ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა. წილისყრის შედეგები და გამოხმაურება

AutoSharing Option
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრის შედეგები ზედმიწევნით ზუსტად დაემთხვა წინა დღეს, ოთხშაბათს გამართული რეპეტიციის შედეგებს! წილისყრის რეპეტიციის შედეგის ფოტო სოციალურ ქსელებზე ოთხშაბათს, ნაშუადღევს გავრცელდა; 20 დეკემბერს კი მთელი საფეხბურთო სამყარო ამაზე საუბრობდა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი

თარიღი მატჩი
12 თებერვალი სელტიკი-იუვენტუსი
6 მარტი იუვენტუსი-სელტიკი
12 თებერვალი ვალენსია-პსჟ
6 მარტი პსჟ-ვალენსია
13 თებერვალი შახტარი-ბორუსია (დ)
5 მარტი ბორუსია (დ)-შახტარი
13 თებერვალი რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი
5 მარტი მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი
19 თებერვალი არსენალი-ბაიერნი
13 მარტი ბაიერნი-არსენალი
19 თებერვალი პორტუ-მალაგა
13 მარტი მალაგა-პორტუ
20 თებერვალი გალათასარაი-შალკე
12 მარტი შალკე-გალათასარაი
20 თებერვალი მილანი-ბარსელონა
12 მარტი ბარსელონა-მილანი

სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ვხედავთ,
რომ წყვილები იგივეა. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ წყვილების თანმიმდევრობაა სხვადასხვანაირი.

ასე, მაგალითად, 20 დეკემბერს, ოფიციალურ წილისყრაზე პირველად "გალათასარაისა" და "შალკეს" წყვილი ამოვიდა, რეპეტიციაზე კი ეს წყვილი ბოლო იყო. ეს ფაქტორი მანიპულაციის ალბათობას, რა თქმა უნდა, ამცირებს, მაგრამ ეჭვს ვერ აქარწყლებს.

ოფიციალურ წილისყრაზე გუნდების ბედს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტივ მაკმანამანი განსაზღვრავდა, რომელსაც "ლივერპულში" 300-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, 2000 და 2002 წლებში კი მადრიდის "რეალში" ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მაკმანამანმა პირველი კალათიდან "ვალენსია" ამოიღო, მეორიდან - პარი სენ ჟერმენი; პირველი კალათიდან "რეალი" ამოიღო, მეორიდან - "მანჩესტერ იუნაიტედი" და ა.შ. წილისყრა ნიონში ჩვენი დროით 14:45-ზე დაიწყო და ზუსტად 14 წუთი გაგრძელდა.

"ასეთი დამთხვევის ალბათობის შანსი ათასიდან 0.2-ზე მეტი და 0.34-ზე ნაკლებია, - აცხადებს ჰამბურგის მათემატიკური სტატისტიკის ინსტიტუტის პროფესორი ჰოლგერ დრეესი, - თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სხვადასხვა ლიგაში ყოველწლიურად ასობით ასეთი წილისყრა იმართება, ეს დამთხვევა ასე პარადოქსულად აღარ მოგვეჩვენება, რადგან ოდესმე ამგვარი დამთხვევა მართლაც უნდა მოხდეს".

მიუხედავად ამისა, 20 დეკემბრის წილისყრის შემდეგ ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ რაღაც არ არის წესრიგში და ვარაუდს მანიპულაციის შესახებ არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.

წილისყრის შემდეგ დამთხვევაზე კომენტარი უეფამაც გააკეთა: "ტექნიკური გარემოებების გამო ჩვენი ეგიდით ჩატარებულ ყველა წილისყრას წინ რეპეტიცია უძღვის ხოლმე. ის ფაქტი, რომ წილისყრის შედეგი რეპეტიციისას დაემთხვა, მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა. სამწუხარია, რომ რეპეტიციის შედეგის ფოტო ინტერნეტში გავრცელდა," - ასეთია უეფას შეფასება.

რონალდო ოლდ ტრაფორდზე, ჟოზე ფერგის წინააღმდეგ
რაც შეეხება სპორტულ მხარეს: როგორც ყოველთვის, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ამჯერადაც ვიხილავთ ერთ სუპერჯახს - ეს, რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" დუელებზე ითქმის.

"ბარსელონა" მერვედფინალში "მილანს" დაუპირისპირდება, რაც მაშინვე 1994 წლის ლეგენდარულ ფინალს გვახსენებს; თუმცა "მილანი" დღესდღეობით ნამდვილი "მილანის" აჩრდილია და თუ სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი იანვარში "როსონერის" არ გააძლიერებენ, ან თუ "ბარსას" სერიოზული კრიზისი არ დაეწყო, წესით, იტალიურ კლუბს კატალონიურ გრანდთან წარმატების მიღწევის შანსი არ უნდა ჰქონდეს.

"რეალისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირებაზე ბევრი საუბარი არ ღირს: ჟოზე მოურინიოსა და სერ ალექს ფერგიუსონის დუელს თავი რომ დავანებოთ, კრიშტიანო რონალდო მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ პირველად ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე", რაც ამ ბრწყინვალე ჯახის დამატებითი ინტრიგაა - პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ხომ მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ "იუნაიტედიდან" გაიცნო, "რეალში" კი 2009 წელს, 94 მილიონ ევროდ გაიყიდა. სუპერდუელის პირველი რაუნდი მადრიდში გაიმართება, საპასუხო - მანჩესტერში.

"ბარსას" და "მილანის" წყვილზე, პირველ რიგში, 1994 წლის ფინალი კი გვახსენდება, რომელიც იტალიელებმა 4:0 მოიგეს, მაგრამ ეს გუნდები მას მერე არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.

ბოლო დაპირისპირებები ერთი წლის წინ შედგა: "ბარსელონა" და "მილანი" ერთ ჯგუფში იყვნენ - "ნოუ კამპზე" 2:2 დაფიქსირდა, "სან სიროზე" კი კატალონიელებმა 3:2 მოიგეს.

ძალიან საინტერესო იქნება "არსენალისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებები. ლონდონელები ფინალში გასვლაზე ოცნებობენ - დასკვნითი მატჩი ხომ ინგლისის დედაქალაქში გაიმართება.

გარდა ამისა, არსენ ვენგერისა და იუპ ჰაინკესის გუნდების ჯახის ინტრიგა ისიცაა, რომ "მეთოფეებს" თავიანთ რიგებში ორი გერმანელი ჰყავთ: პერ მერტეზაკერი და ექსბაიერნელი ლუკას პოდოლსკი.

პსჟ-სა და "ვალენსიას" დუელი იმითაცაა საინტერესო, რომ ფრანგული გრანდის სპორტული დირექტორი ლეონარდო "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელია.

ტურინის "იუვენტუსი" "სელტიკთან" აშკარად ფავორიტია, თუმცა გლაზგოელებს ბრძოლისუნარიანი და საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავთ და შეიძლება "ბებერ ქალბატონს" პრობლემები შეუქმნან. ამ მატჩისგან განსხვავებით, "გალათასარაისა" და "შალკეს" წყვილში ფავორიტის დასახელება ძნელია.

იგივე უნდა ვთქვათ "პორტუსა" და "მალაგას" ნაკლებად ვარსკვლავურ ჯახზე. ფავორიტს ვერც "დორტმუნდისა" და "შახტარის" წყვილში დავასახელებთ - ერთი კი ფაქტია, ამ გუნდების დაპირისპირებები ძალიან საინტერესო და კარგი საყურებელი იქნება.

რეაქციები
ნეილ ლენონი ("სელტიკის" მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთი უძლიერესი შეგვხვდა. "იუვენტუსთან" უმძიმესი ბრძოლა გველის. გვიხარია და იმედია, ვისიამოვნებთ. ორი მატჩის ჯამში ყველაფერი შესაძლებელია."

პაველ ნედვედი ("იუვენტუსის" მენეჯერი): "სელტიკისთვის" ზერელედ შეხედვა არ შეიძლება, რადგან მებრძოლი სულისკვეთების გუნდია, მაგრამ შეიძლებოდა, რომ უფრო რთული მეტოქეც შეგვხვედროდა.

გლაზგოელებმა ჯგუფში თვით "ბარსელონა" დაამარცხეს და მერვედფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად გავიდნენ. "სელტიკ პარკზე" მე თვითონ მითამაშია და ვიცი, როგორი ატმოსფეროც ელის იქ "იუვეს".

ორივე მატჩში მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. კარგია, რომ პირველ მატჩს გლაზგოში ჩავატარებთ."


მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მწვრთნელი): "ბორუსია" ჩვენთვის სამყაროს დასასრულს ნამდვილად არ ნიშნავს. მით უმეტეს, რომ "შტუტგარტთან", "შალკესთან" და "ვერდერთან" წარმატებული თამაშის გამოცდილება გვაქვს.

დორტმუნდელებმა "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავეს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რამხელა პოტენციალი აქვს გერმანიის ჩემპიონს.

"დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ყველაზე კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩემი გუნდიც ძალიან ძლიერია. მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია."


იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მწვრთნელი): "შახტართან" დუელები ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. დონეცკელები ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ.

დღეიდან "შახტარს" მუდმივად დავაკვირდები და დეტალურად შევისწავლი. მეოთხედფინალში გა
სვლა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება."

რიო ფერდინანდი (მანჩესტერ იუნაიტედი): "მაგარია, "რეალს" რომ შევხვდით! ორი გენიალური მატჩი გველის. კრიშტიანო, ძმაო, მალე შევხვდებით!"

სერ ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი): "ჩვენს ქომაგებს კრიშტიანოს ხილვის საშუალება მიეცემათ, მე კი ისევ შევხვდები ჟოზეს. მისთვის კარგ ღვინოს შევუკვეთავ."

ემილიო ბუტრაგენიო ("რეალის" გენერალური დირექტორი): "მერჩივნა, "იუნაიტედს" უფრო გვიან შევხვედროდით, მაგრამ მგონი, არც მანჩესტერელები არიან წილისყრის შედეგით ბედნიერები.

ფაქტია, რომ ფანებს ორი შესანიშნავი დუელი ელით. იმედი მაქვს, "იუნაიტედთან" დუელებს კარგ ფორმაში შევხვდებით."


კარლ-ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი): "წილისყრის შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ "არსენალი" ჯეროვნად უნდა შევაფასოთ. მთავარია, ლონდონში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია და მეტიც: ამ წყვილის ფავორიტები სწორედ ჩვენ ვართ."


ევროპალიგა
1/16-ფინალი
ანჟი-ჰანოვერი
ზენიტი-ლივერპული
ნაპოლი-პლზენი
სპარტა-ჩელსი
აიაქსი-სტიაუა
ლევერკუზენი-ბენფიკა
დინამო (კ)-ბორდო
ლევანტე-ოლიმპიაკოსი
ბატე-ფენერბაჰჩე
ტოტენჰემი-ლიონი
ბორუსია (მ)-ლაციო
ბაზელი-დნიპრო
ატლეტიკო-რუბინი
შტუტგარტი-გენკი
ნიუკასლი-მეტალისტი
ინტერი-კლუჟი

პირველი მატჩები 14 თებერვალს გაიმართება, საპასუხო - 21 თებერვალს

1/8-ფინალი
ნაპოლი/პლზენი-ბატე/ფენერბაჰჩე
ლევერკუზენი/ბენფიკა-დინამო (კ)/ბორდო
ანჯი/ჰანოვერი-ნიუკასლი/მეტალისტი
შტუტგარტი/გენკი-ბორუსია (მ)/ლაციო
ტოტენჰემი/ლიონი-ინტერი/კლუჟი
ლევანტე/ოლიმპიაკოსი-ატლეტიკო/რუბინი
ბაზელი/დნიპრო-ზენიტი/ლივერპული
აიაქსი/სტიაუა-სპარტა/ჩელსი

პირველი მატჩები 7 მარტს გაიმართება, საპასუხო - 14 მარტს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა ჩააწყო? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
Juventus gava finalshi da sheidzleba bayernic, tu manamde ar gadaeyaren ertmanets.
Gaga
10:24 03-01-2013
0
მე მაგალითად დღეისთვის ევროპის საუკეთესო გუნდებად ბორუსია,ბარსელონა,ბაიერნი და შახტარი მიმაჩნია.სამწუხაროა რომ შახტარი და ბორუსია ეხლა ხვდებიან ერთმანეთს და არა ნახევარფინალში.საუკეთესო ფინალი ბორუსია ბარსელონაა.დღეს ამათ კონკურენტი არა ყავთ.
misha
16:18 21-12-2012
0

სიახლეები პოპულარული