არსენ ვენგერის გუნდს მიუნხენში სასწაული სჭირდება იმისათვის, რომ მიუნხენური გრანდის ბარიერი გადალახოს - ასეთი სასწაულები კი ევროსარბიელზე იშვიათად ხდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ინგლისს მეოთხედფინალიდან ჩემპიონთა ლიგაში არცერთი წარმომადგენელი აღარ ეყოლება.
მიუხედავად ამისა, ლონდონელები მიუნხენში მაინც საბრძოლო განწყობითა და გარკვეული ოპტიმიზმით ჩავიდნენ.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალურ ეტაპზე სენსაცია არ მომხდარა და საფეხბურთო ევროპა მოვლენების ალოგიკურად განვითარებას არც ამ მატჩში ელის. არავის სჯერა,
საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა დღემდე მხოლოდ ორმა გუნდმა მოახერხა - ამსტერდამის "აიაქსმა" და მილანის "ინტერმა".
ერთი სიტყვით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "არსენალი" ზედიზედ მესამედ გავარდება მერვედფინალიდან.
ვენგერს უილშირი დააკლდა
"არსენალს" ისედაც მცირე შანსი აქვს და თანაც, "მეთოფეებს" ჯეკ უილშირიც დაუშავდათ. 21 წლის ნახევარმცველმა ტრავმა "ტოტენჰემთან" დერბიში (1:2) მიიღო და არა მარტო "ბაიერნთან" ვერ ითამაშებს, არამედ ლაზარეთში სამ კვირას დაჰყოფს.
ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიბსისა და აბუ დიაბის დანაკლისიც დაადასტურა. ეს ფეხბურთელები გუნდს მიუნხენში ვერ გაჰყვნენ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ლუკას პოდოლსკის ასპარეზობაც, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, მაგრამ პოლდი 13 მარტის საღამომდე შეიძლება ფეხზე დადგეს და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მაინც ითამაშოს.
რაც შეეხება უილშირს - მას, სავარაუდოდ, ისევ აარონ რემსი შეცვლის. დიდი შანსია, რომ ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში ვერც ბაკარი სანია ვიხილოთ - მას ალბათ ჯენკინსონი შეცვლის.
ჟირუ და ვენგერი ოპტიმისტობენ
ზემოთ ლონდონელთა ოპტიმიზმი ვახსენეთ. ეს, პირველ რიგში, "მეთოფეების" ცენტრფორვარდ ოლივიე ჟირუს ეხება. მისი აზრით, თუ "არსენალი" მიუნხენში სწრაფი გოლის გატანას მოახერხებს, "ბაიერნის" ბარიერის დაძლევა რეალური გახდება.
"ფეხბურთში წინასწარ ვერასდროს იტყვი, რა და როგორ იქნება ამა თუ იმ მატჩში. მთავარია, რომ დაცვაში შეცდომები აღარ დავუშვათ და შეტევაში უფრო რისკიანები ვიყოთ. თუ სწრაფი გოლის გატანას მოვახერხებთ და პირველ ტაიმს მოვიგებთ, მეოთხედფინალში გასვლა აღარ მოგვეჩვენება ისე არარეალურად, როგორც ახლა გვეჩვენება", - უთხრა "კიკერს" 26 წლის ჟირუმ, რომელსაც ოთხშაბათს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
პირველ მატჩში ვენგერმა ფრანგი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, სასტარტოში კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თეო უოლკოტი ჰყავდა გამწესებული. ამ ნაბიჯმა არ გაამართლა და შესაბამისად, ვენგერი დღეს შეცდომას აღარ გაიმეორებს.
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაში არაერთხელ შეძლო ისეთი გამარჯვების მოპოვება, რომლებითაც დღემდე ძალიან ვამაყობთ. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და უნდა გვჯეროდეს იმის, რომ მიუნხენში სასურველი ანგარიშით მოგება შეგვიძლია", - ეს ვენგერის სიტყვებია.
გომესი ვარჯიშზე დაშავდა
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ძალიან ხშირად მიმართავს ხოლმე როტაციას და მოსაზრებას იმის შესახებ, რომ "არსენალთან" მარიო გომესის ძირითადში გამწესებას აპირებდა, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ გომესი ვარჯიშზე დაშავდა და მისი მოედანზე გასვლა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ბავარიელთა ცენტრფორვარდი 13 მარტს ალბათ ისე მარიო მანჯუკიჩი იქნება, თუმცა "დონ იუპი" შეიძლება სულაც კლაუდიო პისაროს ენდოს.
ორშაბათის შემდეგ ცხადია, რომ მიუნხენელები ვერც ფრანკ რიბერის გამოიყენებენ, რომელმაც "ფორტუნასთან" 3:2-ზე მოგებულ შეხვედრაში მიიღო ტრავმა. ფრანგ გარემარბს არიენ რობენი შეცვლის.
აქვე გეტყვით, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი და ჟერომ ბოატენგი დისკვალიფიცირებულები არიან. შვაინის, სავარაუდოდ, ლუის გუსტავო შეცვლის, დაცვის ცენტრში კი, დანტესთან ერთად, დანიელ ვან ბუიტენი ითამაშებს.
ჰაინკესი: არსენალი დიდი გუნდია
იმ ფაქტს, რომ "ბაიერნი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია, რეკორდმაისტერის თავკაციც აღიარებს, მაგრამ ამავდროულად, ჰაინკესი შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ლონდონში იდეალური შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ყოველთვის ყურადღებით ყოფნაა საჭირო. თანაც, "არსენალი" არ არის "რომელიღაც გუნდი" - ეს დიდი გუნდია. არსენ ვენგერს ძალიან კარგად ვიცნობ და უდიდეს პატივს ვცემ. ისიც ვიცი, რომ ლონდონელები მედგრად იბრძოლებენ და ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ სასწაული მოახდინონ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის კარგად ვართ მომზადებულები", - განაცხადა 67 წლის "დონ იუპმა" მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ბაიერნის" დამრიგებელმა გუშინ 2011/2012 წლების მერვედფინალი გაიხსენა. მაშინ "არსენალი" "მილანს" გადაეყარა და მიუხედავად იმისა, რომ "სან სიროზე" 0:4 დამარცხდნენ, "მეთოფეებმა" ლონდონში თავდაუზოგავად იბრძოლეს, 3:0 მოიგეს და "მილანის" დასჯა ბოლო წუთამდე შეეძლოთ.
"არსენალთან" ხუმრობა არ შეიძლება", - დასძინა ჰაინკესმა.
"ლონდონელებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ფაქტია, რომ თამამად შემოგვიტევენ, მაგრამ ჩვენც ყველაფრისთვის მზად ვართ," - ეს "ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამის სიტყვებია.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-არსენალი 23:45
პირველი მატჩი: 3:1
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო - თ. მიულერი, კროოსი, რობენი - მანჯუკიჩი.
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი - დიაბი, რემსი - უოლკოტი, კასორლა, პოდოლსკი - ჟირუ.
არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
ურთიერთშეხვედრები
19.02.2013
არსენალი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 თ. მიულერი (21), 1:2 პოდოლსკი (55), 1:3 მანჯუკიჩი (77)
09.03.2005
არსენალი-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 ანრი (66)
22.02.2005
ბაიერნი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 პისარო (4), 2:0 პისარო (58), 3:0 სალიჰამიჯიჩი (65), 3:1 კოლო ტურე (88)
14.03.2001
ბაიერნი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 ელბერი (10)
05.12.2000
არსენალი-ბაიერნი 2:2
გოლები: 1:0 ანრი (4), 2:0 კანუ (55), 2:1 ტარნატი (56), 2:2 შოლი (66)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გროსმაისტერული: ვენგერს მაინც სჯერა, ოღონდ თვითონაც არ იცის, რისი... [VIDEO]