კლასით და ინდივიდუალიზმით: საპასუხო მატჩში პსჟ-ს, იბრასთან ერთად, ვერატიც დააკლდება [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-მ "ვალენსიასთან" პირველივე მატჩში, "მესტალიაზეც" გაამართლა ამ წყვილის ფავორიტის სტატუსი და გახდა პირველი ფრანგული კლუბი, რომელმაც "ვალენსია" მისსავე მოედანზე დაამარცხა.

კლასისა და საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე მოპოვებული ამ გამარჯვებით კარლო ანჩელოტის გუნდი ცალი ფეხით მეოთხედფინალშია. მართალია, "ვალენსია" სწორედ ის გუნდია, რომელსაც ნებისმიერ დროს ხელეწიფება სენსაციის მოხდენა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა პარიზში სასურველი ანგარიშით მოიგოს.

რეაქციები
ერნესტო ვალვერდე ("ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი): "პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია. პარიზელთა თითოეული კონტრშეტევა სახიფათო იყო. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რბილები ვიყავით, ბურთს
ადვილად ვკარგავდით. ერთი გოლი გავიტანეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში გასვლის შანსი შევინარჩუნეთ, მაგრამ ფაქტია, რომ პარიზში სასურველი ანგარიშით მოგება ძალიან რთული იქნება.

ვიცოდით, რომ პსჟ კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერია და მეტოქეს მაინც ვერაფერი დავუპირისპირეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარიზელებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ."

კარლო ანჩელოტი (პსჟ-ი
ს მთავარი მწვრთნელი): "ძალიან კარგად ვითამაშეთ, სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ და კმაყოფილები ვართ. მატჩის დასასრულს გაშვებული გოლი და იბრაჰიმოვიჩის გაძევება ცუდი ამბებია, მაგრამ უკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ "მესტალიაზე" მოვიგეთ, ამ წყვილში გადაწყვეტილი არაფერია და საპასუხო შეხვედრაში ფრთხილად უნდა ვიყოთ."

შემადგენლობები
როგორც მოსალოდნელი იყო, ანჩელოტიმ დევიდ ბექჰემი ესპანეთში მხოლოდ იმიტომ იახლა, რომ ბექზმა ახალი თანაგუნდელები კარგად გაიცნოს და პსჟ-ს გაუშინაურდეს. ვეტერანი ინგლისელი განაცხადში არ ყოფილა და კარლიტომ თქვა, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ვათამაშოო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვალენსიასთან" საპასუხო მატჩში ბექჰემი ნამდვილად იქნება ალტერნატივა.

ანჩელოტის ტაქტიკური სქემა ფურცელზე კლასიკური 4-4-2 გახლდათ, მაგრამ მოქმედებაში ლავეცი ხშირად იხევდა უკან, ხოლო პასტორე მეტწილად ცენტრიდან უტევდა.

ვალენსიელებს დისკვალიფიცირებულ ბარაგანთან ერთად, მარცხენა მცველი ალი სისოკოც დააკლდათ, რის გამოც ვალვერდე იძულებული გახდა, მის ადგილზე ანდრეს გუარდადო გაემწესებინა. ამ უკანასკნელს მთელი მატჩის განმავლობაში ეტყობოდა, რომ უფრო შემქმნელია, ვიდრე ჩამშლელი.

ანალიზი
პარიზელებმა ვალენსიელებს თავიდანვე აგრძნობინეს, რომ ფრეზე არ ითამაშებდნენ: მე-9 წუთზე ლუკასმა 20 მეტრიდან "ღამურების" კარის ძელი "მოიკითხა". მერე კი, ზუსტად ერთ წუთში პასტორესთან გათამაშებული კომბინაცია ლავეციმ გოლით დააგვირგვინა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს არ იყო გუაიტასთვის აუღებელი დარტყმა.

ვალენსიელთაგან პირველი მომენტი გუარდადოს 23-ე წუთზე შეექმნა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, რის შემდეგაც თანაბარი თამაში წარიმართა, რომელშიც ბურთს უმეტესად ესპანელები ფლობდნენ, მაგრამ გადამწყვეტი პასების დროს სიზუსტე აკლდათ.

პარიზელები კი ესპანელ მცველებს სწრაფი პასებით წნეხავდნენ და სწორედ ასეთი კომბინაციით შეეძლო 38-ე წუთზე ლავეცის დუბლის შესრულება, მაგრამ ამჯერად გუაიტამ აჯობა. თუმცა ანჩელოტის გუნდმა შესვენებამდე მეორე გოლი მაინც გაიტანა - ლუკასმა ფლანგზე გუარდადო გააბითურა და საგოლე პასი მიითვალა.

მეორე ტაიმში "ვალენსია" ეცადა ვითარების გამოსწორებას, ნელსონ ვალდესი თამაშში აქტიურად ჩაერთო, ვალვერდეს ბიჭებს ორი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ვერცერთი გამოიყენეს. 63-ე წუთზე ლავეცის კიდევ ერთხელ მართებდა დუბლის შესრულება, მაგრამ იდეალურ პოზიციაში მყოფმა ბურთს პირდაპირ გუაიტასკენ "ურქინა". სამ წუთში მომენტი იბრაჰიმოვიჩმაც გააფუჭა. 72-ე წუთზე ლავეციმ მაინც შეასრულა დუბლი, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს და ლაინსმენი აშკარად შეცდა, რადგან არგენტინელმა პასი მეტოქისგან მიიღო და შესაბამისად, მასზე თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა დაფიქსირებულიყო.

დასკვნა
ადილ რამის გოლმა და იბრაჰიმოვიჩის გაძევებამ საპასუხო შეხვედრას ინტრიგა კი შეუნარჩუნა. ეს "ვალენსია" პარიზში სასურველი შედეგით მომგებ გუნდს არ ჰგავს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფრანგებს იბრასთან ერთად ვერატიც დააკლდებათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორიცხული არაფერია.

ვალენსია-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 ლავეცი (10), 0:2 პასტორე (43), 1:2 რამი (90)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟოაო პერეირა, რამი, რიკარდო კოშტა, გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა - ფეგული (84. ვიერა), ბანეგა (46. კანალესი), ჟონასი (46. ვალდესი) - სოლდადო.
პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ალექსი, სახო, მაქსველი - ლუკას მოურა (53. შანტომი), მატუიდი, ვერატი, პასტორე (88. არმანდი) - ლავეცი (76. მენეზი), იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: ჟოაო პერეირა - ვერატი
გაძევება: იბრაჰიმოვიჩი (92. პსჟ)
მაყურებელი: 45 000

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

VideoSportall.Ge
ვალენსია - პსჟ 1:2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვალენსია-პსჟ 1:2 - პარიზულ მატჩს ინტრიგა... ზლატანმა დაუტოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული