დორტმუნდი-შახტარის გამოხმაურება: "დორტმუნდი" უკვე დიდი გუნდია!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეისეირნა - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

"შახტარი" უდავოდ კარგი გუნდია, რაც დონეცკელებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, მაგრამ "დორტმუნდი" გაცილებით დიდი გუნდია და კონკრეტულად ამ, იურგენ კლოპის ფორმაციის "ბორუსიას" კიდევ ბევრის გამწარება შეუძლია.

დორტმუნდელებმა დონეცკელები მსუბუქი, სწრაფი, ტექნიკური, ხალასი და ძალისმიერი ფეხბურთის იდეალური ნაზავით გაანადგურეს.

რეაქციები
იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი):
"ეს მართლაც არაჩვეულებრივი დღეა "დორტმუნდის" ისტორიაში არა მარტო იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ამ ტურნირზე ბრწყინვალე ფეხბურთს ვთამაშობთ. თვითონაც არ
მჯერა, რომ ბიჭებმა დღეს ასეთი სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშეს."


მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მთავარი მწვრთნელი):
"ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ვუსურვებ, რადგან მართლა ძალიან მაგარი გუნდია."


გმირი
მარიო გიოტცე (დორტმუნდი)
"ბორუსიას" ათიანი ბევრს მოძრაობდა, მუდმივად ბურთს ითხოვდა და "დორტმუნდის" თითქმის ყველა შეტევაში მიიღო მონაწილეობა. კუთხური, რომელსაც ფელიპე სანტანას გოლი მოჰყვა, სწორედ გიოტცემ მოიპოვა, მეორე გოლი კი თავად შეაგდო. საერთო ჯამში, მარიომ შვიდ საგოლე მომენტში მიიღო მონაწილეობა, რაც საკმარისი არგუმენტია საიმისოდ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვასახელებთ.

ანტიგმირი
ოლექსანდრ კუჩერი (შახტარი)
კუჩერი აჭრილი იყო. უკვე მე-15 წუთზე გაფრთხილება მიიღო და მსაჯი ჩიუნეით ჩაქირივით მკაცრი რომ ყოფილიყო, 30-ე წუთზე წითელ ბარათსაც აუფრიალებდა. ამასთან, დონეცკელთა ცენტრალურმა მცველმა ორთაბრძოლების მხოლოდ 40 პროცენტი მოიგო და მეორე გოლის დროს პოზიციური შეცდომა დაუშვა.

რაც თვალში მოგვხვდა
- "დორტმუნდმა" თავიდანვე პრესინგს მიმართა, ინიციატივას დაეუფლა და შეუტია. განსაკუთრებით კარგად მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი კომბინირებდნენ. დონეცკელებს მხოლოდ კონტრშეტევებზე ეძლეოდათ შანსი, მაგრამ გადაბმულად რამდენიმე პასის გაკეთებასაც კი ვერ ახერხებდნენ.

- შახტარის სუსტი წერტილი მარცხენა მცველი რაცი გახლდათ. შესაბამისად, "ბორუსია" უმეტესად სწორედ მისი ფლანგიდან უტევდა.

- დორტმუნდელები მათთვის ჩვეულ სტილში, მოკლე და სწრაფი პასებით კომბინირებდნენ. გიოტცე და ლევანდოვსკი უკან დახევას, შავი სამუშაოს შესრულებასაც არ თაკილობდნენ.

- ბურთის მოპოვება ცენტრში, სწრაფი პასი გიოტცესკენ, რომელიც ლევანდოვსკის ეძებდა - ასე ვითარდებოდა "ბორუსიას" შეტევების აბსოლუტური უმრავლესობა.

- მეორე ტაიმი "შახტარმა" გაცილებით ვაჟკაცურად და აზრიანად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა დუგლას კოშტამ დონეცკელთა შეტევებს პეწი შემატა, მაგრამ პიატოვის შეცდომამ "შახტარის" უკანასკნელი იმედებიც დაასამარა.

დასკვნა
"დორტმუნდის" გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია. კლოპის გუნდმა განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში ითამაშა. "ბორუსიას" ეტყობა, რომ უკვე ჩამოყალიბებული, გამოცდილი და დიდი წარმატებებისთვის მომწიფებული კოლექტივია, რაც კლოპს და მის შეგირდებს მეოთხედფინალშიც წაადგებათ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
დორტმუნდი-შახტარი 3:0
გოლები: 1:0 ფელიპე სანტანა (31), 2:0 გიოტცე (37), 3:0 ბლაშჩიკოვსკი (59)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი (82. ნ. შაჰინი), ს. ბენდერი (46. კელი) - ბლაშჩიკოვსკი (70. გროსკროიტცი), გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, რაკიცკი, კუჩერი, რაცი - ფერნანდინიო, ჰიუბშმანი - ალექს ტეიშეირა, მხითარიანი, ტაისონი (46. დუგლას კოშტა) - ლუის ადრიანო.
გაფრთხილება: კუჩერი
მაყურებელი: 65 413

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-შახტარი 3:0 - "დორტმუნდმა" მეტოქე ვერც კი იგრძნო [VIDEO]
იურგენ კლოპი: კარგი იქნება, თუ ლუჩესკუ წინასწარმეტყველი აღმოჩნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული