ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ: "იუვენტუსი" გლაზგოში ჯოჯოხეთს ელოდება

AutoSharing Option
ხანგრძლივ მოლოდინს ბოლო მოეღო: ევროპული საკლუბო ფეხბურთის მშვენება - ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალის პირველი რაუნდის ორი მატჩით განახლდება.

ორივე მატჩი თანაბრად საინტერესოა და 12 თებერვლის საღამოს წინასამატჩო ამბების მიმოხილვა "სელტიკისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებით დავიწყოთ, რომელიც გლაზგოში, "სელტიკ პარკზე" გაიმართება.

მერვედფინალის წილისყრის შემდეგ ლამის მთელი ევროპა შეთანხმდა იმაზე, რომ "იუვენტუსს" გაუმართლა, პლეი ოფში პირველ მეტოქედ გლაზგოს "სელტიკი" რომ ერგო, მაგრამ შოტლანდიური გრანდი საჩუქარი არ არის და ეს ტურინელებმაც კარგად იციან.

"სელტიკი" ის გუნდია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონას" დამარცხება შეძლო (2:1 გლაზგოში) და
კატალონიურ გრანდს "ნოუ კამპზეც" უშეღავათო ბრძოლა გაუმართა (1:2). შედეგად, გლაზგოელთა მერვედფინალში მოხვედრა არავის გაჰკვირვებია და ფაქტია, რომ შოტლანდიელები იტალიელებს იოლად არაფერს დაუთმობენ.


ამრიგად, "იუვენტუსი" არც ისე იოლი ამოცანის წინაშე დგას, როგორც ეს ქაღალდზე შეიძლება ჩანდეს. "სელტიკი" საჩუქარი რომ არ არის, ეს ტურინელებმა გლაზგოელებთან თამაშის საკუთარი გამოცდილებიდანაც იციან. "იუვე" შოტლანდიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაში 2001 წელს ორჯერ შეხვდა და ორივე მატჩში უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა.

ტურინული დუელი მაშინ "იუვემ" ნიკოლა ამორუზოს მიერ ბოლო წუთებზე გატანილი პენალტით 3:2 მოიგო, გლაზგოში კი "სელტიკმა" უფრო უხვგოლიან მატჩში გაიმარჯვა (4:3).

მართალია, მაშინ გლაზგოელები გაცილებით შემტევ, აქტიურ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდნენ, რამას განაპირობა კიდეც "იუვენტუსთან" უხვგოლიანი თამაშები, მაგრამ "სელტიკს" ბრძოლის უნარი ოდითგანვე მოსდევს და ტურინელები იოლ გასეირნებას არც ამჯერად უნდა ელოდონ.

ასამოა საეჭვოა
იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "იუვემ" ფლორენციის "ფიორენტინასთან" პრინციპული მატჩი დამაჯერებლად, 2:0 მოიგო და "სელტიკთან" ბრძოლის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

ანტონიო კონტეს გუნდისთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ "ბებერი ქალბატონის" ყველაზე ძლიერი რგოლი, ნახევარდაცვა, ძველებურ ფორმას იბრუნებს. კლაუდიო მარკიზიო დაბრუნდა და უკვე კარგ ფორმაშია, არტურო ვიდალი იდეალურ სეზონს ატარებს და ანდრეა პირლოც, ტურინელთა მთავარი სტრატეგი, ჩვეულ ფორმაშია.

"იუვეს" ნახევარდაცვის სასტარტო ხუთეულიდან მხოლოდ კვადვო ასამოას თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უკანასკნელი აფრიკის თასიდან ახლახან, მცირე ტრავმით დაბრუნდა, "ფიორენტინასთან" კი კონტემ მარცხენა ფლანგზე პაოლო დე ჩელიე გაამწესა.

ასამოამ თქვა, რომ "სელტიკთან" დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე გასვლა შეუძლია, მაგრამ კონტე მაინც ორჭოფობს და საბოლოო გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა განელი ძირითადში, ალბათ, უშუალოდ მატჩის დაწყების წინ მიიღებს.

"იუვეს" ყველაზე პრობლემატურ რგოლად თავდასხმა მიიჩნევა, მაგრამ ბოლო დროს ტურინელთა ფორვარდებმა გოლების გატანას მოუხშირეს. როგორც ჩანს, ნიკოლა ანელკას ტრანსფერმა განსაკუთრებით ალესანდრო მატრიზე იმოქმედა, რომელმაც "ფიორენტინას" კარიც დალაშქრა და კონტეს საფიქრალი გაუჩინა.

ვინ ითამაშებს 3-5-2 ტაქტიკური სქემის წინა ხაზზე სებასტიან ჯოვინკოსთან ერთად - მირკო ვუჩინიჩი, რომელმაც "ფიორენტინას" ზღაპრული გოლი გაუტანა, თუ მატრი? კონტე ამ კითხვასაც უშუალოდ მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უპასუხებს.

დაცვაში "იუვენტუსს" ჯორჯო კიელინი აკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინული გრანდის უკანა ხაზში კასერესის, ბარძალისა და ბონუჩის ტრიო უნდა ვიხილოთ.

სელტიკიც კარგ ფორმაშია
"სელტიკის" უმთავრესი იმედები კი "იუვენტუსთან" მატჩისთვის მეკარე ფრეიზერ ფორსტერი და ბერძენი თავდამსხმელი გიორგიოს სამარასი არიან. ეს განსაკუთრებით ფორსტერს ეხება, რადგან, პირველ რიგში, სწორედ მისი დამსახურებაა ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონასთან" გამარჯვება და საერთოდ, "სელტიკის" მერვედფინალში გასვლაც.

ზოგადად, გლაზგოური კლუბიც საკმაოდ კარგ ფორმაშია. ამ უქმეებზე გლაზგოელებმა უახლოესი მდევარი "ინვერნესი" 3:1 დაამარცხეს და "რეინჯერსის" არყოფნაში შოტლანდიის ჩემპიონატის ცხრილს 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეილ ლენონის გუნდი ასი პროცენტით "იუვესთან" დუელებზეა კონცენტრირებული.

ლენონს ჯეიმს ფორესტი დროულად გამოუჯანმრთელდა და სადღეისოდ წამყვანი მოთამაშეებიდან მხოლოდ ამბროუზი (აფრიკის თასზე თამაშობდა) აკლია.

ნედვედი: იუვე მოტივირებულია!
"ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის განახლებას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით, - აცხადებს პაველ ნედვედი, - ვიცი, როგორი ატმოსფეროც ელის გუნდს გლაზგოში, რადგან აქტიური სპორტული კარიერის დროს საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს "სელტიკ პარკზე" თამაში.

ბიჭებსაც ვუთხარი, გლაზგოში ჯოჯოხეთი გელით-მეთქი და ვფიქრობ, რომ მენტალურად ყველაფრისთვის მზად არიან.

ასეთი მოტივირებული "იუვენტუსი" იშვიათად მინახავს. "სელტიკის" ბარიერის გადალახვა ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ.
"

12.02. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი
სელტიკი-იუვენტუსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - მეთიუსი, ლუსტიგი, კ. ვილსონი, ისაგირე - ს. ბრაუნი, ვანიამა, მულგრიუ, კომონსი - სამარასი, ჰუპერი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარძალი, კასერესი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა (ან დე ჩელიე) - ვუჩინიჩი, მატრი (ან ჯოვინკო).
არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

ურთიერთშეხვედრები
31.10.2001
სელტიკი-იუვენტუსი 4:3
გოლები: 0:1 დელ პიერო (19), 1:1 ვალგაერენი (24), 2:1 სატონი (45), 2:2 ტრეზეგე (51), 3:2 ლარსონი (56-პენ), 4:2 სატონი (64), 4:3 ტრეზეგე (76)

18.09.2001
იუვენტუსი-სელტიკი 3:2
გოლები: 1:0 ტრეზეგე (42), 2:0 ტრეზეგე (55), 2:1 ს. პეტროვი (67), 2:2 ლარსონი (85-პენ), 3:2 ამორუზო (89-პენ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა პირლო: "სელტიკის" ნებისმიერ თამაშს ვუპასუხებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული