დღეს "ბარსელონა" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) გუნდია, "მილანს" კი მხოლოდ სახელი აქვს ასეთი. შესაბამისად, საყოველთაო აზრით, "ბარსა" "მილანთან" უპირობო ფავორიტია - საფეხბურთო მსოფლიო კატალონიურ გრანდს "სან სიროზეც" კი იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.
მაგრამ, მოგეხსენებათ, ბურთი მრგვალია და თანაც, "მილანი", თუნდაც სუსტი შემადგენლობით, მაინც "მილანია" და შეუძლია თუ არა ამ "მილანს" საკუთარი პუბლიკის სასიამოვნოდ გაოცება, ამ კითხვაზე პასუხს 20 თებერვალს შევიტყობთ.
ამბობენ,
ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ნეიტრალური ქომაგებისთვის უმჯობესი იქნება, "ბარსამ" მეოთხედფინალში თამაში მილანშივე არ გაინაღდოს, რათა საპასუხო მატჩითაც სრულყოფილად ვისიამოვნოთ.
ბარსა საუკეთესო შემადგენლობით, მილანს პრობლემები აქვს
"ბარსელონას" სერიოზული საკადრო პრობლემები არ აქვს. კატალონიელებს მხოლოდ ადრიანო, ერიკ აბიდალი და დავიდ ვილია აკლიათ.
ცხადია, დანაკლისია მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას არყოფნაც - კატალონიურ გრანდს ოთხშაბათს მისი ასისტენტი ჟორდი როურა უხელმძღვანელებს. ჩავიმ ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და მას ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსა" "სან სიროზე", ფაქტობრივად, საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებს.
კატალონიელთა 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში, ჩავისთან ერთად, ნახევარდაცვაში სესკ ფაბრეგასი იმოქმედებს და წინა ხაზზე პედროს, ლეო მესისა და ანდრეს ინიესტას პასებით მომარაგება სწორედ მათ დაევალებათ. ბუსკეტსი კი ორივეს დააზღვევს.
"მილანს" საუკეთესო შემადგენლობითაც რომ შეეძლოს თამაში, ასეთ შემთხვევაშიც აუტსაიდერად შევრაცხავდით. ახლა კი, ისედაც პრობლემატურ "როსონერის" საკადრო პრობლემებიც აქვს. "მილანში" ახლა პირზე ყველას მარიო ბალოტელი აკერია, რომელიც "როსონერიმ" "მანჩესტერ სიტიდან" იანვარში გადაიბირა და რომელმაც თავისი მილანური კარიერა იდეალურად დაიწყო (4 გოლი 3 თამაშში), მაგრამ ბალოს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს, რადგან ჯგუფურ ეტაპზე "სიტის" ეხმარებოდა.
ბალოტელის არყოფნაში "მილანისთვის" ორმაგად მტკივნეული იქნება, თუ მასიმილიანო ალეგრი ვერც სტეფან ელ შაარავის გამოიყენებს. ამ უკანასკნელს ტრავმა აწუხებს და მისი თამაში გვიან ღამემდე საეჭვო იყო, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ 20 წლის ელ შაარავიმ (15 გოლი მიმდინარე სეზონის 24 მატჩში) მატჩის დღეს, საღამომდე მწყობრში ჩადგომა მოასწროს და "ბარსასთან" იასპარეზოს.
მილანელები იმედს არ კარგავენ, რომ ელ შაარავი ითამაშებს, ბალოტელი კი ჯამპაოლო პაცინიმ უნდა შეცვალოს.
აქვე ვთქვათ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა დანიელე ბონერასა და რობინიოს თამაშიც. ნაიჯელ დე იონგის ასპარეზობა კი გამორიცხულია.
ამრიგად, "მილანის" დაცვის ცენტრში კოლუმბიელი კრისტიან საპატას და ფრანგი ფილიპ მექსეს ტანდემს ვიხილავთ.
მიეცემა ბოიანს შანსი?
"მილანი" იტალიის ჩემპიონატში ბოლო დროს დასტაბილურდა და შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალეგრის ბიჭები "ბარსელონასთან" დუელს კარგი განწყობით ხვდებიან. ამავდროულად, "როსონერის" "სან სიროზე" ბოლო 6 მატჩი მოგებული აქვს.
"მილანმა" ესპანურ კლუბებს სულ 23-ჯერ უმასპინძლა, რომელთაგან 11 მოიგო და 6 წააგო. აქვე ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ "მილანში" ირიცხება 22 წლის ბოიან კრკიჩი, რომელიც 2007-იდან 2011 წლამდე "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, კატალონიელთა ფორმით 41 გოლი გაიტანა და მაშინ უდიდეს, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.
მიეცემა თუ არა კრკიჩს ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაშის შანსი, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ალეგრიმ მატჩის წინა დღეს არ ისურვა. სამაგიეროდ, მან სიამოვნებით ისაუბრა იმაზე, რომ ფავორიტი შეიძლება "ბარსელონაა", მაგრამ "მილანი" იოლად არ დანებდება და ბოლომდე იბრძოლებს.
ალეგრი: მთავარი რწმენაა!
"არ მსიამოვნებს, ყველა მსხვერპლად რომ მიგვიჩნევს იმის გამო, რომ ბედმა მეტოქედ "ბარსელონა" გვარგუნა. თუ ოთხშაბათამდე რეგლამენტს არ შეცვლიან და არა მგონია, რომ შეცვალონ, თამაში 0:0-იდან დაიწყება.
ცხადია, "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების და იმის, რომ ამ თამაშის მოგება შეგვიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოედანზე გასვლას აზრი არ აქვს! - განაცხადა 19 თებერვალს პრესკონფერენციაზე "მილანის" თავკაცმა, - მშვიდები უნდა ვიყოთ და ერთი წამითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ვის ვეთამაშებით.
თუ "ბარსა" ყველაზე ძლიერია, "მილანი" ყველაზე ტიტულოვანია.
შარშან "ბარსელონასთან" ორივე შეხვედრაში კარგად ვიბრძოლეთ. როცა ისეთ გუნდს ეთამაშები, რომლის ბურთის ფლობა ყველა მატჩში მინიმუმ 65 პროცენტია, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ეს მაჩვენებელი შეამცირო.
ეს ისეთი თამაშია, რომელიც უდიდეს ფიზიკურ და მორალურ დანახარჯს მოითხოვს. თუ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით და ცოტათი გაგვიმართლებს კიდეც, ყველაფერი კარგად იქნება".
ამასთან, ალეგრიმ ისიც თქვა, რომ დაცვის ცენტრში საპატასა და მექსეს გაამწესებს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე აბატეს ათამაშებს, ხოლო მარცხნივ - კევინ კონსტანტს.
"როცა ამ "ბარსელონასთან" თამაში ორ სეზონში ექვსჯერ მოგიწევს, ბედს, დიახაც, უნდა ეწუწუნო, მაგრამ "მილანი" თავდახრილი არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.
იმედი გვაქვს, რომ ელ შაარავი გამოჯანმრთელებას მოასწრებს", - ეს კი "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის სიტყვებია.
ბოლო ხუთი წელია, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ მეოთხედფინალში გადის. უშუალოდ "მილანთან" კი შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და საერთოდ, კატალონიელებმა იტალიაში სულ 18-ჯერ იასპარეზეს და მხოლოდ ხუთჯერ დამარცხდნენ.
მესი კი მორიგ რეკორდს უმიზნებს - არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაში 56 გოლი აქვს გატანილი, რითაც რუუდ ვან ნისტელროის გაუთანაბრდა და ახლა მხოლოდ რაულს (71 გოლი) ჩამორჩება.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
მილანი-ბარსელონა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - ნოჩერინო, მონტოლივო, ამბროზინი - კ.-პ. ბოატენგი - პაცინი, ელ შაარავი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ხორდი ალბა - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ჩავი - პედრო, მესი, ინიესტა.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
ურთიერთშეხვედრები
03.04.2012
ბარსელონა-მილანი 3:1
გოლები: 1:0 მესი (11-პენ), 1:1 ნოჩერინო (32), 2:1 მესი (41-პენ), 3:1 ინიესტა (53)
28.03.2012
მილანი-ბარსელონა 0:0
23.11.2011
მილანი-ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 ვან ბომელი (14-საკ. კარში), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 1:2 მესი (31-პენ), 2:2 კ. პ. ბოატენგი (54), 2:3 ჩავი (63)
13.09.2011
ბარსელონა-მილანი 2:2
გოლები: 0:1 პატო (1), 1:1 პედრო (36), 2:1 ვილია (50), 2:2 ტიაგო სილვა (92)
26.04.2006
ბარსელონა-მილანი 0:0
18.04.2006
მილანი-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 ჟიული (57)
02.11.2004
ბარსელონა-მილანი 2:1
გოლები: 0:1 შევჩენკო (17), 1:1 ეტო’ო (37), 2:1 რონალდინიო (88)
20.10.2004
მილანი-ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 შევჩენკო (31)
18.10.2000
მილანი-ბარსელონა 3:3
გოლები: 0:1 რივალდო (18), 1:1 ალბერტინი (25), 2:1 ალბერტინი (39), 2:2 რივალდო (42), 3:2 ხოსე მარი (45), 3:3 რივალდო (69)
26.09.2000
ბარსელონა-მილანი 0:2
გოლები: 0:1 კოკო (45), 0:2 ბირჰოფი (71)
18.05.1994
მილანი-ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 მასარო (22), 2:0 მასარო (45), 3:0 სავიჩევიჩი (47), 4:0 დესაი (58)
1959/60
ბარსელონა-მილანი 5:1
1959/60
მილანი-ბარსელონა 0:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩავი: "მილანი" "ბარსელონასთვის" ყოველთვის რთული მეტოქე იყო