ჩემპიონთა ლიგა და ევროპალია. 1/4 ფინალის წილისყრა: გერმანულ-იტალიური სუპერჯახი

AutoSharing Option
ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მეოთხედფინალის წილისყრა შედგა: "უემბლის" ფინალის ელჩმა სტივ მაკმანამანმა ორივე ტურნირზე 8-8 გუნდი დააწყვილა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ყველაზე დამაინტრიგებელი "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" წყვილია - მიუნხენური და ტურინული გრანდები ხომ შესანიშნავ ფორმაში არიან და თავიანთ ჩემპიონატებში დამაჯერებლად ლიდერობენ.

ძალიან საინტერესო იქნება "ბარსელონასა" და პსჟ-ს დუელებიც - გავიგებთ, რა შეუძლია რეალურად კარლო ანჩელოტის გამდიდრებულ გუნდს და თანაც, ინტრიგაა ისიც, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

მადრიდის "რეალს" აშკარად გაუმართლა - "გალათასარაი" "მალაგასთან" ერთად ყველა გრანდისთვის სასურველი მეტოქე
იყო და "სამეფო გუნდს" სწორედ თურქულ გრანდთან მოუწევს ჭიდილი, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, არის თუ არა ფათიჰ თერიმის გუნდი "საჩუქარი".

"მალაგა" კი დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება და მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიური კლუბი ძალიან საინტერესო კოლექტივია, თამამად ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად სწორედ გერმანიის ჩემპიონ "დორტმუნდს" გაუმართლა და წესით, იურგენ კლოპის გუნდი ნახევარფინალში უნდა გავიდეს.

აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალის წილისყრა წელს დამოუკიდებლად, 12 აპრილს შედგება, ფინალი კი, მოგეხსენებათ, 25 მაისს, ლონდონში, "უემბლიზეა" დაგეგმილი.

ბაიერნი VS იუვენტუსი
მეოთხედფინალის მთავარი ჯახი
"ბაიერნი"-"იუვენტუსი" უდავოდ მეოთხედფინალის ცენტრალური ჯახია, რომლის პირველი რაუნდი 2 აპრილს მიუნხენში გაიმართება, რაც იტალიის ჩემპიონს, რომელიც სერია A-ს ცხრილს ახლაც დამაჯერებლად, 9 ქულით ლიდერობს, გარკვეულ უპირატესობას აძლევს.

თუმცა "ბაიერნის" უპირატესობა ბუნდესლიგაში ორჯერ მეტია - ბავარიელები გერმანიის ჩემპიონატის ცხრილს 20-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე და "იუვესთან" დუელებზე იყვნენ კონცენტრირებულები.

საინტერესო ფაქტია ის, რომ "იუვეს" ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელიც ტურინული გრანდის ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი წევრი და ანტონიო კონტეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ადრე "ლევერკუზენში" თამაშობდა და "ბაიერნის" ამჟამინდელი თავკაცის, იუპ ჰაინკესის შეგირდი გახლდათ (64 მატჩი ჰაინკესის ფორმაციის "ლევერკუზენში").

სხვათა შორის, "დონ იუპს" ვიდალის "ბაიერნში" გადაყვანა ძალიან უნდოდა.

ტურინელთა მხრიდან გერმანულ ფეხბურთს და ბუნდესლიგას კარგად იცნობს ანდრეა ბარძალიც, რომელიც იმ "ვოლფსბურგის" დაცვის ბურჯი გახლდათ, რომელიც გერმანიის ჩემპიონი გახდა.

"იუვეს" და "ბაიერნის" ურთიერთშეხვედრების ბალანსი ასე გამოიყურება: 6 დაპირისპირებიდან 2 მატჩი მიუნხენელებმა მოიგეს, 1 ფრედ დამთავრდა, 3-ჯერ კი ტურინელებმა იმარჯვეს.

ბურთების საერთო შეფარდებაა 7:6 "ბაიერნის" სასარგებლოდ. ბურთების ამგვარ შეფარდებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებამ, რომელიც ტურინელებს ძალიან ცუდად ახსოვთ: 2009 წლის შემოდგომაზე რეკორდმაისტერმა ჯგუფური ეტაპის ბოლოს ტურინში "იუვე" 4:1 გაანადგურა და ჯგუფში ჩატოვა.

რეაქციები
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი):
"იუვენტუსს" ძალიან კარგად ვიცნობ. ტურინული კლუბი დღესდღეობით იტალიაში საუკეთესოა და მორიგ შესანიშნავ სეზონს ატარებს. "იუვე" ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკალიბრიანი, ძალიან რთული მეტოქეა.

ტურინელები დაცვაში ძალიან ძლიერები არიან და შეტევაშიც უდიდესი პოტენციალი აქვთ.

"იუვენტუსთან" დუელები ევროპული ფეხბურთის ნამდვილი მშვენება იქნება. იმედი მაქვს, რომ ამ ბარიერს გადავლახავთ და ნახევარფინალში გავალთ, შანსები 50/50-ზეა."

პაველ ნედვედი ("იუვენტუსის" დირექტორი):
"ბაიერნი" ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისაც შეიძლებოდა შევხვედროდით, მაგრამ ამ დუელს მაინც სიხარულით ვხვდებით.

ჩემი აზრით, გერმანული გრანდი "იუვეს" ბევრი რამით ჰგავს, რაც ჩვენს ამოცანას კიდევ უფრო ართულებს.

ვამაყობ იმით, რომ "იუვენტუსი" ევროპის 8 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა და რაკი ჩვენ იტალიური საკლუბო ფეხბურთის ერთადერთი შემორჩენილი წარმომადგენელი ვართ, ეს ფაქტორი გვავალდებულებს, რომ ნახევარფინალში გასასვლელად მაქსიმუმი გავაკეთოთ."

არიენ რობენი (ბაიერნი):
"ის 4:1 ძალიან კარგად მახსოვს... იმ გამარჯვებით "ბაიერნმა" არა მარტო კონკრეტულ მომენტში მოახდინა სენსაცია, არამედ მთელი სეზონი შემოატრიალა. სწორედ ტურინში გამარჯვების შემდეგ წაგვივიდა საქმეები ძალიან კარგად.

დღევანდელი "ბაიერნი" კი მაშინდელზე ძლიერია! თუმცა ძლიერია "იუვენტუსიც" და ფაქტია, რომ "იუვეს" ბარიერის გადალახვა რთული იქნება."

ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი):
"იუვენტუსი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ძალიან ეფექტურად თამაშობს და ჰყავს ისეთი გენიალური ფეხბურთელი, როგორიცაა პირლო.

ფაქტია, რომ "იუვესთან" ტაქტიკურად ურთულესი მატჩები გველის. გერმანელები იტალიელებთან ხშირად ვაგებთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჭკვიანები არიან ნებისმიერ სიტუაციაში პოულობენ გამოსავალს. იმედია, "იუვენტუსს" დავამარცხებთ!"

ტონი კროოსი (ბაიერნი):
"ჩემი აზრით, "ბარსელონას" შემდეგ "იუვენტუსი" ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო."

მანუელ ნოიერი (ბაიერნი):
"იუვენტუსი" დიდი გუნდია და ყველამ ვიცით, რომ იტალიური კლუბები კარგად ორგანიზებულები არიან. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. ამისათვის პირველი მატჩი, მიუნხენში, აუცილებლად უნდა მოვიგოთ."

პსჟ VS ბარსელონა
იბრაკადაბრა "ბარსას" წინააღმდეგ
"ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენთან", რა თქმა უნდა, ფავორიტი იქნება, მაგრამ პსჟ გამოცანაა და თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯანმრთელად იქნება, პარიზელები უშანსოდ არ იქნებიან.

იბრა "ბარსას" წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებს - ხომ იცით, შვედი კატალონიურ გრანდში ბედნიერი არ ყოფილა.

"ბარსას" და პსჟ-ს ურთიერთშეხვედრებში აბსოლუტური თანაფარდობაა: 1-1-1 (3:3)

რეაქციები
ანდონი სუბისარეტა ("ბარსელონას" სპორტული დირექტორი):
"ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყველა გუნდი ძლიერია. გაგვიმართლა თუ არა, ამას სამ კვირაში გავიგებთ.

თუ ნიონში ნახევარფინალის წილისყრაზეც ჩამოვალ, ესე იგი, გაგვიმართლა, პსჟ-ს რომ შევხვდით. პარიზელებს ძალიან კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ."

ლეონარდო (პსჟ-ს სპორტული დირექტორი):
"ურთულესი მეტოქე შეგვხვდა - მსოფლიოში საუკეთესო, ეპოქალური გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და თანაც, პირველი მატჩი შინ მოგვიწევს, რაც არცისე კარგი ამბავია.

მოკლედ, "ბარსელონას" გადაყრით ბედნიერი არ ვარ, მაგრამ პარიზმა დიდი ფეხბურთი დაიმსახურა და მიიღებს კიდეც. ჩვენ გვეძლევა იმის შანსიო, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევერკინოთ.

"ბარსა" ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია."

კარლო ანჩელოტი (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი):
"ეს ჩვენი გამოცდა იქნება და ნამდვილად არ მწყინს, "ბარსელონას" რომ შევხვდით. ორი ურთულესი თამაში გველის. მოსამზადებელ შეკრებაზე "ბარსასთან" ტესტ-მატჩი ჩავატარეთ და 2:2 ვითამაშეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი სხვა მოვლენაა."


რეალი VS გალათასარაი
სნეიდერი და ჰამითი "რეალის" წინააღმდეგ
დიდ ფეხბურთს მეოთხედფინალში სტამბოლშიც ნახავენ: "გალათასარაი" "რეალთან" აუტსაიდერად მოჩანს, მაგრამ ფათიჰ თერიმს ისეთი გუნდი გყავს, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს ნებისმიერი გრანდის გამწარება შეუძლია.

საინტერესოა ის, რომ "გალას" ჰოლანდიელი გამთამაშებელი ვესლი სნეიდერი და თურქი ნახევარმცველი ჰამით ალთინთოფი ყოფილი რეალელები არიან.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "გალათასარაი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2000/2001 წლების სეზონში იყო და სხვათა შორის, მაშინაც "რეალს" შეხვდა!

სტამბოლში "გალამ" მადრიდული გრანდი 3:2 დაამარცხა და იმასაც გაგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში პირველი ტაიმი "რეალმა" ელგერასა და მაკელელეს გოლებით 2:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი "გალათასარაიმ" უმით დავალას, ჰასან შაშისა და მარიო ჟარდელის გოლებით თამაში თავის შეატრიალა!

მერე მადრიდში "რეალმა" 3:0 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ურთიერთშეხვედრებში, "გალათასარაის" აქვს უპირატესობა: 2 მოგება, 0 ფრე, 1 მარცხი.

რეაქციები
ალი დიურუსთი ("გალათასარაის" ვიცე-პრეზიდენტი):
"მეოთხედფინალში ყველა ძლიერია, მაგრამ "რეალი" ყველაზე ძლიერია. თუმცა, როცა მაღალი მიზნები გაქვს, სწორედ ასეთი გუნდი უნდა დაამარცხო.

ახლა მთელი თურქეთი ამ მატჩებით იცხოვრებს და ყველას ვპირდები: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნახევარფინალში გავიდეთ.

ამბობენ, კარგია, როცა პლეი ოფში პირველ თამაშს სტუმრად ატარებო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს."

ემილიო ბუტრაგენიო ("რეალის" სპორტული დირექტორი):
"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე ვსაუბრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ იოლი მეტოქე არ არსებობს. რაკი "გალათასარაი" აქამდე მოვიდა, ესე იგი, ძლიერია.

პირველ მატჩში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კარგი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ, რადგან ყველამ ვიცით, როგორი ატმოსფერო დაგვხვდება სტამბოლში.

სნეიდერისა და დროგბას გადაბირების შემდეგ "გალათასარაი" კიდევ უფრო გაძლიერდა. რაკი ესპანეთის ჩემპიონატში ცუდად ვთამაშობთ, "რეალისთვის" მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა".

აიტორ კარანკა ("რეალის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ასისტენტი):
"ვინც ფიქრობს, რომ "გალათასარაი" იოლად დასამარცხებეილ გუნდია, ძალიან ცდება. უმძაფრესი დუელები გველის!"

მალაგა VS დორტმუნდი
"დორტმუნდს" მართლა გაუმართლა
"მალაგა" რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, ეს ანდალუსიელებმა ამ სეზონში უკვე ბევრჯერ დაამტკიცეს, მაგრამ "დორტმუნდი" მაინც ფავორიტად უნდა შევრაცხოთ.

თუ იურგენ კლოპს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ეყოლება, ლოგიკურად, "მალაგას" ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს.

რეაქციები
იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი):
"დორტმუნდი" და "მალაგა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ორი სენსაციური გუნდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალში ერთ სენსაციურ კლუბს აუცილებლად ვიხილავთ.

ნურავინ იფიქრებს, რომ ანდალუსიელთა ძლევა ადვილი იქნება. ნახეთ, როგორ მოუგო "მალაგამ" "პორტუს" და დარწმუნდებით, რომ პელეგრინის ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავს."

ხოაკინი (მალაგა):
"დორტმუნდი" ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ ნახევარფინალში გასვლის იმედი გვაქვს და თუ ისე ვითამაშებთ, როგორც აქამდე ვთამაშობდით, წარმატების რეალური შანსი გვექნება.

ნახევარფინალში გასასვლელად 200 პროცენტს გავიღებთ! "ბორუსიასთან" მატჩებს უკვე მოუთმენლად ველით".

ჩემპიონთა ლიგა
1/4 ფინალი
2 აპრილი პსჟ-ბარსელონა
10 აპრილი ბარსელონა-პსჟ
2 აპრილი ბაიერნი-იუვენტუსი
10 აპრილი იუვენტუსი-ბაიერნი
3 აპრილი მალაგა-დორტმუნდი
9 აპრილი დორტმუნდი-მალაგა
3 აპრილი რეალი-გალათასარაი
9 აპრილი გალათასარაი-რეალი

ევროპალიგა
1/4 ფინალი

4 აპრილი ჩელსი-რუბინი
11 აპრილი რუბინი-ჩელსი
4 აპრილი ტოტენჰემი-ბაზელი
11 აპრილი ბაზელი-ტოტენჰემი
4 აპრილი ფენერბაჰჩე-ლაციო
11 აპრილი ლაციო-ფენერბაჰჩე
4 აპრილი ბენფიკა-ნიუკასლი
11 აპრილი ნიუკასლი-ბენფიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ [VIDEO]
ევროპის ლიგის 1/4-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
"იუვეს" და "ბაიერნის" ურთიერთშეხვედრების ბალანსი ასე გამოიყურება: 5 დაპირისპირებიდან 2 მატჩი მიუნხენელებმა მოიგეს, 1 ფრედ დამთავრდა, 3-ჯერ კი ტურინელებმა იმარჯვეს.

????????????????? 2+1+3 = 5???
gizo
13:23 16-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული