რეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი - ჯახი, რომელსაც მსოფლიო ელოდა!

AutoSharing Option
"ეს არის მატჩი, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. ჩვენ მზად ვართ!" - თქვა პრესკონფერენციაზე მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ.

რაც ვნახეთ, ჟურნალი იყო; კინოს კი 13 თებერვალს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ველოდებით, სადაც ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს "რეალი" და სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედი" შეერკინებიან - ფეხბურთია, დიდი ფეხბურთი!

მადრიდში ესპანეთის ჩემპიონობაზე ხელი ჩაქნეული აქვთ, რადგან "რეალი" "ბარსელონას" 16 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, "სამეფო გუნდის" მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის თასია.

ფინალამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და ჯგუფური ეტაპის შემდეგ მადრიდულ სუპერგრანდს
პირველ მეტოქედ, არც მეტი, არც ნაკლები, "მანჩესტერ იუნაიტედი" ერგო.

13
თებერვლის პაექრობის წინ სალაპარაკო ბევრია, ჟოზე მოურინიომ კი 12 თებერვალს მოკლედ მოჭრა - ეს არის თამაში, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდაო.

2002 წლის შემდეგ "რეალი" ამაოდ ცდილობდა ჩემპიონთა ლიგის თასის მეათედ დასაკუთრებას. შარშან მადრიდელები ნახევარფინალამდე გავიდნენ და იქ მიუნხენის "ბაიერნთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ.

წელს ოდნავ განსხვავებული ვითარებაა იმ მხრივ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში "რეალს" შეუძლია, მშვიდად იყოს - "ბარსელონას" ვეღარ დაეწევა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მოურინიოს შეუძლია, მთელი ძალები ჩემპიონთა ლიგისკენ, პირველ რიგში კი, "იუნაიტედთან" დუელებისკენ მიმართოს.

თუმცა რაც უნდა კონცენტრირებული იყოს "რეალი", ჟოზესა და მისი გუნდისთვის ნერვების წყვეტა გარდაუვალია, რადგან მეორე მხარეს ფერგი და მისი ჯარი დგას.

რონალდო, ოღონდ ბრაზილიელი
სტატისტიკა და ისტორია "რეალის" სასარგებლოდ მეტყველებს. მადრიდელები პლეი ოფებში მანკუნიანელებს ოთხჯერ გადაეყარნენ, რომელთაგან სამი "რეალმა" თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ბოლო დუელი თითქმის ათი წლის წინ გაიმართა, მაგრამ ის თამაში "რეალის" ერთ-ერთ ყოფილ ვარსკვლავს, ალბათ, სიკვდილამდე ეხსომება.

მადრიდში დაფიქსირებული 3:1-ის შემდეგ ("რეალმა" მოიგო) "ოლდ ტრაფორდზე" "სამეფო გუნდი" 3:4 დამარცხდა და ნახევარფინალში გავიდა. მადრიდელთა მხრიდან იმ თამაშში სამივე გოლი რონალდომ გაიტანა - ოღონდ, ცხადია, არა კრიშტიანომ, არამედ იმ რონალდომ... ბრაზილიელმა... "კიჭამ"!

ჰეთ თრიკის ავტორი, რომლისთვისაც ის მატჩი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, 67-ე წუთზე შეცვალეს და მას მთელი "ოლდ ტრაფორდი" ფეხზე წამოუდგა - ინგლისელებს კარგი ფეხბურთელის დაფასება ხომ არ ეშლებათ, თუნდაც მტერი იყოს.

"ეს დღე და მანჩესტერის პუბლიკის ტაში არასდროს დამავიწყდება", - თქვა მაშინ "კიჭამ".

კრიშტიანო ოლდ ტრაფორდზე
დღევანდელ და საპასუხო დუელში კი ყურადღების ცენტრში სხვა რონალდო იქნება - პორტუგალიელი... კრიშტიანო... თანამედროვე რონი! ფერგის ხელში დაფრთიანებული ბარტყი მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" პირველად ითამაშებს.

კრიშტიანომ გასულ უქმეებზე "სევილიასთან" ჰეთ თრიკი შეასრულა და "იუნაიტედთან" ჯახს კარგ განწყობაზე ხვდება.

"მანჩესტერმა" კრიშტიანო 2003 წელს, ლისაბონის "სპორტინგიდან" 17.5 მილიონ ევროდ შეიძინა და მაშინ რონალდო 18 წლისა გახლდათ. პრემიერლიგაში პირველი ორი წელი, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა, მერე კი გაიხსნა და მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.

პორტუგალიელს ხშირად უთქვამს, ფერგიუსონი ჩემი მეორე მამააო. 2008 წელს კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგა სწორედ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში მოიგო, მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, 2009 წლის ზაფხულში კი "რეალმა" "იუნაიტედს" მის სანაცვლოდ 94 მილიონი ევრო გადაუხადა.

მას მერე სამნახევარი წელი გავიდა, "CR7“ უფრო დაიხვეწა და დღეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.

"იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ზუსტად ისეთ ფეხბურთს ვაჩუქებთ, როგორსაც ელოდა", - ესეც მოურინიოს სიტყვებია, რომელმაც კვირას "იუნაიტედის" თამაში "ევერტონთან" (2:0) ცოცხლად ნახა.

რაკი "რეალმა" შაბათს ითამაშა, ჟოზემ კვირას მანჩესტერში ჩასვლა მოახერხა.

აქვე ვთქვათ, რომ მოურინიომ "სევილიასთან" მესუთ იოზილი, სამი ხედირა, ჩაბი ალონსო და ანხელ დი მარია დაასვენა.

ჟოზე და ფერგი მეგობრები არიან
მადრიდელთა თავკაცს მანჩესტერთან ბევრი რამ აკავშირებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია ჟოზეს იმ ზეიმის დავიწყება, რომელიც მან "პორტუში" მუშაობის დროს, მერვედფინალში (2004 წლის მარტი), კოშტინიას მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის შემდეგ მოაწყო.

რამდენიმე თვის შემდეგ მოურინიო "ჩელსის" თავკაცად დაინიშნა და თქვა, განსაკუთრებული ვარო.

სერ ალექს ფერგიუსონთან კი მას მეგობრული ურთიერთობა აქვს და სხვათა შორის, ფერგიმ და ჟოზემ ერთმანეთთან სასაუბრო დრო კვირასაც გამონახეს. მოურინიოს ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება იმაში, რომ მისსა და ფერგიუსონის მეგობრობას ვერც 13 თებერვლის და საპასუხო მატჩი დააკლებს რამეს.

გაგახსენებთ, რომ წლებია, ლაპარაკობენ, რომ თუკი ფერგი ერთხელაც პენსიაზე გასვლას გადაწყვეტს, მას "იუნაიტედში" სწორედ მოურინიო შეცვლისო.

დე ხეას გამოცდა
წილისყრის შემდეგ ფერგიუსონს ხშირად უთქვამს, "რეალთან" დუელებს მოუთმენლად ველიო და ეს ამჯერადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა.

"ერთმანეთს მსოფლიოს ორი უდიდესი გუნდი ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გენიალური მატჩები უნდა გამოვიდეს", - აცხადებს შოტლანდიელი.

მისი გუნდი პრემიერლიგაში 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მიუხედავად ამისა, "რეალთან" მატჩები სერ ალექსის შეგირდებისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. ეს, პირველ რიგში, 22 წლის მეკარე დავიდ დე ხეას ეხება, რომელმაც ფერგი თავის შესაძლებლობებში ბოლომდე ჯერ ვერ დაარწმუნა.

თუკი მადრიდელი დე ხეა "რეალის" წინააღმდეგ კარგად ითამაშებს, ეს ფერგის საბოლოო ნდობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება.

ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ხაზი რამდენჯერმე შეირაცხა პრობლემატურად. სამაგიეროდ, მანკუნიანელთა თავდასხმა მოწოდების სიმაღლეზე დგას - რობინ ვან პერსი შეუდარებელია და ბოლო დროს უეინ რუნიც ძველებურ ფორმაში შევიდა.

მადრიდელთა დაცვის ბურჯი სერხიო რამოსი ალბათ ამიტომაც ამბობს, უმნიშვნელო შეცდომაც რომ დავუშვათ, "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგიდან გაგვაგდებსო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - ბენზემა.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-2-1): დე ხეა - რაფაელ და სილვა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ფ. ჯონსი, კაგავა, ქერიკი - ვალენსია, რუნი - ვან პერსი.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ურთიერთშეხვედრები
23.04.2003
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 4:3
გოლები: 0:1 რონალდო (12), 1:1 ვან ნისტელროი (43), 1:2 რონალდო (51), 2:2 ივან ელგერა (53-საკ. კარში), 2:3 რონალდო (59), 3:3 ბექჰემი (71), 4:3 ბექჰემი (84)

08.04.2003
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1
გოლები: 1:0 ფიგუ (11), 2:0 რაული (28), 3:0 რაული (49), 3:1 ვან ნისტელროი (51)

19.04.2000
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 2:3
გოლები: 0:1 როი კინი (20-საკ. კარში), 0:2 რაული (50), 0:3 რაული (53), 1:3 ბექჰემი (64), 2:3 სქოულზი (88-პენ)

04.04.2000
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:0

15.05.1968
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:3
გოლები: 1:0 პირი (31), 2:0 ხენტო (41), 2:1 კიდი (43), 3:1 ამანსიო (44), 3:2 კიდი (72), 3:3 ფულკესი (77)

24.04.1968
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 1:0
გოლი: 1:0 ბესტი (37)

1956/1957
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 2:2

1956/57
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერ ალექსი: რონალდო ფიგუსაც სჯობს, რაულსაც და ზიდანსაც
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული