გროსმაისტერული: ვენგერს მაინც სჯერა, ოღონდ თვითონაც არ იცის, რისი... [VIDEO]

AutoSharing Option
თითქმის ყველა სოლიდური გერმანული გამოცემა ერთსა და იმავეს წერდა - "ბაიერნი" სწორ გზას ადგას და ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდესო. ასეთები არიან გერმანელები - სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ, მიზანს მიღწეულად არ მიიჩნევენ.

არადა, ვის სჯერა, რომ "არსენალს" მიუნხენში სამბურთიანი სხვაობით მოგება შეუძლია? გერმანელები კი მაინც არაფერს გამორიცხავენ და ამით კონცენტრაციას ინარჩუნებენ, რაც ისედაც გამორიცხულს კიდევ უფრო, უკვე ასი პროცენტით გამორიცხავს. ჰოდა, ჩვენც ვთქვათ, რომ ამ წყვილის ბედი უკვე გადაწყვეტილია და დავამატოთ ის, რომ ბავარიულმა გრანდმა
ნისლიან ალბიონზე ზედიზედ 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და საერთოდ, ინგლისში მხოლოდ მესამე თამაში მოიგო, ლონდონში კი სულაც პირველად გაიმარჯვა.

რეაქციები
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი): "ინგლისური კლუბის ინგლისში 3:1-ით დამარცხება უდიდესი წარმატებაა. "ბაიერნს" აქ მოგება ყოველთვის უჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 3:1 ისტორიული შედეგია. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ."

მანუელ ნოიერი (ბაიერნი): "როცა კარიდან გამოვვარდი და აღმოჩნდა, რომ შევცდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ბურთს რომელიმე მცველი მაინც მიადევნებდა თვალს. ჯერ დამიყვირეს, მანუ, ბურთი შენიაო, მერე კი ადგილზე დარჩნენ. მოკლედ, სასაცილო გოლი გავუშვით და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ბრალი, რა თქმა უნდა, მეც მიმიძღვის და კიდევ კარგი, რომ ამ ამ გოლმა საბოლოოდ ვერაფერი დაგვაკლო."

არსენ ვენგერი ("არსენალის" მთავარი მწვრთნელი): "ასეთი შედეგის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ შეუძლებელი შევძლოთ. ფეხბურთი ისეთი თამაშია, რომელშიც ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს. სამი კვირა საკმარისი დროა იმისათვის, რომ ყველაფერი გავა
კეთოთ, რათა მიუნხენში საუკეთესო "არსენალმა" ითამაშოს."

ლუკას პოდოლსკი (არსენალი): "ტაბლოზე საშინელი ანგარიში წერია. მიუნხენში ძალიან გაგვიჭირდება. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, მიუნხენამდე კი სამი კვირაა."

შემადგენლობები
როგორც მოსალოდნელი იყო, არსენ ვენგერმა ცენტრფორვარდად თეო უოლკოტი გაამწესა, ოლივიე ჟირუ კი სათადარიგოთა სკამზე დასვა. ამ უკანასკნელის ნაცვლად, ძირითადში რემსი ვიხილეთ, რომელსაც "ბაიერნისთვის" მარჯვენა ფლანგიდან უნდა შეეტია.

"ბაიერნის" თავკაცმა კი სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა და მოედანზე ზუსტად ის თერთმეტეული გაიყვანა, რომელსაც ბოლო დროს ენდობა. ანუ: არიენ რობენი და მარიო გომესი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. ჟერომ ბოატენგდისკვალიფიცირებული გახლდათ და რაკი ჰოლგერ ბადშტუბერიც არ გამოჯანმრთელებულა, დაცვის ცენტრში დანტეს დანიელ ვან ბუიტენი შეუწყვილდა.

გოლები
0:1 კროოსი (7): რიბერი მიულერს მარჯვენა ფლანგზე მოემსახურა, ამ უკანასკნელმა კი ლონდონელთა მცველების ზურგსუკან ტონი კროოსს ჩაუწოდა, რომელმაც საჯარიმო მოედნის ხაზიდან ერთი შეხებით დაარტყა - შჩესნის მოგერიების შანსი არ ჰქონდა, კროოსს კი ერთობ ეფექტური გოლი გამოუვიდა.

0:2 მიულერი (21): კროოსმა მარჯვენა ფლანგიდან უახლოესი ძელისკენ ჩააწოდა, სადაც აყლაყუდა ვან ბუიტენმა იყოჩაღა და ბურთს მიმართულება კარისკენ შეუცვალა. შჩესნიმ ივარგა, მაგრამ ბურთის ხეირიანად მოგერიება ვეღარ შეძლო და იქვე, ორ მეტრში ყველას მიულერმა დაასწრო, რომელმაც ლონდონელთა კარი ვარდნაში დალაშქრა.

1:2 პოდოლსკი (55): "არსენალმა" მიიღო კუთხური, რომელიც არ ყოფილა. უილშირმა ჩააწოდა, ნოიერი კარიდან უაზროდ გამოვარდა და მიუხედავად იმისა, რომ მიხვდა, რაც მიჰქარა, ადგილზე გაშეშდა. რეკორდმაისტერის მცველებიც თითქოს დაიბნენ, რითაც პოდოლსკიმ ისარგებლა და 6 მეტრიდან ბურთი ცარიელ კარში თავით გადაგზავნა.

1:3 მანჯუკიჩი (77): ლამი მარჯვენა ფლანგზე კარგად გაიხსნა და რობენმაც დროულად უპასა. ფილიპის მძაფრ, გამჭოლ პასს კი მანჯუკიჩი გამოეხმაურა, რომელმაც სანიასთან ორთაბრძოლისას, ვარდნაში ბურთს როგორღაც მაინც შეუცვალა მიმართულება და საკმაოდ უცნაური გოლი გამოუვიდა.

გმირი
თომას მიულერი (ბაიერნი)

ბევრი აკრიტიკეს თუ ცოტა, მიულერმა ამას წინათ თქვა, უკვე ვხვდები, რომ ლეგენდარული, საგალერეო ფეხბურთელი არასდროს გავხდებიო. თუკი თომასი მომავალშიც ასეთი ეფექტური იქნება, ლეგენდების გალერეაში მოხვედრა არც სჭირდება. კროსს საგოლე პასი სწორედ თომასმა გაუკეთა, მეორე გოლი კი თვითონ შეაგდო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უტყუარი საგოლე ალღო აქვს.

"ბაიერნში" გამორჩეულად კარგად ითამაშეს ვან ბუიტენმა და ლამმაც.

ანტიგმირი
თეო უოლკოტი (არსენალი)

თეო ხშირად წუწუნებს ხოლმე, არსენ ვენგერი ცენტრფორვარდის პოზიციაზე არ მათამაშებს ხოლმეო. და აი, ვენგერმა უოლკოტი სწორედ "ბაიერნთან" გაამწესა ამ პოზიციაზე და თეომ მიუნხენელთა ცენტრალურ მცველებთან, დანტესთან და ვან ბუიტენთან ვერაფერი გააწყო. უოლკოტი ბურთს მხოლოდ 23-ჯერ შეეხო და ორთაბრძოლების ოდენ 20 პროცენტი მოიგო, რაც თვითმარქვია ცენტრფორვარდისთვის ნამდვილად სამარცხვინო სტატისტიკაა.

მსაჯი
ნორვეგიელი სვეინ ოდვარ მოენი აშკარად "ემირეითსის" პუბლიკის წნეხის ქვეშ მოექცა და "არსენალს" რამდენიმე ჯარიმასთან ერთად, ის კუთხურიც აჩუქა, რომელსაც ლონდონელთა ერთადერთი გოლი მოჰყვა. ჩვენი აზრით, მოენი მიულერის გაფრთხილების დროსაც შეცდა.

მწვრთნელები
ვენგერმა წინა ხაზზე აქცენტი ტანდაბალ და მოქნილ ბიჭებზე გააკეთა, რაც პირველ წუთებში ამართლებდა კიდეც, მაგრამ კროოსის გოლის შემდეგ "არსენალი" მოიშალა. რემსის საერთო ჯამში სახეირო არაფერი გაუკეთებია. მატჩის დასკვნით ნაწილში ვენგერმა თამაშში კლასიკური ცენტრფორვარდი ჟირუ ჩართო და მასთან ერთად, მოედანზე როსიცკიც შეუშვა. ვფიქრობთ, არსენს ჟირუ მინიმუმ უფრო ადრე უნდა გამოეყვანა და მაქსიმუმ სასტარტოში უნდა გაემწესებინა, რადგან უოლკოტი არც ისე მოქნილი და ტექნიკურია, რომ "ბაიერნის" მცველებისთვის სხვანაირად შეექმნა პრობლემები; ჟირუ კი ვან ბუიტენსა და დანტეს უკეთ შეებრძოლებოდა.

ჰაინკესი, მოლოდინისამებრ, საუკეთესო თერთმეტეულს ენდო, თუმცა ამჯერად რობენი (რიბერის ნაცვლად) მოედანზე გაცილებით ადრე შემოიყვანა. როცა ლონდონელები შტურმის მოწყობას შეეცადნენ, "დონ იუპმა" უკანა ხაზი გააძლიერა - კროოსი ლუის გუსტავოთი შეცვალა. გომესი კი მოედანზე მანჯუკიჩის ნაცვლად მხოლოდ ამ უკანასკნელის გოლის შემდეგ გამოჩნდა...

რაც თვალში მოგვხვდა

- მატჩის დასაწყისში მიუნხენელებს მარცხენა ფლანგიდან ორი სახიფათო იერიში გაეპარათ, რადგან დანტესა და ალაბას შორის უდიდესი, რეკორდმაისტერის უკანა ხაზისთვის უპატიებელი სიცარიელე ორჯერ წარმოიქმნა. სხვათა შორის, უოლკოტი ცენტრიდან მარჯვენა ფრთაზე ხშირად გადადიოდა, თუმცა ალაბა აზრზე მალევე მოვიდა, წინ თამამად სირბილს შეეშვა და ზონაც უკეთ გააკონტროლა. სხვათა შორის, ამის გამო რიბერიმაც მნიშვნელოვნად უკან დაიხია.

- "ბაიერნი" კი, თავის მხრივ, მეტწილად მარჯვენა ფრთიდან უტევდა, სადაც მიულერი და ლამი კომბინირებდნენ. სხვათა შორის, ფლანგს იცვლიდა და მარჯვნივ ხშირად გადადიოდა რიბერიც. აშკარად ჩანდა, რომ ჰაინკესმა შეგირდებს შეტევების წარმოება მარჯვნიდან დაავალა, რადგან ელოდა, რომ ვერმაელენს ლონდონელთა დაცვის მარცხენა ფლანგზე გაუჭირდებოდა. შედეგი: მიუნხენელებმა პირველი ორი გოლი სწორედ მარჯვნიდან წარმოებული შეტევებით გაიტანეს.

- როცა "არსენალმა" მასირებული იერიშები მოინდომა (სხვა გზა არც ჰქონდათ), მიუნხენელებმა თავი სოლიდურად დაიცვეს და პრობლემები თითქმის არ შეჰქმნიათ.

- პოდოლსკის გოლის შემდეგ ვენგერის ბიჭებს თითქოს თავდაჯერება მოემატათ და პუბლიკის ოვაციებით შეგულიანებულებმა მედგარი შეტევებიც სცადეს, მაგრამ ბავარიული გრანდის კომპაქტურ და ფხიზელ უკანა ხაზს გასაღები ვერ უპოვეს. ამრიგად, გოლის გარდა, ჟირუს მომენტი ლონდონელთა ფაქტობრივად ერთადერთი საგოლე შანსი იყო.

- მიუნხენელები ზონებსაც უკეთ იყენებდნენ, პოზიციურადაც ლონდონელებზე გაცილებით უკეთ ირჯებოდნენ და როცა დასჭირდათ, დაცვასაც იდეალურად მიხედეს და მეტოქეს არაფერი გააბედვინეს.

დასკვნა
"ბაიერნი" "არსენალზე" უკეთესი გუნდია და ამრიგად, მიუნხენელთა გამარჯვება აბსოლუტურად ლოგიკური და დამსახურებულია.

არსენალი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 თ. მიულერი (21), 1:2 პოდოლსკი (55), 1:3 მანჯუკიჩი (77)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი - უილშირი, არტეტა - რემსი (71. როსიცკი), სანტი კასორლა, პოდოლსკი (71. ჟირუ) - უოლკოტი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი (73. ლუის გუსტავო), რიბერი (63. რობენი) - მანჯუკიჩი (78. გომესი).
გაფრთხილება: ვერმაელენი, სანია, არტეტა, პოდოლსკი, რემსი - შვაინშტაიგერი, თ. მიულერი, ლამი
მაყურებელი: 59 974

VideoSportall.Ge
არსენალი - ბაიერნი 1:3


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 1:3 - მიუნხენის "ბაიერნი" უკეთესია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული