომ "ვალენსიას" კონკურენტებად მოვიხსენიოთ და ფაქტია, "ბაიერნთანაც" მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშებენ.

კითხვაზე, რა შანსი აქვს ბატე-ს ისეთ გრანდთან, რომელსაც მინიმუმ 40-ჯერ მეტი ფული აქვს, ბორისოვოელთა პრეზიდენტმა ანატოლი კარპსკიმ ასე უპასუხა: "რაც არის, არის... ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთში ფული არ არის მთავარი".

ბატე-სთვის მთავარი ის არის, რომ გუნდის ლიდერები გლები, როდიონოვი, გორბუნოვი და დაცვის ბურჯი რადკოვი სრულ მზადყოფნაში არიან.

რეკორდმაისტერს ბელორუსში ვერ გაჰყვა არიენ რობენი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია დაშავებულია მარიო გომესიც, თუმცა მას მარიო მანჯუკიჩი იდეალურად ცვლის.

სავარაუდო შემადგენლობები
ბატე (4-4-1-1): გორბუნოვი - პოლიაკოვი, რადკოვი, შიმიჩი, ბორდაჩევი - ლიხტაროვიჩი, ოლეხნოვიჩი, პავლოვი, ა. ვოლოდკო - გლები - როდიონოვი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.

არბიტრი: ალეკსანდარ სტავრევი (მაკედონია)

ვალენსია-ლილი 22:45
"ვალენსიასა" და "ლილის" დაპირისპირება პირველ ტურში დამარცხებულთა დუელია, რომელიც "მესტალიაზე" გაიმართება და ფავორიტად, რა თქმა უნდა, ესპანელები მიიჩნევიან.

"ღამურებმა" ამ უქმეებზე "სარაგოსას" 2:0 მოუგეს და მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესეს - "ვალენსია" პრიმერადივიზიონში ახლა მე-10 ადგილზეა.

თუმცა "ლილს" უფრო მძიმე მდგომარეობა აქვს: ფრანგულმა კლუბმა შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატში მე-15 პოზიციაზეა, გასულ უქმეებზე კი "რენთან" 0:2 დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, "ვალენსიას" ფრანგი მარცხენა მცველი ალი სისოხო თანაგუნდელებს აფრთხილებს, "ლილი" ძალიან კარგი, სწრაფი და ტექნიკური გუნდია, რის გამოც სიფრთხილე გვმართებსო.

სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-4-1-1): გუაიტა - პერეირა, რამი, რუისი, სისოხო - ფეგული, ტინო კოშტა, გაგო, ვიერა - ხონასი - სოლდადო.
ლილი (4-5-1): ლანდრო - ბერია, ბასა, შედიუ, დინიე - მენდესი, პედრეტი, მავუბა, გეიე, პაიე - რუ.

არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

გუნდი
1. ბატე 1 1 0 0 3-1 3
2. ბაიერნი 1 1 0 0 2-1 3
3. ვალენსია 1 0 0 1 1-2 0
4. ლილი 1 0 0 1 1-3 0

G ჯგუფი
სპარტაკი-სელტიკი 20:00

ტრადიციულად, რუსული კლუბი საშინაო შეხვედრას სხვებზე ადრე, ჩვენი დროით 20:00-ზე გამართავს: ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "სელტიკს" მასპინძლობს.

მოსკოველებმა პირველ ტურში "ნოუ კამპზე" მედგრად იბრძოლეს და "ბარსას" უგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

გამოჩნდა, რომ "სპარტაკს" ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა შეუძლია და ეს მოსაზრება უნაი ემერის გუნდმა შოტლანდიურ გრანდთან საშინაო მატჩში უნდა გაამყაროს.

გლაზგოელებმა პირველ ტურში "ბენფიკასთან" 0:0 დააფიქსირეს.

სავარაუდო შემადგენლობები
სპარტაკი (4-2-3-1): პესიაკოვი - დ. კომბაროვი, სუხი, ინსაურალდე, კ. კომბაროვი - კალსტრიომი, დე ზეეუვი - მაკგიდი, არი, ბილიალეტდინოვი - ძუიბა.
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - მეტიუზი, ლუსტიგი, ვილსონი, ისაგირე - ფორესტი, ვანიამა, ბრაუნი, მულგრიუ - სამარასი, ჰოპერი.

არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი)

ბენფიკა-ბარსელონა 22:45
"ბარსა" "ბენფიკას" სტუმრობს, "ესტადიო და ლუჟზე" წარმატების მიღწევა კი არც ისე ადვილია.

ტიტო ვილანოვას
შეგირდებმა შაბათს "სევილია" ძლივს დაამარცხეს (3:2), მომდევნო უქმეებზე კი "რეალთან" "ელ კლასიკო" ელით, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, ლისაბონში ძალების დაზოგვაზე ფიქრი მოუწევთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პრიმერადივიზიონში "ბარსელონა" "რეალს" 8 ქულით უსწრებს, კატალონიური გრანდი ყოველთვის ვალდებულია, "ნოუ კამპზე" მოსისხლე მტერი დაამარცხოს.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსას" ტიაგო ალკანტარა დაუშავდა, რომელიც ლაზარეთში დაახლოებით ორ თვეს გაატარებს.

სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): არტური - პერეირა, გარაი, ჟარდელი, მელგარეო - სალვიო, აიმარი, ენცო პერესი, გაიტანი - როდრიგო, ლიმა.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, ვილია.

არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

გუნდი
1.
ბარსელონა 1 1 0 0 3-2 3
2. სელტიკი
1 0 1 0 0-0 1
3. ბენფიკა 1 0 1 0 0-0 1
4. სპარტაკი 1 0 0 1 2-3 0

H ჯგუფი
კლუჟი-მანჩესტერ იუნ. 22:45

სტუმრად თამაშობს "მანჩესტერ იუნაიტედიც" - სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები რუმინეთში ჩადიან და ეთამაშებიან "კლუჟს", რომელმაც პირველ ტურში პორტუგალიური "ბრაგა" ლამის უპრობლემოდ დაამარცხა და მანკუნიანელთა დარად, აქტივში სამი ქულა აქვს.

ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედმა" "ტოტენჰემთან" საშინაო მარცხი იწვნია (2:3) და აქვე შეგახსენებთ, რომ "ჰოთსპურმა" "ოლდ ტრაფორდზე" 1989 (!) წლის მერე პირველად მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები
კლუჟი (4-2-3-1): ფელგერიაში - პინტუ, კადუ, რადა, სეპსი - მურესანი, ალბერტო - სოუგუ, ბასტოსი, კამორა - კაპეტანოსი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ბიუტნერი - კლევერლი, ფლეტჩერი, ანდერსონი - ნანი, რუნი, უელბეკი.

არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

გალათასარაი-ბრაგა 22:45
ეს კი დამარცხებულთა დუელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს, განსაკუთრებით, "გალათასარაიზე" ითქმის, რადგან თურქეთის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე თამაშობს.

ფათიჰ თერიმის გუნდმა პირველ ტურში "ოლდ ტრაფორდზე" მაგრად იბრძოლა და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, ამ უქმეებზე კი "გალამ" თურქეთის ჩემპიონატშიც მოულოდნელი მარცხი განიცადა - 0:2 "ორდუსპორთან".

სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-3): მუსლერა - ებუე, კრისი, კაია, ბალთა - ფელიპე მელო, ინანი, ჰამით ალთინთოფი - უმუთ ბულუთი, ბ. ილმაზი, ელმანდერი.
ბრაგა (4-3-3): ბეტუ - ბაიანო, დუგლაო, ნუნო, ელდერსონი - ამორიმი, კუშტოდიო, ვიანა - ალანი, ედერი, ბარბოსა.

არბიტრი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია)

გუნდი
1. კლუჟი 1 1 0 0 2-0 3
2. მანჩესტერ იუნ. 1 1 0 0 1-0 3
3. გალათასარაი 1 0 0 1 0-1 0
4. ბრაგა 1 0 0 2 0-2 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხორდი ალბა: "ბარსელონას" მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

ანდრეა პირლო: ტურინის "იუვენტუსის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა
იაია ტურე: "მანჩესტერ სიტი" ფანტასტიკურ გუნდს ხვდება
ხავიერ მასკერანო: ლისაბონის "ბენფიკას" დამარცხება რთული იქნება
ქარიმ ბენზემა ამსტერდამის "აიაქსს" უფრთხის
ჟორჟე ჟეზუში: "ბარსელონა" იდეალური გუნდი არ არის
ალექს ფერგიუსონი: "კლუჟის" იარაღი კონტრშეტევებია
ტიტო ვილანოვა: ლისაბონის "ბენფიკასთან" დიდი მატჩი გველის
პეტერ ჩეხი: "ნორდსიელანდის" დაუფასებლობა არ იქნება!
მანუელ ნოიერი: "ბატესთან" იოლი გასეირნება არ გველის
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. სამშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული