ლონდონში 3:1-ით გამარჯვებამ რეკორდმაისტერი იმდენად მოადუნა, რომ "არსენალი" ძალიან ახლოს იყო ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასწაულთან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის შემდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ფეხბურთელებს მაშინვე "შემოულაწუნა" - აშკარად ავიჭერით და სასწრაფოდ გამოფხიზლებაა საჭიროო.
"არსენალთან" საპასუხო მატჩმა ბავარიელები იმაშიც დაარწმუნა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის გარეშე "ბაიერნი" სხვა, არასრულყოფილი გუნდია.
თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ "ბაიერნი" მეთორმეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. "არსენალი" კი ამ პრესტიჟულ ტურნირზე
კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი: "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩი ბოლოს 2011 წელს, მერვედფინალში, მილანის "ინტერთან" ჰქონდა წაგებული (2:3). აქვე ვთქვათ, რომ ხავი მარტინესმა მესამე გაფრთხილება მიიღო და მეოთხედფინალის პირველ რაუნდს გამოტოვებს.
რეაქციები
იუპ ჰაინკესი (ბაიერნი): "სწრაფმა გოლმა ჩვენი გეგმები თავდაყირა დააყენა, "არსენალს" კი საქმე გაუადვილა. სამწუხაროდ, თამაშს ვერ ვაკონტროლებდით ისე, როგორც გვჩვევია. სიმშვიდე გვაკლდა! ცხადია, ყველაზე მთავარი ისაა, რომ მეოთხედფინალში გავედით, მაგრამ ფაქტია, რომ "არსენალმა" თვალი ჩაგვილურჯა."
არიენ რობენი (ბაიერნი): "ასეთი რამ არ უნდა დაგვმართნოდა, მაგრამ დაგვემართა. თამაშის წინ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ "არსენალს" დასაკარგი არაფერი ჰქონდა, რის გამოც ფრთხილად ყოფნა იყო საჭირო, მაგრამ კონცენტრაცია მაინც გვაკლდა. შესაძლოა, კარგიცაა, რომ წავაგეთ - ეს მარცხი კარგი გაკვეთილი უნდა იყოს."
კარლ-ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი): "შეგვიძლია ვთქვათ: გაგვიმართლა, რომ ლონდონში სამი გოლი გავიტანეთ. ამ მატჩმა ბევრი რამ უნდა გვასწავლოს - საფეხბურთო ღმერთმა არ დაგვსაჯა, მაგრამ გაგვაფრთხილა."
ული ჰიონესი ("ბაიერნის" პრეზიდენტი): "უნდა გვიხაროდეს, რომ უდიდესი სირცხვილი არ ვჭამეთ და ამას იქით ყურადღებით უნდა ვიყოთ. შემიძლია ვთქვა, რომ "ბაიერნმა" არც "ჰოფენჰაიმთან" და "ფორტუნასთან" ითამაშა კარგად და თუ არ გამოვფხიზლდებით, საქმეები ცუდად წაგვივა. დღევანდელმა თამაშმა დაგვანახვა, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, ყველა თამაშში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო."
არსენ ვენგერი (არსენალი): "ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ყოველთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ კიდეც, მაგრამ ლონდონში დაშვებული შეცდომების გამო აპარეზობას გამოვეთიშეთ."
შემადგენლობები
ბასტიან შვაინშტაიგერის (დისკვალიფიკაცია გაფრთხილებების გამო), ჟერომ ბოატენგის (დისკვალიფიკაცია გაძევების გამო) და ფრანკ რიბერის (ტრავმა) სახით "ბაიერნს" სამი ფეხბურთელი აკლდა. ბოატენგზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ შვაინი და რიბერი რეკორდმაისტერს აშკარად ძალიან დააკლდნენ.
იუპ ჰაინკესმა საყრდენი ნახევარმცველების დუეტი ლუის გუსტავოსა და ხავი მარტინესის წყვილით დააკომპლექტა, რიბერის ნაცვლად კი ძირითადში არიენ რობენი გაამწესა.
ლონდონელებს ტრავმების გამო პოდოლსკი, სანია და უილშირი დააკლდათ. ვენგერმა კარში ბევრისთვის მოულოდნელად ფაბიანსკი ჩააყენა, ძირითადი კიპერი შჩესნი კი განაცხადშიც არ ყოფილა.
გმირი
მიკელ არტეტა (არსენალი)
"მეთოფეების" კაპიტანმა სიმშვიდით, კლასითა და მოედნის ხედვითაც გაგვაოცა. არტეტამ ორთაბრძოლების 60 პროცენტი მოიგო და ლონდონელთაგან ყველაზე ხშირად (66) შეეხო ბურთს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში თამაშის წესები სამჯერ უსარგებლოდ დაარღვია, რამაც "ბაიერნს" დროის გაყვანის საშუალება მისცა.
ანტიგმირი
ლუის გუსტავო (ბაიერნი)
შვაინშტაიგერის შემცვლელმა გუსტავომ განსაკუთრებით ცუდად პირველ ტაიმში ითამაშა - ბრაზილიელი საყრდენი თითქოს ბურთს ემალებოდა და ორთაბრძოლებშიც უკლასოდ შედიოდა. ბავარიელებს მოედნის ცენტრში კონტროლის დამყარება რომ უჭირდათ, ეს პირველ რიგში სწორედ ლუის გუსტავოს ბრალია.
მსაჯი
პაველ კრალოვეცისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მეშვიდე მატჩი გახლდათ (მეოთხე ამ სეზონში). შესაბამისად, ჩეხ არბიტრს გამოუცდელობა ეტყობოდა, რადგან რამდენიმე ორთაბრძოლა შეცდომით განსაჯა და ფეხბურთელებს წვრილმანებზე ეკიდებოდა. კრალოვეცმა ყვითელი ბარათი ცხრაჯერ ააფრიალა, რაც მატჩის საერთო სურათს არ შეესაბამება. ამასთან, 56-ე წუთზე ჩეხმა ნოიერთან პირისპირ გასულ უოლკოტზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რაც ასევე მცდარი გადაწყვეტილება გახლდათ.
მწვრთნელები
ჰაინკესი ნაცნობ სასტარტოელებთან ერთად პირველ რეზერვისტებს, ლუის გუსტავოსა და არიენ რობენს ენდო, ბეჯითი მანჯუკიჩი კი 72-ე წუთზე გომესით შეცვალა. ბოლო ათ წუთში "დონ იუპმა" ტონი კროოსის ნაცვლად ანატოლი ტიმოშჩუკის შეყვანით სიფრთხილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ვენგერმა "ბაიერნს" საუკეთესო შემადგენლობა დაუპირისპირა - ერთადერთი გამონაკლისით: ძირითადი მეკარე შჩესნი ლონდონში დარჩა. 71-ე წუთზე "მეთოფეების" თავკაცმა ლოგიკური ცვლილებები განახორციელა: გადაღლილი უოლკოტისა და რემსის ნაცვლად თამაშში სწრაფი ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ფეთქებადი ჟერვინიო ჩართო, რასაც ეფექტი ჰქონდა, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ "არსენალს" დაგეგმილი სასწაული მოეხდინა.
რაც თვალში მოგვხვდა
- მიუნხენელებმა თამაში ძალიან პასიურად დაიწყეს და ბურთი ლონდონელებს დაუთმეს. რაკი ლუის გუსტავომ და ხავი მარტინესმა მოედნის ცენტრში წესრიგი ვერ დაამყარეს, ხოლო დავიდ ალაბამ ბოლო პასი ვერ ჩაჭრა, "არსენალმა" სასურველი სწრაფი გოლი უკვე მე-3 წუთზე გაიტანა!
- ლონდონელები უთავბოლოდ და უკანმოუხედავად ნამდვილად არ უტევდნენ - "არსენალს" გეგმა ჰქონდა და ამ გეგმის მიხედვით თამაშობდა. ოლივიე ჟირუს პრესინგის დროს ტომაშ როსიცკიც აქტიურად ეხმარებოდა: ჩეხი "ბაიერნის" ბურთიან მცველს ყოველთვის ბეჯითად აწუხებდა.
- პრესინგს რემსი და არტეტაც მიმართავდნენ, რის გამოც "ბაიერნის" უკანახაზელები ხშირად იძულებულები ხდებოდნენ, გრძელი პასები გაეკეთებინათ. ბურთის მოპოვების შემდეგ "არსენალი" უმეტესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც სწრაფი უოლკოტი აქტიურობდა. ამ დროს, ჟირუს როსიცკიც ეხმარებოდა - ჩეხი გამთამაშებელი რამდენჯერმე აღმოჩნდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.
- შვაინშტაიგერის არყოფნაში "ბაიერნს" ნახევარდაცვაში ორგანიზატორი აკლდა. ლუის გუსტავო ბურთს ემალებოდა, რის გამოც ტონი კროოსს უწევდა ბურთის მოსაპოვებლად უკან დახევა. მოკლედ, უშვაინშტაიგეროდ "ბაიერნის" ნახევარდაცვის ცენტრში სიცარიელე წარმოიქმნა, რომელიც მიუნხენელებმა მთელი მატჩის განმავლობაში ვერ ამოავსეს. აუტების დროს "არსენალის" ფეხბურთელები ხშირად სრულიად მარტონი იყვნენ.
- "ბაიერნის" წინა ხაზზე მიულერი და რობენი ფლანგებს ხშირად ცვლიდნენ. რობენი ძალიან აქტიური გახლდათ და საერთო ჯამში, ფაბიანსკის კარისკენ 10-ჯერ დაარტყა.
- საფინალო სასტვენის მოახლოებასთან ერთად, "ბაიერნი" უფრო და უფრო აგრესიული გახდა. მიუნხენელებმა გარკვეულწილად კონტროლის დამყარებაც შეძლეს და შესაბამისად, ლონდონელები ბოლოს მხოლოდ მიუნხენელთა შეცდომების იმედადღა იყვნენ. "ბაიერნის" სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ "არსენალმა" რეკორდმაისტერს ბოლო წუთებში შტურმი ვერ მოუწყო.
- ზუსტად ისე, როგორც ბუნდესლიგის ბოლო მატჩში "ფორტუნასთან", ბავარიელებმა კვლავ რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს და ამის გამო კინაღამ მწარედ დაისაჯნენ.
დასკვნა
ჰაინკესი ცამდე მართალია: "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩალურჯებული თვალით გავიდა. რეკორდმაისტერს თავდაჯერება არ აკლდა, მაგრამ "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და არაერთი მომენტი გაანიავეს. მოკლედ, მიუნხენურ გრანდს მართლაც სჭირდება გამოფხიზლება.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-არსენალი 0:2 (3:1)
გოლები: 0:1 ჟირუ (3), 0:2 კოშიელნი (85)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო - თ. მიულერი, კროოსი (81. ტიმოშჩუკი), რობენი - მანჯუკიჩი (72. გომესი).
არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშიელნი, გიბსი - არტეტა, რემსი (72. ჟერვინიო) - უოლკოტი (72. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), როსიცკი, კასორლა - ჟირუ.
გაფრთხილება: ლამი, ხავი მარტინესი, გომესი - გიბსი, როსიცკი, ჟირუ, მერტეზაკერი, კასორლა, კოშიელნი
მაყურებელი: 68 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაიერნი-არსენალი 0:2 - მიუნხენში კინაღამ სენსაცია ვიხილეთ [VIDEO]
არსენალი-ბაიერნი 1:3 - მიუნხენის "ბაიერნი" უკეთესია [VIDEO]