"ვალენსიას" ფრანგი მცველი
ალი სისოკო დიდი ენთუზიაზმით ელის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს თანამემამულეებთან – 6 მარტს საღამოს "პარი სენ–ჟერმენი" ესპანურ კლუბს უპასუხებს, პირველი მატჩი მესტალიაზე პარიზელებმა 2:1 მოიგეს და წყვილის აშკარა ფავორიტები არიან.
თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს 25 წლის მარცხენა მცველი, რომელიც "ლიონიდან" გადავიდა "ვალენსიაში".
"მართალია, შინ წავაგეთ, მაგრამ კარგი შანსი გვაქვს, პარიზში გავიმარჯვოთ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ვიცი, რომ ძალიან დაძაბული მატჩი იქნება. ჩვენ მშვიდად უნდა ვითამაშოთ, პირადად კი პირველ რიგში დაცვითი საქმეებით შემოვიფარგლო. პსჟ–ს ორი ცენტრალური ფიგურა აკლია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკო ვერატი. იბრა ბურთს იდეალურად ფლობს და მცველებს უამრავ პრობლემას უქმნის, ვერატი ტექნიკური თამაშით მატჩის მიმდინარეობას ხელმძღვანელობს. მაგრამ მათ კიდევ ჰყავთ მენეზი და ბექჰემი", – განაცხადა ალი სისოკომ.