ესეც ასე: "როსონერიმ" შეუძლებელი შეძლო და არა მარტო ამ წყვილის, არამედ მთლიანად ჩემპიონთა ლიგის აშკარა ფავორიტი "სან სიროზე" ისეთი ანგარიშით დაამარცხა, რომ კატალონიური გრანდი საპასუხო მატჩის წინ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაშია.
როგორ გინდა, რომ "მილანის" გამარჯვება (ვისაც არ უნდა ხვდებოდეს) უდიდეს სენსაციად შერაცხო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველა ლოგიკით სენსაცია იყო.
დიდი და, რაც მთავარია, თამაშიდან გამომდინარე, აბსოლუტურად დამსახურებული სენსაცია!
"ბარსელონამ" კი ზედიზედ მეათე ოფიციალურ მატჩშიც ვერ შეინახა კარი მშრალად და მართალია, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კატალონიური გრანდი ვარდება... მერვედფინალიდან!
და თუ მართლაც ასე მოხდა და "როსონერიმ" "ნოუ კამპზე" გაძლო, ეს თანამედროვე ფეხბურთში ერთი დიდი ეპოქის დასასრულის ნიშანი იქნება.
რეაქციები
მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მთავარი მწვრთნელი):
"ჩემმა გუნდმა დღეს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვინმე წარმოიდგენდა იმას, რომ "ბარსელონა" კარში ხეირიანად ერთხელაც ვერ დაგვირტყამდა?
ცოტა მეტი დაკვირვება და ბოლოს მესამე გოლსაც გავიტანდით - სამწუხაროდ, ტრაორეს იმ მომენტში გამოცდილება არ ეყო. თუმცა 2:0-იც ისეთი ანგარიშია, როგორზეც ვოცნებობდით.
მაგრამ საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება. "ბარსელონას" "ნოუ კამპზე" სასწაულების მოხდენა შეუძლია".
რიკარდო მონტოლივო (მილანი):
"შესანიშნავად ვითამაშეთ, პირველიდან ბოლო წუთამდე მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ "ბარსას" მხოლოდ ასეთი მიდგომითა და შემართებით თუ დავამარცხებდით.
მწვრთნელის დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შევასრულეთ. თითოეული ჩვენგანი გმირია!
მაგრამ "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნოუ კამპზეც" ასე უნდა ვიბრძოლოთ".
ჟერარდ პიკე (ბარსელონა):
"საშინელი შედეგი მივიღეთ. განსაკუთრებით ცუდად პირველ ტაიმში ვითამაშეთ. მეოთხედფინალში გასვლა ძალიან ძნელი იქნება.
ფაქტია, რომ ჩვენს არენაზე აბსოლუტურად სხვანაირად უნდა ვითამაშოთ და თან "კამპ ნოუს" მაგიის იმედად უნდა ვიყოთ".
შემადგენლობები
"მილანს" ისედაც არ ჰყავს გადასარევი შემადგენლობა და ამას საკადრო პრობლემებიც დაემატა: მარიო ბალოტელის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს და მის გარდა, ალეგრის დე იონგი, ნოჩერინო და ფლამინიც აკლდნენ.
"როსონერიმ" 4-3-3 განლაგებით ითამაშა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მცველებს თვით ცენტრფორვარდი ჯამპაოლო პაცინიც ეხმარებოდა.
"ბარსამ" კი მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გაიყვანა - თუ არ ჩავთვლით დავიდ ვილიას არყოფნას, რომელსაც სასტარტოში ისედაც იშვიათად ათამაშებენ ხოლმე.
გოლები
1:0 ბოატენგი (57): მონტოლივომ 30 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა და თანაგუნდელ საპატას სახეში (და არა ხელზე!) მოარტყა, რომლისგანაც ბურთი ბოატენგს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი 15 მეტრიდან ნახევარბრუნში გაისროლა და ვალდესის კარის მარცხენა დაბალი კუთხე დალაშქრა.
2:0 მუნტარი (81): ისევ მონტოლივოს ბრწყინვალე პასი, ამჯერად ნიანგის მისამართით, რომელმაც ელ შაარავი მოძებნა. ამ უკანასკნელმა კი დროულად დაინახა გაცილებით უკეთეს პოზიციაში მყოფი მუნტარი, რომელმაც დაახლოებით 11 მეტრიდან გაიტანა. "ბარსას" დაცვა გათიშული და აბსოლუტურად უმაქნისი გახლდათ.
გმირი
რიკარდო მონტოლივო (მილანი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას არა ერთი, არამედ რამდენიმე მილანელი იმსახურებდა, მაგრამ ჩვენ რიკარდო მონტოლივოს გამოვარჩევთ, რომელიც "როსონერის" დაცვითი თუ შემტევი სტრატეგიის მთავარი დირიჟორი გახლდათ.
თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო, დაღლილობა ერთი წამითაც არ დასტყობია, პასებსაც ჭკვიანურად ანაწილებდა და დაცვაშიც უნაკლო იყო.
მონტოლივოსთან ერთად, გამორჩეულად კარგად ითამაშეს ფილიპ მექსემ და უბერებელმა მასიმო ამბროზინიმ.
ანტიგმირი
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
ასეთი უნიათო და უიდეო ფაბრეგასი, დაგვეთანხმებით, იშვიათად გვინახავს. წესით, მოედნის ცენტრში ჩავისთან ერთად "ბარსას" შეტევები უნდა ემართა და ნაცვლად ამისა, საერთოდ არ ჩანდა - გათიშული იყო.
ფაბრეგასს ბურთი იშვიათად ჰქონდა და როცა ჰქონდა, წარმოუდგენელ ტექნიკურ შეცდომებს უშვებდა.
კატალონიელთათვის სამწუხაროდ, იმედები ვერც მის ნაცვლად გამოსულმა ალექსის სანჩესმა გაამართლა. რომ არა ფაბრეგასის აბსოლუტური უნიათობა, ანტიგმირის სტატუსს ლიონელ მესის მივანიჭებდით, რომელიც ამას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ სესკზე მეტს ცდილობდა, თუმცა მასაც არაფერი გამოუვიდა.
მსაჯი
კრეიგ ტომსონი, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი ფიგურა გახლდათ, რაც იმის დამსახურებაცაა, რომ მატჩი კორექტული გამოვიდა.
ბოატენგის გოლის დროს მსაჯმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ვიდეოანალიზზე მშვენივრად ჩანს, რომ საპატას ბურთი ხელზე კი არა, სახეში მოხვდა.
ტომსონს ერთადერთ შეცდომად მხოლოდ ბუსკეტსის გაფრთხილებას ჩავუთვლით.
მწვრთნელები
როგორც მოსალოდნელი იყო, ალეგრიმ დაცვითი ტაქტიკა აირჩია. ამბობდნენ, მესის პერსონალურ მეურვეს მიუჩენსო, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.
"მილანი" პირველიდან ბოლო წუთამდე იმდენად სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობდა და იტალიელები ისე ზუსტად მიჰყვებოდნენ არჩეულ სტრატეგიას, რომ ალეგრის არც მეორე ტაიმში ჰქონდა რამე გამოსასწორებელი.
"ბარსასთან" მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე სილვიო ბერლუსკონიმ ალეგრი საჯაროდ გააკრიტიკა და მის კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა, რაზეც "როსონერის" თავკაცმა სილვიოს ამომწურავი პასუხი გასცა.
ჟორდი როურას დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ბარსელონას" მწვრთნელი არ ჰყავს და ვინც ფიქრობს, რომ არც სჭირდება, სწორედ "მილანთან" მატჩი დაარწმუნებდა, რომ ცდება.
თავისი სამწვრთნელო შესაძლებლობები დიდ ასპარეზზე ტიტო ვილანოვასაც დასამტკიცებელი აქვს და როურაზე რაღა უნდა ვილაპარაკოთ? ფაქტია, რომ როურამ მატჩის მიმდინარეობისას "ბარსას" სასიკეთოდ ვერაფერი შეცვალა და არც სანჩესის გამოყვანამ უშველა.
რაც უნდა კარგი გუნდი იყოს, მწვრთნელი "ბარსასაც" სჭირდება.
რაც თვალში მოგვხვდა
- ქაღალდზე "მილანის" ტაქტიკა 4-3-3 იყო, სინამდვილეში კი, "როსონერი" 4-5-1-ს თამაშობდა და ის ერთი ცენტრფორვარდიც არაერთხელ აღმოჩნდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
ალეგრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალე გადაწყვეტილება იყო დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზების ერთმანეთთან მჭიდროდ დგომა - რაც უფრო უახლოვდებოდნენ კატალონიელები კრისტიან აბიატის საჯარიმოს, მით უფრო კლებულობდა მანძილი "მილანის" მცველებსა და ნახევარმცველებს შორის, რაც მესისა და კომპანიის წინააღმდეგ დაზღვევის საუკეთესო საშუალება გამოდგა.
- "ბარსას" შეტევები უმეტესად "მილანის" კარიდან 30 მეტრში მთავრდებოდა და სხვათა შორის, ეს მექსეს დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან ხშირად ამოდიოდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, რითაც თავისიანებს რიცხობრივ უპირატესობას უქმნიდა და ასეთი მოქმედებებით კატალონიელთა არაერთი შეტევა ჩაშალა.
- ბურთიან ბარსელონელთან ყოველთვის ორი მილანელი მირბოდა და მათ უმეტეს შემთხვევებში მესამე აზღვევდა. შედეგად, ჩავი-ინიესტა-მესის საოცარი კომბინაციები არ შედგა.
- პირველ ტაიმში "ბარსელონამ" ერთი სახიფათო მომენტიც ვერ შექმნა! კატალონიელებმა აბიატის კარში ხეირიანად პირველად 76-ე წუთზე დაარტყეს...
- "სან სიროს" მოედნის საფარი არ იყო სამაგალითო მდგომარეობაში, თუმცა ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ მილანელები "ბარსასთან" თამაშის წინ მინდორს არ მოუვლიდნენ და პირდაპირ ვთქვათ, რომ კატალონიელებს ეს ფაქტორი ალიბად არ გამოადგებათ.
ამრიგად, ბარსელონელებს კომბინირება უჭირდათ. ამას დაემატა "მილანის" უკანა ხაზის სრულყოფილი თამაშიც და შედეგი ლოგიკურია: აბიატის საქმე არ ჰქონია!
დასკვნა
"მილანის" გამარჯვება დამსახურებულია. მართალია, "როსონერიმ" დაცვითი ფეხბურთი ითამაშა (როგორც ჩანს, "ბარსელონას" წინააღმდეგ სხვა წამალი არ არსებობს), მაგრამ ფაქტია, რომ ესპანურ სუპერგრანდზე მეტი და უკეთესი საგოლე მომენტები შექმნა. ასეთი სუსტი "ბარსელონა" ძალიან დიდი ხანია, არ გვინახავს.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
მილანი-ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 კ. პ. ბოატენგი (57), 2:0 მუნტარი (81)
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი - ამბროზინი, მონტოლივო, მუნტარი - კ. პ. ბოატენგი, პაცინი (75. ნიანგი), ელ შაარავი (88. ტრაორე).
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი (88. მასკერანო), ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (62. სანჩესი) - პედრო, მესი, ინიესტა.
გაფრთხილება: მექსე, ტრაორე - ბუსკეტსი, პიკე
მაყურებელი: 79 832
Video
მილანი - ბარსელონა 2:0
მილანი - ბარსელონა 2:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]