გალათასარაი VS შალკე - "შალკე" "გალათასარაის" ჯოჯოხეთში

AutoSharing Option
როცა მერვედფინალის წილისყრა შედგა, ყველამ ერთხმად აღნიშნა, "შალკეს" გაუმართლაო.

მაშინ თვით გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებიც ასეთ კომენტარებს აკეთებდნენ, მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა - "შალკემ" სეზონის მეორე ნახევარი ამაზრზენად დაიწყო და ღრმა კრიზისშია; "გალათასარაი" კი უკეთეს ფორმაშია და თან, დიდიე დროგბათი და ვესლი სნეიდერით გაძლიერდა...

სნეიდერითა და დროგბათი გაძლიერებულ "გალათასარაის" "შალკესთან" უკვე ბევრი მიიჩნევს ფავორიტად, რაც იმის დამსახურებაცაა, რომ გერმანული კლუბიც აღარ ჰგავს თავის თავს. თავად განსაჯეთ: იმ დროს, როცა ფათიჰ თერიმის გუნდი თურქეთის ჩემპიონატში ერთპიროვნულად ლიდერობს, "შალკე" ბუნდესლიგაში 22
ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა.

თანაც, სნეიდერმა და დროგბამ თავიანთი თურქული კარიერა შესანიშნავად დაიწყეს - კოტდივუარელმა დებიუტი ("ახიშართან" 2:1) სულაც გოლით აღნიშნა.

თერიმი 20 თებერვალს მხოლოდ მცველ ტომაშ უიფალუშის და თავდამსხმელ იოჰან ელმანდერს მოისაკლისებს, თუმცა "იმპერატორი" ამ უკანასკნელს ისედაც იშვიათად ათამაშებს ხოლმე.

სეზონის პირველ ნახევარში "გალას" თავდასხმაში ბურაქ ილმაზი და უმუთ ბულუთი ბრწყინავდნენ, ახლა კი მათ დროგბაც შეემატა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ "შალკეს" დროგბასა და ილმაზის მართლაც შესანიშნავი ტანდემი შეუტევს.

ჰამითი მშობლიური გუნდის წინააღმდეგ
სხვათა შორის, დროგბას თანამემამულე ემანუელ ებუეც გამოჯანმრთელდა და მოედანზე გასვლა შეუძლია. ძირითადში ითამაშებს სნეიდერიც, რომელსაც უკნიდან ჰამით ალთინთოფი, "თურქ ჩავი ერნანდესად" წოდებული სელჩუკ ინანი და ფელიპე მელო მიეხმარებიან.

ალთინთოფი ამ შემთხვევაში ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან ჰამითი გელზენკირხენში დაიბადა, გაიზარდა და საფეხბურთო მსოფლიომ ის სწორედ "შალკედან" (2003-2007) გაიცნო. შესაბამისად, ეს მატჩი ჰამითისთვის განსაკუთრებული და ემოციური იქნება.

"შალკეს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. კლაას-იან ჰუნტელაარმა გამოჯანმრთელება მოასწრო და თუ გელზენკირხენელთა დროებითმა მწვრთნელმა იენს კელერმა ჰოლანდიელი გოლეადორის ძირითად შემადგენლობაში გამწესება ვერ გარისკა, შეცვლაზე მაინც ათამაშებს.

სამაგიეროდ, გერმანელებმა სტამბულში სხვადასხვა მიზეზის გამო ექვსი ფეხბურთელი ვერ წაიყვანეს: აცუტო უჩიდა, იბრაჰიმ აფელაი, კირიაკოს პაპადოპულოსი, ჩიპრიან მარიკა, კრისტოფ მორიტცი და ლარს უნერშტალი ტრავმირებულები არიან.

კელერი ვერც კიევის "დინამოდან" არენდით აყვანილ რაფაელს გამოიყენებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სწორედ უკრაინული კლუბის ფორმით აქვს ნათამაშები. სამაგიეროდ, მოედანზე გასვლა შეუძლია "ლიონიდან" ნათხოვარ მიშელ ბასტოსს, რომელმაც გელზენკირხენული კარიერა ძალიან კარგად დაიწყო.

"გალათასარაიმ" გერმანულ კლუბებს სულ 11-ჯერ უმასპინძლა და მხოლოდ 2-ჯერ მოუგო (7 ფრე, 2 მარცხი)! გერმანულმა კლუბმა თურქეთში ბოლოს 20 წლის წინ წააგო და ეს ფრანკფურტის "აინტრახტი" გახლდათ, რომელიც მაშინ სწორედ "გალასთან" (უეფას თასზე) დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
გალათასარაი-შალკე 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - საბრი სარიოღლუ, ნოუნკეუ, სემი კაია, რიერა - ჰამით ალთინთოფი, სელჩუკ ინანი, ფელიპე მელო - სნეიდერი - ბ. ილმაზი, დროგბა.
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ნოიშტედტერი - ბარნეტა, დრაქსლერი, მიშელ ბასტოსი - ფარფანი.
არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)

ურთიერთშეხვედრები
ჩემპიონთა ლიგაში არ უთამაშიათ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიდიე დროგბა: "გალათასარაიში" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული