პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უსუსური გუნდი გაანადგურა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი ამჯერად უგოლო გალა-კონცერტი ჩაატარა;
"პორტუმ" და "მალაგამ" მერვედფინალში თამაში გაინაღდეს, საფრანგეთის ჩემპიონი ჯგუფიდან ვეღარ გავა, ხოლო "მილანი", მიუხედავად ბედოვლათობისა, მაინც მეორე ადგილზეა...
A ჯგუფი
პსჟ-დინამო (ზ) 4:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ალექსი (16), 2:0 მატუიდი (61), 3:0 მენეზი (65), 4:0 ოარო (80)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაშიც ერთ-ერთი უსუსტესი
პსჟ-მ კი დაამტკიცა, რომ ამ გუნდიდან გოლების გატანა არა მარტო ზლატან იბრაჰიმოვიჩს, არამედ სხვებსაც შეუძლიათ. თუმცა, მიუხედავად მოედნის უგოლოდ დატოვებისა, შვედი თავდამსხმელი მაინც საუკეთესო გახლდათ და ამჯერად საგოლე პასები არიგა.
მე-16 წუთზე იბრამ ალექსს გაატანინა, მეორე ტაიმის მე-16 წუთზე მატუიდის მოემსახურა, მერე კი ზლატანის ფენომენალური მოედნის ხედვით მენეზმა და ოარომაც იხეირეს.
"დინამო" თავიდანვე არ ჰგავდა ანგარიშგასაწევ ძალას, 2:0-ის შემდეგ კი ხორვატები საბოლოოდ დანებდნენ.
ამ გამარჯვებით კარლო ანჩელოტის გუნდმა მერვედფინალში ცალი ფეხით შეაბიჯა - პარიზელები მესამეადგილოსან კიევის "დინამოს" 5 ქულით უსწრებენ.
დინამო (კ)-პორტუ 0:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეი იარმოლენკო (დინამო /კ/)
"პორტუს" მერვედფინალის საგზურის გასანაღდებლად ფრეც ჰყოფნიდა და პორტუგალიელებმა კიევში მოთხოვნის შესაბამისად ითამაშეს: ძალების მინიმალური ხარჯით მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეეცადნენ და მიზანს მიაღწიეს კიდეც - "პორტუ" მერვედფინალში ითამაშებს.
კიეველებს კი ჯგუფიდან გასვლის ოდენ თეორიული შანსიღა შერჩათ, რომლის პრაქტიკულობაც თითქმის ნულის ტოლია.
გამარჯვებისთვის ბრძოლა უკრაინულ უფრო მოეთხოვებოდა, მაგრამ კიეველებმა მეტოქეს ბევრი ვერაფერი შესთავაზეს. ვერც მძაფრი შეტევები ვნახეთ და არც გოლები გავიდა - იყო მხოლოდ რამდენიმე გამოუყენებელი მომენტი.
ასე დაფიქსირდა უგოლო ფრე, რომელმაც მაინც გამოავლინა გამარჯვებულიც (პორტუ) და დამარცხებულიც (დინამო). კიეველთა ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ სავარაუდოდ ევროპალიგაზე გადაინაცვლებენ.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ზაგრების "დინამო" აბსოლუტურად უმაქნისი გუნდი ჩანს, წესით, უკრაინელებს მესამე ადგილზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ.
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | პორტუ | 4 | 3 | 1 | 0 | 6-2 | 10 |
2 | პსჟ | 4 | 3 | 0 | 1 | 10-2 | 9 |
3 | დინამო (კ) | 4 | 1 | 1 | 2 | 5-7 | 4 |
4 | დინამო (ზ) | 4 | 0 | 0 | 4 | 0-10 | 0 |
B ჯგუფი
შალკე-არსენალი 2:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 უოლკოტი (18), 0:2 ჟირუ (26), 1:2 ჰუნტელაარი (45+2), 2:2 ფარფანი (67)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯეფერსონ ფარფანი (შალკე)
შეხვედრა ლონდონელთა ორი, საკმაოდ სწრაფი გოლი დაიწყოთ და ის-ის იყო, ვიფიქრეთ, "შალკე" "არსენალს" მესამე ტურის "ვალს უბრუნებსო" (ლონდონში გერმანელებმა 2:0 გაიმარჯვეს), რომ გელზენკირხენელები აზრზე მოვიდნენ, მედგრად შეუტიეს და პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს.
მეორე ტაიმში ფეხბურთს რეალურად მხოლოდ "შალკე" თამაშობდა. ჰუუბ სტევენსის შეგირდთაგან საუკეთესო ჯეფერსონ ფარფანი გახლდათ და მეორე გოლის ავტორობაც სწორედ მას ხვდა წილად. საბოლოოდ ფრე 2:2, რომელმაც "შალკე" პირველ ადგილზე დატოვა.
მომდევნო ტურში გერმანელები "ოლიმპიაკოსს" მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურის განაღდება შეუძლიათ.
რაც შეეხება "არსენალს": "მონპელიე" სათვალავში ჩასადგები აღარაა, "ოლიმპიაკოსს" კი "მეთოფეები" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ.
შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" დარჩენილ ორ ტურში ჯერ "მონპელიეს" უნდა უმასპინძლოს, მერე კი საბნერძნეთში ჩადის. ასე რომ, არსენ ვენგერის ბიჭებს ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა მოუწევთ.
ჰუუბ სტევენსი ("შალკეს" მწვრთნელი): "ვაღიარებ, ცოტათი გაგვიმართლა, ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს რომ გავათანაბრებთ, მაგრამ თუ მატჩს მთლიანობაში შევხედავთ, არათუ წაგებას არ ვიმსახურებდით, უნდა მოგვეგო კიდეც."
არსენ ვენგერი ("არსენალის" მწვრთნელი):
"შალკე" კარგი გუნდია და თანაც, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ 2:0-ს ვიგებდით, ბიჭებს მოვუწოდებდი, კონცენტრაცია არ დაეკარგათ. კარგი იქნებოდა, რომ ლონდონში სამი ქულა წაგვეღო, მაგრამ ფრითაც კმაყოფილი ვარ."
ოლიმპიაკოსი-მონპელიე 3:1
გოლები: 1:0 მაშადო (4), 1:1 ბელჰანდა (67-პენ), 2:1 გრეკო (80), 3:1 მიტროღლუ (82)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კოსტას მიტროღლუ (ოლიმპიაკოსი)
საფრანგეთის ჩემპიონისთვის ჩემპიონთა ლიგაში თამაში ხანმოკლე სიამოვნება გამოდგა: ოთხი თამაში, ერთი ქულა და "მონპელიე" უკვე უშანსოდაა.
ფრანგებს იმედები პირეოსშიც მალე გაუცრუვდათ: "ოლიმპიაკოსი" თავიდანვე დაწინაურდა. უნდა ვთქვათ, რომ "მონპელიემ" მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და ანგარიშიც გაათანაბრა (ბელჰანდამ სამართლიანად დანიშნული თერთმეტმეტრიანი გარდასახა), მაგრამ ბერძნები უდიდესი ვნებით იბრძოდნენ და შეხვედრის მიწურულს სამი ქულა მაინც დაიტოვეს.
შედეგად, "ოლიმპიაკოსმა" ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა - ბერძნები "არსენალს" ახლა უკვე მხოლოდ ერთი ქულიტ ჩამორჩებიან, ლიდერ "შალკეს" კი - ორით.
მომდევნო ტურში "ოლიმპიაკოსი" გელზენკირხენში ჩადის, ბოლოს კი "არსენალს" სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთის ჩემპიონის ბედი მისსავე ხელშია.
რენე ჟირარი ("მონპელიეს" მწვრთნელი): "არ ვიცი და ვერაფრით ავხსნი, რა დაგვემართა და რატომ დავკარგეთ კონცენტრაცია ბოლო ათ წუთში. "ოლიმპიაკოსმა" დღეს ბევრით ვერაფრით გვაჯობა და მხოლოდ იმიტომ მოგვიგო, რომ ლანგრით მირთმეული მომენტები გამოიყენა. როგორც ჩანს, ჩვენი მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა".
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | შალკე | 4 | 2 | 2 | 0 | 8-5 | 8 |
2 | არსენალი | 4 | 2 | 1 | 1 | 7-6 | 7 |
3 | ოლიმპიაკოსი | 4 | 2 | 0 | 2 | 7-7 | 6 |
4 | მონპელიე | 4 | 0 | 1 | 3 | 5-9 | 1 |
C ჯგუფი
მილანი-მალაგა 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ელიზეუ (40), 1:1 პატო (73)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ისკო (მალაგა)
ოთხი თამაში, ხუთი ქულა, მეორე ადგილი: "მილანი" "ანდერლეხტისა" და "ზენიტის" უმაქნისობას უნდა უმადლოდეს იმას, რომ მეორე ადგილზეა და მერვედფინალში გასვლის კვლავინდებურად კარგი შანსი აქვს.
ამ სეზონში საშინლად არასტაბილურმა "როსონერიმ" სენსაციურ "მალაგას" ვერც "სან სიროზე" მოუგო, მაგრამ იმის გამო, რომ "ზენიტი" "ანდერლეხტთან" დამარცხდა, მეორე ადგილი შეინარჩუნა.
თუმცა, უმჯობესია, "მალაგაზე" ვისაუბროთ: ანდალუსიელები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარი აღმოჩენის სტატუსს ტურიდან ტურამდე ამართლებენ და ყველასათვის მოულოდნელად, მერვედფინალში თამაში ორი ტურით ადრე გაინაღდეს.
მაგრამ საინტერესოა, როგორი შედეგები ექნებოდა "მალაგას", რომ არა ისკო? ახალგაზრდა ესპანელი შემტევი ნახევარმცველი "სან სიროზეც" საყოველთავო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული - მისი პასი, რომლითაც ელიზეუმ ანგარიში გახსნა, ფანტასტიკური გახლდათ.
გაგახსენებთ, რომ ისკო "ზენიტთან" (დუბლი) და "ანდერლეხტთანაც" (საგოლე პასი) უაღრესად ეფექტური იყო.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ "მილანი" "მალაგას" სჯობდა. მრავალგზის გაკრიტიკებული და "მილანის" ხელმძღვანელებისგან ამ ეტაპზე შეწყალებული მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა არაერთი მომენტი გაატანეს ქარს - უმეტესად ძალიან კარგად თამაშობდა "მალაგას" კარის დარაჯი ვილი კაბალიერო.
რიკარდო მონტოლივო (მილანი):
"ამ ჯგუფში ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია და არაფერი არ არის გამორიცხული. დარწმუნებული ვარ, ბოლო ტურამდე ასე იქნება. "მალაგა" კარგი გუნდია და ლოგიკურია, რომ გაგვიჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს უფრო უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე ორი კვირის წინ".
ანდერლეხტი-ზენიტი 1:0
გოლი: 1:0 მბოკანი (17)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დიუმერსი მბოკანი (ანდერლეხტი)
მატჩის წინ "ანდერლეხტის" თავკაცმა ვან დენ ბრომმა თქვა, მბოკანის საჰაერო ორთაბრძოლებში შესვლის ოდნავადაც არ ეშინია და ყოველთვის მზადაა, თავით ბეტონის კედელიც კი გაანგრიოსო. შესაბამისად, ბელგიელთა დამრიგებელმა ძირითად შემადგენლობაში სწორედ მბოკანი გაამწესა და არა რომ დე სუიტერი, რომელიც "ანდერლეხტის" სასტარტოში კონგოელზე ხშირად ხვდება ხოლმე.
მბოკანიმ ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა გადაიტანა და "ზენიტთან" სპეციალური ნიღბით თამაშობდა, არაერთი საჰაერო თუ მიწიერი ორთაბრძოლა მოიგო და ის ერთადერთი გოლიც, რომლითაც "ანდერლეხტმა" "ზენიტი" დაამარცხა, სწორედ 26 წლის მბოკანის ანგარიშზეა.
"ზენიტი" უმეტესად ვერ უტევდა და როცა უტევდა, პეტერბურგელი წინახაზელები უჩვეულოდ მოუქნელები იყვნენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ჰალკის არყოფნის ბრალია - როგორც ჩანს, ლუჩანო სპალეტის გუნდში მართლაც პრობლემებია.
თავად განსაჯეთ: "ანდერლეხტს" ამ მატჩამდა 287-წუთიანი უგოლო სერია ჰქონდა, ამ შეხვედრაშიც მხოლოდ ერთი გაიტანა და მაინც მოიგო. შედეგად, ბელგიელებს ჯერ კიდევ აქვთ მერვედფინალში გასვლის შანსი და სხვათა შორის, "ზენიტზე" უკეთესი, მაგრამ "მალაგას" პლეი ოფში ალბათ მაინც "როსონერი" მიჰყვება - თუ, რა თქმა უნდა, მილანელები სულმთლად არ გამოთაყვანდებიან...
ლუჩანო სპალეტი ("ზენიტის" მწვრთნელი):
"მართალია, ფეხბურთელებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ იყო "ზენიტის" საუკეთესო თამაში. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ სწორედ წაგება დავიმსახურეთ, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ამისათვის ორივე დარჩენილი მატჩის მოგებაა საჭირო".
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | მალაგა | 4 | 3 | 1 | 0 | 8-1 | 10 |
2 | მილანი | 4 | 1 | 2 | 1 | 4-4 | 5 |
3 | ანდერლეხტი | 4 | 1 | 1 | 2 | 1-4 | 4 |
4 | ზენიტი | 4 | 1 | 0 | 3 | 3-7 | 3 |
D ჯგუფი
რეალი-ბორუსია (დ) 2:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 როისი (28), 1:1 პეპე (34), 1:2 არბელოა (45-საკ. კარში), 2:2 იოზილი (89)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარიო გიოტცე (ბორუსია /დ/)
აქამდე ამის თქმა ვერიდებოდით, ახლა კი აუცილებლად უნდა დავსვათ ეს კითხვა: იქნებ დორტმუნდის "ბორუსია" ბუნდესლიგაში ძალებს ჩემპიონთა ლიგის სასარგებლოდ ზოგავს?
"რეალთან" ორივე მატჩმა დაგვარწმუნა, რომ ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. იურგენ კლოპის შეგირდებმა "სანტიაგო ბერნაბეუზეც" ძალიან კარგად ითამაშეს, რაც განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის, რომელიც გერმანიის ჩემპიონმა მართალია, არბელოას ავტო-გოლით, მაგრამ აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო.
პირველ 45 წუთში "დორტმუნდმა" "რეალს" თავისებური თამაში მოახვია - კლოპის ბიჭები ბევრს დარბოდნენ, მოხდენილად კომბინირებდნენ და ლოგიკური გოლებიც გაიტანეს. განსაკუთრებით თვალსასეირო მარკო როისის მძლავრი და ზუსტი დარტყმა გახლდათ - მას მართლაც ეფექტური გოლი გამოუვიდა.
მეორე ნახევარში "რეალი" დომინირებდა, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მადრიდელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 89-ე წუთზეღა მოახერხეს - ჟოზე მოურინიოს გუნდი უსიამოვნო მარცხისგან მესუთ იოზილმა იხსნა.
"ბორუსია" ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგაში 3520-დღიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლითი მატჩის მოგებისგან, მაგრამ ფაქტია, რომ კლოპის გუნდს "ბერნაბეუდან" წაღებული ქულაც ძალიან კარგ მიღწევად უნდა ჩაეთვალოს.
ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში ორი უპატიებელი შეცდომა დავუშვით და როცა ისეთ კარგ გუნდს ეთამაშები, როგორიც დორტმუნდის "ბორუსიაა", ლოგიკურია, რომ ასეთი შეცდომების გამო დაისჯები. კარგია, რომ მეორე ტაიმში აშკარად მოვუმატეთ და აგრესიულებიც გავხდით, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ფრე გადავარჩინეთ".
იურგენ კლოპი ("ბორუსიას" მწვრთნელი):
"რეალთან" ზედიზედ ორი დუელის მოგება შეუძლებელია და ჩვენ ასეთ ფანტასტიკურ მიღწევასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ბოლო წუთებში "რეალმა" უმძიმესი წნეხის ქვეშ მოგვაქცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეგვეძლო მესამე გოლის გატანა. "რეალთან" ორი მატჩის ჯამში 4 ქულის აღება ჩვენთვის ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ ახლა ეიფორიის დრო არ არის. მერვედფინალში თამაში ჯერ არ გაგვინაღდებია, წინ კიდევ ორი ურთულესი შეხვედრა გველის".
მანჩესტერ სიტი-აიაქსი 2:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ს. დე იონგი (10), 0:2 ს. დე იონგი (17), 1:1 იაია ტურე (22), 2:2 აგუერო (74)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სიემ დე იონგი (აიაქსი)
როგორც ჩანს, ჩემპინთა ლიგა არ არის "მანჩესტერ სიტის" ტურნირი.
რობერტო მანჩინის გუნდი ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგას შარშანაც ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და საქმეს ახლაც ასეთი პირი უჩანს: "აიაქსთან" საშინაო ფრის შემდეგ "სიტი" ბოლო ადგილზეა და მეორეადგილოსან "რეალს" ჯგუფური ეტაპის ფინიშამდე ორი ტურით ადრე 5 ქულით ჩამორჩება.
თანაც, მანჩინის გუნდმა მომდევნო ტურში "რეალს" უნდა უმასპინძლოს, ბოლოს კი დორტმუნდში ჩადის.
არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ მატჩის მიწურულს სერხიო აგუეროს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს (მსაჯმა არგენტინელზე თამაშგარე დააფიქსირა). მთლად ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ ბალოტელიზე უხეშობისას "აიაქსის" კარში პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა.
იტალიელმა მსაჯს, რა თქმა უნდა, ცოცხალმკვდარი აგინა, მაგრამ ამან "სიტის" ვერაფერი მოუტანა - მანჩინის გუნდი ისევ ჯგუფში რჩება.
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბორუსია (დ) | 4 | 2 | 2 | 0 | 6-4 | 8 |
2 | რეალი | 4 | 2 | 1 | 1 | 10-7 | 7 |
3 | აიაქსი | 4 | 1 | 1 | 2 | 6-8 | 4 |
4 | მანჩესტერ სიტი | 4 | 0 | 2 | 2 | 6-9 | 2 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"