ზლატან იბრაჰიმოვიჩს და კომპანიას რაც შეიძლება შორს გასვლა უნდათ და ჩემპიონთა ლიგის თასზე სამართლიანად ოცნებობენ.
კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქე მერვედფინალში ესპანური "ვალენსიაა". პირველი დუელი 12 თებერვალს "მესტალიაზე" გაიმართება, რომელშიც პარიზელთა ამოცანა საპასუხო მატჩისთვის სასურველი შედეგის მიღწევაა.
"ვალენსიას" ძლიერი დაცვა ჰყავს, პარიზელთა წინა ხაზში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობს - ესეც ამ დუელის უმთავრესი ინტრიგა.
თუმცა პსჟ მარტო ზლატანი როდია - კარლო ანჩელოტის გუნდში კიდევ
მიუხედავად ამისა, მაინც არის საფრთხე, რომ თამაში ინერტული გამოვიდეს, რადგან "ვალენსიასგან" შეტევების კორიანტელს არავინ ელის.
ერთი სიტყვით, სანახაობრიობის თვალსაზრისით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს ანჩელოტი - მძაფრად შეუტევს, თუ არა.
ვალენსია ჟონასის და სოლდადოს იმედად
"ვალენსიამ" ამ მატჩის გენერალური რეპეტიცია ესპანეთის ჩემპიონატში, ვიგოში გაიარა, სადაც ადგილობრივი "სელტა" ვალდესის გოლით, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ზოგადად, "ღამურების" პროგრესი სახეზეა: "ვალენსიამ" ბოლო ათი თამაშიდან მხოლოდ ორი წააგო და ეს ორივე მარცხი მადრიდის "რეალთან" განიცადა - თასზე და ლა ლიგაში.
ზემოთ პსჟ-ს წინა ხაზზე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ანჩელოტის განკარგულებაში ერთმანეთზე უკეთესი შემტევები არიან, მაგრამ არც "ვალენსიას" ჰყავს ცუდი თავდასხმა: რობერტო სოლდადოს და ჟონასს ჩემპიონთა ლიგაში 4-4 გოლი აქვთ გატანილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს ყველა წამყვანი ფეხბურთელი, ალი სისოკოს გარდა, მწყობრში ჰყავს და დისკვალიფიცირებულიც არავინაა.
ბექჰემისთვის ჯერ ადრეა
მიუხედავად ამისა, ექსპერტები ამ მატჩში ფავორიტის სტატუსს პსჟ-ს ანიჭებენ. ანჩელოტის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში საქმეები იდეალურად მისდის, სატურნირო ცხრილს 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ბოლო 9 თამაშიდან 8 მოგებული აქვს.
37 წლის დევიდ ბექჰემს პარიზელთა 18-კაციან განაცხადში ამჯერადაც ვერ ვიხილავთ - ვეტერანი ინგლისელი ჯერ ფორმაში არაა, საპასუხო მატჩისთვის კი, შეიძლება, ანჩელოტისთვის ალტერნატივად იქცეს.
ლავეცი: ვალენსია დიდი გუნდია
ორივე გუნდის უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ პსჟ და "ვალენსია" ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.
ისე კი, აღსანიშნავია, რომ "ვალენსიას" ფრანგული კლუბების წინააღმდეგ თავის გატანა უჭირდა. 8 საშინაო მატჩიდან "ღამურებმა" ფრანგული კლუბი მხოლოდ ერთხელ დაამარცხეს.
მიუხედავად ამისა, პარიზელთა არგენტინელი ლიდერი ლავეცი "ვალენსიას" დიდ პატივს სცემს:
"ვალენსია" უდიდეს პატივისცემას იმსახურებს - რაც უნდა იყოს, ეს ესპანური გუნდია, ესპანეთში კი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, - უთხრა ლავეციმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს და იქვე დასძინა, - "ვალენსია" ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის უდიდესი გამოცდილება აქვს."
12.02. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი
ვალენსია-პსჟ 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟოაო პერეირა, რამი, რიკარდო კოშტა, გუარდადო - ვიქტორ რუისი, ტინო კოსტა - ფეგული, ბანეგა, ჟონასი - სოლდადო.
პსჟ (4-2-3-1): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, სახო, მაქსველი - ვერატი, მატუიდი - ლუკას მოურა, პასტორე, ლავეცი - იბრაჰიმოვიჩი.
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
ურთიერთშეხვედრები
ჩემპიონთა ლიგაში არ უთამაშიათ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ერნესტო ვალვერდე: მხოლოდ ღირსეული თამაში არ დაგვაკმაყოფილებს, მეოთხედფინალში გვსურს