პირველ ოთხ ჯგუფში მთავარი ამბები გადაწყვეტილია: ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა ცნობილია. გასარკვევი დარჩა მხოლოდ ორი პირველადგილოსნის და ორი მესამეადგილოსნის ვინაობა, თუმცა ეს, დაგვეთანხმებით, თითიდან გამოწოვილი ინტრიგაა.
რეალურად, საინტერესო, წესით, პსჟ-ის და "პორტუს" დაპირისპირება უნდა გამოვიდეს - ეს გუნდები ერთმანეთს პირველ ადგილს ეცილებიან.
A ჯგუფი
ვინ იქნება პირველი? გადაურჩება ზაგრები ორმაგ ანტირეკორდს?
A ჯგუფში ბოლო ტურის წინ უპასუხოდ მხოლოდ ერთი კითხვაა დარჩენილი: რომელი ადგილებით გავლენ მერვედფინალში "პორტუ" და პსჟ
კიდევ კარგი, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან - ეს იმას ნიშნავს, რომ მატჩი საინტერესო უნდა გამოვიდეს.
ხუთი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე პორტუგალიური გრანდია (13 ქულა) და ფრანგულ ვიზავის 1 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კომპანიას მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული პრესა პსჟ-ის თავკაც კარლო ანჩელოტის და სპორტულ დირექტორ ლეონარდოს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებს. მართალია, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში გაინაღდა, სამაგიეროდ, გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში ვერ ბრწყინავს.
"ნიცასთან" 1:2-ის შემდეგ ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის რადიკალური ცვლილებებით დაიმუქრა. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ კარლიტო იბრაჰიმოვიჩს არ შეეხება - ზლატანმა "ნიცასთანაც" გოლი გაიტანა.
4 დეკემბერს გასამართი შეხვედრის გენერალური რეპეტიცია წარმატებით ჩაატარა "პორტუმ" - ვიტორ პერეირას გუნდმა მესამეადგილოსანი "ბრაგა" 2:0 დაამარცხა.
დღეს პერეირას ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, მაგრამ დიდი შანსია, 44 წლის სპეციალისტმა აბდულაიე დაასვენოს, რადგან ამ უკანასკნელს მორიგი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაცია ემუქრება.
პსჟ-პორტუ 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-2-1): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - შანტომი, ვერატი, მატუიდი - მენეზი, ლავეცი - იბრაჰიმოვიჩი.
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო - დეფური - ლუჩო, მოუტინიო - ვარელა, მარტინესი, როდრიგესი.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
* * *
ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ხორვატული და უკრაინული "დინამოები" დაუპირისპირდებიან, მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟისაა.
საქმე განსაკუთრებით ზაგრებელთა პრესტიჟს ეხება: ხორვატიის ჩემპიონი და თასის მფლობელი ბოლო ადგილზე უქულოდ და უგოლოდაა. თუკი ზაგრების "დინამო" 4 დეკემბერსაც დამარცხდება, ეს ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-12 წაგება იქნება და "ანდერლეხტის" ანტირეკორდს გაიმეორებს.
გარდა ამისა, ზაგრებელებს მეორე ანტირეკორდის გამეორების საფრთხეც ემუქრებათ: აქამდე მხოლოდ ერთადერთი გუნდი დარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უგოლოდ - ეს 2009/2010 წლების სეზონში ჰაიფას "მაქაბის" დაემართა.
წინა კვირაში ხორვატიის ჩემპიონის ხელმძღვანელებმა მწვრთნელი შეცვალეს: ანტე ჩაჩიჩის ნაცვლად "დინამოს" თავკაცად კრუნოსლავ იურჩიჩი დაინიშნა და ანტირეკორდის წინააღმდეგ ბრძოლაც სწორედ მას დაევალა. პარადოქსი ისაა, რომ იურჩიჩი ზაგრების "დინამოდან" ზუსტად ერთი წლის წინ, "ლიონთან" 1:7-ის შემდეგ გაათავისუფლეს და გეხსომებათ, ზაგრებელებმა ჯგუფში ასპარეზობა მაშინ 0 ქულით დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ კიეველებსაც ახალი მწვრთნელი ჰყავთ - ოლეგ ბლოხინი, რომელიც აქედანვე ემზადება ევროპალიგისთვის. კიევის "დინამოს" მესამე ადგილს ხომ ეშმაკიც ვეღარ წაართმევს...
დინამო (ზ)-დინამო (კ) 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო /ზ/ (4-2-3-1): კელავა - ვრსალკო, ვიდა, შიმუნიჩი, პივარიჩი - კოვაჩიჩი, ადემი - ბეჩირაი, ბროზოვიჩი, ჰალილოვიჩი - სამირი.
დინამო /კ/ (4-2-3-1): შოვკოვსკი - სილვა, მიხალიკი, ხაჩერიდი, ტაიო - ვუკოიევიჩი, ველოზო - მეჰმედი, გარმაში, რაფაელი - იდეიე.
არბიტრი: სტანისლავ ტოდოროვი (ბულგარეთი)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | პორტუ | 5 | 4 | 1 | 0 | 9-2 | 13 |
2 | პსჟ | 5 | 4 | 0 | 1 | 12-2 | 12 |
3 | დინამო (კ) | 5 | 1 | 1 | 3 | 5-9 | 4 |
4 | დინამო (ზ) | 5 | 0 | 0 | 5 | 0-13 | 0 |
B ჯგუფი
შალკე თუ არსენალი?
B ჯგუფის ერთადერთი ინტრიგაც პირველი ადგილისთვის ბრძოლაა, ოღონდ აქ "შალკე" და "არსენალი" ერთმანეთს პარალელურ მატჩებში ებრძვიან.
გელზენკირხენული კლუბი საფრანგეთის ჩემპიონ "მონპელიეს" სტუმრობს, "არსენალი" კი - "ოლიმპიაკოსს".
"მონპელიესთვის" "შალკესთან" მატჩს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ბოლო ადგილზეა და აღარაფერი ეშველება. რაკი "მონპელიეს" საფრანგეთის ჩემპიონატშიც პრობლემები აქვს, რენე ჟირარი, სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობის არაერთ ფეხბურთელს დაასვენებს.
ზოგადად, მწვრთნელები 4 დეკემბერს ყურადღების ცენტრში მოექცევიან - შეგახსენებთ: პირველი მატჩის დროს, რომელიც გელზენკირხენში 2:2 დასრულდა, ჟირარმა თავის ჰოლანდიელ კოლეგა ჰუუბ სტევენსს შუათითი უჩვენა, რის გამოც უეფამ მაშინ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
"შალკეს" ბუნდესლიგაში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რაც გელზენკირხენელთათვის პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც იქ სტევენსი დაბრუნდა. კითხვაზე, მიმართავს თუ არა 4 დეკემბერს როტაციას, 59 წლის სტევენსმა მატჩის წინა დღეს უპასუხა, ჯერ არ ვიციო.
თუმცა "შალკეს" თავკაცი გარკვეულწილად ვალდებულია, როტაციას მიმართოს, რადგან ფარფანს, პაპადოპულოსს, ჰიოგერს და აფელაის ტრავმები აწუხებთ და საფრანგეთში არ წასულან.
შესაძლოა, სტევენსმა მატიპი და ჯონსი დაასვენოს, რადგან მათ დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ.
მონპელიე-შალკე 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
მონპელიე (4-2-3-1): ლიგალი - კონგრე, იანგა-მბივა, ჰილტონი, ბედიმო - სტამბული, ესტრადა - კაბელა, ბელჰანდა, უტაკა - შარბონიე.
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ფუხსი - ნოიშტედტერი, კოლასინაცი - ობასი, ჰოლტბი, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
არბიტრი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
* * *
ეროვნულ პირველობაზე "არსენალსაც" უჭირს: "სუონსისთან" 0:2-მდე ფეხბურთელებს საკუთარი ფანები მისდგნენ, მაგრამ "მეთოფეებს" ამანაც არ უშველა - ფაქტია, რომ "არსენალს" არსენ ვენგერის ხელში სეზონი ასე ცუდად არასდროს დაუწყია.
შესაბამისად, ლონდონელთა ფრანგ თავკაცს უკვე ძალიან ხშირად აკრიტიკებენ.
"ოლიმპიაკოსს" მესამე ადგილი განაღდებული აქვს და შესაძლოა, ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშოს.
ოლიმპიაკოსი-არსენალი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-3-1-2): კეროლი - ტოროსიდისი, მოდესტო, მანიატისი, ჰოლებასი - მაჩადო, ფუსტერი, აბდუნი - იბაგასა - მიტროღლუ, ჯებური.
არსენალი (4-3-3): შჩესნი - ჯენკინსონი, ჯურუ, ვერმაელენი, სანტოსი - კოკელინი, როსიცკი, რემსი - ოქსლეიდ-ჩემბერლეინი, ჟირუ, არშავინი.
არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | შალკე | 5 | 3 | 2 | 0 | 9-5 | 11 |
2 | არსენალი | 5 | 3 | 1 | 1 | 9-6 | 10 |
3 | ოლიმპიაკოსი | 5 | 2 | 0 | 3 | 7-8 | 6 |
4 | მონპელიე | 5 | 0 | 1 | 4 | 5-11 | 1 |
C ჯგუფი
ვინ გადაინაცვლებს ევროპალიგაზე: ზენიტი თუ ანდერლეხტი?
C ჯგუფში ლიდერისა და მეორეადგილოსნის ვინაობა გარკვეულია: "მალაგა" პირველია, "მილანი" - მეორე.
4 დეკემბერს ანდალუსიელები "ანდერლეხტს" მასპინძლობენ და მარტინ დემიკელისი არ ეყოლებათ. თუმცა მანუელ პელეგრინი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს ალბათ ისედაც დაასვენებს და სათადარიგოებს მისცემს თავის გამოჩენის შანსს, რაც შეიძლება "ანდერლეხტის" შანსადაც მივიჩნიოთ - ბელგიელები ხომ მესამე ადგილისთვის იბრძვიან.
თუმცა "ანდერლეხტი" პარალელურ მატჩზეა დამოკიდებული...
მალაგა-ანდერლეხტი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, სანჩესი, ველიგტონი, ელიზეუ - ტულალანი, კამაჩო - პორტილიო, ისკო, ხოაკინი - სავიოლა.
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო - ჟილე, კუიატე, ჯუჰაში, საფარი - ბილია, კლიესტანი - ბრუნო, პრო, იოვანოვიჩი - მბოკანი.
არბიტრი: დენიზ აითექინი (გერმანია)
* * *
...რადგან ბელგიის ჩემპიონს "ზენიტის" დარად 4 ქულა აქვს, მათ შორის უშუალო დუელებში ფრეა (1:0, 0:1) და თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, მესამეადგილოსანი ბურთების შეფარდებამ უნდა გაარკვიოს.
მეექვსე ტურის წინ, ამ მხრივ, რუსეთის ჩემპიონს მცირე უპირატესობა აქვს (+1).
მილანი-ზენიტი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): ამელია - საპატა, იეპესი, აკერბი, დე შილიო - ფლამინი, ამბროზინი, ნოჩერინო - კ.-პ. ბოატენგი - ბოიანი, ემანუელსონი.
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ჰუბოკანი, ლომბერტსი, კრიშიტო - ფაიზიულინი, შიროკოვი, ვიტსელი - ბისტროვი, კერჟაკოვი, ჰალკი.
არბიტრი: ტონი შარპონი (საფრანგეთი)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | მალაგა | 5 | 3 | 2 | 0 | 10-3 | 11 |
2 | მილანი | 5 | 2 | 2 | 1 | 7-5 | 8 |
3 | ზენიტი | 5 | 1 | 1 | 3 | 5-9 | 4 |
4 | ანდერლეხტი | 5 | 1 | 1 | 3 | 2-7 | 4 |
D ჯგუფი
აქაც მესამე ადგილი...
"სიკვდილის ჯგუფშიც" მესამეადგილოსნის ვინაობაა გასარკვევი - ევროპალიგის საგზურისთვის "მანჩესტერ სიტი" და "აიაქსი" იბრძვიან.
დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერობა განაღდებული აქვს და "სიტისთან" დუელი იურგენ კლოპის გუნდისთვის მხოლოდ პრესტიჟის საქმეა.
პირველ მატჩში დორტმუნდელებმა შესანიშნავად ითამაშეს, იგებდნენ და "სიტიმ" ანგარიში საეჭვო პენალტით გაათანაბრა.
ფაქტია, რომ კლოპი ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს.
რობერტო მანჩინის გუნდს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევს. მართალია, "სიტი" "აიაქსს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ მანჩესტერელებს ამსტერდამელებთან უშუალო დუელი წაგებული აქვთ (2:2, 1:3). აქვე ვთქვათ, რომ იაია ტურე ტრავმირებულია.
ბორუსია (დ)-მანჩესტერ სიტი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ლაიტნერი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - შიბერი.
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): პანტილიმონი - საბალეტა, ლესკოტი, ნასტასიჩი, კოლო ტურე - ხავი გარსია, ბერი - მილნერი, ნასრი, სინკლერი - ჯეკო.
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
* * *
"აიაქსი" მადრიდში ჩადის და სტატისტიკიდან გამომდინარე, წაგებისთვისაა განწირული - ეს გუნდები ბოლო სამ წელიწადში ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ხუთივე თამაში "რეალმა" მოიგო (ბურთების შეფარდება 16:1).
მაგრამ თუ "სიტი" დორტმუნდში ვერ მოიგებს, "აიაქსისთვის" წაგებასაც არა უშავს...
რეალი-აიაქსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - რამოსი, ვარანე, პეპე, კოენტრაო - მოდრიჩი, ხედირა - კალეხონი, კაკა, რონალდო - ბენზემა.
აიაქსი (4-3-2-1): ვერმეერი - ვან რინი, ალდერვეირელდი, მოისანდერი, ბლინდი - პოულსენი, ენო, ერიკსენი - დე იონგი, ბურიგტერი - ჰოსენი.
არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბორუსია (დ) | 5 | 3 | 2 | 0 | 10-5 | 11 |
2 | რეალი | 5 | 2 | 2 | 1 | 11-8 | 8 |
3 | აიაქსი | 5 | 1 | 1 | 3 | 7-12 | 4 |
4 | მანჩესტერ სიტი | 5 | 0 | 3 | 2 | 7-10 | 3 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა: ინტრიგა მოკვდა