ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ

AutoSharing Option
7 ნოემბერს დონეცკის "შახტარს", "ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედს" მერვედფინალის საგზურების განაღდება შეუძლიათ, ლონდონის "ჩელსი" და ტურინის "იუვენტუსი" კი ზეწოლის ქვეშ არიან.

"ბაიერნი" "ლილის" განადგურებას აპირებს, "გალათასარაი" ბოლო შანსისთვის იბრძოლებს...

E ჯგუფი
ჩელსი და იუვე წნეხის ქვეშ

"ჩელსიმ" და "იუვენტუსმა" უნდა მოიგონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობას ჯგუფის ორივე ფავორიტი გაირთულებს და საქმე იქითკენ წავა, რომ ერთ-ერთი მერვედფინალში ვერ გავა.

ლონდონელები ლიდერ "შახტარს" მასპინძლობენ, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს გაინაღდებს.

უკრაინელთა შესაძლო გამარჯვებაზე თავისუფლად ვსაუბრობთ, რადგან "შახტარმა" პირველი წრის სამივე მატჩი
მაღალ დონეზე ჩაატარა. დონეცკელებმა მხოლოდ ერთი თამაში ვერ მოიგეს და უნდა ვთქვათ, რომ გამარჯვებას ტურინშიც (1:1) "იუვენტუსზე" მეტად იმსახურებდნენ.

გასულ უქმეებზე მირჩა ლუჩესკუს ძალიან საინტერესო გუნდმა უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურში მე-14 მატჩი მოიგო, "ჩელსი" კი "სუონსისთან" 1:1-ს დასჯერდა და ლიდერობა "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუთმო.

მწვრთნელ რობერტო დი მატეოს პრემიერლიგაში ტორესი და ივანოვიჩი დისკვალიფიცირებულები ჰყავდა, რომლებიც არა მარტო განაცხადში, არამედ ძირითად შემადგენლობაშიც დაბრუნდებიან.

ჩელსი-შახტარი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ე. კოული - რამირესი, ობი მიკელი - ოსკარი, მატა, აზარი - ტორესი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ჰიუბშმანი, ფერნანდინიო - ვილიანი, მხითარიანი, ტეიშეირა - ლუის ადრიანო.
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

* * *
ვის უნდა დაეთმო "ნორდსიელანდისთვის" ქულა, თუ არა "იუვენტუსს" - რაც არ უნდა კარგ ფორმაში იყვნენ, ტურინელები ასეთ შეხვედრებს თითქოს ყოველთვის მოტივაციანაკლულნი უდგებიან ხოლმე.

ახლა "იუვე" დანიის ჩემპიონს უკვე საკუთარ მოედანზე ხვდება და ვალდებულია, გაიმარჯვოს, რადგან იტალიის თავმომწონე ჩემპიონს სამივე მატჩი ფრედ აქვს დამთავრებული და მორიგი წაფორხილება ჯგუფში ჩარჩენის სიმპტომი იქნება.

"ბებერი ქალბატონისთვის" ცუდია ის, რომ მაინცდამაინც ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ წააგო მოსისხლე მტერ მილანის "ინტერთან" (1:3), რითაც ტურინელთათვის სერია A-ში 43-მატჩიანი (!) წაუგებელი სერია დამთავრდა.

იუვენტუსი-ნორდსიელანდი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ბენდტნერი, ჯოვინკო.
ნორდსიელანდი (4-2-3-1): ჰანსენი - პარკჰურსტი, ოკორე, რუნიე, მტილიგა - კრისტენსენი, ადუ - ლორენტზენი, ბეკმანი, ჯონი - ნორდსტრანდი.
არბიტრი: ალეკსანდარ სტავრევი (მაკედონია)

უნდი
1 შახტარი 3 2 1 0 5-2 7
2 ჩელსი 3 1 1 1 7-4 4
3 იუვენტუსი 3 0 3 0 4-4 3
4 ნორდსიელანდი 3 0 1 2 1-7 1


F ჯგუფი
ჰიონესმა ლილის განადგურება ბრძანა

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სამი ტურის შემდეგ F ჯგუფიდან მერვედფინალში გასვლისთვის სამი გუნდი იბრძვის: "ბაიერნსა" და "ვალენსიასთან" ერთად, პლეი ოფის საგზურს ბატე-ც ეპოტინება.

ერთადერთი უბედური ფრანგული "ლილია", რომელსაც სამი ტურის შემდეგ ქულების გრაფაში ჯერ კიდევ ნული უწერია და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ბაიერნს" მიუნხენში სტუმრობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ: "ლილისთვის" მერვედფინალზე ოცნებას 7 ნოემბერს უნდა დაესვას წერტილი.

ბავარიელებს სამი ქულის აღება მყარად აქვთ გადაწყვეტილი და უფრო მეტიც: რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა სულაც "ლილის" განადგურება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში არიენ რობენი დაბრუნდება - მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ეს მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა.

მიუნხენელთა სასტარტოში ტონი კროოსისა და ლუის გუსტავოს გამოჩენას არ უნდა ველოდოთ - ამ უკანასკნელს ხავი მარტინესი შეცვლის. ვირუსი აქვს თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხორვატი ოთხშაბათს საღამომდე ლოგინიდან ვერ ადგა, ძირითადში თამაშისა და თავის გამოჩენის შანსი კლაუდიო პისაროს მიეცემა.

საკადრო პრობლემები ჰაინკესის ვიზავის, "ლილის" თავკაც რუდი გარსიასაც აქვს: კითხვის ნიშნის ქვეშაა ფრანკ ბერიას, მატიო დებუშისა და მარკო ბასას ასპარეზობა. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და მოედანზე გასვლა შეუძლია რიო მავუბას. თუმცა, საეჭვოა, გარსიამ ეს უკანასკნელი ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს.

ბაიერნი-ლილი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - პისარო.
ლილი (4-3-3): ლანდრო - დებუში, ბასა, შედიუ, ბონარი - ბალმონტი, როზენალი, მარტინი - კალუ, რუ, პაიე.
არბიტრი: ოვიდიუ ალინ ჰატეგანი (რუმინეთი)

* * *
პარალელურ მატჩში "ვალენსია" ბატე-ს მასპინძლობს და სატურნირო თვალსაზრისით, ეს მატჩი უფრო საინტერესოა, რადგან ისევე, როგორც გერმანელებს, ესპანელებს და ბელორუსებსაც 6-6 ქულა აქვთ.

"ვალენსიამ" ბატე მის მოედანზე 3:0 დაამარცხა და ლოგიკურია, რომ "ღამურები" ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა ბატე ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა, რაც ამ გუნდმა ამ სეზონში უკვე დაამტკიცა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ დუელში გამარჯვებული მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

ვალენსიელები ძალიან კარგ ხასიათზე არიან, რადგან ლა ლიგაში მადრიდის "ატლეტიკო" 2:0 დაამარცხეს. ბატე-მ "ნაფტანთან" 0:1 წააგო...

ვალენსია-ბატე 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - პერეირა, რამი, რიკარდო კოშტა, სისოკო - გაგო, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი, გუარდადო - სოლდადო.
ბატე (4-3-2-1): გორბუნოვი - პოლიაკოვი, ფილიპენკო, შიმიჩი, ბორდაჩოვი - ოლეხნოვიჩი, ლიხტაროვი, ვოლოდკო - ბრესანი, გლები - როდიონოვი.
არბიტრი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია)

უნდი
1 ვალენსია 3 2 0 1 6-2 6
2 ბატე 3 2 0 1 6-5 6
3 ბაიერნი 3 2 0 1 4-4 6
4 ლილი 3 0 0 3 1-6 0


G ჯგუფი
ჯანოს ძირითადში ველით!
"ბარსელონა" მერვედფინალისკენ უპრობლემოდ მიიწევს, სამივე თამაში მოიგო და "სელტიკთან" გასვლით მატჩში ფრეც აწყობს იმისათვის, რომ პლეი ოფის საგზური გაინაღდოს.

კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატში 14-დან 13 თამაში მოგებული აქვთ და მხოლოდ "რეალთან" წაიფორხილეს (2:2).

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "სელტიკთან" წინა მატჩში "ბარსას" მოგება ძალიან გაუჭირდა და შოტლანდიური გრანდი მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი გოლით (ხორდი ალბა) დაამარცხა.

სელტიკი-ბარსელონა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ლუსტინგი, უილსონი, ამბროზი, მალგრეუ - კომონსი, ბრაუნი, ვანიამა, ლედლი - ჰუპერი, სამარასი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ალვეში, მასკერანო, პიკე, ალბა - ფაბრეგასი, ინიესტა, ჩავი - პედრო, მესი, დავიდ ვილია.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

* * *
მერვედფინალში გასვლის იმედი და შანსი ჯერ კიდევ აქვს ლისაბონის "ბენფიკას" და ამ შანსის შენარჩუნებისთვის (ან, გნებავთ, გაუმჯობესებისთვის) საკუთარ მოედანზე "სპარტაკის" დამარცხება სჭირდება.

პორტუგალიელთა თავკაც ჟორჟე ჟესუსს დაცვის ბურჯი ლუიზაო დისკვალიფიცირებული ჰყავს. ამ დღეშია მატიჩიც.

"სპარტაკში" ჯანო ანანიძის გამოჩენის იმედი გვაქვს - ჩვენებური ბოლო დროს ძალიან კარგად ათამაშდა, ბრწყინვალე ფორმაშია და ლოგიკურად, უნაი ემერიმ ძირითადში უნდა ათამაშოს.

ბენფიკა-სპარტაკი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-2-3-1): არტური - პერეირა, ჟარდელი, გარაი, ლუიზინიო - გაიტანი, სალვიო - ლიმა, პერესი, სეზარი - კარდოსო.
სპარტაკი (4-2-3-1): რებროვი - მაკეევი, ინსუარალდე, პარეხა, კომბაროვი - რაფაელი, კალსტრიომი - ხურადო, არი, ბილიალეტდინოვი - ემენიკე.
არბიტრი: ფლორიან მაიერი (გერმანია)

უნდი
1 ბარსელონა 3 3 0 0 7-3 9
2 სელტიკი 3 1 1 1 4-4 4
3 სპარტაკი 3 1 0 2 6-7 3
4 ბენფიკა 3 0 1 2 1-4 1


H ჯგუფი
მანჩესტერის მატჩ-ბოლი

მერვედფინალის საგზურის განაღდება შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედსაც". სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს ამისათვის "ბრაგას" დამარცხება სჭირდებათ.

მანკუნიანელები პორტუგალიაში კარგი განწყობით ჩავიდნენ, რადგან გასულ უქმეებზე "არსენალი" 2:1 დაამარცხეს და პრემიერლიგაში გალიდერდნენ.

"ოლდ ტრეფორდზე" "იუნაიტედმა" "ბრაგა" დრამატულ მატჩში 3:2 დაამარცხა და იმ შეხვედრაში ფერგიმ უეინ რუნი ნახევარდაცვაში ათამაშა. გამორიცხული არაა, რომ სერ ალექსმა თავისი კაპიტანი ამჯერადაც უკან დახიოს.

რაკი მანჩესტერში 2:0-ს იგებდნენ, პორტუგალიელებს აქვთ იმის იმედი, რომ "იუნაიტედის" დამარცხებას მოახერხებენ.

ბრაგა-მანჩესტერ იუნაიტედი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაგა (4-4-2): ბეტუ - ბაიანო, კოელიო, ეჩიეჯილე, დუგლაო - კუშტოდიო, მოსორო, ვიანა, ალანი - ბარბოსა, ედერი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - რაფაელი, ევანსი, ფერდინანდი, ბიუტნერი - კლევერლი, ქერიკი, ფლეტჩერი - ჩიჩარიტო, ვან პერსი, რუნი.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

* * *
პარალელურ შეხვედრაში "კლუჟი" "გალათასარაის" მასპინძლობს. თურქებმა რუმინელები საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხეს (1:1), თუმცა პირველი ქულა აიღეს და ჯერ კიდევ აქვთ ჯგუფიდან გასვლის შანსი.

თურქეთის ჩემპიონს 7 ნოემბერს ფელიპე მელო არ ეყოლება - ბრაზილიელმა მესამე ტურში მესამე გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიცირებულია. თუმცა ლიდერი რუმინელებსაც აკლიათ - აგირეგარაი სტამბულში გააძევეს.

ბოლო ოფიციალური მატჩები ორივემ მოიგო: "კლუჟმა" "ბრაშოვი" 5:0 გაანადგურა, "გალამ" კი თანაქალაქელი "ბუიუქშეჰირი" 3:1 დაამარცხა.

კლუჟი-გალათასარაი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
კლუჟი (4-4-1-1): ფელგეირაში - ივო პინტუ, კადუ, პიკოლო, სეპსი - ვალენტე, ალბერტო, მურესანი, კამორა - რუი პედრო - კაპეტანოსი.
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა - ებუე, კრისი, ნოუნკეუ, ჰამით ალთინთოფი - რიერა, სელჩუკ ინანი, იექთა, ამრაბატი - ბ. ილმაზი, უმუთ ბულუთი.
არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)

უნდი
1 იუნაიტედი 3 3 0 0 6-3 9
2 კლუჟი 3 1 1 1 4-3 4
3 ბრაგა 3 1 0 2 4-5 3
4 გალათასარაი 3 0 1 2 1-4 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული