"გალამ" "შალკე" დასაჯა: დროგბა ისევ "ჩელსიში" თამაშობს

AutoSharing Option
"შალკეს" ფეხბურთელები, მწვრთნელი, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები სტადიონს გაოგნებულები ტოვებდნენ. ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: რატომ? სტამბულში 1:1-ის მიღწევის შემდეგ გელზენკირხენული კლუბი თითქოს კარგ სიტუაციაში იყო და ლოგიკურად, მეოთხედფინალში უნდა გასულიყო. თანაც, "შალკე" ბოლო დროს ბუნდესლიგაშიც გამოსწორდა და თითქოს სტაბილურობაც დაიბრუნა, მაგრამ...

საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელები უსვამდნენ კითხვებს ჟურნალისტებს და არა პირიქით - ასეთი რამ როგორ დაგვემართაო. ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, თვითგვემაც არ დაიკლეს და ზემოთ დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი მაინც ვერავინ გასცა.

"ასეთ მეტოქესთან არ უნდა წაგვეგო, "გალათასარაის" ორივე მატჩში
ვჯობდით,"
- თქვა მეკარე ტიმო ჰილდებრანდმა.

"ყველაფერი ჩვენივე სისულელ
ით დაგვემართა," - აღნიშნა კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა.

ასეთი გუნდია "შალკე" და ამით "გალათასარაიმ" იდეალურად ისარგებლა.

რეაქციები
იენს კელერი ("შალკეს" მთავარი მწვრთნელი): "თამაში პირველ ტაიმში წავაგეთ. დღეს ჩემს გუნდს საჭირო აგრესია და კონცენტრაცია აკლდა. მეორე ტაიმში უკეთ ავთამაშდით, მაგრამ არც ისე კარგად, რომ თამაში შემოგვეტრიალებინა. მიმაჩნია, რომ დეპრესიაში ჩავარდნის საფუძველი მაინც არ არსებობს."

იულიან დრაქსლერი (შალკე): "პირველ ტაიმში გვეძინა. მე მგონი, რაღაც კომპლექსი გვაწუხებს. პირადად მე ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა."

ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მთავარი მწვრთნელი): "ვამაყობ ამ გუნდით! "გალათასარაიმ" კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე და ბრძოლის უნარი. ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში გასვლაც შეგვიძლია."

ჰამით ალთინთოფი (გალათასარაი): "სჯერათ თუ არა ეს გელზენკირხენელებს, მე მაინც ვიტყვი, რომ დღემდე შალკელი ვარ, მაგრამ ახლა სხვა კლუბში ვთამაშობ და ვფიქრობ, რომ "გალათასარაის" ფანები ჩემგან "შალკეს" კარში გატანილი ამ უმნიშვნელოვანესი გოლის აღნიშვნას იმსახურებდნენ. იმედი მაქვს, რომ გელზენკირხენელი ფანები ამის გამო არ შემიძულებენ."

დიდიე დროგბა (გალათასარაი): "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც შარშან "ჩელსიმ" გააკეთა."


გმირი
ფერნანდო მუსლერა
(გალათასარაი)

ურუგვაის ნაკრების მეკარე ყოველთვის სტაბილური არაა ხოლმე, მაგრამ მუსლერამ გელზენკირხენში შესანიშნავად ითამაშა და "გალას" წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვის. დრაქსლერს რამდენჯერმე აუღო, საერთო ჯამში კი 9 დარტყმა მოიგერია და პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაჯერებული იყო.

ანტიგმირი
რომან ნოიშტედტერი (შალკე)

მართალია, გოლი გაიტანა, მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან ცუდად ითამაშა. რომანმა საყრდენი ნახევარმცველის მოვალეობებს თავი ვერაფრით გაართვა და "გალათასარაის" პირველ ორ გოლში თავისი ბრალი მიუძღვის. ამიტომაც შეცვალეს შესვენებაზე.

რაც თვალში მოგვხვდა
- "დორტმუნდთან" მატჩისგან განსხვავებით, რომელიც "შალკემ" აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო, გელზენკირხენელებმა "გალათასარაისთან" თამაში ძალიან პასიურად დაიწყეს, თავიანთ ნახევარზე ჩაიკეტნენ და თავიდან პრესინგზე არც უფიქრიათ.

- თერიმმა სნეიდერი თავის საყვარელ პოზიციაზე, გამთამაშებლად გაამწესა და თავიდან მოწოდების სიმაღლეზე იდგა. პირველ წუთებში ვესლი ხშირად იხევდა უკან და შეტევებს სიღრმიდან უწევდა ორგანიზებას, მერე კი ჩაიკარგა. "გალათასარაის" ნახევარდაცვაში ალთინთოფი, ინანი და მელო დომინირებდნენ.

- ჰუნტელაარის გარეშე "შალკეს" საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. მართალია, ტეემუ პუკი ბევრს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

- არც დროგბა, არც სნეიდერი - "გალათასარაის" მთავარი დამრტყმელი, ლიდერი და იმედი ბურაქ ილმაზია! მან ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ექვს თამაშში შეძლო გოლის გატანა. მანამდე ეს ერთ სეზონში მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის ჰქონდა მოხერხებული.

დასკვნა
"შალკე" პირველ ტაიმში თვლემისა და უპატიებელი შეცდომების დაშვების გამო დაისაჯა. "გალათასარაი" უფრო მაღალი კლასის გუნდად წარმოჩინდა.

შალკე-გალათასარაი 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 ნოიშტედტერი (17), 1:1 ჰამით ალთინთოფი (37), 1:2 ბურაქ ილმაზი (42), 2:2 მიშელ ბასტოსი (63), 2:3 უმუთ ბულუთი (95)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჰიოგერი (85. მეიერი), ნოიშტედტერი (46. ფუხსი) - ფარფანი, დრაქსლერი, მიშელ ბასტოსი - პუკი (85. ობასი).
გალათასარაი (4-1-3-2): მუსლერა - ებუე, სემიჰი (79. გიოქჰან ზანი), ნუნკეუ, რიერა - ფელიპე მელო - ჰამით ალთინთოფი, სნეიდერი (70. ამრაბატი), სელჩუკ ინანი - დროგბა, ბურაქ ილმაზი (86. უმუთ ბულუთი).
გაფრთხილება: ჰიოგერი, კოლასინაცი - დროგბა
მაყურებელი: 54 142

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შალკე-გალათასარაი 2:3 - "ლომებთან" ხუმრობა აკრძალულია [VIDEO]
დიდიე დროგბა: "გალათასარაისთან" იგივეს გამეორება შემიძლია, რაც "ჩელსისთან" წინა სეზონში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული