პსჟ VS ვალენსია: რა შანსი აქვთ ესპანელებს?

AutoSharing Option
"მესტალიაზე" წაგების (1:2) შემდეგ "ვალენსიას" შანსები მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანელები პარიზში თავისას ეცდებიან.

"ვალენსია" საფრანგეთში საბრძოლო განწყობით ჩავიდა, მაგრამ მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს ოპტიმისტურად განწყობის საფუძველი ნაკლებად აქვს, რადგან საპასუხო მატჩის წინ სერიოზულ საკადრო პრობლემებთან უწევს გამკლავება - "ვალენსიას" დაცვაში უჭირს.

"ვალენსიას" მეოთხედფინალში გასვლის თეორიული შანსი რომ შერჩა, ეს ადილ რამის დამსახურებაა, რომელმაც ორი კვირის წინ გამართულ შეხვედრაში, 90-ე წუთზე პსჟ-ს გოლი გაუტანა და ამით ესპანური კლუბის ქომაგებს ფრანგული გრანდის ბარიერის დაძლევის იმედი დაუტოვა.

რამის გოლით "მესტალიას" ტაბლოზე
1:2 დაფიქსირდა და რომ არა ეს გოლი, ვალვერდეს გუნდის შანსებზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა. რამი დღეს ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმირებულია და დაცვის ცენტრში მის ნაცვლად, სავარაუდოდ, ვიქტორ რუისს ვიხილავთ.

ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ვერც რამის პარტნიორი რიკარდო კოშტა მოახერხებს. ვალენსიელებს ბოლო მომენტამდე ჰქონდათ იმის იმედი, რომ პორტუგალიელი გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, მაგრამ რიკარდო კოშტას რეაბილიტაციისთვის დრო არ ეყო და თანაგუნდელებს პარიზში ვერ გაჰყვა.

თუკი რამის რუისი შეცვლის, რიკარდო კოშტას ალტერნატივა ჟერემი მატიოა, თუმცა ამ უკანასკნელის თამაშიც პრობლემატურია, რადგან ტრავმა ახლახან მოიშუშა. ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში, რომელშიც ვალენსიელებმა "ლევანტესთან" 2:2 დააფიქსირეს, მატიომ წელს პირველად ითამაშა შეუცვლელად და საუკეთესო ფორმაში არაა.

"ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო კონდიციაში ვარ, მაგრამ თუ მწვრთნელი მენდობა, თავს არ დავზოგავ. ფაქტია, რომ ტრავმა ბოლომდე მოვიშუშე და სათამაშოდ მზად ვარ," - განაცხადა მატჩის წინა დღეს 30 წლის მცველმა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ვალვერდეს დაცვის ცენტრში ანტონიო ბარაგანისა და ალი სისოკოს გამოყენებაც შეუძლია.

პსჟ იბრას გარეშე
გარკვეული საკადრო პრობლემები პარიზელებსაც აქვთ: ზლატან იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიცირებულია, ისევე, როგორც - მარკო ვერატი.

თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდის დანაკლისს სერიოზულს ვერ ვუწოდებთ, რადგან პარიზელთა იტალიელ დამრიგებელს ვალენსიელ კოლეგაზე გაცილებით დიდი და ხარისხიანი არჩევანი აქვს.

შვედი თავდამსხმელი წინა მატჩში მოედნიდან გააძევეს და მართალია, პსჟ-მ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გააპროტესტა, მაგრამ შეწყალების შემთხვევაში ზლატანი მეოთხედფინალის პირველ რაუნდში ითამაშებს.

დიდი შანსია, რომ ანჩელოტიმ იბრას ნაცვლად კევინ გამეირო ათამაშოს. შესაძლოა, ფრანგული კლუბის თავდასხმაში ლავეცისა და მენეზის წყვილი ვიხილოთ.

დევიდ ბექჰემი სრულ მზადყოფნაშია და შესაძლოა, 2010 წლის შემდეგ პირველად ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგაში.

ბექზმა ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში ბურთი ბოლოს სწორედ სამი წლის წინ, "მილანისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში გააგორა, რომელიც მანკუნიანელებმა 4:0 მოიგეს. თუმცა ანჩელოტი ბექჰემის სასტარტო შემადგენლობაში გამწესებას ალბათ მაინც არ გარისკავს და ძირითადში ისევ კლემენ შანტომს ათამაშებს.

დაცვის ცენტრში ანჩელოტი, სავარაუდოდ, სახოსა და ალექსის წყვილს დაეყრდნობა - ტიაგო სილვას გამოჩენა საეჭვოა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი, ყველა ლოგიკის მიხედვით, კრისტოფ ჟალე უნდა ვიხილოთ, რადგან გრეგორი ვან დერ ვილი მოლოდინს ვერ ამართლებს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
პსჟ-ვალენსია 23:45
პირველი მატჩი: 2:1

სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ალექსი, სახო, მაქსველი - ლუკას მოურა, მატუიდი, შანტომი, პასტორე - ლავეცი, მენეზი.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟოაო პერეირა, ვიქტორ რუისი, მატიო, გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა - ფეგული, ბანეგა, ჟონასი - სოლდადო.
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ურთიერთშეხვედრები
12.02.2013
ვალენსია-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 ლავეცი (10), 0:2 პასტორე (43), 1:2 რამი (90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალი სისოკო: "ვალენსიას" შეუძლია პსჟ–ს პარიზში დამარცხება
კლასით და ინდივიდუალიზმით: საპასუხო მატჩში პსჟ-ს, იბრასთან ერთად, ვერატიც დააკლდება [VIDEO]
ვალენსია-პსჟ 1:2 - პარიზულ მატჩს ინტრიგა... ზლატანმა დაუტოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული