პსჟ-ვალენსიას გამოხმაურება: მადლობა ვის? ლავეცის!

AutoSharing Option
"მესტალიაზე" დაფიქსირებული შედეგის გამო ამ წყვილის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილი პსჟ საპასუხო მატჩში ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, რის გამოც კარლო ანჩელოტის გუნდის მეოთხედფინალში გასვლა მეორე ტაიმში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

თუმცა ჟონასის გოლს ესეკილ ლავეციმ მალევე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, ვალენსიელებმა კი მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და თამაში დამატებით დროში ვერ გადაიყვანეს.

ამრიგად, პარიზული გრანდი არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

რეაქციები
კარლო ანჩელოტი (პსჟ):
"მართალია, დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა,
მაინც მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალში
გასვლა დავიმსახურეთ. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პირველ ტაიმში ჩემი გუნდი ძალიან არ მომეწონა. ბიჭები თითქოს მოშვებულები იყვნენ და დაბნეულობაც ეტყობოდათ, რის გამოც "ვალენსიამ" ჩვენი დაწნეხვა შეძლო. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პსჟ თავისებურად მხოლოდ გოლის მიღების შემდეგ ათამაშდა."

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია):
"მიუხედავად იმისა, რომ "მესტალიაზე" წავაგეთ, საპასუხო მატჩში შანსი ბოლო წუთამდე გვქონდა. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი დაღლა დაგვეტყო და პსჟ-ი
ს დასამარცხებლად არც კლასი გვეყო."

შემადგენლობები
კარლო ანჩელოტიმ ძირითადი შემადგენლობა რამდენიმე პოზიციაზე შეცვალა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკო ვერატი დისკვალიფიცირებული გახლდათ. მათ გარდა, სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ვან დერ ვილი, არმანდი და სახოც.

შესაბამისად, ანჩელოტიმ დაცვის ხაზი ალექსთან ერთად ტიაგო სილვათი, ჟალეთი და მაქსველით დააკომპლექტა, ნახევარდაცვის ცენტრში მატუიდთან ერთად ტიაგო მოტა გაამწესა, მარჯვენა ფლანგზე შანტომი დააყენა, ზლატანი კი ლუკას მოურათი შეცვალა.

ვალენსიელებს რამისა და რიკარდო კოშტას სახით წამყვანი მცველები აკლდა. შესაბამისად, პირველი მატჩისგან განსხვავებით, ვალვერდემ დაცვა ახლებურად დააკომპლექტა. ამასთან, მან ძირითადში დააბრუნა ტინო კოსტა, რომელმაც გუარდადო შეცვალა.

გოლები
0:1 ჟონასი (55): ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ჟონასმა არ იცოდა, რა მოეხერხებინა ბურთისთვის - უბრალოდ, 18 მეტრიდან პირდაპირ კარში დაარტყა და ბურთი სირიგუს კარის ბადეში გაახვია.

1:1 ლავეცი (66):
გამეირო სამ ვალენსიელში გაძვრა და ბურთმა ლავეციმდე მიაღწია, რომლის პირველი დარტყმა გუაიტამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ბურთს მუხლი მიარტყა და ანგარიში მაინც გაათანაბრა.

გმირი
ბლაიზ მატუიდი (პსჟ)
მატუიდი ძალიან კარგი იყო ორთაბრძოლებში და ისიც დაამტკიცა, რომ მოედნის ხედვაც უვარგა. ცენტრში მან ტინო კოსტა თითქმის ყველა ეპიზოდში დაჩაგრა. თუმცა მატჩის გმირად დასახელების უმთავრესი მიზეზი მაინც ისაა, რომ მატუიდის პასების 96 პროცენტი ზუსტი იყო.

ანტიგმირი
რობერტო სოლდადო
(ვალენსია)
სოლდადო მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და ისიც მატჩის დასაწყისში, მერე კი თამაშიდან გაითიშა. ეს მარტო მისი ბრალი არ იყო - რობერტოს ხომ პასები სჭირდება. თუმცა თვითონაც ვერ იხსნებოდა კარგად და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ტიაგო სილვასა და ალექსის ჩრდილში მოექცა. შედეგი: სოლდადომ სირიგუს კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

მსაჯი
მილორად მაჟიჩს უყვარს ყველაფრის მყისიერად გარკვევა და არც ჟესტიკულაციებს ერიდება ხოლმე. მან არაერთი დისკუსია გამართა და ცდილობდა, ფეხბურთელებისთვის თითქმის ყველა გადაწყვეტილება დეტალურად აეხსნა. შეიძლება ითქვას, რომ სერბმა უშეცდომოდ იმსაჯა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მატჩი კორექტული იყო.

მწვრთნელები
ანჩელოტიმ ორი თვის უთამაშებელი ტიაგო სილვა ძირითადში გაამწესა, რაც ერთგვარი რისკი იყო. 27 წუთის შემდეგ კარლიტო იძულებული გახდა, დაცვაში დაუგეგმავი ცვლილება გაეკეთებინა, რადგან ჟალე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. როგორც კი ჟონასმა ანგარიში გახსნა, პარიზელთა იტალიელმა თავკაცმა საყრდენი ნახევარმცველი მოტა შემტევი გამეიროთი შეცვალა. ამ ცვლილებამ გაამართლა: ლავეცის გოლში გამეიროს ლომის წვლილი მიუძღვის.

ვალვერდემაც ხეირიანი შეცვლები გააკეთა: ალბელდას ნაცვლად ბანეგას გამოჩენამ და სუსტი ფეგულის ნაცვლად პიატის გამოყვანამ "ვალენსიას" შეტევებს ეფექტი შემატა. სამაგიეროდ, გაუგებარია, რატომ მოხსნა მატჩის მიწურულს თამაშიდან ყველაზე სახიფათო ვალენსიელი ჟონასი - გოლის ავტორს დაღლა თითქოს არ ეტყობოდა.

რაც თვალში მოგვხვდა
- თავიდან ორივე გუნდს დაულაგებლობა ეტყობოდა. "ვალენსიელები" უფრო მონდომებულები ჩანდნენ.

- თუმცა ვალვერდეს გუნდის შეტევები ზედმეტად ერთფეროვანი გახლდათ: ვალენსიელები უმეტესად თითქმის მხოლოდ ცენტრიდან უტევდნენ. ფეგული ხშირად იწევდა ცენტრში და ერთი სიტყვით, ფლანგზე გარღვევებისა და სოლდადოსკენ ჩაწოდებების ნაკლებობა იგრძნობოდა.

- პარიზელები პირველ ნახევარში შეტევის აწყობისას ხშირად სცოდავდნენ - ანჩელოტის შეგირდები ზედმეტად ბევრ არაზუსტ პასებს აკეთებდნენ და მრავალსვლიან კომბინაციებსაც ვერ ახორციელებდნენ. შესაბამისად, თამაშს ტემპი აკლდა.

- ბანეგას შემოყვანით "ვალენსიას" შეტევები გაუმჯობესდა. ვალვერდეს ბიჭებმა უფრო სწრაფად და აზრიანად შეუტიეს. შესაბამისად, ჟონასის გოლი აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ.

- პსჟ-მ ანგარიში პირველივე ხეირიანი შეტევით გაათანაბრა.

- მეორე ტაიმში ვალენსიელთა ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 61 პროცენტს მიაღწია, მაგრამ ვალვერდეს ბიჭებმა ეს უპირატესობა მეორე გოლში ვერ ასახეს. ესპანელებს იდეები და კრეატივი აკლდათ.

დასკვნა
თამაში არ გამოვიდა სანახაობრივი, რაც, პირველ რიგში, პარიზელების ბრალია. ვალენსიელები ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. პსჟ მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა, მაგრამ თუ ანჩელოტის შეგირდები არ მოუმატებენ, ნახევარფინალში გასვლა გაუჭირდებათ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
პსჟ-ვალენსია 1:1 (2:1)
გოლები: 0:1 ჟონასი (55), 1:1 ლავეცი (66)
პსჟ (4-2-2-2): სირიგუ - ჟალე (27. ვან დერ ვილი), ტიაგო სილვა, ალექსი, მაქსველი - ტიაგო მოტა (58. გამეირო), მატუიდი - შანტომი, პასტორე - ლუკას მოურა (83. სახო), ლავეცი.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, მატიო, რუისი, სისოკო - პარეხო, ალბელდა (46. ბანეგა) - ფეგული (63. პიატი), ტინო კოსტა, ჟონასი (76. ვალდესი) - სოლდადო.
გაფრთხილება: ლავეცი - ალბელდა, ვიქტორ რუისი, სოლდადო, პარეხო, ბანეგა
მაყურებელი: 44 867

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პარი სენ ჟერმენი-ვალენსია 1:1 - იმედის 11 წუთი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული