იყო და არა იყო რა - ყველაფერი გელზენკირხენში გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
"შალკე" ბუნდესლიგაში საშინლად გამოიყურება, "გალათასარაი" კი თურქეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და თანაც, თურქულმა გრანდმა იანვარში სნეიდერისა და დროგბას სახით ორი უმაღლესი კლასის ოსტატი დაიმატა.

შესაბამისად, მთელი საფეხბურთო ევროპა "გალას" იოლ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ, როგორც გერმანელებს სჩვევიათ, "შალკემ" სწორედ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და თურქეთში ფრეს მიაღწია, რაც გელზენკირხენელთათვის ძალიან კარგი შედეგია.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ "შალკეს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არცერთი მარცხი არ აქვს!

რეაქციები
ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მთავარი მწვრთნელი): "სწრაფი გოლის გატანა გვინდოდა და მიზანს მივაღწიეთ კიდეც,
რაც იმის დამსახურებაა, რომ თამაში ძალიან კარგად, იდეალურად დავიწყეთ. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის მიწურულს შეცდომა დავუშვით, რაც მეტოქემ არ გვაპატია და დაგვსაჯა. მანამდე მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა მეორე ტაიმში "შალკესაც" შეექმნა მომენტები. საერთო ჯამში, გაწონასწორებული თამაში გამოვიდა და სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. გელზენკირხენში რთული თამაში გველის, მაგრამ მე მჯერა იმის, რომ მეოთხედფინალში გავალთ."

ბურაქ ილმაზი ("გალათასარაი"): "პირველი ტაიმი ჩვენი იყო, ძალიან კარგად ვთამაშობდით და მეორე გოლიც უნდა გაგვეტანა. მეორე ნახევარში "შალკე" გამოსწორდა, ჩვენ კი ვეღარ ვიდექით მოწოდების სიმაღლეზე. ვფიქრობ, რომ "შალკეზე" უკეთესი გუნდი გვყავს და ლოგიკურად, მეოთხედფინალში ჩვენ უნდა გავიდეთ."

იენს კელერი ("შალკეს" მთავარი მწვრთნელი): "აგრესიულები და მონდომებულები ვიყავით, რაც დაგვიფასდა კიდეც. გუნდური ფეხბურთი ვითამაშეთ და მთლიანობაში ჩემი ბიჭების ასპარეზობითაც კმაყოფილი ვარ და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგითაც."

ჯერმაინ ჯონსი ("შალკე"): "კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან ამ სტადიონზე ფრის მიღწევა
ძალიან ძნელია, ჩვენ კი მართლა კარგად ვითამაშეთ და ფრე დავიმსახურეთ. ცხადია, იყო შეცდომებიც და იმედია, რომ გამოვასწორებთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს "შალკემ" სულ სხვა სახე აჩვენა - იმაზე გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ბუნდესლიგაში ვთამაშობთ ხოლმე."

გმირი
ჯერმაინ ჯონსი (შალკე)
მოედანზე საუკეთესო უდავოდ ჯერმაინ ჯონსი გახლდათ - გელზენკირხენელთა საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა, აგრესიულ თურქებს აგრესიითვე პასუხობდა და გელზენკირხენული კლუბისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გოლიც სწორედ მან გაიტანა. სწორედ ჯონსის დამსახურებაა ისიც, რომ "შალკეს" მოედნის ცენტრი არ დაუთმია. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ მესამე გაფრთხილება მიიღო და საპასუხო მატჩში ვერ ითამაშებს.

ანტიგმირი
ვესლი სნეიდერი (გალათასარაი)
ამ მატჩმა ჰოლანდიელ გამთამაშებელს გვერდით ჩაუარა... სნეიდერმა შეტევაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა ხეირიანად - იმ მომენტში, როცა ალთინთოფმა ბურთი "შალკეს" კარის ძელს მოარტყა. ანტიგმირად კი, პირველ რიგში, მაინც იმის გამო ვასახელებთ, რომ "გალათასარაის" ფანები მისგან გაცილებით მეტს ელიან.

დასკვნა
"შალკემ" ურთულეს შეხვედრაში კარგად ითამაშა. მეტიც: მეორე ტაიმში გელზენკირხენელები უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ, მოიგებდნენ კიდეც.

მიუხედავად ამისა, შანსებს მაინც 50/50-ზე ვაფასებთ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
გალათასარაი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 ბურაქ ილმაზი (12), 1:1 ჯონსი (45)
გალათასარაი (4-2-2-2): მუსლერა - საბრი (83. უმუთ ბულუთი), სემიჰი, ნუნკეუ, რიერა - ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი - ჰამით ალთინთოფი (66. ებუე), სნეიდერი (46. ამრაბატი) - ბურაქ ილმაზი, დროგბა.
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჯონსი, ნოიშტედტერი - ფარფანი, დრაქსლერი (84. ბარნეტა), მიშელ ბასტოსი - ჰუნტელაარი (75. პუკი).
გაფრთხილება: მუსლერა, ამრაბატი, ნუნკეუ, სელჩუკ ინანი - ჯონსი, კოლასინაცი, ჰიოგერი
მაყურებელი: 50 734

VideoSportall.Ge
გალათასარაი - შალკე 1:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გალათასარაი-შალკე 1:1 - "გალას" ილმაზის ალმასი არ ეყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული