ჯგუფიდან გავიდნენ "ბაიერნი" და "ვალენსიაც", "იუვენტუსმა" კი "ჩელსი" გაანადგურა და რობერტო დი მატეო შეიწირა...
E ჯგუფი
იუვენტუსი-ჩელსი 3:0
გოლები: 1:0 კვალიარელა (38), 2:0 ვიდალი (61), 3:0 ჯოვინკო (91)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: არტურო ვიდალი (იუვენტუსი)
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა და ამ ტრადიციის დარღვევამდე "ჩელსის" ცოტა აკლია. ტურინში წაგების შემდეგ ლონდონელებს ბოლო ტურისთვის მხოლოდ ერთის
დანიის ჩემპიონის დამარცხება პრობლემა არ უნდა იყოს - პირველზე კი, რა მოგახსენოთ. "შახტარი" კი "ჩელსისთვის" უკვე მიუწვდომელია - მართალია, დონეცკელები ლონდონელებს სამი ქულით უწრებენ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ.
არადა, აწ უკვე ექს-თავკაც რობერტო დი მატეოს გუნდი ტურინში მოგების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს ინაღდებდა.
დი მატეოსთვის და ზოგადად, "ჩელსისთვის" მოვლენები 2012 წელს უცნაურად განვითარდა: ლონდონელებს არათუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ნახევარფინალში გასვლასაც კი არ უწინასწარმეტყველებდნენ. მერე კი ისე მოხდა, რომ დროებითმა მწვრთნელმა გუნდი სენსაციურად გაიყვანა ფინალში, რომელიც "ჩელსიმ" "ბაიერნს" მიუნხენში მოუგო.
მოულოდნელი და, პირდაპირ ვთქვათ, არაადეკვატური ტრიუმფის შემდეგ დი მატეო დატოვეს, მაგრამ ნახეთ: "ჩელსი" ხდება პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მოქმედი ჩემპიონის რანგში ვერ გადალახავს.
თუმცა მოვლენებს წინ მაინც ნუ გავასწრებთ - ლონდონელებმა დი მატეო უკვე გამოიტირეს, ჩემპიონთა ლიგა კი ჯერ არ გამოუტირებიათ და იმედი აქვთ, რომ "იუვე" დონეცკში დამარცხდება.
ამდენი ვილაპარაკეთ, დღისა და ტურის ცენტრალური მატჩის მთავარ გმირზე კი ჯერ არაფერი გვითქვამს: "იუვენტუსი" ბრწყინვალე იყო!
ტურინელებს უკვე მეოთხე წუთზე შეეძლოთ დაწინაურება, როცა, როგორც ყოველთვის, მოულოდნელად საიდანღაც გამოტყვრა ლიხტშტაინერი და ჩეხს ახლო მანძილიდან დაურტყა, მაგრამ პეტრმა აუღო.
ამას მოჰყვა არაერთი კუთხური და საგოლე მომენტი "ჩელსის" კართან, მაგრამ გოლი არა და არ გადიოდა. თავად ლონდონელებმა კი "იუვეს" კართან რეალური ხიფათი მხოლოდ ერთხელ შექმნეს, როცა აზარს ოსკარის სოლო-რეიდის შემდეგ მართებდა ბუფონის დამწუხრება.
ტურინულმა გიგანტმა პირველ ტაიმში მაინც შეძლო დაწინაურება: 38-ე წუთზე ანდრეა პირლოს შორეული დარტყმის შემდეგ ფაბიო კვალიარელამ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ჩეხი უკვე უძლური იყო.
"იუვემ" მეორე გოლი მცირეოდენი რიკოშეტით გაიტანა: კვადვო ასამოას პასით არტურო ვიდალმა ისარგებლა და ანგარიში 2:0 გახადა.
"ჩელსის" არც ამის შემდეგ შემოუთავაზებია დალაგებული ფეხბურთი. მატჩის მიწურულს კი ლონდონელთა წვალებას წერტილი სებასტიან ჯოვინკომ საკმაოდ მოხდენილი გოლით დაუსვა.
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი):
"ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა გაგვიმართლა კიდეც. უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ პეტრ ჩეხის კარში გოლის გატანა ურთულესია. ამიტომაც ვამბობ, რომ ცოტათი გაგვიმართლა - პირველი ორი გოლი ხომ რიკოშეტებით გავიტანეთ. სხვა მხრივ, გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია. მერვედფინალში უნდა გავიდეთ და იმედია, ასეც იქნება".
პეტრ ჩეხი (ჩელსი):
"უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მერვედფინალში გასვლის შანსი მინიმუმამდე შემცირდა. ცხადია, არ ვნებდებით და "ნორდსიელანდს" უნდა მოვუგოთ - იქნებ ბედმა გაგვიღიმოს".
* * *
ნორდსიელანდი-შახტარი 2:5
გოლები: 1:0 ნორდსტრანდი (24), 1:1 ლუის ადრიანო (26), 2:1 ლორენტცენი (29), 2:2 ვილიანი (44), 2:3 ვილიანი (50), 2:4 ლუის ადრიანო (53), 2:5 ლუის ადრიანო (81)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვილიანი (შახტარი)
ამ ტურამდე დონეცკის "შახტარზე" მთელი ევროპა დადებითად საუბრობდა. ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი იმასაც კი ამბობდა, მირჩა ლუჩესკუს გუნდი ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს და ამ მხრივ "შახტარს" მიმდინარე სეზონში მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსია" თუ შეედრებაო.
დონეცკელებმა დანიაშიც შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და 5 გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ 21 ნოემბერს "შახტარზე" უკლებლივ ყველას უარყოფითი ემოციები ჰქონდა.
"ნორდსიელანდი" 1:0-ს იგებდა, როცა სადავო დაინიშნა და ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ დანიელებს ბურთს დაუბრუნებდნენ, რაც ფეარ პლეის საქმე და ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ დონეცკელებმა კი არაჩვეულებრივად მოქცევა გადაწყვიტეს, ხოლო ლუის ადრიანომ კი "ნორდსიელანდის" გაჩერებულ და გაოგნებულ მეკარე იესპერ ჰანსენს გვერდი აუარა და სტვენის ფონზე ანგარიში გაათანაბრა.
საყოველთაო პროტესტმა შედეგი, რა თქმა უნდა, არ გამოიღო - მსაჯს გოლის გაუქმების უფლება არ ჰქონდა. ჯამში, ლუის ადრიანომ ჰეთ-თრიკი შეასრულა და თუ იმ სცენას არ ჩავთვლით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებასაც იმსახურებდა, მაგრამ რა სისულელეა...
ასეთად დუბლის ავტორ ვილიანს ვასახელებთ.
მეორე დღეს ლუის ადრიანომ თქვა, ეგ გოლი ინსტინქტურად გავიტანეო. გაირკვა ისიც, რომ ლუჩესკუს შეგირდებისთვის უბრძანებია, "ნორდსიელანდს" სასწრაფოდ გოლი გაატანინეთო, მაგრამ ნახევარმა გუნდმა დაუჯერა, ნახევარმა - არა!
სამ წუთში "ნორდსიელანდმა" მაინც გაიტანა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი გოლი გახლდათ.
ლუჩესკუმ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში, თავად ლუის ადრიანომ კი 21 ნოემბერს საღამოს თქვა, სამივე გოლით კმაყოფილი ვარ და პირველ გოლს ოდნავადაც არ ვნანობო...
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | შახტარი | 5 | 3 | 1 | 1 | 12-7 | 10 |
2 | იუვენტუსი | 5 | 2 | 3 | 0 | 11-4 | 9 |
3 | ჩელსი | 5 | 2 | 1 | 2 | 10-9 | 7 |
4 | ნორდსიელანდი | 5 | 0 | 1 | 4 | 3-16 | 1 |
მომდევნო ტური
4 დეკემბერი: ჩელსი-ნორდსიელანდი, შახტარი-იუვენტუსი
F ჯგუფი
ბატე-ლილი 0:2
გოლები: 0:1 სიდიბე (14), 0:2 ბრუნო (31)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სალომონ კალუ (ლილი)
მინსკის ნისლში "ლილმა" ბატე-ს 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულები აიღო, მაგრამ ფრანგულ კლუბს ევროსარბიელზე გამოზამთრების შანსი აღარ აქვს.
ჯგუფიდან გასვლაზე ლაპარაკი ამ თამაშამდეც ზედმეტი იყო, ხოლო რაც შეეხება მესამე ადგილს: მართალია, "ლილი" ბატე-ს სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ბოლო ტურით რომც დაეწიოს, ვერ აჯობებს, რადგან ფრანგებმა ბელორუსებთან შინ 1:3 წააგეს.
ბელორუსები მერვედფინალზე ოცნებობდნენ, მაგრამ ამ წაგებით ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაიწურეს და ისღა დარჩენიათ, ორი რამით იამაყონ - პირველი: ბატე ევროპალიგაზე გადაინაცვლებს; მეორე: ბატე იყო პირველი გუნდი მიმდინარე სეზონში, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნი" დაამარცხა.
დაგვეთანხმებით, ბელორუსებს საამაყოდ ესეც ეყოფათ...
* * *
ვალენსია-ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 ფეგული (77), 1:1 თ. მიულერი (82)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სოფიან ფეგული (ვალენსია)
"ვალენსია" 34-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა (ბარაგანი გააძევეს) და მიუხედავად ამისა, "ბაიერნი" კინაღამ დაამარცხა.
მიუნხენურმა გრანდმა ვერ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, როგორსაც ველოდით და რომ არა თომას მიულერის გოლი, ათკაციან "ვალენსიასთან" წააგებდა კიდეც. თუმცა საბოლოოდ, 1:1-ით მაინც ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა, რადგან მერვედფინალში თამაში ორივემ გაინაღდა.
სხვა საქმეა ის, რომ მოგების შემთხვევაში ვალენსიელები პირველ ადგილზე გადავიდოდნენ...
სოფიან ფეგული (ვალენსია):
"ფანტასტიკურად ვითამაშეთ და ძალიან გვინდოდა, რომ ფანებისთვის ბრწყინვალე გამარჯვება გვეჩუქებინა, მაგრამ ამ შედეგითაც კმაყოფილები ვართ. თუმცა პირველი ადგილისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ამისათვის ბოლო თამაშის მოგებაა საჭირო. იმედია, ბატე მიუნხენშიც გაგვაოცებს".
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბაიერნი | 5 | 3 | 1 | 1 | 11-6 | 10 |
2 | ვალენსია | 5 | 3 | 1 | 1 | 11-5 | 10 |
3 | ბატე | 5 | 2 | 0 | 3 | 8-11 | 6 |
4 | ლილი | 5 | 1 | 0 | 4 | 4-12 | 3 |
მომდევნო ტური
4 დეკემბერი: ბაიერნი-ბატე, ლილი-ვალენსია
G ჯგუფი
სპარტაკი-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 დანი ალვეში (16), 0:2 მესი (27), 0:3 მესი (39)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
"ბარსელონამ" მოსკოვის "სპარტაკს" საქმე პირველივე ტაიმში მოუთავა და არა მარტო მერვედფინალის საგზური, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
მოსკოველებს წარმატების მიღწევის რეალური შანსი არ ჰქონდათ, თუმცა პირველ ტაიმში სამჯერ საკმაოდ სახიფათოდ შეუტიეს, რაც "სპარტაკისთვის" "ბარსასთან" მატჩში დიახაც, მიღწევაა.
მეორე ტაიმში კატალონიელებმა ჩვეულ სტილში აკონტროლეს მოვლენები და საწყის წუთებში კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ საბოლოოდ 3:0 იკმარეს. შედეგად, ჯანო ანანიძის გუნდს მესამე ადგილზე და ევროპალიგაზე გადანაცვლების შანსიც აღარ აქვს.
* * *
ბენფიკა-სელტიკი 2:1
გოლები: 1:0 ჯონი (7), 1:1 სამარასი (32), 2:1 გარაი (71)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოლა ჯონი (ბენფიკა)
2:1 თამაშის მიმდინარეობას ჯეროვნად ვერ გამოხატავს. ლისაბონელები პირველივე წუთებში ეკვეთნენ შოტლანდიელებს და მთელი მატჩის განმავლობაში მედგრად უტევდნენ, გოლების გატანა კი უჭირდათ. "სელტიკი" ხან ძელმა იხსნა, ხან ფორსტერმა, ხანაც თავად "ბენფიკას" ფეხბურთელები ვერ უმიზნებდნენ.
თუმცა პორტუგალიური კლუბი 2:1-ითაც სავსებით დაკმაყოფილდა, რადგან ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა და "სელტიკთან" პირად დუელებში უპირატესობა მოიპოვა (გლაზგოში თამაში 0:0 დასრულდა).
ამრიგად, ბოლო ტურის წინ ლისაბონელთა ბედი მათსავე ხელშია, თუმცა "ბენფიკა" ბარსელონაში ჩადის. "სელტიკმა" "სპარტაკი" უნდა დაამარცხოს და თან იმის იმედი ჰქონდეს, რომ აბსოლუტურად უმოტივაციოდ დარჩენილი (თუკი შეიძლება, რომ "ბარსას" მოტივაცია არ ჰქონდეს) კატალონიელები "ბენფიკას" არაფერს გააბედვინებენ.
ნეილ ლენონი ("სელტიკის" მწვრთნელი):
"ვიცით, რაც უნდა ვქნათ: ბოლო ტურში "სპარტაკი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ და დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონა" "ბენფიკასთან" არ წააგებს".
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბარსელონა | 5 | 4 | 0 | 1 | 11-5 | 12 |
2 | სელტიკი | 5 | 2 | 1 | 2 | 7-7 | 7 |
3 | ბენფიკა | 5 | 2 | 1 | 2 | 5-5 | 7 |
4 | სპარტაკი | 5 | 1 | 0 | 4 | 6-12 | 3 |
მომდევნო ტური
5 დეკემბერი: ბარსელონა-ბენფიკა, სელტიკი-სპარტაკი.
H ჯგუფი
გალათასარაი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0
გოლი: 1:0 ბურაქ ილმაზი (53)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბურაქ ილმაზი (გალათასარაი)
როგორც მოსალოდნელი იყო, სერ ალექს ფერგიუსონმა ძირითადი შემადგენლობის არაერთი ფეხბურთელი დაასვენა (მათ შორის, რუნი, ვან პერსი და ფერდინანდი) და "გალათასარაის" საქმე გაუადვილა. თუმცა ფათიჰ თერიმის გუნდს გამარჯვება მაინც გაუჭირდა.
მაღალტემპიან მატჩში თურქებმა "იუნაიტედის" თითქმის მეორე გუნდს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანეს, რომელიც "გალას" მხრიდან ყველაზე აქტიური და ეფექტური ფეხბურთელის, გოლეადორ ბურაქ ილმაზის ანგარიშზეა.
გოლის შემდეგ მანჩესტერელებმა თამამად შეუტიეს, მაგრამ ბოლო პასის ან დარტყმის შესრულებას ვერ ახერხებდნენ.
ამრიგად, ბოლო ტურის წინ "გალათასარაის" და "კლუჟს" 7-7 ქულა აქვთ, მეორე ადგილზე კი ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო თურქები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თერიმის გუნდის ბედი თერიმის გუნდის ხელშია.
ბოლო ტურში "გალა" უმოტივაციოდ დარჩენილ "ბრაგას" სტუმრობს და მოგებით მერვედფინალში გავა.
* * *
კლუჟი-ბრაგა 3:1
გოლები: 1:0 რუი პედრო (7), 2:0 რუი პედრო (15), 2:1 ალანი (17), 3:1 რუი პედრო (34)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რუი პედრო (კლუჟი)
რუი პედრომ თანამემამულეებს 3:1 მოუგო და "კლუჟს" ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუნარჩუნა.
მასპინძლებმა ტაქტიკურად დისციპლინირებული ფეხბურთი ითამაშეს და გამარჯვება დაიმსახურეს, ბოლო ტურში კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ექნებათ საქმე, რომელიც ისევ ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშებს.
"ბრაგას" მარცხის სახე კი დუგლაუა, რომელმაც შესვენებამდე რადას იდაყვი უთავაზა და მსაჯს წითელი ბარათი გამოსტყუა, რითაც ცხადყო, რომ პორტუგალიელებს მეორე ტაიმში თამაშის შეტრიალების შანსი არ ჰქონდათ.
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | მანჩესტერ იუნაიტედი | 5 | 4 | 0 | 1 | 9-5 | 12 |
2 | კლუჟი | 5 | 2 | 1 | 2 | 8-7 | 7 |
3 | გალათასარაი | 5 | 2 | 1 | 2 | 5-5 | 7 |
4 | ბრაგა | 5 | 1 | 0 | 4 | 6-11 | 3 |
მომდევნო ტური
5 დეკემბერი: მანჩესტერ იუნაიტედი-კლუჟი, ბრაგა-გალათასარაი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: "ჩელსისთან" ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება კარგი ნიშანია
რობერტო დი მატეო: როგორც ყველა დიდ კლუბს, ჩვენც მოგვიწევს წნეხის ქვეშ ყოფნა
ლიონელ მესი: "ბარსელონამ" მორიგი ლამაზი მატჩი ჩაატარა
ალექს ფერგიუსონი: ჩემი გუნდის ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილი დავრჩი
ფრანკ რიბერი: "ვალენსიასთან" ფრე კატასტროფა არაა
პეტერ ჩეხი: ყველა იმედგაცრუებულები ვართ
არტურო ვიდალი: დავამტკიცეთ, რომ "იუვენტუსი" ევროპაშიც ძლიერია