მალაგა VS დორტმუნდი: გერმანული გუნდი ფავორიტია, თუმცა...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა "მალაგასთვისაც" უდიდესი წარმატება იქნება და დორტმუნდის "ბორუსიასთვისაც".

თუკი ანდალუსიური კლუბი ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა, "დორტმუნდიც" სენსაციურად თამაშობს - მიუხედავად იმისა, რომ "ბორუსია" გერმანიის (ჯერ კიდევ) მოქმედი ჩემპიონია, იურგენ კლოპის სამწყსოს ზაფხულში მეოთხედფინალამდე გაღწევას არავინ უწინასწარმეტყველებდა.

ახლა კი "დორტმუნდი" მეოთხედფინალშია და ნახევარფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვს - ევროპა ფავორიტად სწორედ გერმანულ კლუბს მიიჩნევს.

წილისყრის შემდეგ "დორტმუნდის" თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მინიმუმ ერთი სენსაციური გუნდი გააღწევსო.

სეზონის დასაწყისში "მალაგას" არათუ ნახევარფინალში
გასვლას, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასაც კი არ უწინასწარმეტყველებდნენ;

"დორტმუნდი" კი, მართალია, გერმანიის ჩემპიონია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონში ნაჩვენები შედეგის მიხედვით ასეთ წარმატებას არც "ბორუსიასგან" ველოდით, მაგრამ კლოპის გუნდმა ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცა, რომ ძალიან შორს წასვლა შეეძლო - სიკვდილის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში დონეცკის "შახტარსაც" მარტივად გაუმკლავდა.

შესაბამისად, "ბორუსიასთვის" "მალაგას" ბარიერის დაძლევაც რეალურია.

"ბორუსია" წყვილის ფავორიტია, მაგრამ დორტმუნდელები "მალაგას" ზერელედ არ უყურებენ:

"მალაგამ" თავის სადებიუტო სეზონში ჯგუფში "მილანს" აჯობა, მერვედფინალიდან კი გამოცდილი "პორტუ" დაიფრინა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ანდალუსიელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. კარგია, რომ პირველი მატჩი სტუმრად გვიწევს",
- აცხადებს "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

თანაგუნდელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს ნური შაჰინიც, რომელსაც "მალაგასთან" თამაშის გამოცდილება აქვს:

"რეალს" "მალაგას" დამარცხება ყოველთვის უჭირდა. მართალია, ამ გუნდმა ზაფხულში რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ანდალუსიელთა მთავარი პლუსი ყოველთვის გუნდურობა იყო და როგორც ხედავთ, ეს ჩემპიონთა ლიგაში დაამტკიცეს".


შმელცერი ნიღბით ითამაშებს
მარსელ შმელცერისა და იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ესპანეთში გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ კლოპმა ორივე თან წაიყვანა.

შმელცერი, რომელმაც "შტუტგარტთან" 2:1-ით მოგებულ მატჩში ცხვირი გაიტეხა, სპეციალური ნიღბით ითამაშებს.

კლოპმა ანდალუსიაში, ყოველი შემთხვევისთვის, "ბორუსიას" მეორე გუნდის ფეხბურთელები მარსელ ჰალსტენბერგი და იონას ჰოფმანიც იახლა. კლოპის ერთადერთი სერიოზული დანაკლისი დაცვის ბურჯის, მატს ჰუმელსის არყოფნაა, რომელსაც ფელიპე სანტანა შეცვლის.

"მალაგას" ვარსკვლავი მცველები არ ჰყავს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გუნდი ძალიან ცოტა გოლს უშვებს, რაც "დორტმუნდის" მრისხანე წინა ხაზისთვის წონადი არგუმენტია. ანდალუსიელებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ ხუთ მატჩში (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით) კარი მშრალად შეინახეს და საერთო ჯამში, უეფას ტურნირების 26 შეხვედრაში მხოლოდ 13 გოლი აქვთ გაშვებული.

აქვე ვთქვათ, რომ მანუელ პელეგრინის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის კალენდარული მატჩი "რაიო ვალეკანოს" 3:1 მოუგო.

"დორტმუნდი" ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ 200 პროცენტით მოვინდომებთ. სადაც აქამდე მოვედით, ნახევარფინალშიც უნდა გავიდეთ", - ეს ესპანელთა გარემარბი ხოაკინის სიტყვებია.

ანდალუსიელთა მთავარი იმედი 20 წლის გამთამაშებელი ისკოა, რომელსაც ევროპის თითქმის ყველა გრანდი ეპატიჟება. ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში ისკოს ანგარიშზე სამი გოლი და 4 საგოლე პასია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
მალაგა-დორტმუნდი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
მალაგა (4-2-3-1): ვილი - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა - ხოაკინი, ისკო, ჟულიო ბაპტიშტა - სავიოლა.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა. 1/4-ფინალის წილისყრა: გერმანულ-იტალიური სუპერჯახი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული