ბარსელონა VS მილანი - ეპოქის დასასრული თუ...

AutoSharing Option
"მილანს" "ბარსელონას" ბარიერის გადალახვას მხოლოდ "როსონერის" უკიდურესად ოპტიმისტი გულშემატკივრები თუ უწინასწარმეტყველებდნენ. ახლა კი, მასიმილიანო ალეგრის შეგირდების მიერ "სან სიროზე" ჩადენილი გმირობის შემდეგ, "ბარსა" ამ წყვილის ფავორიტი აღარ არის.

კატალონიელებს 0:2 აქვთ ამოსაქაჩი, რაც მოტივირებულ და თავდაჯერებულ "მილანთან" ურთულესი ამოცანაა და იმისათვის, რომ მეოთხედფინალში გავიდნენ, ლეო მესიმ და კომპანიამ ძალიან კარგად უნდა ითამაშონ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რვიდან ორი წყვილი იყო გიგანტური: "მანჩესტერი"-"რეალი" და "მილანი"-"ბარსელონა", მაგრამ, თუკი "იუნაიტედისა" და "სამეფო გუნდის" დუელების საბოლოო შედეგის პროგნოზირება მართლა რთული იყო, "როსონერისა" და კატალონიური სუპერგრანდის
წყვილში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ "ბარსა" იოლად დაიფრენდა იმ "მილანს", რომელსაც ნამდვილად არ უდგას საუკეთესო დროება.

მაგრამ იტალიურმა გრანდმა "სან სიროზე" ძალიან მოინდომა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო და "ბარსელონა" მილანიდან ორბურთიანი ჩამორჩენით გამოისტუმრა.

0:2 ისეთი ჩამორჩენაა, რომ ლოგიკურად, "ბარსელონა" გადაულახავი ბარიერის წინაშე არ დგას, მაგრამ თუ "მილანმა" "ნოუ კამპზეც" ისეთი თავდაჯერებით დაიცვა თავი, როგორც იტალიელები ამას "სან სიროზე" აკეთებდნენ და თუ კატალონიელებს ანგარიშის გახსნა დაუგვიანდათ და ანერვიულდნენ... ფავორიტი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება!

როურას ყველა მწყობრში ჰყავს
"დეპორტივოსთან" 2:0-ზე მოგებულ შეხვედრაში "ბარსას" კარი პინტომ დაიცვა, "მილანთან" კი კატალონიელთა კარის დარაჯი ისევ ვიქტორ ვალდესი იქნება, რადგან მისი დისკვალიფიკაცია მხოლოდ ესპანეთის პირველობაზე ვრცელდება.

"ბარსელონას" ჩავი ერნანდესიც გამოუჯანმრთელდა და დღეს აუცილებლად ითამაშებს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ბარსას" ამჟამინდელმა თავკაცმა ჟორდი როურამ "დეპორთან" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა - პიკე, ალბა, ინიესტა, ბუსკეტსი, პედრო და მესი ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ. ინიესტა, ბუსკეტსი და მესი მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდნენ.

პიკეს მინიმუმ 3:0-ის იმედი აქვს
"ვინც მილანში წაგების შემდეგ "ბარსელონა" ჩამოწერა, ძალიან ცდება! "ნოუ კამპზე" ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგად ვთამაშობთ და ვფიქრობ, რომ არც ისე მძიმე მდგომარეობაში ვართ, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

საკუთარ მოედანზე "მილანს" მაგრად შევუტევთ და ვიმედოვნებ, რომ მინიმუმ 3:0-ს მოვიგებთ, რაც მეოთხედფინალში გაგვიყვანს",
- ეს ჟერარდ პიკეს განცხადებაა, რომელიც "ბარსას" მცველმა გაზეთ "სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, თუმცა პიკემ "მილანიც" შეაქო:

"მილანმა" დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგის გუნდია და ამ ტურნირზე ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს. "როსონერის" გრანდიოზული ისტორია აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დღე ამ ისტორიაში შავ ლაქად დარჩეს".


ხსენებულ ინტერვიუში პიკემ ტიტო ვილანოვას ფაქტორზეც ისაუბრა - როგორც იცით, 44 წლის მწვრთნელი ისევ ნიუ იორკშია და მკურნალობს:

"ტიტო ძალიან გვაკლია, მის გარეშე გვიჭირს - უდირიჟორო ორკესტრივით ვართ. მიუხედავად ამისა, "მილანთან" წარმატების იმედი მაქვს," - აღნიშნა პიკემ.

მილანს პაცინი გამოაკლდა, მექსეს თამაშიც საეჭვოა
მილანელები ბარსელონაში საკადრო პრობლემებით ჩავიდნენ. პარასკევს, "ჯენოასთან" მატჩში, რომელიც "როსონერიმ" 2:0 მოიგო, მასიმილიანო ალეგრის ჯამპაოლო პაცინი ისე დაუშავდა, რომ ეს უკანასკნელი 12 მარტს "ნოუ კამპზე" ვერ ითამაშებს.

"ჯენოას" კარში გოლები სწორედ პაცინიმ და ბალოტელიმ გაიტანეს - მოგეხსენებათ, მარიო "მილანს" ჩემპიონთა ლიგაში ვერ ეხმარება.

კითხვის ნიშნის ქვეშაა ფილიპ მექსეს თამაშიც და შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ვერც კევინ-პრინს ბოატენგი ვიხილოთ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.

"მილანის" ტაქტიკა სქემატურად ალბათ ისევ 4-3-3 იქნება, რომელშიც ცენტრფორვარდის პოზიციაზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მ’ბაიე ნიანგს ვიხილავთ, რომელსაც მარცხენა ფრთიდან აუცილებლად სტეფან ელ შაარავი მიეხმარება, მარჯვნიდან კი - სავარაუდოდ მაინც ბოატენგი.

პაცინის მნიშვნელობაზე, ბალოტელის ვერგამოყენების გარდა, "პაცოს" სტატისტიკაც მეტყველებს: იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ჯამპაოლომ 8-დან 6 მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ექვსი გოლი გაიტანა და "მილანმა" ის ექვსი თამაში მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-მილანი 23:45
პირველი მატჩი: 0:2

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ინიესტა.
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - მონტოლივო, ამბროზინი, მუნტარი - კ. პ. ბოატენგი, ნიანგი, ელ შაარავი.
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

ურთიერთშეხვედრები
20.02.2013
მილანი-ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 კ. პ. ბოატენგი (57), 2:0 მუნტარი (81)

03.04.2012
ბარსელონა-მილანი 3:1
გოლები: 1:0 მესი (11-პენ), 1:1 ნოჩერინო (32), 2:1 მესი (41-პენ), 3:1 ინიესტა (53)

28.03.2012
მილანი-ბარსელონა 0:0

23.11.2011
მილანი-ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 ვან ბომელი (14-საკ. კარში), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 1:2 მესი (31-პენ), 2:2 კ. პ. ბოატენგი (54), 2:3 ჩავი (63)

13.09.2011
ბარსელონა-მილანი 2:2
გოლები: 0:1 პატო (1), 1:1 პედრო (36), 2:1 ვილია (50), 2:2 ტიაგო სილვა (92)

26.04.2006
ბარსელონა-მილანი 0:0

18.04.2006
მილანი-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 ჟიული (57)

02.11.2004
ბარსელონა-მილანი 2:1
გოლები: 0:1 შევჩენკო (17), 1:1 ეტო’ო (37), 2:1 რონალდინიო (88)

20.10.2004
მილანი-ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 შევჩენკო (31)

18.10.2000
მილანი-ბარსელონა 3:3
გოლები: 0:1 რივალდო (18), 1:1 ალბერტინი (25), 2:1 ალბერტინი (39), 2:2 რივალდო (42), 3:2 ხოსე მარი (45), 3:3 რივალდო (69)

26.09.2000
ბარსელონა-მილანი 0:2
გოლები: 0:1 კოკო (45), 0:2 ბირჰოფი (71)

18.05.1994
მილანი-ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 მასარო (22), 2:0 მასარო (45), 3:0 სავიჩევიჩი (47), 4:0 დესაი (58)

1959/60
ბარსელონა-მილანი 5:1

1959/60
მილანი-ბარსელონა 0:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟორდი როურა: ვიცით, "მილანი" როგორ ითამაშებს
თქვენ მოჰკალით "ბარსა"? [VIDEO]
მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ამ სტატიას ყავს ობიექტური ავტორი,იშვიათად ვკითხულობ აქ ობიექტურ ნიუსებს,ყველა ნიუს თითქმის ეტყობა რომელი გუნდის ფანის დაწერილია...ბარსელონას რთული თამაში ელოდება,თუმცა არცისეთი გაჭირვებული მდგომარეობა აქვთ რომ ვერ დაძლიონ,თუმცა გაახალგაზრდავებული მილანი იოლად ხელწამოსარტყამია რარის და დაამტკიცეს კიდეც...ბარსელონა ყველა მატჩს არ აგებს ნოუკამპზე,თუმცა...
madridista
19:32 12-03-2013
0

სიახლეები პოპულარული