ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
ოთხშაბათი ჩემპიონთა ლიგაში უჩვეულო დღე იყო: "ჩელსიმ" ძალიან მაგარი "შახტარი" უკანასკნელ წამს გატეხა. "სელტიკმა" "ბარსელონას" ისე მოუგო, როგორც საერთოდ "ბარსელონას" უგებენ ხოლმე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" არა მარტო მერვედფინალის საგზური, არამედ პირველი ადგილიც გაინაღდა, 8 მატჩში 35 (!) გოლი გავიდა.

E ჯგუფი
ჩელსი-შახტარი 3:2
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ტორესი (6), 1:1 ვილიანი (9), 2:1 ოსკარი (40), 2:2 ვილიანი (47), 3:2 მოზესი (94)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვილიანი (შახტარი)

არ გვინდა, "იუვენტუსის" ან "ჩელსის" გულშემატკივრებს ვაწყენინოთ, მაგრამ ფაქტია: განვლილი 4 ტურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "შახტარი"
ჯგუფიდან გასვლას იმსახურებს!

მირჩა ლუჩესკუს გუნდი "სტემფორდ ბრიჯზე" დამარცხდა, მაგრამ წაგებისთვის ცოდვა იყო და, თამამად ვიტყვით, "ჩელსის" სჯობდა. უფრო მეტიც: მთელ რიგ მომენტებში დონეცკელები ლონდონელებს შტურმსაც უწყობდნენ და მძიმე წნეხის ქვეშ აქცევდნენ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: პირველ ტაიმში ლონდონელებმა "შახტარის" კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და... ორი გოლი გაიტანეს!

მიხვდებოდით: ფერნანდო ტორესის გოლს ვგულისხმობთ, რომელსაც პიატოვის მოგერიებული ბურთი მოხვდა და ასე გავიდა დონეცკელთა კარში. ეს ძალიან მალე, მე-6 წუთზე მოხდა და ამის შემდეგ, შესვენებამდე, ფეხბურთს მხოლოდ უკრაინელები, უფრო სწორად, უკრაინელთა ბრაზილიელები თამაშობდნენ.

ვილიანმა ანგარიში ეფექტური გოლით გაათანაბრა, მაგრამ ტაიმის მიწურულს "ჩელსი" მეორედ და ისევ ალოგიკური და გარკვეულწილად კურიოზული გოლით დაწინაურდა: საჯარიმოს გარეთ გამოვარდნილმა პიატოვმა ბურთით თავით პირდაპირ ოსკარისკენ მოიგერია, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა, "შახტარის" მეკარეს დაახლოებით 40 მეტრიდან ბურთი თავზე გადაატარა და კარში ჩასვა.

მეორე გოლს "შახტარის" კიდევ უფრო უკეთ ათამაშება მოჰყვა და მეორე ტაიმის დასაწყისში ვილიანმა დონეცკელთა მორიგი თვალსასეირო კომბინაცია კვლავ გოლით დააგვირგვინა.

"ჩელსი" გამოცოცხლდა და შეუტია, მაგრამ "შახტარს" მესამე გოლის გატანაც შეეძლო. 70-ე წუთიდან კი ლუჩესკუს ბიჭებს დაღლა დაეტყოთ, თუმცა ლონდონელთა იერიშებს მაინც უძლებდნენ - 94-ე, ანუ მართლა უკანასკნელ წუთამდე, როცა მოზესმა მატას ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა, "შახტარს" სამი ქულა მაინც ლონდონში დაატოვებინა და "ჩელსის" მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი შეუნარჩუნა.

რობერტო დი მატეო ("ჩელსის" მწვრთნელი):
"ვიცოდით, რომ ურთულესი მატჩი გველოდა. დღეს ჩვენთვის სამი ქულის აღებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აშკარაა, ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება".

მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მწვრთნელი):
"ჩელსის" ვაჯობეთ და ასეთ თამაშში წაგება ორმაგად გულსატკენია. წინ კიდევ ორი მატჩია, მე კი მჯერა, რომ მერვედფინალში ვითამაშებთ, რადგან ძალიან კარგი გუნდი გვყავს".

იუვენტუსი-ნორდსიელანდი 4:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 მარკიზიო (6), 2:0 ვიდალი (23), 3:0 ჯოვინკო (36), 4:0 კვალიარელა (75)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი)

იტალიელების მონდომება რა ვთქვით, თორემ ტურინელებს დანიაშიც მინიმუმ ამის ნახევარი მონდომებით რომ ეთამაშათ, ახლა პირველ ადგილზე იქნებოდნენ და საქმე გართულებული არ ექნებოდათ, მაგრამ "იუვენტუსი" რისი "იუვენტუსია", თუ ვითარება უკიდურესად არ ჩახლართა და ჯგუფიდან გასვლა ბოლო ტურამდე სათუო არ გაიხადა.

სხვათა შორის, ბოლო ტურში "იუვე" "შახტარს" სტუმრობს, მანამდე კი, ვალდებული იქნება, ტურინში "ჩელსი" დაამარცხოს.

ტურინელებმა თავიდანვე დაწნეხეს მეტოქე და დანიის ჩემპიონს საქმე სწრაფადვე მოუთავეს - ყველა გოლში იყო რაღაც განსაკუთრებული, ტურინელთაგან ყველაზე ეფექტური კი ჯოვინკო გახლდათ.

"ნორდსიელანდზე" რა უნდა ვთქვათ - სამართლიანად გაუქმებული ინტერტოტოს თასის დონის გუნდია...

უნდი
1 შახტარი 4 2 1 1 7-5 7
2 ჩელსი 4 2 1 1 10-6 7
3 იუვენტუსი 4 1 3 0 8-4 6
4 ნორდსიელანდი 4 0 1 3 1-11 1


F ჯგუფი
ბაიერნი-ლილი 6:1
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (5), 2:0 პისარო (18), 3:0 რობენი (23), 4:0 პისარო (28), 5:0 პისარო (33), 5:1 კალუ (58), 6:1 კროოსი (66)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კლაუდიო პისარო (ბაიერნი)

"ბაიერნის" ფეხბურთელებმა პრეზიდენტ ული ჰიონესის ბრძანება უნაკლოდ შეასრულეს: "ლილი" მიწასთან გაასწორეს.

ფრანგული კლუბი იმდენად უსუსური იყო, რომ რეკორდმაისტერს 10 და მეტი გოლის გატანაც შეეძლო და ასე რომ არ მოხდა, ეს "ლილის" მეკარე ლანდროს დამსახურებაა.

მარიო გომესისა და მარიო მანჯუკიჩის არყოფნაში კლაუდიო პისარომ გაილაღა - ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიკის შესრულებაზე პერუელი ალბათ აღარც ოცნებობდა.

ვალენსია-ბატე 4:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ჟონასი (26), 2:0 სოლდადო (29-პენ), 3:0 ფეგული (50), 3:1 ბრესანი (53), 3:2 მოზოლევსკი (82), 4:2 ფეგული (85)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სოფიან ფეგული (ვალენსია)

"მესტალიაზეც" უხვგოლიანი მატჩი ვნახეთ, თუმცა შეხვედრა რობერტო სოლდადოს არასპორტული საქციელით დაიწყო. მან არტიომ რადკოვს უთავაზა, მაგრამ ნორვეგიელმა მსაჯმა ტომ ჰაგენმა სოლდადო არ დასაჯა.

ამის მერე "ვალენსიელებმა" ფეხბურთის თამაში დაიწყეს და საკმაოდ კარგადაც ირჯებოდნენ.

"ვალენსიამ" პირველი ტაიმი ჟონასისა და სოლდადოს (პენალტით) გოლებით მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ფეგულიმ სხვაობა სამამდე გაზარდა, მაგრამ ვინც საქმე მოთავებულად მიიჩნია, სასტიკად შეცდა, რადგან ბელორუსები გამოფხიზლდნენ და ჯერ ბრესანის შემთხვევითი გოლით შეამცირეს სხვაობა, მერე კი მოზოლევსკიმ ესპანელთა მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიში 3:2 გახადა. თუმცა ზუსტად 180 წამში ფეგულიმ ბატე საბოლოოდ "დაამშვიდა".

"ვალენსია" მერვედფინალის გზაზეა, ხოლო ბატე-ს მესამე ადგილი და ევროპალიგის საგზური აქვს გარანტირებული.

სხვათა შორის, ბატე-ს ევროსარბიელზე აქამდე არასდროს გამოუზამთრებია. თუმცა ბელორუსის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგაში გამოზამთრების შანსიც არ დაუკარგავს...

მაურისიო პელეგრინო ("ვალენსიას" მწვრთნელი):
"უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ავიღეთ. ამ ქვეჯგუფში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. გადამწყვეტი მატჩი ჩვენ "ბაიერნთან" გველის".

უნდი
1 ვალენსია 4 3 0 1 10-4 9
2 ბაიერნი 4 3 0 1 10-5 9
3 ბატე 4 2 0 2 8-9 6
4 ლილი 4 0 0 4 2-12 0


G ჯგუფი
ბენფიკა-სპარტაკი 2:0
გოლები: 1:0 კარდოსო (55), 2:0 კარდოსო (68)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოსკარ კარდოსო (ბენფიკა)

"სპარტაკი" პირველ ტაიმში მხოლოდ თავს იცავდა - მოსკოველებს ლისაბონელთა ნახევარზე ხეირიანი კომბინაციის გათამაშების სურვილი არ ჰქონდათ. პირველ 45 წუთში "ბენფიკასაც" ერთადერთი რეალური შანსი მიეცა, რომელიც სალვიომ ვერ გამოიყენა.

შესვენებაზე კი პორტუგალიელთა მწვრთნელ ჟორჟე ჟესუსს თავში ძალიან კარგი იდეა მოუვიდა: მორენო გასახდელში დატოვა, მოედანზე კი ოსკარ კარდოსო შეუშვა და "ბენფიკას" სწორედ ამ უკანასკნელმა მოაგებინა: ერთი გოლი თავით გაიტანა, მეორე - ფეხით.

სხვათა შორის, კარდოსოს ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ თავისივე მოპოვებული პენალტი უხეიროდ დაარტყა და ბურთი რებროვის კარის ძელს დასცხო.

"სპარტაკს" ვერც ჯანო ანანიძის გამოჩენამ უშველა და რაკი "სელტიკმა" "ბარსელონას" დამარცხება შეძლო, მოსკოველების საქმე ცუდადაა.

მიუხედავად გამარჯვებისა, არც "ბენფიკაა" სახარბიელო სიტუაციაში - ლისაბონელები მომდევნო ტურში გლაზგოში ჩადიან და აუცილებლად მოგება სჭირდებათ.

სელტიკი-ბარსელონა 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ვანიამა (21), 2:0 ვატი (83), 2:1 მესი (91)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფრეისერ ფორსტერი (სელტიკი)

"სელტიკმა" 125-წლიან იუბილეზე "ბარსელონას" დამარცხებით იდეალური საჩუქარი გაიკეთა. გლაზგოელებს ჯერ კიდევ "ნოუ კამპზე" შეეტყოთ, რომ კატალონიური გრანდის შეტევების გაძლების ნიჭი ჰქონდათ, რაც ამ შეხვედრაში უკვე საბოლოოდ დადასტურდა.

"ბარსა", რა თქმა უნდა, უდიდეს უპირატესობას ფლობდა და "სელტიკის" სენსაციური გამარჯვება გლაზგოელთა მცველებთან ერთად, პირველ რიგში, მეკარე ფორსტერის დამსახურებაა, რომელმაც არაერთი "მკვდარი ბურთი" მოიგერია.

კატალონიელებს არც მისი კარის ძელისთვის დაუკლიათ მოკითხვა.

"სელტიკმა" პირველი ტაიმი ვანიამას თავური გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კი შოტლანდიელებმა თავის დაცვა განაგრძეს, ფორსტერი კი ბრწყინვალე სეივების დემონსტრირებას განაგრძობდა. ტიტო ვილანოვას ბიჭებმა ნამდვილად ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მინიმუმ არ წაეგოთ, მაგრამ გლაზგოელი მცველები და მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.

83-ე წუთზე კი მორიგი სასწაული მოხდა: ფორსტერის დარტყმის შემდეგ ჩავის ბურთი გაექცა, რითაც შეცვლაზე შესულმა ტონი ვატმა ისარგებლა და ჩემპიონთა ლიგის მისთვის სადებიუტო მატჩი ესოდენ მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო.

მესის გოლი დაგვიანებული გახლდათ და ასე შედგა სენსაცია, რომელმაც "ბარსას" მერვედფინალის საგზურის განაღდება არ დაანება, ხოლო "სელტიკს" ჯგუფიდან გასვლის შანსები გაუორმაგა.

ნეილ ლენონი ("სელტიკის" მწვრთნელი):
"ჩემს სიცოცხლეში ასეთი ამაყი არ ვყოფილვარ. ჩვენ საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. ეს მაგიური საღამო სიკვდილამდე მემახსოვრება".

ტიტო ვილანოვა ("ბარსელონას" მწვრთნელი):
"ვფიქრობ, გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით. ბოლომდე ვიბრძოლეთ, უამრავი მომენტიც გვქონდა, მაგრამ დავმარცხდით. ასეთია ფეხბურთი..."

უნდი
1 ბარსელონა 4 3 0 1 8-5 9
2 სელტიკი 4 2 1 1 6-5 7
3 ბენფიკა 4 1 1 2 3-4 4
4 სპარტაკი 4 1 0 3 6-9 3


H ჯგუფი
ბრაგა-მანჩესტერ იუნაიტედი 1:3
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ალანი (49-პენ), 1:1 ვან პერსი (80), 1:2 რუნი (84-პენ), 1:3 ერნანდესი (90)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რუბენ მიკაელი (ბრაგა)

როგორც ჩანს, "იუნაიტედს" გოლის გაშვება სჭირდება იმისათვის, რომ აზრზე მოვიდეს და ისე შეუტიოს, როგორც საჭიროა.

სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭები "კლუჟთან" 0:1-ს აგებდნენ და 2:1 მოიგეს; "ბრაგასთან" წინა შეხვედრაში პირველი ტაიმი სულაც 0:2 დათმეს და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვეს; ახლა კი, "ბრაგასთან" გასვლით მატჩშიც გოლის გაშვება დასჭირდათ გამოსაფხიზლებლად.

მთავარი ის არის, რომ "იუნაიტედმა" ოთხივე თამაში მოიგო და არა მარტო ჯგუფიდან გასვლა, არამედ პირველი ადგილიც კი ფინიშამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.

ჰო, მართლა: ფერგის გუნდი ერთადერთია, რომელსაც ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს...

კლუჟი-გალათასარაი 1:3
გოლები: 0:1 ბ. ილმაზი (18), 1:1 სუგუ (53), 1:2 ბ. ილმაზი (61), 1:3 ბ. ილმაზი (74)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბურაქ ილმაზი (გალათასარაი)

ვიცოდით, რომ "გალათასარაი" მერვედფინალში გასვლისთვის ბრძოლას ასე იოლად არ დანებდებოდა, რადგან ფათიჰ თერიმს მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. შესაბამისად, "კლუჟთან" სტუმრად გამარჯვება არც გაგვიკვირდა.

"გალას" გმირი კი ის ბურაქ ილმაზი გახდა, რომელმაც თურქეთის წინა ჩემპიონატში 30 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა (მაშინ ბურაქი "ტრაბზონსპორის" იცავდა). თურქმა გოლეადორმა "კლუჟთან" ჰეთ თრიკი შეასრულა და "გალას" ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუნარჩუნა.

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, თერიმის გუნდს ოთხი ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 4 ქულა აქვს "კლუჟსაც", თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მანჩესტერთან" ორივეს სათამაშო აქვს, რაც, შესაძლოა, "ბრაგას" შანსი იყოს. თუმცა ამგვარ მსჯელობაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ "იუნაიტედს" პირველი ადგილი განაღდებული აქვს და დარჩენილ მატჩებში ფერგიუსონი ალბათ მეორე შემადგენლობასთან ერთად პირტიტველა ბიჭებსაც გამოსცდის...

ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მწვრთნელი):
"წინა შეხვედრაშიც გამარჯვებას ვიმსახურებდით და კიდევ კარგი, რომ ახლა მაინც მივიღეთ ლოგიკური შედეგი. მეტოქესაც მისალოცად აქვს საქმე: "კლუჟი" კარგი გუნდია".

უნდი
1 იუნაიტედი 4 4 0 0 9-4 12
2 გალათასარაი 4 1 1 2 4-5 4
3 კლუჟი 4 1 1 2 5-6 4
4 ბრაგა 4 1 0 3 5-8 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული