ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური სამშაბათს გამაოგნებელი სენსაციით დაიწყო: ბატე-ს გამარჯვება "ბაიერნთან" პატარა, მაგრამ ლოგიკური სასწაულია (თუკი შეიძლება, რომ ასე ითქვას), რადგან ბელარუსებმა, ჩვენგან განსხვავებით, უდიდესი პროგრესი განიცადეს.

ამ მატჩის ფონზე სენსაციად აღარც კი აღიქმება ის, რომ "იუვენტუსმა" "შახტარს" ვერ მოუგო, "გალათასარაი" კი საკუთარ არენაზე "ბრაგასთან" დამარცხდა.

"ჩელსიმ", "ბარსამ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი დაგეგმილი ქულები აიღეს.

E ჯგუფი
ნორდსიელანდი-ჩელსი 0:4

გოლები: 0:1 მატა (33), 0:2 დავიდ ლუისი (79), 0:3 მატა (82), 0:4 რამირესი (89)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან მატა (ვალენსია)

"ნორდსიელანდთან" სამივე
გუნდი 6-6 ქულის აღებას გეგმავს. "შახტარმა" და "ჩელსიმ" თავიანთი მისიები სანახევროდ უკვე შეასრულეს.

ლონდონელთა გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ კოპენჰაგენში დაფიქსირებული ანგარიში შეხვედრის პერიპეტიების ანალოგიური არ არის.

ლონდონელები 33-ე წუთზე დანიელთა სერიოზული შეცდომის წყალობით დაწინაურდნენ (მატა), რის შემდეგაც "ნორდსიელანდი" არცთუ უხიფათოდ უტევდა. იოშუა იონმა 73-ე წუთზე პეტრ ჩეხის კარის ძელიც კი შეაზანზარა და ანგარიში რომ გაეთანაბრებინა, კაციშვილი ვერ იტყვის, დი მატეოს გუნდი აუცილებლად მოიგებდაო.

დანიელებმა ამ მომენტის შემდეგ მალევე მეორე გოლი გაუშვეს (დავიდ ლუისმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა), რამაც "ნორდსიელანდის" მორღვევა გამოიწვია. შედეგად, შეხვედრის მიწურლს მატამ დუბლი გაიფორმა, ბოლო წერტილი კი რამირესმა დასვა.

მიკელ ბეკმანი (ნორდსიელანდი):
"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მატჩი 0:4 წავაგეთ, რადგან ასეთი დიდი ანგარიშით მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ "ჩელსის" ორი გოლი ვაჩუქეთ. ჩემპიონთა ლიგაში ასეთი შეცდომები უმკაცრესად ისჯება".

ფრენკ ლემპარდი (ჩელსი):
"ნორდსიელანდს" კარგად არ ვიცნობდით, მაგრამ ვიცოდით, რომ ამ გუნდს კარგად თამაში შეუძლია. ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშიდან ეს არ ჩანს, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად."

იუვენტუსი-შახტარი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ალექს ტეიშეირა (23), 1:1 ბონუჩი (23)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვილიანი (შახტარი)

იტალიისა და უკრაინის ჩემპიონების მატჩი ისე დაიწყო, რომ ვიფიქრეთ, "გოლუხვი" შეხვედრა გამოვიდოდა, მაგრამ "გოლების წვიმა" 23-ე წუთზე დაიწყო და 23-ე წუთზევე დამთავრდა: ალექს ტეიეშეირამ ანგარიში ისეთი დარტყმით გახსნა, ჯიჯი ბუფონი უშანსოდ იყო და რამდენიმე წამის შემდეგ ანდრეა პირლოს კუთხურს ლეონარდო ბონუჩი გამოეხმაურა და ასევე აუღებელი დარტყმით გაათანაბრა.

ამის შემდეგ გუნდები მძაფრად აღარ უტევდნენ - დასამახსოვრებელი იყო რამდენიმე შორეული დარტყმა და შეცვლაზე შესული სებასტიან ჯოვინკოს აქტიურობა.

ფრე აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია, მაგრამ "შახტარმა" ტურინიდან კინაღამ სამი ქულა წაიღო: 93-ე წუთზე ვილიანმა ბუფონის კარის ძელი "მოიკითხა".

ამრიგად, იტალიის ჩემპიონს ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს, "ჩელსის" და "შახტარს" კი უკვე - 4-4. თუმცა მომდევნო ორ ტურში "იუვე" "ნორდსიელანდს" ეთამაშება, დონეცკელებს და ლონდონელებს კი ერთმანეთში ორი დუელი მოუწევთ. "იუვესთვის" ამ ეტაპზე ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ბოლო ტურში დონეცკში ჩადის.

ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი):
"თამაში ცუდად დავიწყეთ და დასანანი გოლი მივიღეთ. ეს რომ არა, ამ მატჩს აუცილებლად მოვიგებდით".

მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მწვრთნელი):
"მოპოვებული ქულით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებიც გახარებულები არიან. ტურინიდან ქულის წაღება დიდი მიღწევაა. ამის გაკეთება "ჩელსისაც" ძალიან გაუჭირდება - აღარაფერს ვამბობ ნორდსიელანდზე".

უნდი
1. ჩელსი 2 1 1 0 6-2 4
2. შახტარი 2 1 1 0 3-1 4
3. იუვენტუსი 2 0 2 0 3-3 2
4. ნორდსიელანდი 2 0 0 2 0-6 0

F ჯგუფი
ბატე-ბაიერნი 3:1
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 პავლოვი (23), 2:0 როდიონოვი (78), 2:1 რიბერი (91), 3:1 ბრესანი (94)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეი გორბუნოვი (ბატე)

დაუმარცხებელი არავინაა, მათ შორის, არც მიუნხენის "ბაიერნი" და არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბავარიული გრანდი ამ ჯგუფიდან გავა, მაგრამ ბატე-სთან წაგება მაინც ძალიან მოულოდნელი იყო.

რეკორდმაისტერს ამ სეზონში ცხრავე თამაში მოგებული ჰქონდა, მიუნხენელები ოქტობერფესტისთვის იდეალური განწყობით ემზადებოდნენ და პირველი, საკმაოდ მწარე მარცხი იგემეს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბატე-ს გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია.

მართალია, იუპ ჰაინკესის შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ.

ბელარუსები 23-ე წუთზე, ჰოლგერ ბადშტუბერის პოზიციური შეცდომის წყალობით დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში "ბაიერნმა" ბატე წნეხის ქვეშ მოაქცია, მაგრამ მასპინძლები კონტრშეტევებზე იკბინებოდნენ. შედეგი: როდიონოვმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მართალია, რიბერის გვიანმა გოლმა მიუნხენელებს იმედი გაუჩინა, მაგრამ გოლი ისევ მანუელ ნოიერის კარში გავიდა.

აი, ასე მოუგო ბატე-მ "ბაიერნს"... ვიმეორებთ: ბატე-მ! "ბაიერნს"!.. ექვსქულიან ბელარუსებს ახლა "ვალენსიასთან" ორი დუელი ელით...

ვიქტორ გონჩარენკო (ბატე-ს მწვრთნელი):
"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავში უნდა აგვივარდეს. "ლილთან" სტუმრად და "ბაიერნთან" საკუთარ მოედანზე გამარჯვებების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი გაგვიჩნდა და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაა".

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი):
"წაუგებელი არავინაა და კიდევ კარგი, ისეთი მატჩი წავაგეთ, რომელიც არ იყო გადამწყვეტი. ბატე-ს მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა და ამით ყველაფერი ნათქვამია".

ვალენსია-ლილი 2:0
გოლები: 1:0 ჟონასი (38), 2:0 ჟონასი (74)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჟონასი (ვალენსია)

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლილი" განწირულია, რადგან ბატე-სთან და ვალენსიაში წაგებების შემდეგ, ფრანგულ კლუბს "ბაიერნთან" მოუწევს ორი დუელი და შანსი იმისა, რომ "ლილმა" ვითარება სათავისოდ შეატრიალოს, მიზერულია.

"ვალენსიამ" ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მერვე საშინაო თამაში არ წააგო, სამი ქულა კი პირველ რიგში ჟონასის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მართალია, "ღამურებმა" მშრალად მოიგეს, მაგრამ წარმატების მიღწევა მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდათ - ესპანელებს სახიფათო მომენტების შექმნა განსაკუთრებით პირველ ტაიმში უჭირდათ.

შესაბამისად, ცოტათი ალოგიკური იყო ჟონასის გოლი, რომლითაც "ვალენსია" პირველი ნახევრის მიწურულს დაწინაურდა.

ვითარება დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მეორე გოლის მომენტში კი ჟონასს აშკარად ჩაწოდება სურდა და გოლი გამოუვიდა.

86-ე წუთზე "ლილს" კაპიტანი დებუში გაუძევეს, რომელიც "ბაიერნთან" დუელებს გამოტოვებს. ესეც კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ფრანგები ამ ჯგუფში უშანსოდ არიან...

გუნდი
1. ბატე 2 2 0 0 6-2 6
2. ვალენსია 2 1 0 1 3-2 3
3. ბაიერნი 2 1 0 1 3-4 3
4. ლილი 2 0 0 2 1-5 0

G ჯგუფი
სპარტაკი-სელტიკი 2:3

გოლები: 0:1 ჰუპერი (12), 1:1 ემენიკე (41), 2:1 ემენიკე (48), 2:2 კომბაროვი (71-საკ. კარში), 2:3 სამარასი (90)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გარი ჰუპერი (სელტიკი)

"სპარტაკმა" "ნოუ კამპზე" იმდენად ეფექტურად ითამაშა (2:3), რომ იძულებულები გავხდით, რუსეთის სახალხო გუნდი ჯგუფიდან გასვლის რეალურ კანდიდატად შეგვერაცხა, მაგრამ მეორე ტურში უნაი ემერის გუნდი საკუთარ მოედანზე "სელტიკთან" დამარცხდა და ახლა "სპარტაკის" შანსებზე საუბარი უკვე ძალიან ძნელი და ალოგიკურია.

აღსანიშნავია, რომ "სელტიკმა" თავის საჩემპიონთალიგო ისტორიაში პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო და საინტერესოა ისიც, რომ გლაზგოელების მთავარი გმირი ბერძენია - ბოლო წუთზე სამქულიანი დარტყმა გეორგიოს სამარასმა შეასრულა.

ვერ ვიტყვით, რომ მოსკოველებმა ცუდად ითამაშეს. მეტიც: მომენტებში ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდნენ და ორი გოლიც გაიტანეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისევ ხელცარიელები დარჩნენ.

ნიგერიელი ემანუელ ემენიკეს დუბლით "სპარტაკს" თამაში შეტრიალებული ჰქონდა, როცა ჯერ ინსაურალდემ დაიმსახურა წითელი ბარათი, მერე კი კომბაროვმა საკუთარი კარი დალაშქრა.

ემერის ჯანო ანანიძე განაცხადშიც კი არ ჰყავდა, შერჩეულმა სათადარიგო ფეხბურთელებმა კი ვერაფრით უშველეს.

სერგეი პესიაკოვი (სპარტაკის მეკარე):
"გადამწყვეტი როლი ინსაურალდეს გაძევებამ შეასრულა და საერთოდ, ორი სულელური გოლი გავუშვით. ახლა "ბენფიკასთან" 6 ქულა უნდა მოვიპოვოთ - ეს ჩვენი ერთადერთი შანსია".

ბენფიკა-ბარსელონა 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 სანჩესი (6), 0:2 ფაბრეგასი (56)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

"ბარსელონამ" "ესტადიო და ლუჟზე" თამაში გამოჯანმრთელებული პუიოლით, მაგრამ ინიესტასა და ვილიას გარეშე დაიწყო, რაც აშკარად იმის დასტური გახლდათ, რომ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ ამ ლიდერების "რეალთან" სუპერჯახისთვის დასვენება გადაწყვიტა, რადგან მეორე ტაიმში მოედანზე ვილიაც გამოვიდა და ინიესტაც.

მიუხედავად ამისა, "ბარსას" მხოლოდ ხუთი დასჭირდა იმისათვის, რომ ანგარიში გაეხსნა: ლეო მესიმ მარცხენა ფლანგზე გაიწია და გამჭოლი პასით ალექსის სანჩესი მოძებნა, რომელმაც ბურთს კარის ხაზი გადააკვეთინა - ეს გახლდათ "ბარსას" მე-800 გოლი ევროტურნირებზე.

არ დავმალავთ, რომ "ბენფიკა" ცოტათი შეგვეცოდა, რადგან ლისაბონელებმა თამაში საკმაოდ კარგად დაიწყეს და "ბარსას" მცველებს დიახაც წნეხავდნენ როგორც გოლამდე, ასევე გოლის შემდეგაც, მაგრამ საქმე რეალურ მომენტამდე ვერ მიჰყავდათ.

"ბარსა" კი პირიქით, ძალების მინიმალური ხარჯით მაქსიმალურ ეფექტს აღწევდა: 56-ე წუთზე ფაბრეგასმა (ასევე მესის პასით) მეორედ დალაშქრა პორტუგალიური გრანდის კარი და ცხადი გახდა, რომ "ბენფიკა" ამ შეხვედრაში ვეღარაფერს გააწყობდა.

"ბარსელონასთვის" ეს "კლასიკოს" მართლაც შემდგარი რეპეტიცია იქნებოდა, რომ არა ორი სამწუხარო ფაქტი: პუიოლი ისევ დაშავდა, 88-ე წუთზე კი სერხიო ბუსკეტსი მოედნიდან გააძევეს...

უნდი
1. ბარსელონა 2 2 0 0 5-2 6
2. სელტიკი 2 1 1 0 3-2 4
3. ბენფიკა 2 0 1 1 0-2 1
4. სპარტაკი 2 0 0 2 4-6 0

H ჯგუფი
გალათასარაი-ბრაგა 0:2

გოლები: 0:1 მიკაელი (27), 0:2 ალანი (90)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რუბენ მიკაელი (ბრაგა)

"გალათასარაის" საშინაო მარცხი "ბრაგასთან" ბატე-ს გამრჯვებაზე არანაკლები სენსაციაა. ფათიჰ თერიმის გუნდი უპირატესობასაც ფლობდა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ პირველ ტურში საკუთარ კედლებში "კლუჟთან" დამარცხებული პორტუგალიური კლუბის კარი ვერაფრით დალაშქრა.

"ბრაგა" უფრო ეფექტური გახლდათ: რუბენ მიკაელისა და ალანის გოლებს მთლად ლოგიკურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ არც ალოგიკური ეთქმის.

თურქეთის ჩემპიონი ახლა უკვე მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული - "გალათასარაის" "კლუჟთან" ორი მატჩი ელის და ფაქტია, რომ თერიმს ორივე შეხვედრის მოგება სჭირდება.

ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მწვრთნელი):
"პირველიდან ბოლო წუთამდე ვდომინირებდით და მაინც წავაგეთ. სამწუხაროდ, მეტოქემ პირველივე ხეირიანი შეტევა გოლით დააგვირგვინა, რამაც ჩვენზე დამთრგუნველად იმოქმედა. დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია - ოთხი მატჩი წინ გვაქვს".

კლუჟი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 კაპეტანოსი (19), 1:1 ვან პერსი (29), 1:2 ვან პერსი (49)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ამ მატჩსაც სენსაციის სუნი ასდიოდა: რუმინელები "მანჩესტერ იუნაიტედს" პანტელის კაპეტანოსის გოლით უგებდნენ.

სერ ალექს ფერგიუსონმა რობინ ვან პერსი და უეინ რუნი ძირითად შემადგენლობაში ერთად პირველად გაამწესა და დარწმუნდა, რომ მათი ერთად თამაში შეიძლება: 29-ე წუთზე ჰოლანდიელმა სწორედ რუნის ჯარიმის სემდეგ შეუშვირა ბურთს მხარი ისე, რომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მერე კი ისევ უეინი მოევლინა მეპასედ და მისი ჩაწოდება ეფექტურად აქცია გოლად.

მატჩის მიწურულს "იუნაიტედის" კართან ვითარება დაიძაბა, მაგრამ რაფაელ ბასტოსის თავური დარტყმის შემდეგ დავიდ დე ხეამ ივაჟკაცა და მანკუნიანელებს სამი ქულა გადაურჩინა.

ორი ტურის შემდეგ "იუნაიტედი" ასპროცენტიანია, მერვედფინალის მეორე საგზურისთვის კი, როგორც მოსალოდნელი იყო, "კლუჟი", "ბრაგა" და თვით უქულო "გალათასარაიც" იბრძოლებენ.


გუნდი
1. მან. იუნაიტედი 2 2 0 0 3-1 6
2. კლუჟი 2 1 0 1 3-2 3
3. ბრაგა 2 1 0 1 2-2 3
4. გალათასარაი 2 0 0 2 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული